სანქციების გამო რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამას გამოეთიშება

სანქციების გამო რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამას გამოეთიშება

როგორც ჩანს, ქვეყნისადმი დაწესებული ფინანსური და პოლიტიკური სანქციების გამო, რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამას საბოლოოდ გამოეთიშება, – ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი Tass-სა და RIA Novosti-ს ესაუბრა.

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვალდებულნი არ ვართ, ის საჯაროდ გამოვაცხადოთ“, – განაცხადა როგოზინმა. „მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ჩვენს მოვალეობებს შევასრულებთ და პარტნიორებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამუშაოების შეწყვეტის შესახებ ერთი წლით ადრე შევატყობინებთ“.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დმიტრი როგოზინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტის შეჩერებით იმუქრება – ამ თემაზე საუბარი რუსეთისადმი სანქციების დაწესების პარალელურად დაიწყო. ერთი თვის წინ, როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას შეაჩერებდა მანამ, სანამ ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები არ გაუქმდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას შემდეგ მისი პოზიცია მკვეთრად შეიცვალა.

NASA-ს სურს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა 2030 წლის შემდეგაც გაგრძელდეს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მოვლენათა ამ სცენარით განვითარება – ამის თქმა საკმაოდ რთულია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ჩართულობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის არსებობისთვის მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ISS-ის პოზიციის დაჭერა და კოსმოსში ორიენტაცია, სწორედაც რომ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა, ამას გარდა, რუსეთის კოსმოსური სააგენტო “სოიუზის” სახელწოდებით ცნობილი ხომალდით ასტრონავტების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს სადგურამდე და სადგურიდან.

ცნობისთვის, მოცემული დროისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 14 ასტრონავტი იმყოფება, მათ შორის ექვსი ამერიკელი და სამი რუსია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *