გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. მეცნიერებმა NASA-ს კუთვნილი აპარატების, InSight-ისა და Reconnaissance-ის დახმარებით მარსზე 2021 წელს წარმოქმნილ კრატერში, ასევე მის მიმდებარედ წყლის ყინულის ნატეხები აღმოაჩინეს. გრიფიტის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა კი განაცხადეს, რომ ცხვირის ნესტოების თითით წვალებამ შესაძლოა, ალცჰაიმერისა და დემენციის რისკი გაზარდოს.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინ ორი მნიშვნელოვანი აუქციონი გველის: 30 ნოემბერს ჰონგ-კონგში დაგეგმილ Christie’s-ის აუქციონზე ტირანოზავრ რექსის ჩონჩხს გაიტანენ; ასევე ნოემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე კი ჩარლზ დარვინის ხელნაწერი გაიყიდება, რომელიც შეიცავს ნაწყვეტს ინგლისელი ნატურალისტის ნაშრომიდან – „სახეობათა წარმოშობის შესახებ“.

ბლოგში მეცნიერების სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

მეცნიერებმა მარსზე წარმოქმნილ კრატერში წყლის ყინული აღმოაჩინეს

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა ლენდერმა, InSight-მა, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირზე 2018 წლის ნოემბერში დაეშვა, ამ დრომდე ციურ სხეულზე 1,318 მიწისძვრა დააფიქსირა. მზის პანელებზე მტვრის დაგროვების გამო, სამწუხაროდ, InSight-ისთვის ენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო თვეების განმავლობაში და მოსალოდნელია, რომ აპარატი მომდევნო ექვს კვირაში გაითიშება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში შეფერხებით მუშაობის მიუხედავად, InSight-მა მეცნიერებისთვის საინტერესო აღმოჩენა მაინც გააკეთა. მან 2021 წლის 24 დეკემბერს მარსზე 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩაიწერა, რომელიც პლანეტაზე მეტეორის ჩამოვარდნით იყო გამოწვეული.

ფოტო: NASA

მოგვიანებით, მეტეორის დაცემის შედეგად მარსის ზედაპირზე წარმოქმნილი კრატერი NASA-ს კუთვნილმა ორბიტერმა, Reconnaissance-მა დააფიქსირა. სპეციალისტების გამოთვლით, კრატერის სიგანე დაახლოებით 152 მეტრს შეადგენს. მათივე თქმით, ის 10-ჯერ აღემატება წითელ პლანეტაზე ბოლო პერიოდში მეტეორების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კრატერების ზომას.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მარსის ეკვატორთან ახლოს ფორმირებულ კრატერში მეცნიერებმა წყლის ყინულის ნატეხები აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მისთვის მხოლოდ პლანეტის პოლუსებზე მიუკვლევიათ. ახალი აღმოჩენა კი იმის მიმანიშნებელია, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ ყინული პლანეტის სხვა რეგიონებშიც არის შემორჩენილი. ამას მარსზე სამომავლო ეკიპაჟიანი მისიების დაგეგმვისას სპეციალისტები აუცილებლად გაითვალისწინებენ, ვინაიდან ასტრონავტები რესურსის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით შეძლებენ.

მკვლევრები მიგნების შესახებ დეტალურად წერენ ორ ნაშრომში, რომლებიც ხუთშაბათს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ტირანოზავრ რექსის ჩონჩხს ჰონგ-კონგში Christie’s-ის აუქციონზე გაიტანენ

ტირანოზავრ რექსის ჩონჩხს, რომელსაც სახელად – „შენ“, მოიხსენიებენ ჰონგ-კონგში 30 ნოემბერს დაგეგმილ Christie’s-ის აუქციონზე გაიტანენ. ცნობისთვის სიტყვა „შენ“ ჩინურია და ღმერთს აღნიშნავს. Christie’s-ის თანახმად, ეს ტირანოზავრ რექსის პირველი აუქციონი იქნება აზიაში.

„შენი“ აუქციონზე გატანამდე სინგაპურში საჯაროდ გამოიფინა. ჩონჩხი, რომელიც დაახლოებით 66-68 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ტირანოზავრ რექსს ეკუთვნის, უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.

„შენის“ სიგრძე 12.2 მეტრს შეადგენს, სიმაღლე –  4.6 მეტრი, წონა კი 1400 კილოგრამია. ის აშშ-ში, მონტანაში 2020 წელს აღმოაჩინეს.

ფოტო: Kurt Ganapathy

ექსპერტების ნაწილმა ტირანოზავრ რექსის ჩონჩხის გაყიდვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მათი განმარტებით, ასეთი მნიშვნელოვანი რამ არ უნდა გაიყიდოს აუქციონზე კერძო კოლექციონერებზე, რის შემდეგაც ისინი შესაძლოა აღარ იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ან მეცნიერებისთვის.

„შენის“ გასაყიდი ფასი ან მისი აუქციონზე გამტანის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტირანოზავრ რექსის კიდევ ერთი ჩონჩხი, სახელად „სტენი“ 2020 წელს ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $31.8 მილიონად გაიყიდა.

ცხვირის ნესტოების თითით წვალებამ შესაძლოა, ალცჰაიმერისა და დემენციის რისკის ქვეშ დაგაყენოთ

ცხვირის ნესტოების თითით წვალება ერთი შეხედვით უვნებელი ჩანს, თუმცა გრიფიტის უნივერსიტეტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამ ჩვევას შესაძლოა ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. მეცნიერები აღნიშნულ ვარაუდამდე ახალი კვლევის დასკვნებზე დაყრდნობით მივიდნენ, რომელთა შესახებაც ისინი გამოცემა Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ზემოხსენებულმა კვლევამ, რომელიც მღრღნელებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ ბაქტერიას შეუძლია ცხვირის ყნოსვის ნერვის გავლით თაგვების ტვინში მოხვედრა, სადაც ის ქმნის მარკერებს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებაზე მიმანიშნებელია.

ფოტო: Shutterstock

უფრო კონკრეტულად კი, მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბაქტერია, სახელწოდებით Chlamydia pneumoniae იყენებს ცხვირის ღრუსა და ტვინს შორის განლაგებულ ნერვს, როგორც პირდაპირ გზას ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მისაღწევად. სპეციალისტების თქმით, ცხვირის გარსის დაზიანების შემთხვევაში ტვინამდე გზა უფრო მეტ ბაქტერიას გაეხსნება, რაც, თავის მხრივ, ალცჰაიმერით დაავადების რისკის ზრდას შეუწყობს ხელს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ვინაიდან აღნიშნული ბაქტერიის არსებობა ადამიანის ორგანიზმშიც დასტურდება, შესაძლოა ერთი შეხედვით უვნებელმა ჩვევამ ალცჰაიმერისა და დემენციის განვითარების რისკი მღრღნელების მსგავსად მათშიც გაზარდოს.

სპეციალისტები, რისკის შესამცირებლად, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ყნოსვის ტესტების რეკომენდაციას გასცემენ, ასევე საზოგადოებას სხვადასხვა ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, მათ შორისაა ცხვირიდან თმის ამოღება.

Sanofi ელის მოგების ზრდას Dupixent-სა და გრიპის ვაქცინებზე მოთხოვნის მატების ფონზე

წამლების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია Sanofi-მ პარასკევს მიმდინარე წლისთვის შემოსავლის უფრო სწრაფი ზრდის პროგნოზი გააკეთა. კომპანიას ამის საფუძველს თავის ყველაზე გაყიდვად წამალზე, Dupixent-სა და გრიპის ვაქცინებზე მოთხოვნის მკვეთრი მატება აძლევს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს Sanofi-ს გაუფასურებული აქციების ფასის გაზრდას.

Sanofi-ს განცხადებით, ახლა ის ელის, რომ 2022 წელს თითო აქციაზე მოგება დაახლოებით 16%-ით გაიზრდება, ეს არ ითვალისწინებს ვალუტის ცვლილების ზემოქმედებას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დრომდე კომპანია მოგების 15%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

მწარმოებელი ასევე იტყობინება მესამე კვარტლის ბიზნესის საოპერაციო მოგების 26.5%-იან ზრდას, 4.5 მილიარდ ევრომდე. უნდა ითქვას, რომ ნაჩვენები შედეგი აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს, 4.17 მილიარდ ევროს.

ფოტო: REUTERS/Dado Ruvic/Illustration

აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოს წამლის კანდიდატის ტესტირების იმედგაცრუებული შედეგების შემდეგ, აგვისტოში Sanofi-ს აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამის შემდეგ მდგომარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

თუმცა, საყურადღებოა, რომ ეგზემისა და ასთმის მედიკამენტიდან, Dupixent-იდან მიღებული შემოსავალი, კვარტალში 44.5%-ით 2.3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზს, 2.1 მილიარდ ევროს აღემატება.

ამასთანავე, იმატა მოთხოვნამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რომელთა გაყიდვები 32,4%-ით 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. კომპანიის მიერ ნაჩვენებმა შედეგმა ამ შემთხვევაშიც აჯობა ანალიტიკოსთა მოლოდინს, 1.6 მილიარდ ევროს.

ჩარლზ დარვინის ხელნაწერი შესაძლოა, Sotheby’s-ის აუქციონზე £700,000-ად გაიყიდოს

ჩარლზ დარვინის ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ნაწყვეტს ინგლისელი ნატურალისტის ნაშრომიდან – „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ – ნოემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება. დოკუმენტი 530,000 გირვანქა სტერლინგიდან 700,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული.

შეგახსენებთ, 2015 წელს, ნაშრომი „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ საჯარო გამოკითხვის საფუძველზე გახდა ყველაზე გავლენიანი აკადემიური წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, დარვინმა დოკუმენტი 1865 წელს, წიგნის „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ მესამე გამოცემის გამოქვეყნებიდან ოთხი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ჟურნალისთვის დაწერა, რომლის რედაქტორმაც მისგან ხელნაწერის ნიმუში მოითხოვა.

ფოტო: wsj

როგორც ირკვევა, აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იქნება ჩარლზ დარვინის წიგნის „სახეობების წარმოშობის შესახებ“ პირველი გამოცემა, ასევე დარვინისა და ალფრედ რასელ უოლესის ერთობლივი ნაშრომის „სახეობათა ტენდენციის შესახებ ჯიშების ფორმირებასთან დაკავშირებით“ იშვიათი ასლი.

აუქციონი, სახელწოდებით „The Age of Wonder“, რომელზეც დარვინის ხელნაწერი გაიყიდება, 25 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ონლაინ რეჟიმში გაიმართება.