გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასულ კვირას მეცნიერების სფეროდან სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული მედიცინის დარგი აღმოჩნდა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია Neuralink-ი ტვინში ჩასანერგი უსადენო ჩიპების ადამიანებზე გამოცდას ექვს თვეში დაიწყებს. ამასთანავე, გაერთიანებულ სამეფოში მდებარე გლოსტერშირის სამეფო ჰოსპიტალში რობოტმა პაციენტს ყელიდან სიმსივნე წარმატებით ამოკვეთა. გარდა ამისა, ჟურნალ Science-ში აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური ცდის I ფაზის დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა. პარალელურად კი, FDA-მ კომპანია Rigel Pharma-ს ლეიკემიის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა. სიახლე აქვს ფარმაციის გიგანტ Pfizer-საც, რომელიც ევროპაში წარმოების გასაზრდელად 2.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.

წინამდებარე მიმოხილვაში მეცნიერების სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

მასკის თქმით, Neuralink-ის ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა 6 თვეში დაიწყება

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის განცხადებით, მისი კომპანია Neuralink-ი ტვინში ჩასანერგი უსადენო ჩიპების ადამიანებზე გამოცდას ექვს თვეში დაიწყებს. მილიარდერმა ცოტა ხნის წინ გამართულ ღონისძიებაზე “show and tell” ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ერთ-ერთი ასეთი იმპლანტის ჩადგმას თავადაც აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანიამ კლინიკური ტესტირების დაწყების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო. ბიოტექნოლოგიური სტარტაპი საკუთარი ჩიპების ადამიანებზე გამოცდას თავდაპირველად 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავდა. 2021 წლის დეკემბერში კი მასკმა განაცხადა, რომ მოწყობილობის კლინიკური ტესტირება წელს უნდა დაწყებულიყო.

„გვსურს, ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად და დარწმუნებულნი, რომ მოწყობილობა კარგად იმუშავებს, სანამ მას ადამიანის ტვინში ჩავნერგავთ“, – განაცხადა მასკმა ჩიპთან დაკავშირებით საჯარო განახლების დროს.

ფოტო: Neuralink

ცნობისთვის, ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუტუბის არხის მეშვეობით საზოგადოებას ღორი წარუდგინა, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჰქონდა ჩანერგილი. მიმდინარე წლის აპრილში მან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ თამაშობდა კომპიუტერში პინგ-პონგს მაიმუნი, რომელიც ამისთვის მხოლოდ გონებას იყენებდა. პრიმატმა ეს თავის ტვინში ჩადგმული მიკროჩიპის დახმარებით შეძლო.

ბრიტანეთში რობოტმა პაციენტს ყელიდან სიმსივნე წარმატებით ამოკვეთა

გაერთიანებულ სამეფოში მდებარე გლოსტერშირის სამეფო ჰოსპიტალში (GRH) რობოტმა 61 წლის პაციენტის, მარტინ ნიუჯენტის სიცოცხლე გადაარჩინა. მოწყობილობამ ეს მამაკაცის ყელიდან სიმსივნის ამოკვეთით შეძლო.

GRH-ის ქირურგებმა სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი CMR Surgical-ის მიერ შექმნილი რობოტის, Versius-ის გამოყენება საავადმყოფოში მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყეს. თუმცა, ის დაწესებულებაში ჯერ კიდევ გასულ წელს დამონტაჟდა.

როგორც ცნობილია, ქირურგების მითითებით რობოტმა პაციენტის საყლაპავიდან 6-სანტიმეტრიანი სიმსივნური წარმონაქმნი წარმატებით ამოკვეთა. ამის შემდეგ კი კუჭი საყლაპავ მილს ხელახლა დაუკავშირა.

ფოტო: CMR Surgical

სპეციალისტების განცხადებით, რობოტის დახმარებით ჩატარებული ოპერაცია მცირე ზომის ჭრილობებს წარმოქმნის, ასევე შემცირებულია პოსტოპერაციული ტკივილი, ნაკლებია გართულებების რისკი და ნაწიბურების დარჩენის ალბათობა. გარდა ამისა, რობოტული ქირურგია მაქსიმალური სიზუსტით გამოირჩევა.

აქვე უნდა ითქვას, რომ 61 წლის პაციენტი, მარტინ ნიუჯენტი გაერთიანებულ სამეფოში პირველი ადამიანია, რომელმაც რობოტისგან მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურება მიიღო.

HIV-ის ვაქცინამ კლინიკური კვლევის I ფაზაში დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

2022 წლის პირველ დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღეს, ჟურნალ Science-ში აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის მცირე კლინიკური ცდის I ფაზის უაღრესად დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა.

კალიფორნიაში მდებარე სკრიპსის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების მიერ კოლეგებთან ერთად შექმნილმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ მოხალისეთა მცირე ჯგუფში შემავალ ცდისპირთა 97%-ში ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოქმნა. დასკვნების თანახმად, ვაქცინის ორ დოზას, რვა კვირის ინტერვალით მიიღებისას, შეუძლია გამოიწვიოს იმუნური პასუხი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ვაქცინა ცილის მოდიფიცირებული ვერსიით დამზადდა. მისი მიზანი აივ-ინფექციის პრევენციაა, რაც ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების (bnAbs) წარმოქმნით სხვადასხვა შტამის ამოცნობასა და მისგან პაციენტის დაცვაში გამოიხატება.

შიდსის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივამ ექსპერიმენტული პრეპარატით პირველი ფაზის კლინიკური კვლევის დაწყება 2018 წელს გამოაცხადა. საერთო ჯამში, 48 მონაწილემ, რომელთა ასაკი 18-დან 50 წლამდე მერყეობდა, ვაქცინის კანდიდატი ან პლაცებო მიიღო. ექსპერიმენტული პრეპარატით აცრილი 36-დან 35 ცდისპირის სხეულმა აჩვენა bnAb-ის წინამორბედი B უჯრედების გააქტიურება, რაც პირველი ნაბიჯია იმუნიტეტის გამომუშავებისკენ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციას მნიშვნელოვანი უკუჩვენებები არ მოჰყოლია. კვლევის ავტორების თქმით, მსუბუქი თანამდევი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი ინიექციის ადგილზე ან თავის ტკივილი, ერთ-ორ დღეში გაქრა.

ამჟამად ვაქცინის შემქმნელები ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Moderna-სთან ერთად მუშაობენ, რათა განავითარონ და გამოცადონ საინიექციო პრეპარატი, რომელიც mRNA-ტექნოლოგიას ეფუძნება.

40 წელზე მეტია, რაც მეცნიერები აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობენ. თუმცა, მცდელობებს დაავადების მუტაციის ტენდენციის გამო ნაკლები წარმატება მოჰყვა. რამდენიმე გახმაურებული შემთხვევის გამოკლებით, აივ-ინფექციისგან არავინ განკურნებულა.

FDA- Rigel Pharma-ს ლეიკემიის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

Rigel Pharmaceuticals-ის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მისი პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც ლეიკემიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. სიახლის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 14%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული მედიკამენტი Rezlidhia-ს სახელწოდებით გაიყიდება. ის სისხლისა და ძვლის ტვინის კიბოს იმ ტიპის სამკურნალოდ არის განკუთვნილი, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია ეწოდება. პრეპარატი მგრძნობიარე გენეტიკური მუტაციის მქონე პაციენტებისთვის არის გათვლილი.

პერორალური გზით მისაღები წამლისთვის ავტორიზაციის მინიჭება FDA-მ Rigel Pharmaceuticals-ის კვლევის მონაცემების ანალიზის შემდეგ გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კვლევამ კიბოს 35%-იანი რემისია აჩვენა.

Rezlidhia კომპანიის მეორე მედიკამენტია, რომელმაც FDA-სგან ავტორიზაცია მიიღო. მარეგულირებელმა უკვე დაამტკიცა Rigel Pharmaceuticals-ის პრეპარატი Tavalisse-ი, რომელიც იშვიათი სისხლდენის დარღვევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

Rigel-მა მედიკამენტი Forma Therapeutics-თან სალიცენზიო ხელშეკრულებით შეიძინა, რომლის მიხედვითაც, მან მიიღო უფლება Rezlidhia-ს წარმოებასა და კომერციალიზაციაზე.

Rigel-მა განაცხადა, რომ პროდუქტის შემდგომი განვითარებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ კომერციალიზაციისთვის პოტენციურ პარტნიორებთან მუშაობას გეგმავს.

NASA-ს ხომალდი Orion-ი მთვარიდან დედამიწისკენ გამოემართა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ მისია Artemis 1-ის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Launch System-ით (SLS) გაშვებული კაფსულა Orion-ი მთვარის ორბიტიდან გამოვიდა და ჩვენი პლანეტისკენ გამოემართა. აპარატმა აღნიშნული მანევრი ჩვენი დროის გათვალისწინებით 2 დეკემბერს შეასრულა.

შეგახსენებთ, სააგენტომ SLS-ის დახმარებით Orion-ი მთვარისკენ ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 16 ნოემბერს გაუშვა. ხომალდი მთვარეს 21 ნოემბერს მიუახლოვდა, შემდეგ კი მისია Apollo 13-ის რეკორდი გააუმჯობესა და ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს 430,000 კილომეტრის მანძილზე დაშორდა. ეს არის მთვარიდან მაქსიმალური დისტანცია, რაც კი ოდესმე ეკიპაჟისთვის განკუთვნილ კოსმოსურ ხომალდს დაუფარავს.

გეგმის მიხედვით, Orion-ი დედამიწამდე 11 დეკემბერს მოაღწევს და კალიფორნიის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში ჩაეშვება.

ზემოხსენებული აპარატებით მომდევნო მისია, წინასწარი ცნობით, 2024 წელს განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ხომალდის ბორტზე ასტრონავტები იქნებიან. ისინი მისიის ფარგლებში Orion-ით მთვარეს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

ამის შემდეგ კი ისტორიული მისია შედგება, რომელიც დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანს მთვარეზე დააბრუნებს. ამ ფრენის განხორციელება, ბოლო ცნობებით, 2025 წლისთვის იგეგმება.

Pfizer-ი ევროპაში წარმოების გასაზრდელად $2.5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი ევროპაში წარმოების გასაზრდელად 2.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს. ფინანსური რესურსი ბელგიასა და ირლანდიაში მდებარე საწარმოებს მოხმარდება.

კომპანიის ნაბიჯი ახალი პროდუქტების გამოსაშვებად მზადებას ეხმიანება. Pfizer-ს სურს, ამ გზით COVID-19-ის ვაქცინის გაყიდვების შემცირების გამო მოსალოდნელი შემოსავლის კლება თავიდან აირიდოს.

როგორც მედიკამენტების მწარმოებელმა პარასკევს განაცხადა, ბელგიაში წარმოების გასაფართოებლად $1.26 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ის დაახლოებით ამავე მოცულობის თანხის ინვესტირებას გეგმავს ირლანდიაში, დუბლინში მდებარე საწარმოში. კომპანიის თქმით, აღნიშნული ობიექტის გაფართოება, სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება და 2027 წელს დასრულდება.

ცნობისთვის, მოსალოდნელია, რომ Pfizer-ის შემოსავალი მიმდინარე წელს 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს – ეს ორჯერ მეტია პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისა და სამკურნალო მედიკამენტის, Paxlovid-ის გაყიდვების დამსახურებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *