გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროში სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული მედიცინის დარგისთვის აღმოჩნდა. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის თანახმად, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ აივ-ინფექციისგან მეხუთე კაცი განიკურნა. გარდა ამისა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა სამგანზომილებიანი პრინტერით დაამზადეს გული, რომელიც ნამდვილის მსგავსად მუშაობს. პიტსბურგის უნივერსიტეტსა და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა კი ზურგის ტვინის სტიმულირებისთვის შექმნილი ნეიროტექნოლოგია წარმატებით გამოცადეს. პარალელურად, FDA-მ A ჰემოფილიის სამკურნალოდ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi-ის მედიკამენტი დაამტკიცა.

წინამდებარე მიმოხილვაში მეცნიერების სფეროს ამ და სხვა განსაკუთრებით საინტერესო სიახლეებს გაეცნობით.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ აივ-ინფექციისგან მე-5 კაცი განიკურნა

ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ აივ-ინფექციისგან მეხუთე კაცი განიკურნა. განკურნებული პაციენტი გერმანიის მკვიდრია, რომელსაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაუტარდა.

მკვლევართა განცხადებით, მამაკაცს, რომელსაც „დიუსელდორფის პაციენტს“ უწოდებენ, აივ-ინფექციის ნიშნები არ უვლინდება. მათივე ინფორმაციით, პაციენტმა დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება 2019 წელს შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, შიდსით, რომელიც აივ-ინფექციის ბოლო სტადიაზე ვითარდება, 40 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა 38.4 მილიონს შეადგენდა. დაავადებულთა შორის 36.7 მილიონი ზრდასრული იყო, ხოლო 1.7 მილიონი – 15 წლამდე ბავშვი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ადამიანი, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა, ტიმოთი რეი ბრაუნია. მას მკვლევრები 2009 წელს გამოქვეყნებულ დასკვნებში „ბერლინის პაციენტის“ სახელით მოიხსენიებენ.

MIT-ის მეცნიერებმა 3D პრინტერით დაამზადეს გული, რომელიც ნამდვილის მსგავსად მუშაობს

აშშ-ში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა სამგანზომილებიანი პრინტერით დაამზადეს გული, რომელიც ნამდვილის მსგავსად მუშაობს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა Science Robotics-ში გამოქვეყნდა.

MIT-ის მეცნიერების განმარტებით, პროცედურის საწყის ეტაპზე ისინი ადამიანის გულის სამედიცინო გამოსახულებებს სამგანზომილებიან კომპიუტერულ მოდელად გარდაქმნიან, რომელსაც შემდეგ პოლიმერზე დაფუძნებული საღებავი მასალის გამოყენებით 3D პრინტერით ბეჭდავენ. გულის ზუსტი ასლი რბილ, მოქნილ გარსს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდით მკვლევრებს ასევე შეუძლიათ აორტის დაბეჭდვა – არტერიის, რომელიც სისხლს გულიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილში აგზავნის.

გარდა ამისა, მეცნიერების გუნდმა შექმნა სტრუქტურა, რომელიც ხელოვნურ გულსა და აორტას აკრავს და გულის სისხლის გადატუმბვის სიმულაციას აკეთებს. ეს სტრუქტურა ბუშტუკებისგან შედგება, რომლებიც ჰაერით ივსება. ჰაერის შევსება-გადინებით ხელოვნური გულის შეკუმშვა და გაფართოებაა შესაძლებელი, როგორც ეს ნამდვილი ორგანოს შემთხვევაში ხდება.

MIT-ის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ დამზადებულ ხელოვნურ გულებსა თუ მის ცალკეულ ნაწილებს მალე მედიცინაში წარმატებით გამოიყენებენ.

FDA-მ A ჰემოფილიის სამკურნალოდ Sanofi-ის მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi-ის პრეპარატი, Altuviiio დაამტკიცა. მედიკამენტი A ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ არის შექმნილი. ცნობისთვის, ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სისხლდენის დარღვევით ხასიათდება.

ახალი პრეპარატი აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ გაყიდვაში უკვე ჩაშვებული მედიკამენტების, მათ შორის Bayer-ის Shire-ისა და Nordisk-ის Novo-სთვის კონკურენციის გაწევას შეეცდება.

სფეროს ექსპერტების წინასწარი შეფასებით, Sanofi-ის პრეპარატი გლობალურად გაყიდვების პიკისას 2.3 მილიარდი ევროს გენერირებას შეძლებს. აქვე გეტყვით, რომ Altuviiio-ს მსგავსი თერაპიების საშუალო წლიური ღირებულება დაახლოებით $300,000-ს შეადგენს. ანალიტიკოსთა მოლოდინით, Sanofi-ის მედიკამენტი მათთან შედარებით ოდნავ ძვირი ეღირება.

აღსანიშნავია, რომ Sanofi-მ Altuviiio შვედურ ფარმაცევტულ კომპანია Sobi-სთან თანამშრომლობით შექმნა.

ჯეიმს ვების ტელესკოპმა დააფიქსირა გალაქტიკები, რომლებიც წესით არ უნდა არსებობდეს

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ კოსმოსზე დაკვირვების ადრეული ეტაპის დროს მოპოვებულ გამოსახულებებზე ნაჩვენებია ირმის ნახტომის მსგავსი უზარმაზარი, შორეული გალაქტიკები, რომლებიც, წესით არ უნდა არსებობდეს. ობიექტები წითელი, უკვე ჩამოყალიბებული ჯუჯა ვარსკვლავებითაა სავსე.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში აღწერილი გალაქტიკები ჩვენი პლანეტიდან იმდენად შორსაა, რომ დღესდღეობით ყველაზე მძლავრი ტელესკოპის ობიექტივშიც კი ისინი მხოლოდ პატარა მოწითალო წერტილებად ჩანს. ამ გალაქტიკების მიერ გამოსხივებული სინათლის გაანალიზებით, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ჩვენ ჯეიმს ვების ტელესკოპის წყალობით სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპის გამოსახულება მივიღეთ, რომელიც მოიცავს პერიოდს დიდი აფეთქებიდან 500-700 მილიონი წლის შემდეგ.

ფოტო: NASA, ESA, CSA, I. LABBE

ასეთი ადრეული გალაქტიკების არსებობა თავისთავად გასაკვირი არ არის. ასტრონომები ფიქრობენ, რომ პირველი ვარსკვლავური ჯგუფები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამყარო ეგრეთ წოდებული ბნელი ხანიდან გამოვიდა – მისი არსებობის პირველ 400 მილიონ წელს გადააბიჯა, როდესაც კოსმოსი წყალბადის ატომების სქელი ნისლით იყო მოცული.

თუმცა, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათებში ნაჩვენები გალაქტიკები სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპისთვის უჩვეულოდ დიდი ზომით ხასიათდება, გარდა ამისა მათში არსებული ვარსკვლავები, შეფერილობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დიდი ასაკისაა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული ახალი აღმოჩენები ეწინააღმდეგება არსებულ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა და ვითარდებოდა სამყარო ფორმირების ადრეულ პერიოდში, ასევე არ ემთხვევა ვების ტელესკოპთან შედარებით ნაკლებად ძლიერი წინამორბედის, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ წარმოებულ ადრინდელ დაკვირვებებს.

სპეციალისტები უფრო ზუსტი დასკვნების გასაკეთებლად კვლევის გაგრძელებასა და ჯეიმს ვების ტელესკოპის დახმარებით გალაქტიკებზე უკეთ დაკვირვებას გეგმავენ.

მეცნიერებმა ზურგის ტვინის სტიმულირებისთვის განკუთვნილი ნეიროტექნოლოგია წარმატებით გამოცადეს

პიტსბურგის უნივერსიტეტსა და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ზურგის ტვინის სტიმულირებისთვის შექმნილი ნეიროტექნოლოგია, რომლის მიზანიც, ინსულტთან დაკავშირებული დამბლის დროს პაციენტის პარალიზებული ხელისა და მკლავის მყისიერად ამოძრავებაა, წარმატებით გამოცადეს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

ინსულტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის მიწოდების შეფერხების გამო ტვინი ზიანდება. გლობალურად, 25 წელზე უფროსი ასაკის ყოველი მეოთხე ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში ინსულტს სავარაუდოდ ერთხელ მაინც განიცდის. მათგან დაახლოებით 75%-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ზედა კიდურის პარალიზებასთან. ამჟამად ინსულტით გამოწვეული დამბლის მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს.

რაც შეეხება ახალ მეთოდს: ზურგის ტვინის სტიმულირებისთვის ელექტროდები გამოიყენება, რომელთა მეშვეობითაც, ნერვებისთვის იმპულსების გაგზავნა ხდება. შედეგად კი, ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები აქტიურდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა აქამდე ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ ფეხის მოძრაობის უნარის აღსადგენად გამოიყენებოდა.

თუმცა, ადამიანის მკლავი შედარებით უფრო რთული სისტემაა. მისი კონტროლისთვის საჭირო ნერვული სიგნალები მეთოდის დამატებით განვითარებას მოითხოვდა. მკვლევრებმა ამისთვის კომპიუტერულ მოდელირებას მიმართეს და პრეკლინიკური ტესტირება მაიმუნზე ჩაატარეს, ვიდრე ტექნოლოგიას ადამიანზე გამოცდიდნენ.

კვლევის ავტორების განცხადებით, ნეიროტექნოლოგიის დახმარებით პაციენტებმა სხვადასხვა სირთულის ამოცანის შესრულება შეძლეს, მათ შორის საგნების გადაადგილება და საკეტის გახსნა. გარდა ამისა, ელექტროდების გამოყენებით ცდისპირებმა შეძლეს სრულად გაეხსნათ და დაეხურათ მუშტები, აეწიათ ხელები თავს ზემოთ და ჭამის დროს დანა-ჩანგალი გამოეყენებინათ.

საინტერესოა, რომ სტიმულირების ეფექტი სხეულიდან მოწყობილობის ამოღების შემდეგაც გაგრძელდა.

ზოგიერთმა გაჯეტმა შესაძლოა, გულის მოწყობილობების მუშაობა შეაფერხოს – კვლევა

ზოგიერთმა გაჯეტმა, მათ შორის ფიტნეს ტრეკერებმა შესაძლოა, გულის იმპლანტირებად ელექტრონულ მოწყობილობებს (CIED), დეფიბრილატორებსა და კარდიოსტიმულატორებს გამართულად მუშაობაში ხელი შეუშალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვარაუდი ჟურნალ Heart Rhythm-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია გამოთქმული.

კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, იუტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს გულის აპარატებზე მოწყობილობებმა, რომლებიც ადამიანთა კუნთის მასის ან სტრესის დონის გასაზომად, ასევე სხვა მონაცემების შესაგროვებლად მცირე, შეუმჩნეველ ელექტრულ დენს ასხივებენ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზემოხსენებული მოწყობილობების პარალელურად გამოყენებისას გულის რესინქრონიზაციის თერაპიისთვის განკუთვნილი აპარატების, მათ შორის კარდიოსტიმულატორების გამართულად მუშაობა შეფერხდა. ცნობისთვის, კარდიოსტიმულატორები გულის რიტმის მონიტორინგისა და კონტროლისთვის გამოიყენება.

დეფიბრილატორის შემთხვევაში კი, რომელსაც გულის ნორმალური რიტმის აღდგენა შეუძლია, ელექტრული დენის გამომსხივებელმა გაჯეტებმა მოწყობილობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება განაპირობეს.

კვლევის ავტორების განცხადებით, მიღებული შედეგების მიუხედავად, მსგავსი მოწყობილობების პაციენტებზე ზემოქმედების უკეთ გასაგებად მეტი კვლევაა საჭირო.