გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროში განსაკუთრებით გამორჩეული კოსმოსის ათვისების მიმართულებით აღმოჩნდა. პროგრამა „არტემისი“, რომლის მიზანიც 50-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანის მთვარეზე დაბრუნებაა, პირველი სატესტო მისიით ოფიციალურად დაიწყო. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე იაპონურ ლენდერსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთვარემავალს გაუშვებს.

ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ: FDA-მ კომპანია UPSIDE foods-ის მიერ ლაბორატორიაში გამოყვანილი ქათმის ხორცის გაყიდვა დაუშვა, ასევე ფარმაცევტული კომპანია Provention Bio-ს მიერ შექმნილი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.

ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

პროგრამა „არტემისი“ დაიწყო: NASA-მ მთვარისკენ მეგარაკეტა SLS-ი გაუშვა

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მისია Artemis 1-ის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Launch System-ი (SLS) გაუშვა. აპარატი, რომლის დახმარებითაც სააგენტომ Orion-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულა მთვარისკენ გაგზავნა, ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა.

აღსანიშნავია, რომ NASA-მ მისია Artemis 1 სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადადო. ხომალდის გაშვება ჯერ მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, შემდეგ კი სექტემბრის სხვადასხვა რიცხვში იგეგმებოდა.

ბოლო ინფორმაციით, Orion-მა მთვარემდე 21 ნოემბერს მიაღწია. ის ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს დაახლოებით 65,000 კილომეტრით დაშორდება, შემდეგ კი კვლავ დედამიწისკენ გამოემართება. გეგმის მიხედვით, კაფსულა 11 დეკემბერს წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს მახლობლად დაეშვება.

შეგახსენებთ, Artemis 1 პროგრამა „არტემისის“ პირველ სატესტო მისიას წარმოადგენს, რომლის მიზანიც დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანის მთვარეზე დაბრუნებამდე, NASA-ს კოსმოსური ხომალდის გამართულობისა და უსაფრთხოების შემოწმებაა. ისტორიული მისია Artemis 3, რომელიც 2025 წლისთვის იგეგმება, სწორედ SLS-ისა და Orion-ის დახმარებით განხორციელდება.

მთვარეზე ადამიანის დაბრუნებამდე, 2024 წელს კიდევ ერთი მისია, Artemis 2 იგეგმება, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

FDA-მ აშშ-ში ლაბორატორიული ხორცის გაყიდვა დაუშვა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის გაყიდვა დაუშვა. მარეგულირებლისგან ნებართვა კომპანია UPSIDE foods-მა მიიღო. სიახლე პრესრელიზის სახით FDA-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

UPSIDE Foods-ი კალიფორნიაში 2015 წელს დაარსდა. ის ლაბორატორიაში ქათმის ხორცის წარმოებისთვის უჯრედული კულტივირების ტექნოლოგიას იყენეს. კომპანია უჯრედებს ცოცხალი არსებიდან იღებს და მის მცირე ზომის ნიმუშებს ფოლადის დიდ ავზებში ათავსებს, რომლებსაც ბიორეაქტორებს უწოდებენ. აქ ხელმისაწვდომია ყველა საჭირო საკვები ნივთიერება და შექმნილია პირობები, რომელიც უჯრედების ზრდისა და გამრავლებისთვისაა აუცილებელი.

UPSIDE Foods-ის გარდა, აღნიშნულ ტექნოლოგიას არაერთი კომპანია იყენებს, რათა ბაზარზე ცხოველის ხორცზე მოთხოვნა მათი განადგურების გარეშე დააკმაყოფილონ.

FDA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ UPSIDE Foods-ი ლაბორატორიული ხორცის ბაზარზე გატანს მას შემდეგ შეძლებს, რაც მას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) შეამოწმებს.

28 ნოემბერს SpaceX მთვარეზე იაპონურ ლენდერსა და საამიროების როვერს გაუშვებს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე იაპონურ ლენდერსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთვარემავალს გაუშვებს. ლენდერი, სახელწოდებით Hakuto-R ტოკიოში დაფუძნებული კომპანია ispace-ის მიერაა შექმნილი. თუ აპარატი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაჯდომას შეძლებს, ეს ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე განხორციელებული პირველი კერძო მისია იქნება.

ლენდერისა და როვერის წყვილს SpaceX-ი ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან რაკეტა Falcon 9-ით 28 ნოემბერს გაუშვებს. ისინი დანიშნულების ადგილს 2023 წლის აპრილში მიაღწევენ. Hakuto-R-ის დახმარებით, მთვარის ზედაპირზე, კერძოდ კი ატლასის კრატერის სახელწოდებით ცნობილ არეალში არაბთა გაერთიანებული საამიროების როვერი დაეშვება.

ფოტო: ispace

როგორც ცნობილია, მთვარემავალი ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს 14 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის მაღალი გარჩევადობის კამერის, თერმო და მიკროსკოპული გამოსახულების აპარატის, ასევე ზონდის გამოყენებით შეისწავლის. ეს უკანასკნელი მთვარის ზედაპირზე ელექტრული მუხტების შესასწავლად არის შექმნილი.

უნდა აღინიშნოს, რომ მთვარეზე აპარატების დასმას სხვა კერძო კომპანიებიც, Intuitive Machines-ი და Astrobotic-ი გეგმავენ. პირველი მისია 2023 წლის მარტში, მეორე კი ამავე წლის პირველ კვარტალში, ამ დროისთვის დაუზუსტებელ დროსაა ჩანიშნული. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე პირველი კერძო მისიის სტატუსი იაპონური Hakuto-R-ის ნაცვლად სხვა პროექტმა დაიმსახუროს.

 FDA- კომპანია Provention Bio-ს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კომპანია Provention Bio-ს მიერ შექმნილი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. ამის შესახებ FDA-ის პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.

Provention Bio-ს მედიკამენტის, „ტეპლიზუმაბის“ გამოყენება რვა წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა დაშვებული. ის მკურნალობის პირველი მეთოდია, რომლის მიზანიც ინსულინდამოკიდებული დაავადების, I ტიპის დიაბეტის მესამე სტადიის დაწყების შეფერხებაა. აღნიშნული რისკის ქვეშ ის პაციენტები იმყოფებიან, რომლებსაც I ტიპის დიაბეტის მე-2 სტადიის დაავადება აქვთ.

როგორც ცნობილია, მედიკამენტი Tzield-ის სახელწოდებით გაიყიდება. ის ორგანიზმში ინიექციის გზით შეჰყავთ. პაციენტმა პრეპარატი დღეში ერთხელ ზედიზედ 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.

I ტიპის დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს უტევს და ანადგურებს. ამ დაავადების მატარებელ ადამიანებს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აქვთ, მის დასარეგულირებლად კი ინსულინის ინიექციები ან ინსულინის ტუმბოს გამოყენებაა საჭირო.

Tzield-ი ხელს უწყობს იმუნური სისტემის იმ უჯრედების დეაქტივაციას, რომლებიც ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს ესხმიან თავს და ამ გზით, მე-3 სტადიის I ტიპის დიაბეტის განვითარებას აფერხებს.

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ქვიშის საათის ფორმის კოსმოსური მტვრის ღრუბელი დააფიქსირა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილმა ჯეიმს ვების ტელესკოპმა ქვიშის საათის ფორმის კოსმოსური მტვრის ღრუბელი დააფიქსირა, რომლის ცენტრშიც ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავია განლაგებული. შთამბეჭდავი ფოტოსურათი, რომელიც ტელესკოპზე დამონტაჟებული ინფრაწითელი კამერით, NIRCam-ითაა გადაღებული, NASA-მ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული ობიექტი, რომელსაც L1527-ის სახელწოდებით მოიხსენიებენ, კუროს კოსმოსური ღრუბლის ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში მდებარეობს. ახლად წარმოქმნილი მნათობი, ქვიშის საათის ფორმის ღრუბლის ცენტრში იმალება, მისგან საპირისპირო მიმართულებით გამოსხივებული სინათლე კი მიმდებარედ თავმოყრილ აირსა და კოსმოსურ მტვერს ანათებს. ღრუბლის შემადგენლობიდან გამომდინარე, მას სხვადასხვა რეგიონში ლურჯი და ნარინჯისფერი შეფერილობა აქვს მიღებული.

ფოტო: NASA

მეცნიერების გამოთვლით, ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავი 100,000 წლისაა. მისი ასაკისა და სიკაშკაშის გათვალისწინებით, მნათობი 0 კლასის პროტოვარსკვლავის კატეგორიაში შეიტანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ  ობიექტი წარმოქმნის ადრეულ სტადიაშია. მსგავს პროტოვარსკვლავებს, რომლებიც ჯერ კიდევ მტვრისა და გაზის ბნელ ღრუბელში არიან ჩაფლულნი, სრულფასოვან ვარსკვლავებად ქცევამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.

Merck-მა კიბოს წამლების დეველოპერი Imago BioSciences-ი $1.35 მილიარდად შეისყიდა

სისხლის დაავადებების სამკურნალო პორტფელის გასაფართოებლად, Merck & Co-მ კიბოს წამლების დეველოპერი Imago BioSciences-ი $1.35 მილიარდად შეისყიდა. იქიდან გამომდინარე, რომ Merck-ი 2028 წლისთვის მისი სიმსივნური იმუნოთერაპიის Keytruda-ს მომხმარებელი პაციენტების დიდი რაოდენობით დაკარგვას ვარაუდობს, კომპანია მედიკამენტების პორტფელის გაფართოებას აქტიურად ცდილობს.

სწორედ ამ მიზნისთვის, გასულ წელს Merck-მა დაახლოებით $11.5 მილიარდად Acceleron Pharma-ც შეიძინა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ Acceleron-ის ექსპერიმენტულ თერაპიაზე მიიღო წვდომა. როგორც ცნობილია, კომპანია ზაფხულში მოლაპარაკებებს კიბოს მკურნალობაზე ორიენტირებული ბიოტექნოლოგიური Seagen-ის შესაძენადაც აწარმოებდა. საბოლოოდ, თითქმის $40-მილიარდიანი გარიგება კომპანიებს შორის არ შედგა.

თუმცა, როგორც BMO Capital Markets-ის ანალიტიკოსი ევან სიგერმანი აღნიშნავს, Imago-ს გარიგების შედეგად მიღებული სავარაუდო პოტენციალი, საკმარისი არ უნდა იყოს მიმდინარე ათწლეულის ბოლოს Keytruda-ს მიერ დატოვებული ფინანსური დანაკარგების აღმოსაფხვრელად და კომპანიას ახალი გარიგებების წარმოება აქტიურად დასჭირდება. ამ ეტაპისთვის კი Merck-ი სატენდერო შეთავაზების წამოწყებასა და Imago-ს ყველა არსებული აქციის შეძენას გეგმავს. კომპანიები ტრანზაქციების დახურვას 2023 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობენ.

Imago, რომელიც მედიკამენტებს ძვლის ტვინის დაავადებების სამკურნალოდ აწარმოებს, ამჟამად სისხლის იშვიათი კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ ახალ წამალს ტესტავს. Merck-ს დამატებითი დეტალები Imago-სთან გარიგების შესახებ არ გაუმჟღავნებია. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას იქონიებს შეთანხმება უახლოეს მომავალში კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *