გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი, სამეცნიერო ხარისხის სურათები გამოაქვეყნა, ასევე აპარატის მიერ ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შესწავლის შედეგები გაასაჯაროვა. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორი, დმიტრი როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით, სააგენტომ NASA-სთან შეთანხმების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ი სიეტლში დაფუძნებულ ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრთან პარტნიორობით ძუძუსა და კანის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მუშაობს და კვლევებს გეგმავს. ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კი ლაბორატორიაში ადამიანის გულის მარცხენა პარკუჭის მინიატიურული მოდელი შექმნეს, რომელსაც პულსირება და სითხის ამოტუმბვა შეუძლია.

გასული კვირის მეცნიერების სფეროს მიმოხილვა სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს აერთიანებს.

NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტოები გაასაჯაროვა

NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სამეცნიერო ხარისხის ფოტოები გაასაჯაროვა. პირველი სურათი თეთრ სახლში გამართულ პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა, რამდენიმე საათის შემდეგ კი აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ აპარატის მიერ დაფიქსირებული კიდევ ოთხი ფოტო, ასევე მის მიერ ეგზოპლანეტის შესწავლის შედეგად მოპოვებული მონაცემები გაავრცელა.

NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებული ფოტო, რომელიც ჯო ბაიდენმა პრეზენტაციაზე წარადგინა, კოსმოსის ყველაზე შორეული და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულებაა, რაც კი აპარატებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. სურათზე SMACS 0723-ის სახელწოდებით ცნობილი გალაქტიკების ჯგუფია ნაჩვენები. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ამ ობიექტებს ისეთს ვხედავთ, როგორიც ისინი დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ იყო.

ფოტო: NASA

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე გემის ხერხემლის ნისლეულია აღბეჭდილი, რომელსაც NGC 3372-ის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. უფრო კონკრეტულად კი, სურათზე ნისლეულის რეგიონი NGC 3324-ია ნაჩვენები, სადაც კოსმოსური მტვრის ღრუბლებიდან ახალი ვარსკვლავების ფორმირების პროცესია ასახული. ფოტოზე სწორედ ახალგაზრდა მნათობებს ვხედავთ. ჩვენგან 7,600 სინათლის წლის მანძილზე მდებარე NGC 3324 ჯეიმს ვების ტელესკოპის კამერებით: NIRCam-ითა და MIRI-ით არის გადაღებული.

ფოტო: NASA

NASA-ს მიერ გასაჯაროებულ კიდევ ერთ ფოტოზე პეგასის თანავარსკვლავედში მდებარე „სტეფანის კვინტეტია“ ასახული, რომელიც ხუთ გალაქტიკას აერთიანებს. ეს მოზაიკური გამოსახულება ჯერჯერობით ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებული ყველაზე დიდი სურათია. ის 150 მილიონზე მეტ პიქსელს შეიცავს და თითქმის 1,000 ცალკეული ფოტოსგან არის მიღებული.

ფოტო: NASA

რაც შეეხება დანარჩენ ორ ფოტოს, მათზე NGC 3132-ის სახელწოდებით ცნობილი პლანეტური ნისლეულია ნაჩვენები. ობიექტი, რომელსაც ასევე სამხრეთის რგოლისებრი ნისლეულის სახელით მოიხსენიებენ, ჩვენგან დაახლოებით 2,500 სინათლის წლით არის დაშორებული. ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში ნისლეულით მოცული ორი ვარსკვლავია მოქცეული. მნათობები და მათგან გამოსხივებული სინათლე უფრო თვალსაჩინოდ ტელესკოპის კამერა NIRCam-ის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს. რაც შეეხება მეორე სურათს, რომელიც ხელსაწყოთი MIRI არის გადაღებული, მასზე კოსმოსური მტვრის ღრუბელი ვარსკვლავებთან შედარებით მკვეთრად არის ასახული.

ფოტო: NASA

მნათობი, რომელიც ნაკლებად კაშკაშებს, მომაკვდავი ვარსკვლავია. მეორე ობიექტი, რომელიც გაცილებით კაშკაშაა, განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სავარაუდოდ, ეს მნათობი მომავალში აირისა და მტვრის ღრუბლით საკუთარ პლანეტურ ნისლეულს წარმოქმნის.

აღსანიშნავია, რომ NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ ეგზოპლანეტის, WASP-96b-ის ატმოსფეროს შესწავლისას მიღებული შედეგებიც გაასაჯაროვა. ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი აირის გიგანტის ატმოსფეროში ტელესკოპმა წყლის, ღრუბლებისა და ნისლის კვალს მიაგნო, რაშიც მას ხელსაწყო NIRISS-ის მიერ მოპოვებული სპექტრული მონაცემები დაეხმარა. ცნობისთვის, ზემოხსენებული ეგზოპლანეტა დედამიწიდან 1,120 სინათლის წლის დისტანციაზე მდებარეობს.

ფოტო: NASA

შეგახსენებთ, დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ პარტნიორებთან ერთად $10 მილიარდის ღირებულების ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა. მას ისეთი ვიზუალური მასალისა და ინფორმაციის მოპოვება შეუძლია, რომელიც ამ დრომდე არცერთი აპარატისგან არ მიგვიღია.

პუტინმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პარასკევს კრემლმა რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის, დმიტრი როგოზინის თანამდებობიდან მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა. იმავე დღეს „როსკოსმოსმა“ NASA-სთან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

კრემლის განცხადებით, დმიტრი როგოზინის თანამდებობას ქვეყნის ვიცე-პრემიერი, იური ბორისოვი დაიკავებს. ცნობისთვის, როგოზინი „როსკოსმოსს“ 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება NASA-სთან შეთანხმებას, ის აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტებს რუსული ხომალდით, ხოლო რუს კოსმონავტებს NASA-ს მიერ დაქირავებული აპარატით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრების საშუალებას მისცემს.

„როსკოსმოსის“ თქმით, NASA-სთან პარტნიორობა რუსეთს კოსმოსი მშვიდობიანი მიზნებისთვის შესწავლაში დაეხმარება.

ფოტო: politics.mn

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების გამო „როსკოსმოსის“ ახლა უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი დასავლეთის მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდა და მუქარას არ იშურებდა.

მაგალითად, როგოზინის თქმით, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებით NATO-ს ქვეყნების მარტივად განადგურება შეეძლო. მოგვიანებით ის რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო ISS-იდან რუსული მოდულის გამოყოფით დაიმუქრა, რაც სადგურს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე აღსანიშნავია, რომ მარტში როგორზინი NASA-ს ასტრონავტის ISS-ზე დატოვებით დაიმუქრა, თუმცა, ამის მიუხედავად, მარკ ვანდე ჰეი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე რუსული Soyuz-ის ტიპის ხომალდით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ ორგანიზებული მისიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა განხორციელდეს, ISS-ზე NASA-ს ასტრონავტებთან ერთად რუსი კოსმონავტი ანა კიკინა გაემგზავრება.

ამავე თვეში დაგეგმილია მისია Soyuz MS-22, რომლის ფარგლებში „როსკოსმოსის“ კუთვნილი ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ასტრონავტი, ფრენკ რუბიო გაფრინდება.

NASA-სა და „როსკოსმოსს“ შორის ხომალდებზე ადგილების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმება ეჭვქვეშ მაშინ დადგა, როდესაც ამ თვის დასაწყისში რუსმა კოსმონავტებმა ISS-ზე თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა გამოფინეს. ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობა ამ დრომდე მხოლოდ სამმა ქვეყანამ რუსეთმა, სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ აღიარეს.

ჯეფ ბეზოსის Amazon-ი ძუძუს და კანის კიბოს ვაქცინებზე მუშაობს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ი სიეტლში დაფუძნებულ ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრთან პარტნიორობით ძუძუსა და კანის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მუშაობს და კვლევებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

Clinicaltrials.gov-ზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, Amazoni-სა და ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრის კვლევის დაწყების თარიღად 2022 წლის 9 ივნისია დასახელებული, ხოლო მისი დასრულების სავარაუდო თარიღად 2023 წლის 1-ელი ნოემბერია მითითებული. როგორც ირკვევა, კვლევის ორგანიზატორები ტესტირების I ფაზისთვის 18 წლისა და უფროსი ასაკის 20 მოხალისეს ეძებენ.

პლატფორმაზე ასევე ვკითხულობთ, რომ Amazon-ი ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრთან ერთად ტესტირებისას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიერ რეგულირებულ წამლის პროდუქტებს გამოიყენებს.

ფოტო: childrenshealthdefense.org

Amazon-ის წარმომადგენელმა Business Insider-თან განაცხადა, რომ ვაქცინებზე მუშაობის პროცესი შესაძლოა, მრავალწლიანი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, კომპანია მზად არის, ითანამშრომლოს სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მსგავსი მიმართულებით მუშაობენ.

Clinicaltrials.gov-იდან ვიგებთ, რომ ტესტირებისას პერსონალიზებული ნეო-ანტიგენის პეპტიდის ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას კანის სიმსივნის – მელანომისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ შეისწავლიან.

მეცნიერებმა ლაბორატორიაში გულის პარკუჭი შექმნეს, რომელიც პულსირებს და სითხეს ტუმბავს

აშშ-ში მდებარე ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის გულის მარცხენა პარკუჭის მინიატიურული მოდელი შექმნეს, რისთვისაც ცოცხალი ორგანოს უჯრედები გამოიყენეს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა Advanced Biology-შია გამოქვეყნებული.

ფოტო: University of Toronto

სპეციალისტების განცხადებით, ხელოვნურად გამოყვანილ გულის პარკუჭს ლაბორატორიულ პირობებში პულსირება და სითხის გადატუმბვაც კი შეუძლია. აღსანიშნავია, რომ გულის მარცხენა პარკუჭს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ის აორტაში ჟანგბადით გაჯერებულ სისხლს ტუმბავს, რომელიც შემდეგ სხეულის დანარჩენ ნაწილში ვრცელდება.

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა პარკუჭის შესაქმნელად ბიოთავსებადი პოლიმერებისგან დამზადებული მცირე ზომის კონსტრუქციები გამოიყენეს, რათა ქსოვილი სამ განზომილებაში გაეზარდათ. ბადისებრ სტრუქტურებში გულის კუნთის უჯრედები მოათავსეს და ისინი სითხეში გაზარდეს.

უჯრედები დროთა განმავლობაში იზრდებოდნენ და ქსოვილის ფენას ქმნიდნენ, რომელსაც ფორმას პოლიმერებისგან დამზადებული კონსტრუქციები აძლევდნენ. საბოლოოდ, მკვლევრებმა გულის სამფენიანი კუნთი მიიღეს, რომელსაც, ერთდროულად, პულსირება და სითხის გადატუმბვა შეუძლია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულთან დაკავშირებული დაავადებები გლობალურად სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ახალმა მიგნებამ კი შესაძლოა, მომავალში აღნიშნული მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

კვლევა: კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა შესაძლოა, ზურგის ტვინის დაზიანებები აღმოფხვრას

დიდ ბრიტანეთში მდებარე ბირმინგემის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრები აცხადებენ, რომ კიბოს სამკურნალო პრეპარატმა, რომელიც ტესტირების ეტაპზეა, შესაძლოა, ზურგის ტვინის დაზიანების დროს ნერვების რეგენერაციას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ სპეციალისტებმა ნაშრომი გამოცემა Clinical and Translational Medicine-ში გამოაქვეყნეს.

ახალი წამლის შემუშავება საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ხშირად მეცნიერები უკვე შექმნილ ან განვითარების ეტაპზე მყოფ მედიკამენტებს ისეთი დაავადების სამკურნალოდ ცდიან, რომელთა წინააღმდეგ მოქმედების პოტენციალსაც პრეპარატებში ხედავენ.

ფოტო: stock.adobe.com

უჯრედში დნმ-ის დაზიანება შესაძლოა, განპირობებული იყოს გარკვეული ტიპის კიბოს პროგრესირებით ან ზურგის ტვინის დაზიანებებით. ორივე შემთხვევაში დნმ-ის დაზიანებაზე საპასუხო რეაგირების სისტემა (DDR) აქტიურდება. სპეციალისტების თქმით, ამ სისტემის ხშირი გააქიტიურება ზურგის ტვინის დაზიანებული ნაწილების აღდგენის პროცესს აფერხებს, ამ მექანიზმის დაბლოკვით კი ნერვისა და მისი ფუნქციის აღდგენაა შესაძლებელი.

საკუთარი ვარაუდის შესამოწმებლად, მეცნიერებმა ექსპერიმენტი კომპანია AstraZeneca-ს წამლის კანდიდატ AZD 1390-ის დახმარებით ჩაატარეს. მას ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და დნმ-ის დაზიანებაზე საპასუხო რეაგირების დარეგულირება შეუძლია. მეცნიერებმა პრეპარატი ცხოველებზე გამოცადეს. კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ ცხოველებში ზურგის ტვინის დაზიანებები აღმოიფხვრა. წინ კლინიკური ტესტირებებია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *