გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის განმავლობაში სპორტის მოყვარულთა ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვანმა სიახლემ მიიპყრო. NBA-ის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა მილიარდერის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა საინვესტიციო ფირმა Redbird Capital Partners-მა იტალიური საფეხბურთო კლუბ AC Milan-ის შესყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. გარდა ამისა, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთის ნაცვლად ლატვია და ფინეთი უმასპინძლებენ. რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ – მან ივან პერიშიჩთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფორმულა 1-ის პილოტი, დანიელ რიკარდო კი კრიპტოვალუტის ბირჟა OKX-ის ბრენდის ელჩი გახდა. ახლახან არც ისე სახარბიელო ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ჩოგბურთის ეროვნულმა მმართველმა ორგანომ, LTA-მ – გაირკვა, რომ 2021 წელს ორგანიზაციამ 2.6 მილიონი გირვანქა სტერლინგით იზარალა, რაშიც დიდი წვლილი კორონავირუსის პანდემიას მიუძღვის.

გასული კვირის სპორტული სფეროს მიმოხილვა სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.

NBA-ის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი მილიარდერი გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი მილიარდერი გახდა. Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის, მისი ქონების ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მოთამაშე NBA-ს მოქმედ კალათბურთელებს შორის ერთადერთია, ვინც ამერიკული გამოცემის მიერ შედგენილ მილიარდერთა ჩამონათვალში მოხვდა.

ფოტო: Getty Images

Forbes-ის ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსმა გასული წლის განმავლობაში $121.2 მილიონი გამოიმუშავა. შედეგად, ის გამოცემის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიაშიც მოხვდა. „ლეიკერსის“ კალათბურთელი ჩამონათვალში მხოლოდ არგენტინელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ჩამორჩება. ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშემ 2021 წელს $130 მილიონი გამოიმუშავა.

აქვე აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ცნობით, ლებრონ ჯეიმსმა NBA-ის სამ სხვადასხვა გუნდში – „კავალიერსში“, „ჰითსა“ და „ლეიკერსში“ თამაშისას საერთო ჯამში $385 მილიონი გამოიმუშავა, პარკეტს მიღმა კი, სარეკლამო ჰონორარებითა და ბიზნესებიდან, დაახლოებით $900-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

Redbird-მა „მილანის“ შესყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

ამერიკულმა საინვესტიციო ფირმა Redbird Capital Partners-მა იტალიური საფეხბურთო კლუბ AC Milan-ის შესყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. მოცემულ ინფორმაციას, საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ UEFA-ის ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის ჩემპიონ „მილანს“ ერთ დროს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ფლობდა. ამჟამად კი კლუბის 99.93%-იანი წილის მესაკუთრე საინვესტიციო კომპანია Elliott Management Corp.-ია. ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ  ვრცელდება, თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, შესაძლოა, Redbird-მა „მილანის“ სანაცვლოდ დაახლოებით 1.2 მილიარდი ევრო გადაიხადოს.

ფოტო: Getty Images

ნიუ-იორკში დაფუძნებული Redbird-ი, რომელიც ჯერალდ კარდინალემ დააარსა, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 6 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს. ფირმა არის Fenway Sports Group Holdings LLC-ის აქციონერი, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბის, Liverpool FC-ისა და ამერიკის ბეისბოლის გუნდ Boston Red Sox-ის მფლობელი. ის ასევე ფლობს აქციების საკონტროლო პაკეტს ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ტულუზაში“.

შეგახსენებთ, რომ AC Milan-მა 2021-22 წლების უკვე დასრულებულ სეზონში იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, სერია A-ის თასი მოიგო.

2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთის ნაცვლად ლატვია და ფინეთი უმასპინძლებენ

რამდენიმე დღის წინ ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სპორტის აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს 2023 წელს რუსეთის ნაცვლად ლატვია და ფინეთი უმასპინძლებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ 2026 წლის ღონისძიებისთვის მასპინძლობის უფლება შვეიცარიას მიენიჭა.

IIHF-ის ინფორმაციით, მომავალ წელს ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ლატვიის დედაქალაქ რიგასა და ფინეთის ქალაქ ტამპერეში, 12-დან 28 მაისამდე ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ პირვანდელი გადაწყვეტილებით, თამაშები სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართული, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, გასულ თვეში ფედერაციამ ქალაქს ტურნირის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ ტამპერე ყინულის ჰოკეის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს ჰელსინკისთან ერთად, ხოლო რიგაში ეს ტურნირი გასულ წელს გაიმართა.

ფოტო: russiancourses.com

IIHF-ისგან 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას სლოვენიისა და უნგრეთის წყვილიც ცდილობდა. თუმცა, საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა, მთავრობის გარანტიების არარსებობის გამო, 23 მაისს წინადადებაზე უარი თქვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელიც ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა, არ სურდა, მის ქვეყანას გაემართა ღონისძიება, რომლის მასპინძლობის უფლებაც რუსეთს ჩამოერთვა.

ივან პერიშიჩმა „ტოტენჰემთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ხორვატი ფეხბურთელი, ივან პერიშიჩი მომდევნო სეზონიდან „ტოტენჰემ პოტსპურში“ ითამაშებს. მან ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე კლუბს ოფიციალურად 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

როგორც ესპანური სპორტული გამოცემა Marca ტრანსფერის განხორციელებამდე წერდა, „ინტერს“ 33 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა კლუბს პერიშიჩის მოთხოვნაზე დათანხმება გაუჭირდა – ხორვატ ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კვირაში 120,000 ევროს მიღება უნდოდა.

ფოტო: Getty Images

„ტოტენჰემთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები, შესაბამისად ხელფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. აქვე აღსანიშნავია, რომ, როგორც Transfermarkt-ზე წერია, ტრანსფერის განხორციელებისას ივან პერიშიჩის საბაზრო ღირებულება, რომელიც ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, 10 მილიონ ევროს შეადგენდა.

პერიშიჩმა საფეხბურთო კარიერა Hajduk Split Youth-ში დაიწყო. მას ასევე უთამაშია ფრანგული „სოშოს“, ბელგიური „ბრუგესა“ და გერმანული კლუბების – დორტმუნდის „ბორუსიის“, „ვოლფსბურგისა“ და „ბაიერნის“ რიგებში, ბოლოს კი მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, ივან პერიშიჩმა 2021-2022 წლების სეზონში „ინტერის“ მაისურით სხვადასხვა ტურნირში, საერთო ჯამში 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაშიც 10 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

LTA-ის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს 2.6 მილიონი გირვანქა სტერლინგით იზარალა

დიდი ბრიტანეთის ჩოგბურთის ეროვნული მმართველი ორგანოს, LTA-ის განცხადებით, გასულ წელს, ისევე როგორც 2020 წელს, ორგანიზაციის საოპერაციო შემოსავლებზე კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ფინანსური ანგარიშგების უახლესი მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 5.6 მილიონი გირვანქა სტერლინგის საოპერაციო ზარალი დააფიქსირა, თუმცა, ინვესტიციების უკუგების წყალობით, ეს მაჩვენებელი 2.6 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. აქვე გეტყვით, რომ 2020 წელს LTA-ის ზარალმა £1.8 მილიონი შეადგინა.

ფოტო: Getty Images

მთლიანობაში, ორგანიზაციამ 2021 წლის განმავლობაში 59.4 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ეს 2020 წლის ამავე მაჩვენებელს, 47.1 მილიონ გირვანქა სტერლინგს, 20,7%-ით აღემატება.

LTA-მ შემოსავლების 60%-ზე მეტი „უიმბლდონის“ ორგანიზატორთან, All England Lawn Tennis & Croquet Club-თან (AELTC) 40-წლიანი შეთანხმების გაფორმების წყალობით მიიღო, რომელსაც მხარეებმა ხელი 2013 წელს მოაწერეს. შედეგად, დიდი ბრიტანეთის ჩოგბურთის ეროვნული მმართველი ორგანო „დიდი სლემის“ ტურნირიდან მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ნახულობს.

დანიელ რიკარდო კრიპტოვალუტის ბირჟა OKX-ის ბრენდის ელჩი გახდა

ფორმულა 1-ის პილოტი, დანიელ რიკარდო კრიპტოვალუტის ბირჟა OKX-ის ბრენდის ელჩი გახდა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ OKX-ი McLaren Racing-ის გუნდის სპონსორად წარადგინეს.

მრავალწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში რიკარდო, რომელიც გასული სეზონიდან „მაკლარენისთვის“ ასპარეზობს, კრიპტობირჟის გლობალურ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას და გულშემატკივრებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის დეტალებს ასწავლის. ავსტრალიელი სპორტსმენი ასევე გამოიყენებს OKX-ის ბრენდის გამოსახულებიან სპორტულ, დამცავ ჩაფხუტებს. ცნობისთვის, შეთანხმება ძალაში ოფიციალურად გასულ უიკენდზე შევიდა.

ფოტო: insidesport.in

პერტში დაბადებული რიკარდო ფორმულა 1-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელს დღემდე რვა გრანპრი აქვს მოგებული, პოდიუმზე კი, საერთო ჯამში, 32-ჯერ ავიდა.

რაც შეეხება OKX-ს, კრიპტობირჟა ხუთი წლის წინ ჩინეთში დაარსდა. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მის პლატფორმას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *