გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. მეცნიერებმა ლეონარდო და ვინჩის პარადოქსის 500-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის მთავარმა კონკურენტმა, Synchron-მა საკუთარი ტვინის იმპლანტი ოთხ პარალიზებულ პაციენტზე წარმატებით გამოცადა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეაში შექმნეს ჭკვიანი ლინზა, რომელსაც ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეუძლია. ასტრონომებმა კი აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომლის შუაგულში ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს.

წინამდებარე მიმოხილვა მეცნიერების სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს აერთიანებს.

მეცნიერებმა ლეონარდო და ვინჩის პარადოქსის 500-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს

ლეონარდო და ვინჩი ალბათ ყველაზე მეტად თავისი მხატვრული შემოქმედებითაა ცნობილი, თუმცა, ამას გარდა, მან კაცობრიობას თავი მეცნიერებაში, ინჟინერიაში, არქიტექტურასა და გამოგონებების მიმართულებითაც დაამახსოვრა. დაახლოებით ხუთი საუკუნის წინ, და ვინჩიმ სითხეში წარმოქმნილ ჰაერის ბუშტუკებზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ წყლის ზედაპირზე ასვლისას ისინი, გარკვეულ მომენტში, სწორ ტრაექტორიას გადაუხვევენ და სპირალურად და ზიგზაგისებურად მოძრაობენ.

წყლის ზედაპირზე ამომავალი ჰაერის ბუშტუკების არასტაბილური მოძრაობის ახსნის მეთოდი სევილიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მიგელ ანხელ ერადამ და ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე იენს ეგერსმა აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ამის შესახებ კვლევა გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოაქვეყნეს. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათი მიგნება შეიძლება სასარგებლო იყოს ნაწილაკების მობილურობის ასახსნელად, რომლებიც მყარსა და აირადს შორის გარდამავალ მდგომარეობაში არიან.

და ვინჩის პარადოქსის საიდუმლოს ამოსახსნელად არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, თუმცა დაახლოებით 500-წლიანი საიდუმლოს ამოხსნა აქამდე ვერ მოხერხდა. პრობლემა ის გახლდათ, რომ სპეციალისტების მიერ აქამდე შემოთავაზებულმა ბუშტუკების დინამიკის მოდელირებამ ვერ შეძლო ზუსტად იმის რეპროდუცირება, რასაც ბუნებაში ვაკვირდებით.

ახლა კი, მიგელ ანხელ ერადამ და იენს ეგერსმა შემოგვთავაზეს ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ზუსტად აღწერს ბუშტუკების მოძრაობის ტრაექტორიას. მათი მოდელირებისა და ექსპერიმენტების მიხედვით, როგორც კი ბუშტუკის რადიუსი გადააჭარბებს 0,926 მილიმეტრს, ის სწორი მიმართულებით მოძრაობას წყვეტს და არასტაბილური ტრაექტორიით გადაადგილებას იწყებს.

მკვლევრების განცხადებით, ბუშტუკის პერიოდული დახრილობა ცვლის მის გამრუდებას, გავლენას ახდენს აღმასვლის სიჩქარეზე და იწვევს ბუშტუკის ტრაექტორიის რხევას. ის იხრება ბუშტუკის მხარეს, რომლის გამრუდებაც გაიზარდა. ამის შემდეგ კი, წნევის დისბალანსი ბუშტუკის თავდაპირველ პოზიციაში დაბრუნებას იწვევს, გრძელდება პერიოდული ციკლი, რადგან სითხე უფრო სწრაფად მოძრაობს და მისი წნევა მცირდება მაღალი გამრუდების ზედაპირთან ახლოს.

Synchron-მა ტვინის იმპლანტი ოთხ პაციენტზე წარმატებით გამოცადა

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის მთავარმა კონკურენტმა, Synchron-მა საკუთარი ტვინის იმპლანტი ოთხ პარალიზებულ პაციენტზე წარმატებით გამოცადა. ამის შესახებ ამერიკული კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ. Synchron-ის კლინიკური კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა.

როგორც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, ცდაში მონაწილე პაციენტებმა ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი იმპლანტირებული ინტერფეისის საშუალებით ნერვული სიგნალები წარმატებით გაგზავნეს. კომპანიის განცხადებით, ცდისპირებმა მისი პირველი თაობის Stentrode-ით კომპიუტერის გაკონტროლება შეძლეს.

გარდა ამისა, კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეიროპროთეზის ხანგრძლივად გამოყენება და მისი დახმარებით კომპიუტერისთვის სიგნალების გაგზავნა უსაფრთხოა და სერიოზულ უკუჩვენებებს არ იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ცდისპირები კვლევის, Stentrode With Thought-Controlled Digital Switch-ის (SWITCH) ფარგლებში ტვინის იმპლანტს 12 თვის განმავლობაში იყენებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ნეიროპროთეზის დახმარებით წარმოქმნილი სიგნალების ხარისხი სტაბილურად შენარჩუნდა.

ცდაში მონაწილე ოთხივე პირმა შეძლო Stentrode-ით კომპიუტერის გაკონტროლება და ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორიცაა ტექსტური შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, ონლაინ შოპინგი და სხვა ინტერნეტსერვისებით სარგებლობა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანებმა, ჯეფ ბეზოსმა და ბილ გეიტსმა Synchron-ში ინვესტიცია განახორციელეს.

Synchron-ის მსგავსად ტვინის იმპლანტის შექმნაზე მუშაობს ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი, რომელსაც საკუთარი მოწყობილობა კლინიკური ტესტირებისას ჯერ კიდევ არ გამოუცდია. დეკემბერში მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მიკროჩიპების ადამიანებზე ტესტირებას 2023 წლის შუა პერიოდში დაიწყებს.

SpaceXმა და NASA მისია Crew-6-ის განხორციელების თარიღად 26 თებერვალი შეარჩიეს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსთვის Crew-6-ის სახელწოდებით ცნობილ მისიას 26 თებერვალს განახორციელებს. ცნობისთვის, მისიის ფარგლებში დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი სხვადასხვა ეროვნების ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება. ისინი ორბიტაზე ექვს თვეს გაატარებენ.

SpaceX-ი რაკეტა Falcon 9-ს კაფსულა Dragon-თან ერთად ფლორიდაში მდებარე NASA-ს კუთვნილი კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებს. როგორც მისიის სახელწოდებიდანაც ჩანს, ეს ილონ მასკის კომპანიისთვის რიგით მეექვსე ეკიპაჟიანი ფრენა იქნება, რომელსაც NASA-სთვის კონტრაქტის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეასრულებს. თუმცა, ეს SpaceX-ისთვის საერთო ჯამში ორბიტაზე განხორციელებული მეცხრე ეკიპაჟიანი მისია იქნება.

Crew-1-დან Crew-5-მდე მისიების გარდა, SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ასევე შეასრულა Demo-2-ის სახელწოდებით ცნობილი სატესტო ფრენა (2020 წელი), Ax-1-ის მისია (2022 წელი) და მისია Inspiration4 (2021 წელი).

Crew-6-ის მისიაში მონაწილეობას მიიღებენ: NASA-ს ასტრონავტები – სტივენ ბოუენი და ვუდი ჰობურგი, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან სულთან ალ ნეიადი და რუსი კოსმონავტი, ანდრეი ფედიაევი.

შექმნეს ჭკვიანი ლინზა, რომელსაც ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეუძლია

ალცჰაიმერის დაავადება მთელ მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანის ორგანიზმში ხილული სიმპტომების გარეშე წლების განმავლობაში ვითარდება, დაავადებას ჩვეულებრივ წინ უსწრებს სუსტი კოგნიტიური დარღვევა.

სამხრეთ კორეაში მდებარე KIMM-ის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისთვის ჭკვიანი ლინზები შექმნეს. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად პროექტზე იონსეის უნივერსიტეტმაც იმუშავა. ინოვაციის შესახებ მკვლევრები ჟურნალ Bioactive Materials-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ლინზა, ალცჰაიმერის დაავადების ბიომარკერების გამოსავლენად, პაციენტის თვალში თავსდება. აღსანიშნავია, რომ ჭკვიან მოწყობილობას ასევე შეუძლია ტვინის სხვა ნევროლოგიური და დეგენერაციული დაავადებების დიაგნოსტიკა.

ბიომარკერების აღმოსაჩენად მკვლევრებმა თვალის ის მახასიათებლები შეისწავლეს, რომლებიც ტვინთან უშუალოდაა დაკავშირებული. ამისათვის მათ შეიმუშავეს ბიოსენსორული სისტემა, რომელსაც შეუძლია ბიომარკერების დიაპაზონის აღმოჩენა ინტრაოკულარულ ლინზაზე. ბიომარკერების აღმოჩენის შემდეგ სისტემა სიგნალს სპეციალური ჰიდროგელში წარმოქმნის, რომელიც სამიზნე ბიომარკერთან რეაგირებისას იკუმშება. მეცნიერები ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად სწორედ მის ანალიზს მიმართავენ.

მკვლევრების თქმით, KIMM გააგრძელებს უფრო ღრმა კვლევას ინტრაოკულარული ლინზების ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით, რათა ამ მეთოდის კომერციული ათვისება სწრაფად გახდეს შესაძლებელი.

Pfizer-ი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს წამლებსა და ვაქცინებს მოგების მიღების გარეშე შესთავაზებს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა განაცხადა, რომ ის წამლებისა და ვაქცინების მთელ პორტფელს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის კომერციული სარგებლის მიღების გარეშე გახდის ხელმისაწვდომს. როგორც ირკვევა, კომპანიის ინიციატივა მსოფლიოს 45 ქვეყანას შეეხება.

Pfizer-მა აღნიშნული გადაწყვეტილება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე გააჟღერა. კომპანიის განცხადებით, ის უზრუნველყოფს ფირმის 500 პროდუქტზე წვდომას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანისათვის. მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ავღანეთი, ჰაიტი, ჩრდილოეთ კორეა, ყირგიზეთი, რუანდა, უგანდა, სენეგალი, ერიტრეა და კამბოჯა.

ინიციატივა მოიცავს როგორც დაპატენტებულ, ისე არაპატენტირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც Pfizer-ი გლობალურ უფლებებს ფლობს. მაგალითად, როგორიცაა ქიმიოთერაპია და პირის ღრუს კიბოს თერაპია.

სქემა ასევე მოიცავს ანტიბიოტიკების ფართო სპექტრს, რომელიც ფირმის თქმით, ხელს შეუწყობს ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების აღმოფხვრას და ასევე ყოველწლიურად საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ბაქტერიული ინფექციებისგან 1.5 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილებას გახდის შესაძლებელს.

გარდა ამისა, Pfizer-მა განაცხადა, რომ ის დაამატებს ახალ ვაქცინებსა და მედიკამენტებს არაკომერციულ სქემაში, როგორც კი პრეპარატები წარმოებაში ჩაეშვება.

აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომლის შუაგულში ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე მეცნიერებით დაკომპლექტებულმა გუნდმა აღმოაჩინა ეგზოპლანეტა, რომლის შუაგულშიც, მკვლევართა თქმით, ბირთვული სინთეზის პროცესი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ეგზოპლანეტაა, რომელიც სპეციალისტებმა კოსმოსურ ხომალდ Gaia-ს წყალობით პირდაპირ გადაიღეს.

მეცნიერების გუნდის გამოთვლით, ობიექტი, რომელსაც HD 206893 c უწოდეს, საკუთარი ვარსკვლავიდან, HD 206893-დან 483 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე მოძრაობს. ეს უკანასკნელი კი დედამიწიდან 130 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. HD 206893 ჩვენს მზეზე 30%-ით დიდია. გარდა ამისა, სპეციალისტების განცხადებით, მას გარს მტვრის დისკო აკრავს.

HD 206893 c-ზე დასაკვირვებლად, Gaia-ს მონაცემების შემდეგ, მეცნიერების გუნდმა ჩილეს ატაკამის უდაბნოში განლაგებული Very Large Telescope-ის (VLT) ინსტრუმენტი GRAVITY გამოიყენა. მოპოვებულ მასალაზე დაკვირვებამ მკვლევრებს საშუალება მისცა, პლანეტის ატმოსფეროდან მომავალი სინათლის სპექტრი გაეანალიზებინათ.

აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად კი მეცნიერები მივიდნენ ვარაუდამდე, რომ ამ გიგანტური ეგზოპლანეტის ბირთვში დეიტერიუმის გამოყენებით ბირთვული შერწყმის პროცესი მიმდინარეობს. ცნობისთვის, დეიტერიუმი წყალბადის იზოტოპია, რომელიც ნეიტრონს ატარებს.

გარდა ამისა დადგინდა, რომ HD 206893 c იუპიტერზე 13-ჯერ უფრო მასიურია. აღნიშნული მონაცემი და ობიექტის ბირთვში მიმდინარე პროცესები იმაზე მიანიშნებს, რომ ის პლანეტასა და ყავისფერ ჯუჯა ვარსკვლავს შორის გარდამავალ ფაზაში იმყოფება.

კვლევაში მონაწილე მეცნიერების განცხადებით, აღმოჩენა შესაძლოა მომავალში მასიური პლანეტებისა და ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავების ერთმანეთისგან გარჩევაში დაგვეხმაროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *