გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით გამორჩეული აღმოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ ნასრისგან“ სეზონში 200 მილიონი ევროს შეთავაზება ოფიციალურად მიიღო. ამასთანავე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე პალიატიურ მკურნალობაზე გადაიყვანეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 1-ელ დეკემბერს კატარში მოხდა – ფეხბურთში მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, ისტორიაში პირველად, ქალი არბიტრების ჯგუფმა იმსაჯა.

ამის პარალელურად, Scuderia Ferrari Formula 1-ის დირექტორი მატია ბინოტო თანამდებობიდან გადადგა. ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის, მაგნუს კარლსენისა და ონლაინპლატფორმა Chess.com-ის ადვოკატებმა კი ფედერალურ მოსამართლეს ჰანს ნიმანის მიერ მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის გაბათილების მოთხოვნით მიმართეს.

წინამდებარე მიმოხილვაში გარდა აღნიშნული სიახლეებისა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეულსაც გაეცნობით.

„ალ ნასრი“ რონალდუს სეზონში €200 მილიონს სთავაზობს

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ ნასრისგან“ შეთავაზება ოფიციალურად მიიღო. როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად წინადადება განხილვის პროცესშია.

ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელს „ალ ნასრი“ კონტრაქტის 2025 წლამდე გაფორმებასა და სეზონში 200 მილიონ ევროს ჰპირდება, რაც ფეხბურთში რეკორდული შეთავაზებაა.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის კლუბი რონალდუს ტრანსფერზე ზაფხულშიც აქტიურად მუშაობდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ევროპაში დარჩენა არჩია.

ფოტო: REUTERS

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა. „იუნაიტედიდან“ წასვლას წინ საკმაოდ მძიმე პერიოდი უძღოდა, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, ასევე „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებაში გამოიხატა.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე რონალდუს საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 20 მილიონ ევროს შეადგენს. კარიერის განმავლობაში ის ყველაზე ძვირად, 120 მილიონ ევროდ, 2014-2015 წლებში, ასევე 2018 წელს ფასობდა.

ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

მესამე კვირა იწყება, რაც კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირმა სტარტი 20 ნოემბერს აიღო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

წლევანდელი მუნდიალი ისტორიაში უკვე არაერთი ფაქტის გამო შევიდა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი შუა აღმოსავლეთში წელს პირველად იმართება. გარდა ამისა, აღნიშნული ტურნირის მასპინძლობისთვის კატარმა ყველაზე დიდი თანხა, სულ ცოტა 220 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მესამე ტურში, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, ისტორიაში პირველად, არბიტრი ქალების ჯგუფმა იმსაჯა. მათ კოსტა-რიკისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა განსაჯეს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგი უკვე შემოგთავაზეთ. ახლა კი Transfermarkt-ზე დაყრდნობით, წლევანდელი მუნდიალის ტოპ-10 ძვირად ღირებულ ფეხბურთელს გაგაცნობთ.

ათეულში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი, ინგლისის ეროვნული ნაკრებიდანაა წარმოდგენილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონის“ ორ-ორ მოთამაშეს ვხვდებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩამონათვალში შემავალი ყველა ფეხბურთელი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში თამაშობს. სიაში წარმოდგენილი ორი მოთამაშე კი ტურნირს უკვე გამოეთიშა.

საერთო ჯამში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის საბაზრო ფასი მოცემული დროისთვის 1 მილიარდ ევროს აჭარბებს. ისევე, როგორც მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგში, ამ შემთხვევაშიც ჩამონათვალის ლიდერი ფრანგი კილიან მბაპეა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 160 მილიონ ევროს შეადგენს.

ფოტო: Getty Images

მბაპეს მეორე ადგილზე 120 მილიონი ევროთი ბრაზილიელი ვინისიუს ჯუნიორი მოსდევს, რომელიც მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს. სიაში მესამე ადგილს კი ინგლისელი ფილ ფოდენი იკავებს, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ ირიცხება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

  1. კილიან მბაპე (PSG, საფრანგეთი) – €160 მილიონი
  2. ვინისიუს ჯუნიორი (Real Madrid, ბრაზილია) – €120 მილიონი
  3. ფილ ფოდენი (Manchester City, ინგლისი) – €110 მილიონი
  4. ჯამალ მუსიალა (Bayern Munich, გერმანია) – €100 მილიონი
  5. პედრი (Barcelona, ესპანეთი) – €100 მილიონი
  6. ჯუდ ბელინგემი (Borussia Dortmund, ინგლისი) – €100 მილიონი
  7. ფედერიკო ვალვერდე (Real Madrid, ურუგვაი) – €100 მილიონი
  8. ჰარი კეინი (Tottenham Hotspur, ინგლისი) – €90 მილიონი
  9. ბუკაიო საკა (Arsenal, ინგლისი) – €90 მილიონი
  10. გავი (Barcelona, ესპანეთი) – €90 მილიონი
Ferrari F1-ის დირექტორი გადადგა

Scuderia Ferrari Formula 1-ის დირექტორი მატია ბინოტო თანამდებობიდან გადადგა.

ბინოტო ლეგენდარული იტალიური სარბოლო გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ მისი წინამძღოლობით “საჯინიბომ” Formula 1-ის ჩემპიონობის მოპოვება ვერ მოახერხა, უფრო მეტიც, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბინოტოს არატრადიციულმა სტრატეგიამ Ferrari-ს რბოლებში გამარჯვების არაერთი შანსი დააკარგვინა, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი 2022 წლის სეზონი იყო, რომელშიც შარლ ლეკლერსა და კარლოს საინსს არაერთხელ მოუწიათ რბოლაში პოზიციის დათმობა, მიუხედავად კონკურენტუნარიანი ბოლიდისა.

მართალია, 2022 წელი Ferrari-მ მეორე ადგილზე დაასრულა და იტალიურმა გუნდმა Mercedes-AMG-ის გადასწრება შეძლო, თუმცა Ferrari-ს დირექტორთა საბჭო გუნდისა და ბინოტოსგან მეტს მოელოდა, თანამდებობის დატოვებაც სწორედ ბოლო ოთხი წლის იმედგამაცრუებელი შედეგებითაა განპირობებული.

ფოტო: formula1.com

ბინოტოს განცხადებით, ის თანამდებობასთან ერთად კომპანია Ferrari-საც ტოვებს. არ არის გამორიცხული, 53 წლის იტალიელმა Formula 1-დან საბოლოოდ წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

ცნობისთვის, Formula 1-ის ისტორიაში Scuderia Ferrari ყველა დროის ყველაზე წარმატებული გუნდია, ენცო ფერარის მიერ დაფუძნებულ გუნდს 16 მსოფლიო ჩემპიონატი და 241 გრან-პრი აქვს მოგებული, სწორედ Ferrari-ს ბოლიდის საჭესთან გერმანელი მიხაელ შუმახერი ზედიზედ ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

პელე პალიატიურ მკურნალობაზე გადაიყვანეს

კვირის დასაწყისში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ის სან-პაულუს საავადმყოფოში დააწვინეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზით მკურნალობს, ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებს. ამის გამო, ექიმებმა მისი პალიატიურ მკურნალობაზე გადაყვანა გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, სიმსივნის მოშორების მიზნით პელეს 2021 წელს მსხვილ ნაწლავზე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის კიბოსგან განკურნება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ფოტო: Alexander Zemlianichenko/AP

პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა.

ბრაზილიის ნაკრებში პელე 1957-1971 წლებში თამაშობდა. სანაკრებო კარიერაში მის ანგარიშზე 92 მატჩში 77 გოლია. აქვე გეტყვით, რომ პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სამჯერ მოგება შეძლო – 1958, 1962 და 1970 წელს.

აღსანიშნავია, რომ 1995-1998 წლებში პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მაგნუს კარლსენი ჰანს ნიმანის $100-მილიონიანი სარჩელის გაუქმებას ითხოვს

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის, მაგნუს კარლსენისა და ონლაინპლატფორმა Chess.com-ის ადვოკატებმა ფედერალურ მოსამართლეს ჰანს ნიმანის მიერ მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის გაბათილების თხოვნით მიმართეს.

შეგახსენებთ, ჭადრაკის 19 წლის ამერიკელმა დიდოსტატმა, ჰანს ნიმანმა მაგნუს კარლსენის, Chess.com-ისა და სხვათა წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებით სარჩელი აშშ-ის მისურის შტატის საოლქო სასამართლოში ოქტომბერში შეიტანა. ის ბრალდებულებისგან კომპენსაციის სახით მინიმუმ $100 მილიონს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ სარჩელში მოპასუხეებს შორის ასევე დასახელებულნი არიან კარლსენის საჭადრაკო ონლაინპლატფორმა Play Magnus-ი, Chess.com-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დენი რენში და ჭადრაკის იაპონელ-ამერიკელი დიდოსტატი, ჰიკარუ ნაკამურა.

როგორც მაგნუს კარლსენისა და Chess.com-ის ადვოკატებმა ფედერალურ მოსამართლეს განუცხადეს, ნიმანს „სურს ფულის გამომუშავება სხვების დადანაშაულებით“ მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ თაღლითობასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ბრალდებებმა 19 წლის დიდოსტატის საჭადრაკო კარიერა ჩამოშალა.

ფოტო: Crystal Fuller/Saint Louis Chess Club

თავის მხრივ, ჰანს ნიმანი ბრალდებულებს მის შეთანხმებულად „შავ სიაში“ შეყვანაში ადანაშაულებს. როგორც ნიმანი აღნიშნავს, მას ტურნირის ორგანიზატორები ერიდებოდნენ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა კარლსენმა თაღლითობაში საჯაროდ დაადანაშაულა.

კარლსენის მოულოდნელმა დამარცხებამ ნიმანთან და სექტემბერში მისმა სენტ-ლუისის Sinquefield Cup-იდან საკუთარი სურვილით ჩახსნამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჰიკარუ ნაკამურა ირწმუნებოდა, რომ 19 წლის დიდოსტატმა თამაშის დროს ითაღლითა. ტურნირიდან ჩახსნა, მოგვიანებით ნორვეგიელმა დიდოსტატმაც ნიმანის მიერ თაღლითური თამაშით ახსნა.

Chess.com-მა ნიმანს აკრძალვა კარლსენთან პირველი მატჩის შემდეგ დაუწესა და მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელმა ონლაინ თამაშებში, შესაძლოა, 100-ზე მეტჯერ იცრუა.

ისტორიაში პირველად, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩ არბიტრი ქალების ჯგუფმა განსაჯა

2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც კატარში მიმდინარეობს, ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით შევიდა. FIFA-ს გადაწყვეტილებით, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩი, რომელიც კოსტა-რიკისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა, არბიტრი ქალების ჯგუფმა განსაჯა. აღსანიშნავია, რომ ეს მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატში პირველი შემთხვევაა.

კოსტა-რიკისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 1-ელ დეკემბერს გაიმართა. შეხვედრის მთავარი არბიტრი 38 წლის ფრანგი მსაჯი, სტეფანი ფრაპარი იყო. მას მატჩის განსჯაში ბრაზილიელი ნეუზა ბეკი და მექსიკელი კარენ დიასი დაეხმარნენ.

ფოტო: Hassan Ammar / Associated Press

მართალია, შეხვედრა გერმანიის გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა, თუმცა ისინი არასაკმარისი ქულების გამო ტურნირს გამოეთიშნენ, ისევე როგორც კოსტარიკელები.

შეგახსენებთ, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში კიდევ რამდენიმე ფაქტის გამო შევიდა – ტურნირი შუა აღმოსავლეთში წელს პირველად იმართება, ასევე მისი მასპინძლობისთვის რეკორდული თანხა, 220 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *