გასული კვირის მნიშვნელოვანი "მწვანე" სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი "მწვანე" სიახლეები

კლიმატური კრიზისის გამწვავებასთან ერთად, განახლებადი ენერგიის განვითარება და ემისიების შემცირება დიდი ხანია, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში გაჩნდა. აღნიშნული კი წინასაარჩევნო კამპანიებსაც ნათლად დაეტყო. გასულ კვირას, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერად ლიზ ტრასი დაინიშნა, რომელმაც თანამდებობის დაკავების პირველივე წუთებიდან, ენერგეტიკისა და კლიმატური კრიზისების გადაწყვეტა ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ კლიმატური კრიზისსა და ემისიების წმინდა ნულოვანი ნიშნულის მიღწევას დიდ ყურადღებას უთმობდა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რა შეიცვლება ტრასის მმართველობისას, განსაკუთრებით თუ კამპანიისას, უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ამბიციურ კლიმატურ დაპირებებს გავიხსენებთ. მიმოხილვაში წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც ახალი პრემიერის კლიმატურ პოლიტიკაზე უნდა იცოდეთ.

რაც შეეხება გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან მწვანე სიახლეებს, განსაკუთრებით საყურადღებოა პაკისტანის წყალდიდობა, რომლის გამომწვევ მიზეზად სწორედ კლიმატური ცვლილებები სახელდება. $30 მილიარდად შეფასებული ზარალისთვის კი გაეროს ხელმძღვანელი მასიური ფინანსური დახმარების მოწოდებით წყალდიდობით განადგურებულ ქვეყანაში ვიზიტის შემდგომ გამოვიდა. წყალდიდობასთან ერთად, მიმდინარე წლის ზაფხულს ტყის ხანძრები გახშირდა, ევროპის თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა და 2007 წლის შემდგომ რეკორდული მოცულობის ემისიები წარმოქმნა.

ყველაფერი, რაც გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერის, ლიზ ტრასის კლიმატურ პოლიტიკაზე უნდა იცოდეთ

გასულ კვირას ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დაინიშნა. ბოლო პერიოდში, გადასახადებისა და ინფლაციის არნახული ზრდის გამო, ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების საკითხი აწ უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დღის წესრიგში პირველივე დღეებში აღმოჩნდა. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და სამომავლო დაპირებები პრემიერობისთვის ბრძოლის პერიოდშიც აქტუალური თემა გახლდათ. ენერგეტიკისა და კლიმატის კრიზისები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხებია, რის გამოც ერთი პრობლემის დაძლევა ხშირად მეორეზე ახდენს გავლენას.

ტრასის მიერ ბორის ჯონსონის თანამდებობის დაკავების შემდგომ, წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერის კლიმატურ პოლიტიკაზე უნდა იცოდეთ:

ბიზნესისა და ენერგეტიკის მდივნის თანამდებობაზე ჯეიკობ რის-მოგი დაინიშნა

ტრასის პირველ კაბინეტში, ბიზნესისა და ენერგეტიკის მდივნის თანამდებობაზე, კონსერვატორების დეპუტატი ჯეიკობ რის-მოგი დაინიშნა. შესაბამისად, რის-მოგს პასუხისმგებლობა გაერთიანებული სამეფოს კლიმატისა და ენერგეტიკული სტრატეგიის ნავიგაციაზე, მათ შორის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის საკითხზე დაეკისრა.

თუმცა რის-მოგის დანიშვნას საკამათოს წარსულში მომხდარი ფაქტი ხდის, როდესაც კონსერვატორმა დეპუტატმა „კლიმატური მეცნიერება“ უარყო და გარემოსდამცველები „კატასტროფის წინასწარმეტყველ პირებად“ მოიხსენია. ბიზნესისა და ენერგეტიკის ახალმა მდივანმა იმ დროს ქვანახშირის ელექტროსადგურების დახურვაც გააკრიტიკა და ენერგიის მაღალი ფასების მიზეზად წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევის მცდელობა დაასახელა.

რის-მოგის ბოლოდროინდელი განცხადებით, მიუხედავად დიდი ბრიტანეთის პირობისა, რომ ქვეყანა 2050 წლისთვის ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულს მიაღწევს, ჩრდილოეთის ზღვიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის „ბოლო წვეთიც“ კი უნდა მოიპოვონ. „2050 წელი ჯერ კიდევ შორსაა – ჩვენ არ ვცდილობთ, ხვალვე მივაღწიოთ ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულს“, – განაცხადა მან აპრილში.

ტრასი მწვანე ენერგიის გადასახადების გაუქმების პირობას დებს

კამპანიის პერიოდში ტრასმა, ბიზნესისა და სახლების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის, მწვანე გადასახადების გაუქმების პირობაც დადო.

ამჟამად განახლებადი ენერგიის საშუალო ხარჯი ერთ ბრიტანელზე წელიწადში დაახლოებით £153 (€177 ) შეადგენს. ახალი პრემიერი იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი იქნება, თუმცა ენერგეტიკული კომპანიების აღმასრულებლების ნაწილი ტრასის ინიციატივას არასწორ ნაბიჯად აფასებს, რაც, მათი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

გაერთიანებული სამეფოს წმინდა ნულოვანი ემისიის მიზნები 2050 წლისთვის

ტრასმა 2050 წლისთვის, წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად, გაერთიანებული სამეფოს მიზნების „გაორმაგების“ პირობა დადო. კამპანიის პერიოდში ტრასმა განაცხადა, რომ გადახედავს არსებულ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ქვეყნის მხრიდან მიზნების მაქსიმალურად განხორციელება. მიზნის მიღწევა კი მომხმარებლებისთვის ხარჯების გაზრდის გარეშე მოხდება.

დეპუტატებისა და პარლამენტარების ჯგუფმა ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ტრასს დაპირების შესახებ შეახსენა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორც ყოფილი პრემიერი, ასევე თქვენც განაგრძობთ 2050 წლისთვის ემისიების წმინდა ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად მიზნების შესრულებას“, – ნათქვამია ახალი პრემიერისადმი ჯგუფის მიერ მიწერილ წერილში.

ენერგიის მზარდ ფასებთან საბრძოლველად, დიდ ბრიტანეთში ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდა

თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში, ტრასმა ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში მაღალი ენერგოხარჯების შემცირების აუცილებლობაზე გაამახვილა. „დაუყოვნებლივი მოქმედების“ დაპირების შემდგომ ტრასმა 8 სექტემბერს ფასების ლიმიტი დააწესა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ენერგიის საშუალო გადასახადს, მომავალი ორი წლის განმავლობაში, £2,500-ზე გაყინავს.

ენერგეტიკული ხარჯების შესამცირებლად, ტრასმა ქვეყანაში ბუნებრივი აირისა და ნავთობის წარმოების ზრდაც დააანონსა. პრემიერის ვარაუდით, მსგავსი მიდგომა ჩრდილოეთის ზღვიდან წიაღისეული საწვავის მოპოვებას გააძლიერებს. მიუხედავად ამისა, მთავრობის დამოუკიდებელი მრჩევლები კლიმატისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში ტრასის გეგმის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ.

„დიდი ბრიტანეთი არსებულ კრიზისს მხოლოდ ბუნებრივი აირის წარმოების გაზრდით ვერ გაუმკლავდება“, – ნათქვამია ტრასისთვის კლიმატის ცვლილებების კომიტეტის თავმჯდომარისა და ეროვნული ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილ ერთობლივ წერილში.

მიმართვის თანახმად, წიაღისეული საწვავის გაზრდილმა შიდა წარმოებამ შესაძლოა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განსაკუთრებით მომავალ ზამთარს, გააუმჯობესოს. თუმცა  ქვეყნის გაზის მარაგი, როგორც ოფშორული, ასევე ფიქლის, საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ სამომხმარებლო ფასებზე გავლენა მოახდინოს. კომიტეტების თავმჯდომარეების აზრით, ელექტროენერგიის წარმოებისთვის განახლებადი ენერგია ყველაზე იაფი ფორმაა, ხმელეთზე ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავება კი ქვეყნის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

ავსტრალია, 2050 წლისთვის, წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად კანონმდებლობას ამტკიცებს

ავსტრალიის პარლამენტმა გასულ კვირას სამთავრობო კანონმდებლობა დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 43%-ით შემცირებას, 2050 წლისთვის კი წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას ითვალისწინებს. კანონმდებლობა „მწვანეთა პარტიისა“ და „დამოუკიდებლების“ მხარდაჭერით დამტკიცდა.

კანონმდებლობა კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებული პირველი ნაბიჯია მას შემდგომ, რაც მაისში ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში მოვიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთავრობას უფრო მეტი გარემოსდაცვითი კანონპროექტების მისაღებად რთული გამოწვევების გადალახვა მოუწევს.

ახალი კანონმდებლობით, 2030 წლისთვის დადგენილი კლიმატური მიზანი წინა მთავრობის დროინდელ გეგმაზე 50%-ით უფრო ამბიციურია. აღსანიშნავია, რომ წესდება, სუფთა ენერგიისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების სააგენტოებს სამომავლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებში ემისიების მიზნების გათვალისწინებასაც ავალდებულებს. ინდუსტრიული ჯგუფები, კლიმატთან დაკავშირებული ათწლოვანი გაურკვეველი პოლიტიკის შემდგომ, მიღებულ კანონმდებლობას მიესალმებიან.

„კლიმატის ცვლილების შესახებ კანონმდებლობის მიღება მსოფლიოს ამცნობს, რომ ავსტრალია სერიოზულად უდგება ემისიების შემცირების საკითხს და ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიიდან მაქსიმალურად იყენებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს“, – ნათქვამია კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის მინისტრის, კრის ბოუენის განცხადებაში.

კლიმატის კანონპროექტის მხარდაჭერისას „მწვანეებმა“ განაცხადეს, რომ კანონპროექტის საშუალებით, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის მაღაროების ყველა პროექტის დაბლოკვას შეეცდებიან. ე.წ. „რეფორმების მექანიზმი“ დაახლოებით 215 ინდუსტრიულ ობიექტს, მათ შორის ქვანახშირის მაღაროებს, თხევადი ბუნებრივი აირისა და საწარმოო ქარხნებს შეეხება, რომელთაც საერთო ჯამში გასულ წელს ემისიების 28% შეადგინეს.

ფრანგული სატრანსპორტო ჯგუფი ენერგეტიკული ტრანზაქციისთვის $1.5-მილიარდიან ფონდს ქმნის

ფრანგული სატრანსპორტო გიგანტი CMA CGM-ი 5-წლიან საინვესტიციო ფონდს ქმნის, რომლის მოცულობაც $1.5 მილიარდი იქნება. CMA CGM-ის განცხადებით, ფონდის მიზანი გადაზიდვებსა და ლოგისტიკაში კომპანიის ენერგეტიკული ტრანზიციის დაჩქარებაა.

ფრანგული სატრანსპორტო ჯგუფის ინფორმაციით, ფონდი CMA CGM-ის ბიზნესში საწვავის წარმოების ზრდასა და ემისიების შემცირებისკენ მიმართულ პროექტებს დაუჭერს მხარს.

საყურადღებოა, რომ კვირას გაკეთებული განცხადებისას, კომპანიამ სხვადასხვა ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მაგალითად, 2025 წლისთვის CMA CGM-ი ჯგუფი ბიომეთანის გათხევადებისა და წარმოების პროექტს შეიმუშავებს. საწყის ეტაპზე, პროექტის დახმარებით 100,000 ტონამდე ბიომეთანი გამომუშავდება, 2027 წლისთვის კი წარმოების მოცულობა გაორმაგდება.

გარდა ამისა, ენერგოგიგანტი Engie და სატრანსპორტო კომპანია ერთობლივ გეგმაზეც მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც 2026 წლიდან საფრანგეთში წელიწადში 11,000 ტონა ბიომეთანის წარმოება დაიწყება.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, CMA CGM-ის მეორე კვარტალის წმინდა მოგება გაორმაგდა და $7.6 მილიარდს მიაღწია. სატრანსპორტო ჯგუფი საადების ოჯახის კერძო საკუთრებაშია.

გაეროს ხელმძღვანელი პაკისტანის წყალდიდობის $30-მილიარდიანი ზარალისთვის „მასიურ“ დახმარებას ითხოვს

პარასკევს პაკისტანში გამართული ვიზიტისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოებას წყალდიდობით განადგურებული პაკისტანისთვის „მასიური“ საერთაშორისო დახმარებისკენ მოუწოდა. ისლამაბადის შეფასებით, წყალდიდობით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის საერთო მოცულობა $30 მილიარდს უტოლდება.

რეკორდული მოცულობის მუსონურმა წვიმებმა და მყინვარების დნობამ, რომელმაც ჩრდილოეთ მთებში წყალდიდობები გამოიწვია, სახლები, გზები, სარკინიგზო ლიანდაგები, ხიდები, მოსავალი და პირუტყვი გაანადგურა. დაღუპულთა რაოდენობამ 1,400 კაცს მიაღწია. ქვეყნის დიდი ნაწილი დაიტბორა, მოსახლეობას კი საცხოვრებლების იძულებითი დატოვება მოუწია.

როგორც პალესტინის მთავრობა, ასევე გაეროს გენერალური მდივანიც, წყალდიდობას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ. „მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გაუწიოს პაკისტანს მასიური ფინანსური დახმარება, რადგან პირველადი შეფასებით ზარალი დაახლოებით $30 მილიარდს უტოლდება“, – განაცხადა გუტერეშმა დედაქალაქ ისლამაბადში ორდღიანი ვიზიტისას.

თავად პაკისტანის პრემიერის ინფორმაციით, ქვეყანას ძალიან დიდი მოცულობის დაფინანსება სჭირდება, საკმარისი საერთაშორისო დახმარების მიღებამდე კი ამ საშინელ მდგომარეობაში მოუწევს დარჩენა. კატასტროფასთან გასამკლავებლად გაერომ პაკისტანისთვის $160-მილიონიანი დახმარების მიწოდება უკვე დაიწყო.

გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, კარგად გააცნობიერონ ის დამღუპველი შედეგები, რომელთაც დაბალი შემოსავლის ქვეყნები კლიმატური კრიზისის გავლენის გამო აწყდებიან. განსაკუთრებული ყურადღება კი გუტერეშმა იმ ქვეყნებისგან მოითხოვა, რომელთაც ყველაზე დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებში.

2007 წლის შემდგომ ევროპაში ტყის ხანძრების შედეგად რეკორდული მოცულობის ემისიები გამოიყო

მაღალი ტემპერატურითა და ხანგრძლივი მშრალი კლიმატური პირობებით გამოწვეულმა ტყის ხანძრებმა თითქმის მთელი ევროპა მოიცვა და უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ხანძრების შედეგად რეკორდული მოცულობის CO2-ის ემისიების გამოყოფის მიზეზი გახდა. ინფორმაცია ევროკავშირის სატელიტურმა მონაცემებმა დაადასტურა.

2022 წლის ზაფხულში ხშირმა და ინტენსიურმა ხანძრებმა დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია მოიცვა. 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 6.4 მეგატონა CO2 გამოიყო, რაც აღნიშნულ პერიოდში 2007 წლის შემდგომ ქვეყანაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ტყის ხანძრის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მხოლოდ საფრანგეთში, წლის დასაწყისიდან სამ სექტემბრამდე 62,000 ჰექტარი განადგურდა, 2006-2021 წლების საშუალო წლიურ მონაცემებზე 6-ჯერ მეტი. გლობალური ხანძრების ასიმილაციის სერვისის, CAMS-ის განცხადებით, ხანძრების უმეტესობა გაჩნდა ისეთ ადგილებში, სადაც, ცვალებადი კლიმატიდან გამომდინარე, მცენარეების აალების შესაძლებლობა გაიზარდა, მაგალითად – სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში.

მიმდინარე ზაფხულს ტყის ხანძრებით პრობლემები გერმანიას, სლოვენიას, უნგრეთსა და ჩეხეთსაც შეექმნა.

ცნობისთვის, ხანძრისთვის ხელშემწყობი ამინდი და თბილი, მშრალი ჰავისა და ქარის ერთობლიობა სულაც არაა ახალი ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიისთვის, თუმცა კლიმატის ცვლილება ამძაფრებს უკვე არსებულ ფაქტორებს, ქმნის უფრო ინტენსიურს, ხანძრების კონტროლს კი მნიშვნელოვნად ართულებს. შედეგად, კლიმატის კატასტროფების შესახებ გამოქვეყნებულმა ბოლო მოხსენებამ ევროკავშირის ქვეყნებს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად მიდგომის შეცვლისკენაც მოუწოდა.

ნიდერლანდების ქალაქი ჰარლემი შესაძლოა, პირველი იყოს, რომელიც ხორცის რეკლამების უმეტესობას აკრძალავს

ნიდერლანდების ქალაქი ჰარლემი შესაძლოა, პირველი ქალაქი გახდეს, რომელიც კლიმატური მიზეზებით საჯარო სივრცეებში ხორცის რეკლამების უმეტესობას აკრძალავს. ახალი წესები ძალაში სავარაუდოდ 2024 წლიდან შევა.

რა თქმა უნდა, მწვანეთა პოლიტიკური პარტია GroenLinks-ის შემუშავებულმა შუამდგომლობამ ხორცის სექტორის წინააღმდეგობა უკვე დაიმსახურა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეკლამების აკრძალვით სიტყვის თავისუფლების უფლება ირღვევა. ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მსხვილფეხა საქონელი, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ემისიების (მათ შორის მეთანის) 14%-ზეა პასუხისმგებელი.

„ხორცი გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის შემცველია. ჩვენ არ შეგვიძლია, ხალხს ერთდროულად კლიმატურ კრიზისზე ვესაუბროთ და ასევე წავახალისოთ ისინი, იყიდონ პროდუქცია, რომელიც ამ კრიზისის ნაწილია“, – განაცხადა პროექტის ავტორმა და GroenLinks-ის მრჩეველმა ზიგი კლაზესმა. 160,000-იანი ქალაქის მთავრობის ინფორმაციით, შეეხება თუ არა რეკლამების აკრძალვა მდგრადი წარმოების ხორცს, ჯერ არ გადაწყვეტილა.

მთავრობის განცხადების შემდგომ არც კრიტიკამ დააყოვნა. მემარჯვენე პარტია BVNL-მა რეკლამების შესაძლო აკრძალვას „დიქტატორული“ და „სამეწარმეო თავისუფლების მიუღებელი დარღვევა“ უწოდა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება „შესაძლოა, საბედისწერო გახდეს ღორის მომშენებლებისთვის“.

ნიდერლანდების სტატისტიკის მონაცემებით, ქვეყნის თითქმის 95% მოიხმარს ხორცს, თუმცა ნახევარზე მეტი ხორცს ყოველდღიურად არ ჭამს. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამმა და ჰააგამ  საავიაციო და წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის რეკლამები უკვე აკრძალეს. ცნობისთვის, ემისიების, მათ შორის მეთანის, ყველაზე დიდ რაოდენობას საქონლის ხორცი გამოყოფს, შემდგომ კი ცხვრის ხორცი მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *