ისტორიაში პირველად, პაციენტს 3D-პრინტერით დაბეჭდილი ყურის ნიჟარა გადაუნერგეს

ისტორიაში პირველად, პაციენტს 3D-პრინტერით დაბეჭდილი ყურის ნიჟარა გადაუნერგეს

ამერიკელმა ექიმებმა ყურის იშვიათი დეფორმაციის მქონე პაციენტს მისი უჯრედებისგან 3D-პრინტერით შექმნილი ყურის ნიჟარა გადაუნერგეს, – ამის შესახებ იმპლანტის მწარმოებელი კომპანიის, 3DBio Therapeutics-ის პრეს-რელიზში ვკითხულობთ. აღნიშნული ტრანსპლანტაცია ამ ტექნოლოგიის კლინიკური კვლევის ფარგლებში პირველად ჩატარდა და როგორც ჩანს, სწორედ ამ პროცედურის წარმატების ხარისხი მნიშვნელოვნად განაპირობებს ქსოვილის ინჟინერიის დარგის მომავალს.

„თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს პროცედურა რევოლუციური გახდება“, – განაცხადა პროცედურის ხელმძღვანელმა ქირურგმა, არტურო ბონილამ The New York Times-თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ მიკროტია – დაავადება, რომელიც ერთი ან ორი ყურის ნაწილობრივ ან სრულ განუვითარებლობას იწვევს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს დაბადებულ ბავშვებში დაახლოებით 1500-ს აქვს. ეს სწორედ ის საკითხია, რომლის მოგვარება სურს 3DBio Therapeutics-ს, რისთვისაც კომპანია კლინიკურ კვლევებს ატარებს.

ამ დრომდე, მიკროტიის მქონე პაციენტებისთვის, როგორც წესი, ყურის ნიჟარებს ნეკნის ქსოვილისა და სინთეტიკური მასალებისგან ამზადებდნენ. თუმცა, 3DBio Therapeutics-ს განსხვავებული მიდგომა აქვს – პაციენტის ყურიდან ექიმები ბიოლოგიური მასალას და ხრტილოვან უჯრედებს იღებენ, ზრდიან მათ და 3D-პრინტერის გამოყენებით ადამიანის ყურის ფორმას აძლევენ. საინტერესოა, რომ ხრტილოვანი ქსოვილი რეგენერაციას წლების განმავლობაში განიცდის და თან, შანსი იმისა, რომ ორგანიზმმა ახალი ორგანო არ მიიღოს – მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ გასული წელი სატრანსპლანტაციო ტექნოლოგიებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – იანვარში ექიმებმა ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს, თუმცა პაციენტი რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სფეროში ისეთი კომპანიებიც მოიძებნებიან, რომლებიც 3D-პრინტერით დაბეჭდილ ფილტვებსა და სისხლძარღვებს აწარმოებენ. სხვადასხვა მიმართულებებით განვითარებას გეგმავს 3DBio Therapeutics-იც – კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ ცხვირისა და როტატორის წარმოებაც შეუძლიათ, ხოლო სამომავლოდ, უფრო რთული ორგანოების, მათ შორის ღვიძლისა და თირკმლის წარმოება სურთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *