გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი, რომელიც სხეულის მიერ ორგანოს უარყოფის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კი ალოპეციის სამკურნალო პრეპარატი, Olumiant-ი დაამტკიცა. ამის პარალელურად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი, რომელიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება, მეხსიერებას აუმჯობესებს.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს – ასტრონომებმა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც მათივე განცხადებით, დღემდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე სწრაფად მზარდი მსგავსი ობიექტია; ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია 2024 წლიდან რუსეთსა და ბელარუსთან ყოველგვარ თანამშრომლობას გაწყვეტს; FAA-მ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს სამხრეთ ტეხასში Starship-ის პროექტზე მუშაობის გასაგრძელებლად ნებართვა მისცა.
მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.
ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი სხეულის მიერ ორგანოს უარყოფის რისკს მინიმუმამდე ამცირებს
სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი, რომელიც სხეულის მიერ ორგანოს უარყოფის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
ტრანსპლანტაციის შემდგომ სხეულის მიერ ახალი ორგანოს უარყოფა არის მთავარი პრობლემა, რომელიც მეცნიერებს ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დაუძლევიათ. ამის თავიდან ასარიდებლად პაციენტებს იმუნოსუპრესიული პრეპარატები ენიშნებათ, რომლებიც მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღონ. ეს კი ისეთი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის, როგორიც დიაბეტი და კიბოა.
აშშ-ში, კანადასა და ნიდერლანდებში მომუშავე მკვლევრებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც თირკმელების გადანერგვის დროს გამოიყენეს. ამ მეთოდით ორგანოს გადანერგვის შემდეგ პაციენტს იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით მთელი სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობა აღარ ესაჭიროება.
მეცნიერების ახალი მიდგომა ემყარება ტექნიკას, რომელსაც ორმაგი იმუნური/მყარი ორგანოს ტრანსპლანტაცია (DISOT) ეწოდება. აღნიშნული მეთოდი შემდეგნაირად მუშაობს: სპეციალისტები ორგანოს ტრანსპლანტაციამდე პაციენტის ორგანიზმში დონორის იმუნურ სისტემას ნერგავენ. ამას ისინი დონორის ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების ორგანოს მიმღების სხეულში გადანერგვით ახერხებენ.
გარდა ამისა, მკვლევრები პაციენტის ორგანიზმიდან ალფა-ბეტა T და CD19 B-უჯრედებს იღებენ, რომლებიც ტრანსპლანტაციაზე უარყოფითად რეაგირებენ. რამდენიმე თვეში იმუნური უჯრედები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ორგანიზმში, ბუნებრივად აღდგებიან.
მკვლევრებმა მეთოდი სამ ბავშვზე გამოცადეს, რომელთაც შიმკეს იმუნო-კუნთოვანი დისპლაზიის (SIOD) დაავადების გამო თირკმელების გადანერგვა დასჭირდათ. SIOD-ით დაავადებულ ადამიანებს იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ, რის გამოც ეს უკანასკნელი ინფექციებთან ბრძოლას ვერ ახერხებს და შესაძლოა, თირკმლის უკმარისობა განვითარდეს.
სპეციალისტების განცხადებით, პაციენტებს იმუნოსუპრესიული პრეპარატები ტრანსპლანტაციიდან 30 დღის შემდეგ მოუხსნეს. მათივე ცნობით, სამი ოპერაციიდან 34, 23 და 22 თვეა გასული. კვლევის ავტორების შეფასებით, ორგანოს მიმღები სამივე ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მათი ახალი თირკმელები გამართულად ფუნქციონირებენ და სხეულის მიერ ორგანოს უარყოფის კლინიკური ნიშნები ჯერჯერობით არცერთი მათგანის შემთხვევაში არ გამოვლენილა.
ასტრონომებმა ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც, მათივე განცხადებით, დღემდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე სწრაფად მზარდი მსგავსი ობიექტია. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, ნაშრომი კი ონლაინპლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, აღმოჩენა პროექტ SkyMapper-ის ფარგლებში გაკეთდა. ასტრონომების ჯგუფმა შავ ხვრელს ავსტრალიაში მდებარე ობსერვატორია Siding Spring Observatory-ში (SSO) განლაგებული ტელესკოპის დახმარებით მიაკვლია.
სპეციალისტების განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილი ობიექტი ბოლო 9 მილიარდი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელია. აქვე გეტყვით, რომ მეცნიერების ვარაუდით, სამყარო დაახლოებით 13.8 მილიარდი წლისაა.
მეცნიერების გამოთვლით, შავი ხვრელი ყოველ წამში დედამიწის ეკვივალენტ მატერიას ისრუტავს და მისი მასა ჩვენი მზისას 3 მილიარდჯერ აღემატება. რაც შეეხება აღნიშნული შავი ხვრელის მიერ მატერიის შთანთქმის შედეგად წარმოქმნილ კვაზარს, რომელსაც J1144 უწოდეს, მისი ნათება ირმის ნახტომში შემავალი ყველა ობიექტის სიკაშკაშეს 7,000-ჯერ აღემატება.
FDA-მ ალოპეციის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ალოპეციის სამკურნალო პრეპარატი, Olumiant-ი დაამტკიცა. მედიკამენტმა, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ს მიერ არის შექმნილი, კვლევებისას თმის ზრდის პროცესი არაერთ ცდისპირში აღადგინა.
აღსანიშნავია, რომ Olumiant-ი FDA-ს მიერ დამტკიცებული ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ალოპეციის სისტემურ მკურნალობას უზრუნველყოფს – ის კონცენტრირებულია მთელ სხეულზე და არა მხოლოდ მის კონკრეტულ ნაწილზე.
ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს ესხმის თავს, რაც ხშირად თმის ბუდობრივ ცვენას იწვევს. მედიკამენტი Olumiant-ი ფერმენტების ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ოჯახის აქტივობას ბლოკავს და ამ გზით ანთების განვითარებას აფერხებს.
სპეციალისტებმა Olumiant-ის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ორ კვლევაზე დაყრდნობით განსაზღვრეს, რომელთა შედეგები გასულ თვეში სამეცნიერო გამოცემა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. ტესტირებაში საერთო ჯამში 1200 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ალოპეციის მძიმე ფორმა აღენიშნებოდათ. ცდისპირთა ნაწილს – მედიკამენტი, ნაწილს კი პლაცებო მიაღებინეს.
Olumiant-ით მკურნალობიდან 36 კვირის შემდეგ კვლევებში მონაწილეთა 40%-ში თმის საფარველი სრულად ან თითქმის სრულად აღდგა. ერთი წლის შემდეგ კი ალოპეციისგან ცდებში მონაწილეთა თითქმის ნახევარი განიკურნა.
FDA-ს მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში მძიმე ფორმის ალოპეციას ყოველწლიურად დაახლოებით 300,000-ზე მეტი ადამიანი უჩივის. ცნობისთვის, აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე კიდევ ორი კომპანია, Pfizer-ი და Concert Pharmaceuticals-ი მუშაობს.
SpaceX-მა FAA-ისგან Starship-ის პროექტზე მუშაობის გასაგრძელებლად ნებართვა მიიღო
აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს სამხრეთ ტეხასში Starship-ის პროექტზე მუშაობის გასაგრძელებლად ნებართვა მისცა. შეგახსენებთ, FAA-ის კოსმოსური ხომალდის ტესტირებების გარემოზე ზემოქმედება უნდა შეეფასებინა. აქვე გეტყვით, რომ Starship-ს Starbase-ის სახელწოდებით ცნობილ ბაზაზე ცდიან, რომელიც ქალაქ ბრაუნსვილთან ახლოს მდებარეობს.
ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციას დასკვნა 2021 წლის ბოლოსთვის უნდა გაესაჯაროებინა, თუმცა FAA-მ თარიღი რამდენჯერმე გადასწია. ამის მიზეზად ადმინისტრაცია სხვადასხვა სააგენტოსთან კონსულტაციასა და პროექტის შესახებ საჯარო მოსაზრებების ანალიზის აუცილებლობას ასახელებდა.
FAA-ის ნებართვის პასუხად SpaceX-მა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სიტყვები დაწერა: „ერთი ნაბიჯით ახლოს Starship-ის სადებიუტო სატესტო ორბიტულ ფრენასთან“.
One step closer to the first orbital flight test of Starship https://t.co/MEcQ6gST6Q pic.twitter.com/jxqEsM62gc
— SpaceX (@SpaceX) June 13, 2022
მოგვიანებით ხომალდის პირველ ორბიტულ ფრენასთან დაკავშირებით კომენტარი SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმაც გააკეთა. როგორც ილონ მასკმა Twitter-ის ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა, დედამიწის ორბიტაზე სადებიუტო საცდელი მისიის შესასრულებლად Starship-ი მომდევნო თვეში იქნება მზად.
მართალია, SpaceX-ს სამხრეთ ტეხასის სანაპიროსთან ახლოს არსებულ კოსმოდრომზე სამუშაოების გაგრძელების ნებართვა მისცეს, თუმცა მას ბაზის მიმდებარედ ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასარიდებლად გარკვეული ზომების მიღება მოუწევს. როგორც ირკვევა, ილონ მასკის კომპანიამ 75-ზე მეტი ღონისძიება უნდა განახორციელოს აღნიშნულ ტერიტორიაზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.
SpaceX-ი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის, Starship-ის განვითარებაზე უკვე წლებია, მუშაობს. აპარატის მთავარი დანიშნულება მთვარესა და მარსზე ეკიპაჟის ტრანსპორტირება იქნება. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა განაცხადა, რომ წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გასაგზავნად SpaceX-ი 1000-ზე მეტი Starship-ის დამზადებას გეგმავს.
კიბოს სამკურნალო მედიკამენტმა ტესტირებისას თაგვების მეხსიერება გააუმჯობესა
შვეიცარიაში მდებარე ლოზანის ფედერალურ პოლიტექნიკურ სკოლაში (EPFL) მომუშავე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი, რომელიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება, მეხსიერებას აუმჯობესებს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა PNAS-ში გამოქვეყნდა.
მოცემული პრეპარატი HDAC-ინჰიბიტორების (HDACis) კლასს მიეკუთვნება, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება. ამ კონკრეტულს CI-994-ს უწოდებენ. მას პაციენტებს ქიმიოთერაპიის შემდეგ დამხმარე საშუალების სახით უნიშნავენ. პრეპარატი კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის ეფექტიანობას აუმჯობესებს. გარდა აღნიშნულისა, როგორც ცდებმა აჩვენა, პრეპარატი ცხოველებში შემეცნებით უნარს აძლიერებს. თუმცა დღემდე გაურკვეველი რჩებოდა, თუ როგორ ახერხებდა ამას მედიკამენტი. ახალი კვლევის მიზანს სწორედ აღნიშნულის დადგენა წარმოადგენდა.
ექსპერიმენტის დროს მეცნიერების გუნდმა კონტექსტური შიშის კონდიცირების მეთოდი გამოიყენა. მათი მიზანი თაგვების კონკრეტულ გარემოებაში მოხვედრისას, მღრღნელებში შიშის გამოწვევა იყო. მეცნიერები შეეცადნენ, თაგვებისთვის ეს სიტუაციები დაესწავლებინათ. კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველებში, რომლებიც CI-994-ს იღებდნენ, მახსოვრობის უნარი ორჯერ გაუმჯობესდა.
გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი კონკრეტულ გენებზე ზემოქმედებს, რომლებიც სინაფსურ პლასტიკურობას აკონტროლებდნენ. ეს არის პროცესი, რომელიც ნეირონებს საშუალებას აძლევს, უფრო ძლიერი კავშირები შექმნან მახსოვრობისა და სწავლის გასამარტივებლად.
2024 წლიდან CERN-ი რუსეთსა და ბელარუსთან ყოველგვარ თანამშრომლობას გაწყვეტს
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერს მართვას, 2024 წლიდან რუსეთსა და ბელარუსთან ყოველგვარ თანამშრომლობას გაწყვეტს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომია.
CERN-მა გადაწყვეტილება ორგანიზაციის საბჭოს 208-ე სხდომაზე მიიღო, რომელიც 16 ივნისს გაიმართა. შეგახსენებთ, მან რუსეთთან თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მარტში განაცხადა და ქვეყანასთან ერთად ახალი პროექტების წამოწყებაზე უარი თქვა.
როგორც CERN-ის წარმომადგენლები განცხადებაში წერენ, ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერების გასაერთიანებლად და მეცნიერების მშვიდობიანი მიზნით გამოსაყენებლად შეიქმნა. CERN-ის წევრი სახელმწიფოები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ერთი ქვეყნის აგრესია მეორის წინააღმდეგ ორგანიზაციის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის, CERN-ის ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან 2024 წლის დეკემბერში იწურება, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკასთან – იმავე წლის ივნისში.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის განცხადებით, სიტუაციაზე დაკვირვებას გააგრძელებს და მზად არის, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება შეცვალოს.