გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირა ცალკეული ქვეყნების მიერ კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებით განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა.  ჩინეთმა, დაგეგმილზე ორი წლით ადრე, კოსმოსური მზის ელექტროენერგიის პროგრამის დანერგვის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც კოსმოსურ ენერგიას ავითარებს და იმავე მიზნის განხორციელებაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ერთიანი ძალებით კი Nasa და აშშ-ის საჰაერო ძალებიც მუშაობენ.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკული წყალბადის წარმოების გაძლიერებისთვის შემუშავებული ‘H2Hubs’-ის პროგრამა და შტატების კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჯარო ტერიტორიებზე, მათ შორის ეროვნულ პარკებში, 2032 წლამდე პლასტმასის პროდუქტების გამოყენებას კრძალავს.

ამ ყველაფერთან ერთად კი კანადამ ემისიების დასაძლევად სათბური აირების კომპენსაციის კრედიტები დანერგა, ხოლო გერმანიამ ენერგიის წარმოების გასაძლიერებლად კანონპროექტი წარადგინა.

ჩინეთი კოსმოსური მზის ელექტროსადგურების პროგრამას 2028 წლისთვის დანერგავს

ახალი მოხსენების თანახმად, ჩინეთი კოსმოსური მზის ელექტროსადგურების პროგრამას თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ორი წლით ადრე, 2028 წელს დანერგავს. აქამდე არსებული გეგმით, ჩინეთი კოსმოსში 1-მეგავატიანი მზის ენერგიის სადგურის განთავსებას 2030 წლისთვის აპირებდა.

ჟურნალ Chinese Space Science and Technology-ში გამოქვეყნებული ახალი მიზნების მიხედვით, ჩინეთი სატელიტს, რომელიც კოსმოსიდან მიწამდე, 400 კილომეტრ სიმაღლეზე, ელექტროენერგიის გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას დატესტავს, 2028 წელს გაუშვებს. მკვლევრების განცხადებით, თანამგზავრი მზის ენერგიას მიკროტალღებად ან ლაზერებად გარდაქმნის და ენერგიის სხივებს სხვადასხვა სამიზნისკენ, მათ შორის დედამიწაზე ფიქსირებული მდებარეობებისა და მოძრავი თანამგზავრებისკენ მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, კოსმოსში 2035 წლისთვის საპილოტე მზის ელექტროსადგურის განთავსების გეგმა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც განიხილა. 16 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების პროექტის განხორციელება ევროპული თავდაცვის კონტრაქტორების, მათ შორის Airbus-ის დახმარებით იგეგმება. გარდა ამისა, მსგავსი გეგმა ორი ათეული წლის წლის Nasa-მაც წარადგინა, მაგრამ მაღალი ხარჯებისა და ინფრასტრუქტურის სირთულის გამო, გეგმის განხორციელების პროცესი შეაჩერა. თუმცა, გასულ თვეში გაკეთებული განცხადებით, პროექტზე Nasa ამჟამად უკვე აშშ-ის საჰაერო ძალებთან ერთად მუშაობს.

ჩინეთის გეგმით, კოსმოსური მზის ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული სიმძლავრე 10 კილოვატს მიაღწევს, რაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება საკმარისი. თუმცა, პროექტზე მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რაც, თავის მხრივ, „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2030 წლისთვის ნახშირბადის პიკისა და 2060 წლამდე ნეიტრალიტეტის მიზნების მიღწევაში“.

‘H2Hubs’-ი ამერიკული წყალბადის წარმოებას $8-მილიარდიანი პროგრამით გააძლიერებს

ენერგეტიკის დეპარტამენტმა წყალბადის, როგორც სუფთა საწვავის წარმოებისთვის, $8-მილიარდიანი ღირებულების ახალი პროგრამა წარადგინა. წყალბადის წარმოების გაძლიერება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კლიმატის ცვლილებების დასაძლევად შექმნილი სტრატეგიის  ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

წყალბადს ემისიების შემცირების პოტენციალი იმ ინდუსტრიებში აქვს, რომელთა გაწმენდაც ყველაზე რთულია, თუმცა ამჟამად წყალბადის უმეტესი ნაწილი გაზის გამოყენებით მზადდება, რაც კლიმატისთვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, ბაიდენის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე წყალბადის წარმოების გაწმენდა სჭირდება, მანამ სანამ სხვა ინდუსტრიების დეკარბონიზაციისთვის გამოიყენებს. ენერგეტიკის დეპარტამენტმა სწორედ ამ პროცესის გაწმენდის გეგმის ნაწილი წარადგინა, რომელიც შემოდგომაზე  წყალბადის ჰაბების, ე.წ. ‘H2Hubs’-ის შესაქმნელად დაფინანსების გამოცხადებას ითვალისწინებს.

ორპარტიული ინფრასტრუქტურის კანონი სულ მცირე ოთხი ჰაბის დაფინანსებას ითვალისწინებს, თუმცა ენერგეტიკის დეპარტამენტი პროგრამის განსახორციელებლად 6-დან 10-მდე ჰაბის დაფინანსებას განიხილავს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მაინც უნდა აწარმოოს წყალბადი განახლებადი ენერგიის გამოყენებით. ერთ-ერთი ჰაბი ბირთვული ენერგიით, ხოლო სულ მცირე ერთი ცენტრი ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიის დახმარებით, წიაღისეული საწვავიდან უნდა აწარმოებდეს სუფთა წყალბადს.

წყალბადმა შესაძლოა ნახშირიც ჩაანაცვლოს, რომელიც დიზელის სატვირთო მანქანებისა და სატვირთო გემებისთვის აუცილებელი ფოლადის ან წიაღისეული საწვავის დასამზადებლად გამოიყენება. წვის დროს, წყალბადი სათბური აირების ნაცვლად წყლის ორთქლს წარმოქმნის, თუმცა ამან შესაძლოა, ჰაერის აზოტის ოქსიდით დაბინძურება გამოიწიოს.

ამის საპირისპიროდ, განახლებადი ენერგიის ელექტროლიზით „მწვანე წყალბადის“ წარმოება ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა პროცესია, თუმცა კვლავ საკმაოდ ძვირია, რისთვისაც ბაიდენის ადმინისტრაცია ხარჯების შემცირების გეგმაზე მუშაობს. ენერგეტიკის დეპარტამენტმა გასულ წელს ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც ათწლეულის ბოლოსთვის, $1-მდე კილოგრამზე სუფთა წყალბადის ღირებულების შემცირებას 80%-ით ითვალისწინებდა.

კანადამ ემისიების დაძლევისთვის, სათბური აირების კომპენსაციის კრედიტები დანერგა

კანადამ სასათბურე აირების კომპენსაციისთვის საკრედიტო სისტემა დანერგა, რაც ნახშირბადის შემცირების გეგმის ძირითადი ნაწილია. სისტემა წესების ნაკრებს ჩამოაყალიბებს, რომელიც პროექტების მიერ  ბუნებრივი აირის დაჭერით ვაჭრობისთვის საჭირო კრედიტების გამომუშავებას უზრუნველყოფს.

მთავრობის განცხადებით, ოქმების შემუშავება დამატებით ოთხი სექტორისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ტყის მენეჯმენტისთვის მიმდინარეობს. გარდა ამისა, პროტოკოლები შემუშავდება ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიისთვის, რომელზედაც კანადის მთავრობა, მაღალი დაბინძურების ნავთობის ინდუსტრიიდან ემისიების შემცირებისთვის, იმედებს ამყარებს. კანადის პრემიერმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის გამონაბოლქვს, 2005 წლის დონესთან შედარებით, 40-45%-ით შეამცირებს.

სათბური აირების კომპენსაციის საკრედიტო სისტემა ნახშირბადის ანაზღაურების ვაჭრობის შიდა ბაზრის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ეს კი, მთავრობის განცხადებით, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტებისთვის ემისიების შესამცირებლად ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის. მონაწილეებს პროექტების დარეგისტრირება და ატმოსფეროდან შემცირებული ან დაჭერილი თითოეული ტონა ემისიიდან, ერთი კრედიტის გამომუშავება შეეძლებათ. პროექტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს დასაშვებ აქტივობებს.

ამის შემდგომ, კრედიტები შესაძლოა სხვებს, მათ შორის იმ მძიმე ინდუსტრიულ დამბინძურებლებს მიჰყიდონ, რომელთაც ნახშირბადის დაბინძურების შეზღუდვის ვალდებულება აქვთ. ანდაც კომპანიებს, რომელთაც მათი ემისიების ნებაყოფლობით ანაზღაურების სურვილი აქვთ. მთავრობის მოლოდინით, კრედიტის ფასი, რომელიც ამჟამად ტონაზე 50 კანადურ დოლარს უტოლდება, 2030 წლისთვის ტონაზე 170 კანადურ დოლარამდე გაიზრდება.

აშშ საჯარო ტერიტორიებზე პლასტმასის პროდუქტების გამოყენებას 2032 წლამდე აკრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებით, 2032 წლამდე საჯარო მიწებიდან, მათ შორის ეროვნული პარკებიდან, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტები გაქრება. გადამუშავების მცდელობის კლების ფონზე, დეპარტამენტის გადაწყვეტილება აშშ-ის ნარჩენების ძირითადი წყაროს წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.

შინაგან საქმეთა მდივანმა დები ჰალანდმა სამდივნო ბრძანება გამოსცა, რომელიც სააგენტოს 2032 წლისთვის, შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მიერ მართულ მიწებზე, ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტებისა და შეფუთვის შესყიდვების, გაყიდვებისა და დისტრიბუციის შემცირებისკენ მოუწოდებს. სამდივნო ბრძანება შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მიერ მართულ მიწებზე, დაახლოებით 1.9 მილიონი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე გავრცელდება. განაცხადი ბაიდენის ადმინისტრაციის უფრო ვრცელ პაკეტს, „ოკეანის მსოფლიო დღის“ აღიარებას მიეკუთვნება.

ოკეანე წელიწადში 14 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასით ბინძურდება. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მონაცემებით, პლასტმასა ზედაპირზე აღმოჩენილი ზღვის ნარჩენების 80%-ს შეადგენს. დეპარტამენტმა, 2020 წლის ფისკალურ წელს, თითქმის 80.000 ტონა მუნიციპალური მყარი ნარჩენი აწარმოა. ქვეყანათა ნაწილის მიერ აშშ-ის ნარჩენების ექსპორტის მიღებაზე უარის შემდგომ კი აშშ-ში გადამუშავების მაჩვენებელი 5%-მდე დაეცა.

შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა გადაწყვეტილება რამდენიმეწლიანი ზეწოლის შემდგომ მიიღო, რაც ქვეყნის 400-ზე მეტი პარკიდან ერთჯერადი გამოყენების პლასტმასების აღმოფხვრას მოითხოვდა. გასულ წელს სენატორმა ჯეფ მერკლიმ და პარლამენტის წევრმა მაიკლ ქუიგლიმ პარკებში ერთჯერადი პლასტმასის გაყიდვისა და გავრცელების აკრძალვის თაობაზე კანონპროექტიც წარადგინა. შინაგან საქმეთა დეპარტამენტი პლასტმასის ალტერნატივებად კომპოსტირებად ან ბიოდეგრადირებად, ანდაც 100% გადამუშავებად მასალებს განიხილავს.

 გერმანია ქარის ენერგიის წარმოების გასაზრდელად კანონპროექტს წარადგენს

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტრომ ხმელეთზე ქარის ენერგიის წარმოების გასაზრდელად კანონპროექტი შეიმუშავა. ქვეყანა განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებისა და რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიისწრაფვის.

გერმანიის მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის საჭიროების 80%-ის განახლებადი ენერგიით დაკმაყოფილებაა. ქვეყანას ხმელეთზე ქარის სიმძლავრის 115 გიგავატამდე გაზრდა სურს, რაც 38 ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრის ეკვივალენტურია. თუმცა ამჟამად გერმანიის მიწის მხოლოდ 0.8%-ია განკუთვნილი ხმელეთის ქარის ენერგიისთვის, საიდანაც რეალურად მხოლოდ 0.5% გამოიყენება. გასულ კვირას გამოქვეყნებული კანონპროექტი, თექვსმეტ ფედერალურ მიწაზე ქარის ელექტროსადგურებისთვის ხელმისაწვდომი მიწის მინიმალური პროცენტის დადგენით, ამ მაჩვენებლის 2%-მდე ზრდას ისახავს მიზნად.

გასული წლის არჩევნების შედეგად თანამდებობის დაკავების შემდგომ, მწვანეთა პარტიის წევრი და გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, ელექტროსადგურებისთვის მეტი ფართობის ნებაყოფლობით გამოყოფაზე ფედერალური მხარეების დარწმუნებას წარუმატებლად ცდილობს. ხმელეთის ქარის ენერგიის ახალი ტურბინების მშენებლობის ნებართვების რაოდენობა, ამ წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული. თუმცა გერმანიის ქარის ენერგიის ასოციაცია თვლის, რომ სამხრეთის მიწებს ბევრად უფრო მეტის პოტენციალი აქვთ.

შემოთავაზებული კანონმდებლობის მიხედვით, სამხრეთ ბავარიის მხარეს ხმელეთის ქარის ტურბინებისთვის 2026 წლამდე თავისი ტერიტორიის 1.1%-ის გამოყოფა მოუწევს, 2032 წლისთვის კი ვალდებული იქნება მიწის მოცულობა 1.8%-მდე გაზარდოს. კანონი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიმდინარე კვირას უნდა დამტკიცდეს.

H&M და Lululemon-ი მიწოდების ჯაჭვის დეკარბონიზაციისთვის მოდის $250-მილიონიან კლიმატის ფონდს უჭერენ მხარს

Apparel Impact Institute-ის განცხადებით, Lululemon Athletica და H&M Group-ი იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც მოდის ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვების დეკარბონიზაციის დასაჩქარებლად $250 მილიონის ღირებულების ფონდს უჭერენ მხარს.

ეფექტიანი გამოსავლის მოძებნის შემდგომ, ტანსაცმლის ბრენდების, ფილანთროპი  დონორებისა და ინდუსტრიის სხვა დაინტერესებული მხარეების გაერთიანებით, Apparel Impact Institute-ი $2 მილიარდის დაფინანსების მოპოვების იმედსაც გამოთქვამს. ფონდის თავდაპირველ მხარდამჭერებს შორის H&M Foundation-ი და Schmidt Family Foundation-ი არიან, ახალი წევრების ვინაობა კი სავარაუდოდ მომავალ თვეებში გახდება ცნობილი. თითოეული მხარდამჭერისგან ფონდი $10 მილიონის მოცულობის დაფინანსებას გეგმავს.

H&M-ის ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, კლიმატის პრობლემების გადაჭრის გადაუდებელი აუცილებლობა ასეთი მწვავე ჯერ არასდროს  ყოფილა. ინოვაციები და ახალი გადაწყვეტილებები კი ამ მიმართულებით კრიტიკულ როლს თამაშობენ. თუმცა შედეგის მისაღებად გეგმების მასშტაბურობა და ინდუსტრიის მხრიდან ცვლილებების მიღება და განხორციელებაა აუცილებელი. მოდის კლიმატის ფონდი მხარს დაუჭერს ახალ პროგრამებს და უზრუნველყოფს მძლავრ მექანიზმს ინდუსტრიის მიერ ახალი გადაწყვეტილებების მიღების დროს წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად.

ფონდი ხელს შეუწყობს მთელი რიგი ინიციატივების დაფინანსებას, მათ შორის განახლებადი ენერგიის გამოყენების გაფართოებას, შემდეგი თაობის მასალების განვითარებას, წარმოებაში ნახშირის გამოყენების შეწყვეტას და ენერგოეფექტიანობის  გაუმჯობესებას. ფონდი იმედოვნებს, რომ საქველმოქმედო კაპიტალის გამოყენება ადრეული ეტაპის პროექტების დასაფინანსებლად და წარმატებული ინიციატივების გასაფართოებლად, ასევე საცალო ვაჭრობასთან პარტნიორობის დამყარება ინდუსტრიის სხვა მონაწილეების მხრიდან დაფინანსებასაც წაახალისებს.

პორტუგალიის ტერიტორიის 97%-მა ძლიერი გვალვა განიცადა

პორტუგალიის ამინდის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის მთელმა ტერიტორიამ მაისის ბოლოს ძლიერი გვალვა განიცადა. IPMA-ს ამინდის სამსახურის ყოველთვიური კლიმატის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი 92 წლის განმავლობაში, მაისის თვე სამხრეთ ევროპის ქვეყნისთვის ყველაზე ცხელი გამოდგა.

IPMA-ს განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში საშუალო ტემპერატურა 19°-ზე ოდნავ მეტი იყო, რაც ჩვეულებრივზე 3 გრადუსი ცელსიუსით მაღალი მაჩვენებელია. ამავდროულად, მაისში ნალექების საშუალო რაოდენობა 9 მილიმეტრამდე იყო, რაც ჩვეულებრივ ნავარაუდების მხოლოდ 13% აღმოჩნდა. ამ კომბინაციით კი ქვეყნის 97%-მა „ძლიერი გვალვა“ განიცადა, რაც ერთი კლასიფიკაციით უფრო დაბალია, ვიდრე ამინდის სამსახურის მიერ ყველაზე ცუდ კატეგორიად აღიარებული „ექსტრემალური გვალვა“.

კლიმატოლოგები, გლობალური დათბობის გაძლიერების შემდგომ, პორტუგალიაში უფრო მაღალ ტემპერატურასა და ნაკლებ ნალექს ელიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *