გასული ერთი კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. 1-ელ ივლისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური „ნაპოლის“ წევრი ოფიციალურად გახდა. ასევე გაირკვა, რომ NBA-ის სუპერვარსკვლავ კევინ დურანტს „ბრუკლინ ნეტსის“ დატოვება სურს, რისთვისაც მზადაა, კლუბთან გაფორმებული $198-მილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტოს. პარალელურად, „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიშარლისონი „ევერტონისგან“ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ამასთანავე, FIFA-მ განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფსაიდის ამომცნობ ნახევრად ავტომატიზებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს – Qatar Airways-ი PSG-ის მაისურის ახალი ოფიციალური სპონსორი გახდა; რამდენიმე დღის წინ კი ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი აუქციონზე $2.4 მილიონად გაიყიდა; გარდა ამისა, ახლახან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ FIFA დამატებით $92-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს ფეხბურთის გლობალური კორუფციული სქემების შედეგად მიყენებული ზარალისთვის.
მოცემულ ბლოგში აღნიშნულ სპორტულ სიახლეებს დეტალურად მიმოვიხილავთ.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა
1-ელ ივლისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური „ნაპოლის“ წევრი ოფიციალურად გახდა. ტრანსფერი კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბში ხვიჩას მიყვანის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში, Radio KKN-ისთვის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ვადაც 2027 წლის 30 ივნისს იწურება. კლუბს ტრანსფერის ღირებულებასთან დაკავშირებით დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა, როგორც Transfermarkt-ზე წერია, იტალიელებს ხვიჩას შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.
Welcome Khvicha 👋
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/N1L9lSy5Yu
— Official SSC Napoli (@en_sscnapoli) July 1, 2022
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. ის რუსულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. ომის დაწყების შემდეგ კვარაცხელიამ სპეციალური სატრანსფერო ფანჯარა გამოიყენა და ბათუმის „დინამოში“ გადაბარგდა.
2021-22 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ-ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან ტურნირზე ორი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ბათუმის „დინამოში“ გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, რომელთა განმავლობაშიც ფეხბურთელმა რვა გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
რაც შეეხება საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, კვარაცხელიას ეროვნული გუნდის მაისურით 17 შეხვედრაში რვა გოლი აქვს გატანილი.
კევინ დურანტს „ბრუკლინ ნეტსის“ დატოვება სურს
NBA-ის სუპერვარსკვლავ კევინ დურანტს „ბრუკლინ ნეტსის“ დატოვება სურს. ESPN-ის ცნობით, კალათბურთელმა კლუბისგან გაყიდვა უკვე ითხოვა. როგორც ირკვევა, 33 წლის სპორტსმენის შეძენით „ფენიქს სანსი“ და „მაიამი ჰიტი“ არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, კევინ დურანტი ბრუკლინელთა რიგებს „გოლდენ სტეიტიდან“ 2019 წელს შეუერთდა. კალათბურთელმა გასული წლის აგვისტოში „ნეტსთან“ ხელშეკრულება ოთხი წლით გაახანგრძლივა. მისი ჯამური ღირებულება 198 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, როგორც ჩანს, კონტრაქტი ვადაზე ადრე შეწყდება.
ცნობისთვის, დურანტისგან განსხვავებით, „ბრუკლინ ნეტსში“ დარჩენა გადაწყვიტა კაირი ირვინგმა, რომელმაც ხელშეკრულების გაგრძელების ოპცია გამოიყენა. ESPN-ის ინფორმაციით, შედეგად ირვინგი კლუბისგან მომდევნო სეზონში 36,5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
კევინ დურანტს NBA-ის „All Stars“-ის 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონია. კალათბურთელმა ტიტული 2017 და 2018 წელს „გოლდენ სტეიტთან“ ერთად მოიგო.
Forbes-ის დათვლებით, დურანტის ქონება $92.1 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მან გამოცემის მიერ შედგენილ, 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა.
„ტოტენჰემმა“ რიშარლისონი £60 მილიონად შეიძინა
„ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიშარლისონ დე ანდრადე, „ევერტონისგან“ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. „ტოტენჰემის“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, „ევერტონმა“ 29 ივნისს რიშარლისონის შესაძენად „ტოტენჰემის“ მიერ გაკეთებული £40-მილიონიანი შეთავაზება უარყო, რის შემდეგაც კლუბმა თანხა მნიშვნელოვნად გაზარდა. 2018 წელს „ევერტონმა“ ფეხბურთელი „უოტფორდისგან“, ვალუტის ამჟამინდელი კურსით, დაახლოებით 33,7 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
წამყვანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, რიშარლისონის შეძენით კიდევ ერთი ლონდონური კლუბი, „ჩელსი“ იყო დაინტერესებული. თუმცა, როგორც ირკვევა, მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
რიშარლისონს, რომელიც ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, ინგლისურ პრემიერ-ლიგაში საერთო ჯამში 172 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელთა განმავლობაში ბრაზილიელმა თავი 48 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში „ტოტენჰემმა“ რიშარლისონის გარდა კიდევ სამი მოთამაშე დაიმატა: ივ ბისუმა – „ბრაიტონიდან“, ფრეიზერ ფოსტერი – „საუთჰემპტონიდან“ და ინავ პერიშიჩი – მილანის „ინტერიდან“. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ახლა ლონდონური კლუბი „ბარსელონისგან“ ფრანგი მცველის, კლემან ლანგლეს შეძენას ცდილობს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე FIFA ოფსაიდის ამომცნობ ნახევრად ავტომატიზებულ ტექნოლოგიას გამოიყენებს
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ განაცხადა, რომ კატარში დაგეგმილ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩების დროს ოფსაიდის ამომცნობ ნახევრად ავტომატიზებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. შეგახსენებთ, ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.
ამჟამად თამაშგარე მდგომარეობის დასაფიქსირებლად გადაწყვეტილების მისაღებად არბიტრებს შესაძლოა, დაახლოებით ოთხ წუთამდე დრო დასჭირდეთ ვიდეო მსაჯის ასისტენტის (VAR) ტექნოლოგიის გამოყენებით. FIFA იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგია, რომელიც უკვე არაერთ სპორტულ ღონისძიებაზე წარმატებით გამოიცადა, აღნიშნულ დროს სამიდან-ოთხ წამამდე შეამცირებს.
ახალი ტექნოლოგია 12 კამერას იყენებს, რომლებიც სტადიონის სახურავის ქვეშ დამონტაჟდება და მოედანზე ბურთისა და მოთამაშეების ზუსტ პოზიციას დაადგენს. ამავდროულად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის Adidas-ის მიერ შექმნილი ბურთი სენსორებით იქნება აღჭურვილი, რომელთა დახმარებითაც ბურთის მდებარეობის შესახებ მონაცემები სპეციალურ ჯგუფს წამში 500-ჯერ გადაეგზავნება. ეს დარტყმის ზუსტი წერტილის ამოცნობის საშუალებას იძლევა.
მონაცემები ასევე გენერირებული იქნება 3D-ანიმაციაში, რომელიც თამაშის კონკრეტულ მომენტში ფეხბურთელების კიდურების პოზიციას ასახავს. აღსანიშნავია, რომ ეს 3D-ანიმაცია კატარის სტადიონის გიგანტურ ეკრანებზე იქნება ნაჩვენები. გარდა ამისა, მასზე ხელი FIFA-ს გლობალურ სამაუწყებლო პარტნიორებსაც მიუწვდებათ. აქედან გამომდინარე, ეპიზოდის გადამოწმებისა და გაანალიზების საშუალება როგორც სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს, ასევე ტელემაყურებლებსაც შეეძლებათ.
როგორც ცნობილია, სისტემის გამართულობისა და ეფექტიანობის დასადასტურებლად მომდევნო თვეებში, მსოფლიო ჩემპიონატამდე, ტექნოლოგიას კიდევ არაერთხელ გამოცდიან.
Qatar Airways-ი PSG-ის მაისურის ახალი ოფიციალური სპონსორი გახდა
კატარის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია Qatar Airways-ი პარი სენ-ჟერმენის მაისურის ახალი ოფიციალური სპონსორი გახდა. მრავალწლიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულება, SportBusiness-ის ცნობით, სეზონში 60-დან 70 მილიონ ევრომდე შეადგენს, ძალაში 2022-23 წლების სეზონიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დასახელებეულ თანხას იხდიდა Qatar Airways-ის მიერ ჩანაცვლებული კომპანია Accor-ი, რომელიც კლუბთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს, თუმცა სხვა ფორმატში. როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალები მომდევნო კვირას გასაჯაროვდება. აქვე გეტყვით, რომ Accor-ი პარი სენ-ჟერმენის მაისურის მთავარი სპონსორი სამი წლის განმავლობაში იყო.
ახლახან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, Qatar Airways-ის ლოგო პარი სენ-ჟერმენის მამაკაცთა და ქალთა კლუბების, ასევე ახალგაზრდული გუნდის მაისურებზე გამოჩნდება.
„Qatar Airways-ი სპორტში აქტიურადაა ჩართული. ეს არის ამბიციური ავიაკომპანია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში. წითელ-ლურჯ მაისურზე გამოჩენით, Qatar Airways-ი გაზრდის თავის გლობალურ ცნობადობას და ფეხბურთში ინტეგრაციას, კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე“, – განაცხადა PSG-ის პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა, მარკ არმსტრონგმა.
ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი აუქციონზე $2.4 მილიონად გაიყიდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი, რომელზეც NBA-ის სამი ავთენტური ლოგოა დატანილი, Goldin Auctions-ის მიერ გამართულ აუქციონზე $2.4 მილიონად გაიყიდა.
ლოგოები „კლივლენდ კავალიერსის“, „მაიამი ჰიტისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურებიდანაა ამოჭრილი, რომელთაც კალათბურთელი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ირგებდა. აქვე აღსანიშნავია, რომ იტალიური კომპანია Panini-ს მიერ გამოშვებული ბარათი ერთადერთია, რომელზეც ერთი კალათბურთელის მაისურიდან სამი ლოგოა წარმოდგენილი.
Goldin Auctions-ი ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათის გაყიდვას 6.6 მილიონ აშშ დოლარზე მეტად იმედოვნებდა. ამ შემთხვევაში, ის რეკორდის დამყარებას შეძლებდა. ცნობისთვის, ამჟამად საუკეთესო შედეგი ბეისბოლის მოთამაშის, ჰონუს ვაგნერის საკოლექციო ბარათს ეკუთვნის, რომელიც 2021 წელს სწორედ დასახელებულ ფასად გაიყიდა.
DOJ: FIFA კორუფციული სქემების შედეგად მიყენებული ზარალისთვის დამატებით $92-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) განცხადებით, FIFA, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, დამატებით $92-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს ფეხბურთის გლობალური კორუფციული სქემების შედეგად მიყენებული ზარალისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მედიასააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოში დეპარტამენტმა განაცხადა, რომ FIFA კომპენსაციის სახით 201 მილიონ აშშ დოლარს მიიღებდა. თანხა ორგანიზაციის ყოფილი ოფიციალური პირების საბანკო ანგარიშებიდან ამოიღეს, რომლებიც კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართულნი. ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი.
მას შემდეგ, რაც დეპარტამენტმა 2015 წელს კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, მსოფლიოს დაახლოებით 20 ქვეყნიდან 50-ზე მეტ პირსა და კორპორაციას წაუყენეს ბრალი. მათ ძირითადად ქრთამის აღებაში, ასევე ანაზღაურებასთან, მედიასა და მარკეტინგულ უფლებებთან დაკავშირებულ დარღვევებში ადანაშაულებდნენ.
„ამ მასიურ სქემაში ორგანიზაციის კორუმპირებულ წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ დიდი თანხა ტრიალებდა. სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ კრიმინალებისგან ჩამორთმეული აქტივები გადანაწილდება იმ ჯგუფებზე, რომლებსაც ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ, განსაკუთრებული ფოკუსირება მოხდება ქალებისა და გოგონების საფეხბურთო განათლებაზე“, – ნათქვამია FBI-ის წარმომადგენელთა განცხადებაში.