გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის არაერთი მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. მეცნიერებისა და მსოფლიო მედიის ყურადღებას ცენტრში მოექცა საქართველო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ქვემო ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის, ადრეული ჰომოს კბილს მიაკვლია. ჩინელმა მეცნიერებმა კი მთვარის ახალი მინერალი აღმოაჩინეს, რომელსაც Changesite-(Y) უწოდეს.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, საკუთარი რეკორდი გაიმეორა და 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო; NASA-მ მთვარეზე პირველი ეკიპაჟიანი მისიისთვის სკაფანდრების დასამზადებლად ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია, Axiom Space-ი შეარჩია; ჩინეთი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ინჰალაციის გზით მისაღები COVID-ვაქცინის გამოყენება დაუშვა; FDA-მ ნაოჭების საწინააღმდეგო საინიექციო საშუალება Daxxify დაამტკიცა.
მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ დეტალებზე მოგითხრობთ.
საქართველოში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს
გასულ კვირას საქართველო მეცნიერებისა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ქვემო ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის, ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა.
„ოროზმანის ძეგლზე ჰომინიდის კბილის აღმოჩენას ადამიანის ევოლუციისა და უძველესი ჰომინიდების მიერ ევრაზიის კონტინენტის კოლონიზაციის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ოროზმანი საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე“, – განაცხადა ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა გიორგი ბიძინაშვილმა.
ბიძინაშვილის თქმით, კბილი ზეზვასა და მზიას „ბიძაშვილს“ უნდა ეკუთვნოდეს. ყველასათვის ცნობილია, რომ ასე შეარქვეს უძველეს ადამიანებს, რომელთა თავის ქალის ფრაგმენტები 1990-იან წლებში დმანისში აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ნამარხები დაახლოებით სწორედ 1.8 მილიონი წლით დაათარიღეს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უძველესმა ადამიანებმა, მონადირე-შემგროვებელმა სახეობამ სახელად ჰომო ერექტუსი, სავარაუდოდ, აფრიკიდან მიგრაცია 2 მილიონი წლის წინ დაიწყო. შეგახსენებთ, მსოფლიოში დღემდე მიკვლეული ჰომოს უძველესი ნამარხი დაახლოებით 2,8 მილიონი წლით თარიღდება. ის ყბის ფრაგმენტის სახით თანამედროვე ეთიოპიაშია აღმოჩენილი.
ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ახალი მინერალი აღმოაჩინეს
ჩინელმა მეცნიერებმა მისია Chang’e 5-ის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე 2020 წელს შეგროვებული ნიმუშების შესწავლისას მთვარის ახალი მინერალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ 9 სექტემბერს გამართული პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრესკონფერენციაზე ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანოს (CAEA) ვიცე-თავმჯდომარემ ახალი მინერალის სახელად Changesite-(Y) გამოაცხადა და აღნიშნა, რომ „ეს არის მთავარი წარმატება, რომელსაც ჩინეთმა კოსმოსური მეცნიერების სფეროში მიაღწია“.
ცნობისთვის, Changesite-(Y) ფოსფატის მინერალია, რომელიც მთვარის ბაზალტის ნაწილაკებშია წარმოდგენილი.
აღმოჩენის ავტორები პეკინის ურანის გეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები არიან. მათ მთვარეზე შეგროვებული ნიმუშების შესწავლისას Changesite-(Y)-ის ერთი კრისტალი რენტგენის დიფრაქციის გამოყენებით შენიშნეს.
საერთაშორისო მინერალოგიურმა საზოგადოებამ (IMA) უკვე დაადასტურა, რომ ჩინელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ნაწილაკი მთვარის ახალი მინერალია.
აღსანიშნავია, რომ მთვარის ახალი მინერალი აქამდე მხოლოდ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს აღმოუჩენია.
სამხრეთკორეულმა „ხელოვნურმა მზემ“ საკუთარი რეკორდი გაიმეორა
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) მეცნიერების მიერ შექმნილმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, საკუთარი რეკორდი გაიმეორა. მან 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო.
ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში ისეთივე რეაქცია მიმდინარეობს, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებისთვის. მეცნიერები აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის ძლიერ მაგნიტებს იყენებენ, რათა ცელსიუსის სკალით მილიონობით გრადუს ტემპერატურაზე ცხელი პლაზმის გაკონტროლება და სტაბილიზაცია იყოს შესაძლებელი. ამით ისინი ატომებს ერთმანეთთან შეჯახების საშუალებას აძლევენ, რაც უფრო ძლიერ ბირთვს აყალიბებს.
თეორიულად, ზემოხსენებული გზით იმ რაოდენობის მდგრადი ენერგია უნდა გამოიყოს, რომელიც კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს კი თავის მხრივ კლიმატის ცვლილების შერბილებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
KSTAR-მა პირველად 30 წამის განმავლობაში პლაზმის 100 მილიონ გრადუს ცელსიუსზე შენარჩუნება 2021 წლის ნოემბერში შეძლო. მაშინ, პროექტში ჩართულმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მათი საბოლოო მიზანი რეაქტორში გავარვარებული პლაზმის 300 წამის განმავლობაში შენარჩუნებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მეცნიერებს KSTAR-ის განახლება და გაუმჯობესება მოუწევთ, რათა მაღალი ტემპერატურის გაკონტროლება უფრო ხანგრძლივად შეძლონ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში განლაგებულმა ტოკამაკის ტიპის ბირთვული სინთეზის რეაქტორმა, EAST-მა გასული წლის მაისში პლაზმის ნაკადი უწყვეტად 120,000,000°C-ზე 101 წამის განმავლობაში შეინარჩუნა. მიმდინარე წელს კი დრო 1,056 წამამდე გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ჩინეთმა ინჰალაციის გზით მისაღები COVID-ვაქცინა დაამტკიცა
ჩინეთი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ინჰალაციის გზით მისაღები COVID-ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ცნობისთვის, ინჰალაცია ორგანიზმში სამკურნალო ნივთიერებების შესუნთქვით შეყვანის მეთოდს ეწოდება.
ვაქცინა ჩინური კომპანია CanSino Biologics-ის მიერ არის შექმნილი. როგორც ცნობილია, აზიური ქვეყნის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ მისი გამოყენება გადაუდებელ შემთხვევებში დაუშვა. მარეგულირებლის დადგენილებით, ინჰალაციის გზით მისაღებ ვაქცინას ბუსტერული დოზის კატეგორია მიენიჭა.
პროდუქტი, რომელიც Convidecia Air-ის სახელწოდებით არის ცნობილი, ვაქცინის დოზის მიწოდებას ჰაერის ამოფრქვევით უზრუნველყოფს, რის შემდეგაც მედიკამენტი პირით შეისუნთქება. აქვე გეტყვით, რომ CanSino-ს ინიექციის გზით მისაღები COVID-ვაქცინა ჩინეთში უკვე გამოიყენება. გარდა ამისა, ის მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერაა დამტკიცებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 6.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25,315-ს შეადგენს.
NASA-მ მთვარეზე მისიისთვის სკაფანდრების დასამზადებლად Axiom Space-ი შეარჩია
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მთვარეზე პირველი ეკიპაჟიანი მისიისთვის სკაფანდრების დასამზადებლად ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია, Axiom Space-ი შეარჩია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეთანხმების მიხედვით, ამერიკული კომპანიის მიერ დამზადებულ კოსმოსურ კოსტიუმებსა და დამხმარე სისტემებს სააგენტო Artemis 3-ის მისიის დროს გამოიყენებს. როგორც ირკვევა, შეკვეთის საბაზისო ღირებულება 228,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული მისიის ფარგლებში NASA, ბოლო ინფორმაციით, 2025 წლისთვის ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე ორი ადამიანის, მათ შორის ერთი ქალის დასმას ისახავს მიზნად. მანამდე კი აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მთვარისკენ Artemis 1-ის უეკიპაჟო მისიის განხორციელებას გეგმავს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უკვე ორჯერ გადაიდო.
Artemis 1-ის შემდეგ, ბოლო ინფორმაციით 2024 წელს NASA Artemis 2-ის მისიას შეასრულებს, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან. სწორედ ამის შემდეგ განხორციელდება ისტორიული მისია, რომელიც ადამიანს მთვარის ზედაპირზე დააბრუნებს.
FDA-მ ნაოჭების საწინააღმდეგო საინიექციო საშუალება Daxxify დაამტკიცა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ნაოჭების საწინააღმდეგო ახალი საინიექციო საშუალება, სახელწოდებით Daxxify დაამტკიცა, რომელიც კომპანია Revance Therapeutics-ის მიერაა შექმნილი. პოპულარული Botox-ის მსგავსად, Daxxify ყინავს ნაოჭებს კუნთების პარალიზებით, თუმცა ეფექტი მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტიკური პროცედურა ბოტულინის ტოქსინის მცირე მოცულობის სახის სხვადასხვა ნაწილში შეყვანას გულისხმობს. ტოქსინი არის ნეირომუსკულური მაბლოკირებელი აგენტი, რომელიც სახის გარკვეული კუნთების პარალიზებას უზრუნველყოფს, რაც კანის გაგლუვებასა და ნაოჭების შემცირებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ Botox-ი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებების ბაზარზე ცალსახა ლიდერია, Daxxify საკმაოდ კონკურენტუნარიანად უნდა მივიჩნიოთ. ამ უკანასკნელის განვითარებისას, როდესაც Revance Therapeutics-ის მკვლევრები სწავლობდნენ სხვადასხვა გზას ტოქსინის მოლეკულების სტაბილიზაციისთვის, მათ შეიმუშავეს ახალი პეპტიდური ტექნოლოგია, რომელმაც მოულოდნელად Daxxify-ს ეფექტიანობის ხანგრძლივობა გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ Botox-ის ინიექციის ეფექტი, ჩვეულებრივ, დაახლოებით სამი თვის შემდეგ ქრება. Daxxify-ზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ის ეფექტიანობას მინიმუმ ექვსი თვე, ზოგ შემთხვევაში კი ცხრა თვემდეც კი ინარჩუნებს.