გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სხვადასხვა დარგში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. ახლახან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე იაპონური ლენდერი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთვარემავალი გაუშვა. ყურადღების ცენტრში იყო Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი, რომელმაც ტირანოზავრი რექსის ყველაზე სრულყოფილად შემონახული თავის ქალა, ასევე ჩარლზ დარვინის ხელნაწერი გაყიდა.

გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, დღემდე ჩვენთვის ცნობილი უძველესი, ორი მილიონი წლის წინანდელი დნმ-ი აღმოაჩინა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია Neuralink-ზე, ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით, ფედერალური გამოძიება დაიწყო. ამის პარალელურად, FDA-მ კატებისთვის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა.

მიმოხილვა სწორედ ამ და სხვა სიახლეებს აერთიანებს.

SpaceX-მა მთვარეზე იაპონური ლენდერი და საამიროების როვერი გაუშვა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე იაპონური ლენდერი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთვარემავალი გაუშვა. დასაჯდომი მოდული, სახელწოდებით Hakuto-R ტოკიოში დაფუძნებული კომპანია ispace-ის მიერაა შექმნილი.

SpaceX-მა ლენდერისა და როვერის წყვილი, ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან, რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით, დღეს, 11 დეკემბერს გაუშვა. გეგმის მიხედვით, ისინი მთავრის ზედაპირზე, კერძოდ კი ატლასის კრატერის სახელწოდებით ცნობილ არეალში, მომავალი წლის აპრილში დაეშვებიან.

როგორც ცნობილია, მთვარემავალი ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს 14 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის მაღალი გარჩევადობის კამერის, თერმო და მიკროსკოპული გამოსახულების აპარატის, ასევე ზონდის გამოყენებით შეისწავლის. ეს უკანასკნელი მთვარის ზედაპირზე ელექტრული მუხტების შესასწავლად არის შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ მთვარეზე აპარატების დასმას სხვა კერძო კომპანიებიც, Intuitive Machines-ი და Astrobotic-ი გეგმავენ. პირველი მისია 2023 წლის მარტში, მეორე კი ამავე წლის პირველ კვარტალში, ამ დროისთვის დაუზუსტებელ დროსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ispace-ის ლენდერი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაჯდომას მათზე ადრე შეძლებს, ეს ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე განხორციელებული პირველი კერძო მისია იქნება.

ტირანოზავრი რექსის თავის ქალა Sotheby’s-ის აუქციონზე $6.1 მილიონად გაიყიდა 

ტირანოზავრი რექსის ყველაზე სრულყოფილად შემონახული თავის ქალა, 9 დეკემბერს, ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე წინასწარ შეფასებულზე გაცილებით ნაკლებ ფასად, 6.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სააუქციონო სახლი მის გაყიდვას 15-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე იმედოვნებდა.

სპეციალისტების გამოთვლით, თავის ქალა, რომელსაც სახელად „მაქსიმუსი“ შეარქვეს, 76 მილიონი წლის წინ მობინადრე ტირანოზავრ რექსს უნდა ეკუთვნოდეს. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ის 90 კილოგრამზე მეტს იწონის. მისივე ინფორმაციით, თავის ქალა შესანიშნავ მდგომარეობაშია – მის ყბებზე კბილის მატარებელი ყველა ელემენტი, თავის ქალის გარე ძვლების უმეტესობასთან ერთად, შენარჩუნებულია. ეს კი, სააუქციონო სახლის თქმით, „უკიდურესად იშვიათია“ ასეთი ნიმუშებისთვის.

ფოტო: Sotheby’s

ცოტა ხნის წინ ტირანოზავრი რექსის კიდევ ერთი ნიმუში, „შენის“ სახელწოდებით ცნობილი ჩონჩი ჰონგკონგში Christie’s-ის სააუქციონო სახლს უნდა გაეყიდა, თუმცა, აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე, ის კატალოგიდან ამოიღო. ამის მიზეზი პალეონტოლოგების განცხადება გახდა, რომელთა ვარაუდით, ჩონჩხი შეიცავდა საავტორო უფლებებით დაცულ ძვლების ასლს სხვა ნიმუშიდან. აღსანიშნავია, რომ „შენი“ 15-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე იყო შეფასებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტირანოზავრის ჩონჩხი აუქციონზე პირველად 1997 წელს გაიყიდა. მასში $8.36 მილიონი გადაიხადეს. აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული დინოზავრის ჩონჩხის სტატუსი, მოცემული დროისთვის, სწორედ ტირანოზავრი რექსის სახეობის ბინადრის ნიმუშს ეკუთვნის – „სტენი“ 2020 წელს ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $31.8 მილიონად გაიყიდა.

მეცნიერებმა უძველესი, 2 მილიონი წლის წინანდელი დნმ-ი აღმოაჩინეს

კემბრიჯის უნივერსიტეტისა და მასთან არსებული წმინდა ჯონის კოლეჯის მეცნიერების მეთაურობით დაკომპლექტებული ჯგუფის ახალმა აღმოჩენამ ისტორია გადაწერა – სპეციალისტებმა ორი მილიონი წლის წინანდელ დნმ-ს მიაკვლიეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსოფლიოში უძველესად, ერთი მილიონი წლის წინანდელი დნმ-ი მიიჩნეოდა.

მეცნიერების ჯგუფმა, რომელიც საერთო ჯამში ორმოცამდე სპეციალისტს აერთიანებს დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, აშშ-დანა და გერმანიიდან, გამყინვარების პერიოდის დნმ-ის მიკროსკოპული ფრაგმენტები გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინა. ნიმუშების ანალიზის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.

ფოტო: Beth Zaikenjpg

უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კვლევამ დაადგინა, რომ ფრაგმენტები ერთი მილიონი წლით ძველია, ვიდრე ციმბირში აღმოჩენილი მამონტის ძვალი. სწორედ ამ უკანასკნელის დნმ-ი მიიჩნეოდა ამ დრომდე ყველაზე ძველად დედამიწაზე.

სპეციალისტების განცხადებით, მოპოვებული 41 ნიმუში თიხასა და კვარცში იყო დამალული. ეს არის ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც ორი მილიონი წლის განმავლობაში ინტენსიურ კლიმატურ ცვლილებას გადაურჩა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენით დღევანდელი გლობალური დათბობის გრძელვადიანი ეკოლოგიური ზიანის განსაზღვრას შეძლებენ.

FDA კატებისთვის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კატებისთვის სხვადასხვა ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. მედიკამენტი სახელწოდებით Bexacat-ი კომპანია Elanco Animal Health Inc-ის მიერაა შექმნილი.

Bexacat-ი, დიაბეტით დაავადებულ კატებში, რომელთაც მანამდე ინსულინით არ მკურნალობდნენ, გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

ცხოველთა ჯანმრთელობაზე მზრუნველი კომპანია იმედოვნებს, რომ პრეპარატი აშშ-ის ვეტერინარებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

ფოტო: stock.adobe.com

მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 600,000 კატას აქვს დიაბეტის დიაგნოზი დასმული. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შორის თითქმის 125,000 ცხოველს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება, დაავადების გართულებული ვარიანტებიდან გამომდინარე.

FDA-ს რეკომენდაციით, ახლახან დამტკიცებული პრეპარატი არ უნდა მიიღონ კატებმა, რომლებსაც მკურნალობდნენ ან ამჟამად მკურნალობენ ინსულინით; აგრეთვე, რომელთაც ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი აქვთ.

ჩარლზ დარვინის ხელნაწერი Sotheby’s-ის აუქციონზე £719,000ად გაიყიდა

ჩარლზ დარვინის ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ნაწყვეტს ინგლისელი ნატურალისტის ნაშრომიდან – „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ – Sotheby’s-ის აუქციონზე £719,000 გაიყიდა. სააუქციონო სახლი დოკუმენტს 530,000-დან 700,000 გირვანქა სტერლინგამდე აფასებდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დოკუმენტი აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერია, რომელიც ჩარლზ დარვინს ეკუთვნის. აქამდე რეკორდის მფლობელი, დაახლოებით £400,000-ად გაყიდული ხელნაწერი იყო.

ფოტო: Sotheby’s

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, დარვინმა დოკუმენტი 1865 წელს, წიგნის „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ მესამე გამოცემის გამოქვეყნებიდან ოთხი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ჟურნალისთვის დაწერა, რომლის რედაქტორმაც მისგან ხელნაწერის ნიმუში მოითხოვა.

2015 წელს, ნაშრომი „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ საჯარო გამოკითხვის საფუძველზე გახდა ყველაზე გავლენიანი აკადემიური წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა.

ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის შესაძლო დარღვევის ბრალდებით, Neuralink-ზე გამოძიება მიმდინარებს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია Neuralink-ზე, ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის დარღვევის შესაძლო შემთხვევების ბრალდებით, ფედერალური გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მანამდე მილიარდერმა განაცხადა, რომ Neuralink-ის ტვინში ჩასანერგი ჩიპების ადამიანებზე ტესტირება დაახლოებით ექვს თვეში დაიწყებოდა. მასკმა ისიც დაამატა, რომ მსგავსი იმპლანტის ჩადგმას თვითონაც აპირებს. ბრალდებების გამო, მასკის კომპანიას კლინიკურ ცდებამდე მოცდა შესაძლოა, უფრო დიდი ხნით მოუწიოს.

ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

ფოტო: Neuralink

ვიდრე ჩიპი ადამიანებზე გამოიცდება, წლებია, რაც მასკის კომპანია ტესტირებას სხვადასხვა ცხოველზე ატარებს. მაგალითად, 2020 წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუტუბის არხის მეშვეობით საზოგადოებას ღორი წარუდგინა, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჰქონდა ჩანერგილი. მიმდინარე წლის აპრილში მან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ თამაშობდა კომპიუტერში პინგ-პონგს მაიმუნი, რომელიც ამისთვის მხოლოდ გონებას იყენებდა. პრიმატმა ეს თავის ტვინში ჩადგმული მიკროჩიპის დახმარებით შეძლო.

მედიასააგენტო Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტებისა და წყაროების მტკიცებით, ჩიპის განვითარებისთვის Neuralink-ის ექსპერიმენტებს 2018 წლის შემდეგ დაახლოებით 1,500 ცხოველი ემსხვერპლა. როგორც კომპანიის არსებული და ყოფილი ოცამდე თანამშრომელი ამტკიცებს, ილონ მასკის მხრიდან ზეწოლა, რაც პროექტის განვითარების დაჩქარების მოტივითაა განპირობებული, წარუმატებელი ექსპერიმენტების მიზეზი ხდება. შედეგად, ტესტირებაში მონაწილე და ცდებს შეწირული ცხოველების რიცხვი იზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *