გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

გასული კვირა კრიპტოს ინდუსტრიისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა: Goldman Sachs-ს Celsius-ის აქტივების შესაძენად $2 მილიარდი სჭირდება; კრიპტომილიარდელი სემ ბენკმენ-ფრიდი კრიპტოფირმაზე $250 მილიონის მოცულობის სესხების გაცემას გეგმავს; Crypto.com-მა გადახდის მეთოდად Apple Pay დაამატა; პარალელურად კი ჰაკერებმა $100 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.

ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ კრიპტო-ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Goldman Sachs- Celsius-ის აქტივების შესაძენად $2 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

Goldman Sachs-ი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ბანკი მსოფლიოში, ცდილობს მოიზიდოს კაპიტალი $2 მილიარდიანი ინვესტიციის განსახორციელებლად. კერძოდ საუბარია, Celsius-ის აქტივების ფასდაკლებით შეძენაზე, ამ უკანასკნელის გაბანკროტების შემთხვევაში.

Celsius-ი მომხმარებლებისგან მიღებულ კრიპტოვალუტებს სესხად გასცემს და შედეგად მიღებულ საკომისიოს მომხმარებლებს უნაწილებს. კომპანია 2017 წელს დაარსდა და კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა. ციფრული აქტივებით ოპერირების შთამბეჭდავი შედეგებიდან გამომდინარე (სასესხო პორტფელის ისტორიული, 18%-იანი ზრდა), არაპროფესიონალი ინვესტორებიც დაინტერესდნენ ამ კომპანიით, რამაც კომპანიის კაპიტალის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა .

თუმცა, ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ბოლოდროინდელი ვარდნის გამო, მომხმარებლებმა Celsius-დან ჯამში $2.5 მილიარდი გაიტანეს. 12 ივნისს კომპანიამ განაცხადა, რომ მომხმარებლებს ფულის გატანის საშუალებას აღარ მისცემდნენ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბაზარზე არსებული „ექსტრემალური გარემოებებიდან“ გამომდინარე.

კრიპტომილიარდელი სემ ბენკმენფრიდი კრიპტოფირმა BlockFi-ს $250 მილიონიანი სესხს სთავაზობს

მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტების ფასი მკვეთრად შემცირდა, კრიპტოკომპანიები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ცხადია, ცენტრალური ბანკები მათ ამ კრიზისის დაძლევაში არ ეხმარებიან. თუმცა გამოჩნდნენ კრიპტოკომპანიები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს დაეხმარონ.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტების ბირჟის, FTX-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი სემ ბენკმენ-ფრიდი თანახმაა გასცეს $250 მილიონიანი სესხი BlockFi-ს დასახმარებლად. მისი თქმით, ეს დაეხმარება BlockFi-ს „ბაზრის ნავიგაციაში ძლიერი პოზიციიდან.“ ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მოვალეობა ციფრული ეკოსისტემის და მათი მომხმარებლების დაცვაა და რომ ის ამ პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად ეკიდება.

კრიპტოსამყაროს მედიის – The Block-ის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში BlockFi-მ  ფულადი რესურსის მოზიდვის დაიწყო, რა დროსაც კომპანიის ღირებულება მხოლოდ $1 მილიარდად შეფასდა. ცნობისთვის, შარშან კომპანიის საბაზრო ღირებულება $3 მილიარდი იყო. BlockFi-მ ასევე დაანონსა, რომ მათი თანამშრომლების 20%-ს სამსახურის დატოვება მოუწევდა.

Crypto.com-მა გადახდის მეთოდად Apple Pay დაამატა

პოპულარულმა კრიპტოვალუტების ბირჟამ – Crypto.com-მა დააანონსა, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ყიდვა მათ პლატფორმაზე Apple Pay-ს მეშვეობით შეეძლებათ. საწყის ეტაპზე ამ ფუნქციონალით სარგებლობას მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლები შეძლებენ, თუმცა კომპანიის თანახმად, სხვა მომხმარებლებიც მალევე შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას.

პლატფორმის მომხმარებლები შეძლებენ კრიპტოვალუტები სწრაფად და უსაფრთხოდ Crypto.com-ის აპლიკაციის მეშვეობით იყიდონ. Crypto.com-ის პლატფორმაზე წარმოდგენილია 250-ზე მეტი კრიპტოვალუტა, რომელთა შეძენასაც მომხმარებელი 20-ზე მეტი ვალუტის დახმარებით შეძლებს. Celsius-ის მსგავსად, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ კრიპტოვალუტები დეპოზიტის სახით დააგროვონ და საპროცენტო შემოსავალი მიიღონ.

ჰაკერებმა $100 მილიონის კრიპტოვალუტა მოიპარეს

ჰაკერებმა Horizon-იდან, რომელიც ბლოკჩეინ-ხიდია, $100 მილიონის კრიპტოვალუტა მოიპარეს. კიბერშეტევის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა Horizon-ის დეველოპერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შესახებ ოთხშაბათს შეიტყვეს და უკვე იდენტიფიცირებულია „ეჭვმიტანილი“ ანგარიშიც.

ბლოკჩეინ-ხიდები საკმაოდ ხშირად გამოიყენება ციფრულ და დეცენტრალიზებულ სამყაროში.  ხიდები აკავშირებენ ბლოკჩეინებს ერთმანეთთან და საშუალებას აძლევენ მომხმარებელს გადარიცხონ კრიპტოვალუტა ერთი ბლოკჩეინიდან – მეორეზე. როგორც ბევრი სხვა ინსტრუმენტი დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში, ბლოკჩეინ-ხიდებიც სამიზნეა ჰაკერებისათვის, რომლებმაც კოდში ადვილად შეღწევადი სივრცეები აღმოაჩინეს. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების დროს, ძალიან დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტის ოპერირება ხდება, რის გამოც ჰაკერებისთვის ეს პლატფორმები განსაკუთრებით საინტერესოა.

მსგავსი ჰაკერული თავდასხმები ადრეც მომხდარა. მაგალითად, The Ronin Network-ზე თავდასხმისას  ჰაკერებმა $600 მილიონზე მეტის მოპარვა შეძლეს. ასევე, Wormhole-ზე შეტევისას,  რომელიც ასევე ცნობილი ბლოკჩეინ ხიდია, ჰაკერებმა $320 მილიონზე მეტი მოიპარეს.

Horizon-ში ზუსტად არ იციან რა ღირებულების კრიპტოვალუტა დაიკარგა კიბერ-შეტევის შედეგად, თუმცა ვარაუდობენ რომ ეს რიცხვი $100 მილიონია.