გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის, განსაკუთრებით კი მედიცინის დარგისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. კლინიკური კვლევისას იმუნოთერაპიულმა მედიკამენტმა კოლორექტული, იმავე ნაწლავის კიბოთი დაავადებული ყველა ცდისპირი განკურნა. კომპანია Novartis-ის მედიკამენტების კომბინაციამ კი ტესტირებისას ბავშვთა თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის კუთხით დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. გარდა ამისა, ჩინელმა მეცნიერებმა ღორების კლონირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ადამიანის ჩარევის გარეშე შეძლეს. ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად კვლევებისთვის ყოველწლიურად $1 მილიარდს გამოყოფს.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს – NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამეცნიერო კვლევას იწყებს; ასტრონომებმა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრავი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს; ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ი 1 მილიონი ადამიანის მარსზე გასაგზავნად 1000-ზე მეტ Starship-ს ააგებს.

გასული კვირის მეცნიერების სფეროს მიმოხილვაში სწორედ აღნიშნულ სიახლეებს გაეცნობით.

კლინიკური კვლევისას კოლორექტული კიბოსგან ყველა პაციენტი განიკურნა

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე კიბოს სამკურნალო და კვლევითი დაწესებულების, MSKCC-ის მიერ ჩატარებული მცირე მასშტაბის კვლევისას იმუნოთერაპიულმა მედიკამენტმა კოლორექტული, იმავე ნაწლავის კიბოთი დაავადებული 12-ვე ცდისპირი განკურნა. აღნიშნულის შესახებ სპეციალისტები გამოცემა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში დეტალურად საუბრობენ.

მეცნიერებმა კვლევა დოსტარლიმაბის სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტით ჩაატარეს, რომელსაც უკვე იყენებენ ენდომეტრიუმის კიბოს სამკურნალოდ. თუმცა, პრეპარატის ეფექტიანობა ნაწლავის სიმსივნის წინააღმდეგ აქამდე არასოდეს განუსაზღვრავთ. აქედან გამომდინარე, ეს პირველი კლინიკური გამოკვლევა, რომლის დროსაც დოსტარლიმაბი აღნიშნული ტიპის კიბოს წინააღმდეგ გამოიცადა.

ფოტო: Thomson Medical

ექსპერიმენტების პროცესში პაციენტებს პრეპარატს, ექვსი თვის განმავლობაში, სამ კვირაში ერთხელ აძლევდნენ. ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების კვლავ აღმოჩენის შემთხვევაში კი მათთვის ქიმიორადიოთერაპია და ქირურგიული ჩარევა იყო დანიშნული. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დოსტარლიმაბით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სიმსივნის კვალი გაქრა. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა მკურნალობიდან საშუალოდ ერთი წელია გასული. ზოგი ცდისპირის შემთხვევაში კი ეს პერიოდი ორ წელს შეადგენს.

ჯერჯერობით, პაციენტების თითქმის სამ მეოთხედს აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკუჩვენებები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, დაღლილობა და გულისრევა.

მეცნიერების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები იმედისმომცემია, მედიკამენტით უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამეცნიერო კვლევას იწყებს

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რათა მეცნიერულად შეისწავლოს ამოუცნობი საჰაერო ფენომენები (UAPs) – ფართოდ აღწერილი, როგორც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (UFOs). ამის შესახებ სააგენტომ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა.

როგორც NASA-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, კვლევა ფოკუსირებული იქნება ხელმისაწვდომი მონაცემების იდენტიფიცირებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში მეცნიერული შესწავლისთვის საჭირო საუკეთესო მასალის შეგროვება.

ამოუცნობ საჰაერო ფენომენებზე ჩატარებული შეზღუდული რაოდენობის კვლევები ასეთი მოვლენების ბუნებასთან დაკავშირებით მეცნიერული დასკვნების გაკეთებას ართულებს. NASA-ს განცხადებით, მსგავსი ფენომენების შესწავლა საინტერესოა როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე საჰაერო უსაფრთხოებისთვის. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები არამიწიერი წარმოშობისაა.

ფოტო: Department of Defense

SpaceNews-ის ინფორმაციით, NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დენ ევანსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროექტის ბიუჯეტი მაქსიმუმ 100,000 აშშ დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ახალ კვლევას, რომელიც, წინასწარი გეგმის მიხედვით, 9 თვე გაგრძელდება, სწორედ ევანსი გააკონტროლებს.

NASA-ს ცნობით, მკვლევართა ჯგუფი მთავრობების, კერძო კომპანიების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო პირების მიერ შეგროვებულ მონაცემებს დაეყრდნობა.

შეგახსენებთ, მაისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კონტრტერორიზმის, კონტრდაზვერვისა და კონტრპროლიფერაციის კომიტეტმა ამოუცნობი საჰაერო მოვლენების შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსნებს მოუსმინა. ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ქვეყანაში მსგავსი ფენომენების გამოძიებისა და მათ შესახებ გამჭვირვალედ საუბრის პრაქტიკა დაამკვიდრონ.

მეცნიერებმა ღორების კლონირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ადამიანის ჩარევის გარეშე შეძლეს

ჩინეთში მდებარე ნანკაის უნივერსიტეტთან არსებულ ხელოვნური ინტელექტის კოლეჯში მომუშავე მეცნიერების ჯგუფმა ღორების კლონების შესაქმნელად სრულიად ავტომატიზებული მეთოდი შეიმუშავა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, ადამიანის ჩარევის გარეშე, ისტორიაში პირველად, სუროგატმა დედამ შვიდი ჯანმრთელი კლონირებული გოჭი გააჩინა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის ჩინეთი ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია მსოფლიოში. ქვეყანაში ამ ცხოველის პოპულაცია 400 მილიონს აჭარბებს, ხოლო მისი ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 30-დან 35 კგ-მდე მერყეობს.

ჩინეთში მოხმარებული ხორცის დიდ ნაწილს სწორედ ღორის ხორცი წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული მარაგი არასოდეს არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ჩინეთს ყოველწლიურად მილიონობით ტონა, საკმაოდ ძვირადღირებული ღორის ხორცის იმპორტირება უწევს. ცნობისთვის, მხოლოდ 2021 წელს, აზიურმა სახელმწიფომ 3.31 მილიონი ტონა ღორის ხორცი შეიძინა.

ნანკაის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ავტომატიზებული მეთოდით ღორების კლონირება ჩინეთში ამ ცხოველის პოპულაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. შედეგად, ქვეყანა ღორის ხორცზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმპორტზე აღარ იქნება დამოკიდებული.

ფოტო: Shutterstock

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლონირებული ღორის ხორცი ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცისგან განსხვავდება. ეს უკანასკნელი ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი უჯრედებისგან არის მიღებული. ამის საპირისპიროდ, პირველი მათგანის კლონირებისთვის უშუალოდ ღორის უჯრედებია გამოყენებული. საინტერესოა ისიც, რომ კლონირებული ცხოველების უჯრედები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაბორატორიაში ხორცის შესაქმნელად.

ცხოველთა კლონირების ამჟამად გამოყენებული მეთოდები სხვადასხვა ეტაპზე ადამიანთა ჩარევას მოითხოვს. ეს კი კლონირების დროს შეცდომის დაშვების რისკს ზრდის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ AI-ზე დაფუძნებული ახალი ავტომატიზებული მეთოდი შესაძლოა, რევოლუციური აღმოჩნდეს.

კვლევა, რომელშიც AI-ზე დაფუძნებული კლონირების ტექნიკის შესახებ დეტალები უნდა იყოს მოცემული, ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. მიუხედავად ამისა, მეთოდის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ მიგნებას ჩინეთში ღორის ხორცის წარმოების გაზრდა, ასევე ცხოველთა კლონირების სტრატეგიების განვითარება შეუძლია, რომელთაც არა მხოლოდ აზიურ სახელმწიფოში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ.

Novartis-ის წამლების კომბინაციამ ბავშვთა თავის ტვინის კიბოს მკურნალობის კუთხით კვლევისას დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Novartis-ის მედიკამენტების კომბინაციამ კლინიკური კვლევისას ბავშვთა თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის კუთხით დამაიმედებელი შედეგი აჩვენა.

მწარმოებლის განცხადებით, ცდისპირთა 47%-ში, რომლებსაც ორი მედიკამენტი, Tafinlar-ი და Mekinist-ი მიაღებინეს, სიმსივნის ზომა შემცირდა. ეს სტანდარტული ქიმიოთერაპიის გამოყენების შემთხვევაში მიღებულ შედეგს მნიშვნელოვნად აღემატება – კიბოს შემცირება აღნიშნული მეთოდით ნამკურნალებ პაციენტთა მხოლოდ 11%-ში დაფიქსირდა.

კვლევაში მონაწილეებს, რომელთა ასაკი 1-დან 17 წლამდე მერყეობდა, ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით დახასიათებული გლიომა (ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნე) აწუხებდათ. ცნობისთვის, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში აღნიშნული ტიპის კიბოს 1000-ზე მეტ დიაგნოზს სვამენ.

ფოტო: medicalnewstoday.com

110 მონაწილეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცდისპირების შემთხვევაში, რომლებმაც Novartis-ის წამლების კომბინაცია მიიღეს, დაავადების პროგრესირება საშუალოდ 20,1 თვის განმავლობაში შეჩერდა. ქიმიოთერაპიის შემთხვევაში ამ მაჩვენებელმა საშუალოდ 7,4 თვე შეადგინა.

ასევე აღსანიშნავია, რომ Novartis-ის მედიკამენტების კომბინაციამ გამოიწვია ნაკლებად მძიმე უკუჩვენებები, ვიდრე ქიმიოთერაპიამ.

Novartis-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი კვლევისას მიღებულ შედეგებს სპეციალურ მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენენ და მათ ზემოხსენებული წამლების კომბინაციური გამოყენებისთვის ნებართვას სთხოვენ.

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრავი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა M სპექტრული ტიპის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, Ross 508-ის მიმდებარედ, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში სუპერდედამიწა აღმოაჩინეს. სპეციალისტებს ამაში ჰავაიზე მდებარე იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ტელესკოპი, Subaru Telescope-ი და რადიალური სიჩქარის ტექნიკა დაეხმარათ. აღმოჩენის შესახებ ნაშრომი პლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნდა.

მეცნიერების გამოთვლით, სუპერდედამიწა, რომელიც კლდოვან ციურ სხეულს წარმოადგენს, ჩვენგან 36.5 სინათლის წლით არის დაშორებული. მეცნიერებმა მას Ross 508b უწოდეს. ეგზოპლანეტა სუპერდედამიწად მას შემდეგ კლასიფიცირდა, რაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის მასპინძელი ვარსკვლავის სიახლოვეს, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრაობს.

ფოტო: norway.postsen.com

Ross 508b საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთ ბრუნს ყოველ 10,75 დღეში ერთხელ ასრულებს. ვარსკვლავური გამოსხივება, რომელიც ეგზოპლანეტის ზედაპირს ხვდება, დედამიწისკენ წამოსულ მზის რადიაციას მხოლოდ 1,4-ჯერ აღემატება, თუმცა Ross 508b მნათობთან ჩვენს პლანეტაზე გაცილებით ახლოს გადაადგილდება. მაგრამ, ვინაიდან Ross 508 წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნაკლები ენერგია და გამოსხივება აქვს.

ცნობისთვის, მხოლოდ NASA-მ ამ დრომდე 5000-ზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი პოტენციურად სიცოცხლისთვის თავსებადი პირობების მქონეა. მკვლევრები ამ ეგზოპლანეტებს შორის, პირველ რიგში, სუპერდედამიწებით არიან დაინტერესებულნი.

სუპერდედამიწას უწოდებენ პლანეტებს, რომელთა მასაც დედამიწისას აღემატება, თუმცა მზის სისტემის ყინულის გიგანტების, ურანისა და ნეპტუნისაზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ტერმინი მხოლოდ მასის გათვალისწინებით არის შერჩეული და სხვა მახასიათებლებით დედამიწასთან მსგავსება-განსხვავებას არ ემყარება.

საუდის არაბეთი დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად კვლევებისთვის ყოველწლიურად $1 მილიარდს გამოყოფს

დღესდღეობით, ადამიანებს მედიცინის მიღწევების წყალობით ჯანმრთელობის შენარჩუნება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ, თუმცა, რაც არ უნდა ჯანმრთელები ვიყოთ, დაბერება გარდაუვალია. ბოლო დროს კაცობრიობა ცდილობს, პასუხი გასცეს ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას – შეგვიძლია თუ არა დაბერების პროცესის ხელოვნურად შენელება?

სწორედ აღნიშნული მიზნით, საუდის არაბეთი მზად არის, ყოველწლიურად კვლევები 1 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსოს. MIT Technology Review-ის თანახმად, სამეფო ოჯახმა შექმნა ორგანიზაცია, სახელწოდებით Hevolution Foundation-ი, რომელიც დაბერების საწინააღმდეგო გზების ძიების მიმართულებით წარმოებულ კვლევებში ინვესტიციას განახორციელებს.

ფოტო: Shutterstock

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კონკრეტულ კვლევებზე საუბარი არ არის, აღნიშნული კუთხით მომუშავე სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ საუდის არაბეთის სიმდიდრე დაბერების საწინააღმდეგო თერაპიების შემუშავების კუთხით ფართომასშტაბიანი პროექტების წამოწყებასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს.

”ჩვენი უპირველესი მიზანია, გავზარდოთ ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების პერიოდი. პლანეტაზე არ არსებობს იმაზე დიდი სამედიცინო პრობლემა, ვიდრე ეს არის,“ – განაცხადა ენდოკრინოლოგმა მაჰმუდ ხანმა, რომელიც 2020 წელს Hevolution Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

ბოლო პერიოდში დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის შემუშავების მიმართულებით არაერთი კვლევა ჩატარდა. მოიმატა მოცემულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამაც.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ჯეფ ბეზოსმა აღნიშნული მიმართულებით მომუშავე სტარტაპ Alto Labs-ში $3-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. Coinbase-ის დამფუძნებელმა, ბრაიან არმსტრონგმა კი თვითონ დააარსა სტარტაპი, რომელიც დაბერების ეპიგენეტიკური ფაქტორების შესწავლას, შემდეგ კი ამ პროცესის შესანელებელი თერაპიის შემუშავებას გეგმავს.

ილონ მასკი: SpaceX-ი 1000-ზე მეტ Starship-ს ააგებს 1 მილიონი ადამიანის მარსზე გასაგზავნად

არც ისე დიდი ხნის წინ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი დედამიწის ორბიტამდე მისაღწევად იბრძოდა. მან მიზანს რაკეტა Falcon 1-ით, მეოთხე მცდელობისას, 2008 წლის 28 სექტემბერს მიაღწია. მიმდინარე წლის 31 მაისს SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Dragon-ით განხორციელებული პირველი მისიიდან კი ათი წელი გავიდა.

ილონ მასკის კომპანიის მომდევნო მიზანს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური აპარატით, Starship-ით მთვარესა და მარსზე ადამიანების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

როგორც SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისი კომპანიის გეგმა „1000-ზე მეტი Starship-ის აგებაა, მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირებისთვის“. მასკმა აპარატს თანამედროვე „ნოეს კიდობანიც“ უწოდა.

ფოტო: greatlakesledger.com

ამ განცხადებით ილონ მასკმა არაკომერციული ორგანიზაცია TED-ის ხელმძღვანელ კრის ანდერსონთან ბოლო ინტერვიუს დროს გაჟღერებული ინფორმაცია გაიმეორა. მაშინ მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX-ი ზემოხსენებულ მიზანს 2050 წლისთვის მიაღწევს და წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გაგზავნას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.

მარსზე მისიების განხორციელებამდე ილონ მასკის კომპანია Starship-ს დედამიწის ორბიტაზე გამოცდის. თუმცა ამისთვის ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) უნდა მიიღოს. SpaceX-ი იმედოვნებს, რომ აპარატით საცდელ მისიას ამ ზაფხულს შეასრულებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *