გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. პაულო დიბალამ „რომასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის პარალელურად, ჯეიმს ჰარდენმა „ფილადელფია სევენთი-სიქსერსში“ დარჩენა გადაწყვიტა და ახალი ხელშეკრულებით, შემცირებულ ხელფასს მიიღებს. უკრაინული საფეხბურთო კლუბი, დონეცკის „შახტარი“ კი FIFA-სგან €50-მილიონიან კომპენსაციას ითხოვს. ასევე, სადიო მანე წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა.

სიახლეებია ქართულ სპორტულ სამყაროში – „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო; ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული, დაახლოებით €200,000-იანი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირი მოიგო.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს მიმოვიხილავთ.

პაულო დიბალა „რომას“ ფეხბურთელია – არგენტინელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა

არგენტინელმა ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ თავისუფალი აგენტის სტატუსით „რომასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი იტალიის დედაქალაქის კლუბისგან სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს. დიბალამ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და „რომაში“ სათამაშოდ 21-ნომრიანი მაისური აირჩია.

„დღეები, რომლებმაც ამ კონტრაქტამდე მიმიყვანა, ემოციებით დატვირთული იყო: არჩევანი კლუბის მონდომებამა და სწრაფმა რეაგირებამ გამაკეთებინა, რომლითაც „რომამ“ აჩვენა, რომ ჩემი შეძენა ძალიან სურდა“, – განაცხადა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პაულო დიბალამ.

აღსანიშნავია, რომ დიბალას შეძენის სურვილს იტალიის კიდევ ორი კლუბი – მილანის „ინტერი“ და „ნაპოლი“ გამოთქვამდა. თუმცა, როგორც თავად ფეხბურთელმაც აღნიშნა, „რომასგან“ მეტი დაინტერესება და მონდომება იგრძნო. დიდი ალბათობით, არგენტინელის გადაწყვეტილებაზე „ყვითელ-წითლების“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ფაქტორმაც იმოქმედა. დიბალამ აღნიშნა, რომ მასთან მუშაობა დიდი პრივილეგიაა.

ფოტო: AS Roma

პაულო დიბალა „იუვენტუსს“ „პალერმოდან“ 2015 წლის ივლისში შეუერთდა. ტურინელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელის საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე გეტყვით, რომ დიბალა კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 110 მილიონ ევროდ, 2018 წელს ფასობდა.

იტალიის სერია A-ს ხუთგზის ჩემპიონს საკლუბო კარიერის განმავლობაში საერთო ჯამში 403 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში 144 გოლის გატანა და 64 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, დიბალას არგენტინის სახელით 34 შეხვედრაში აქვს ნათამაშები. ნაკრების მაისურით მის ანგარიშზე სამი გოლია.

ჯეიმს ჰარდენი „ფილადელფია სევენთი-სიქსერსში“ დარჩება და შემცირებულ ხელფასს აიღებს

თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ჯეიმს ჰარდენმა „ფილადელფია სევენთი-სიქსერსში“ დარჩენა გადაწყვიტა. კალათბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება საერთო ჯამში $68.6 მილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ჰარდენმა უარი თქვა ოპციაზე, რომელიც მას „სიქსერისში“, ერთ სეზონში $47.4 მილიონის გამომუშავების საშუალებას მისცემდა. ამჟამინდელი პირობებით, კალათბურთელი მომავალ სეზონში დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებ ხელფასს აიღებს.

ფოტო: AP

ცნობისთვის, გასულ სეზონში ჯეიმს ჰარდენმა ხელფასის სახით 44.4 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, მოედანს გარეთ კი $30 მილიონის გამომუშავება შეძლო. შედეგად, მან Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა.

ჩამონათვალში ჰარდენს ხუთი კალათბურთელი უსწრებს: რასელ ვესტბრუკი საერთო ჯამში $79.2-მილიონიანი შემოსავლით – მე-11, იანის ანტეტოკუნმპო $80.9 მილიონით – მე-10, კევინ დურანტი $92.1 მილიონით – მე-6, სტეფენ კარი $92.8 მილიონით – მე-5, ხოლო ლებრონ ჯეიმსი $121.2 მილიონით მე-2 ადგილს იკავებს.

ჯეიმს ჰარდენი „სიქსერსს“ მიმდინარე წლის თებერვალში „ბრუკლინ ნეტსიდან“ შეუერთდა. მან გუნდთან ერთად NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში გასვლა შეძლო, სადაც მეორე რაუნდში „მაიამი ჰიტთან“ დამარცხდა.

დონეცკის „შახტარი“ FIFA-სგან €50-მილიონიან კომპენსაციას ითხოვს

უკრაინული საფეხბურთო კლუბი, დონეცკის „შახტარი“ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია FIFA-სგან 50 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. „შახტარი“ ორგანიზაციას შვეიცარიის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში მის მიერ შემოღებული ახალი წესის გამო უჩივის.

საქმე ეხება FIFA-ს მიერ 21 ივნისს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინული, ასევე რუსული კლუბების უცხოელ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს კონტრაქტის ცალმხრივად შეჩერებისა და თამაშის სხვა ქვეყანაში გაგრძელების საშუალებას აძლევს.

ფოტო: Getty Images

„შახტარის“ შემადგენლობაში 14 უცხოელი ფეხბურთელი ირიცხებოდა. კლუბის შემოსავლების ნაკადები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შემცირდა და ის ლეგიონერი მოთამაშეების გაყიდვას გეგმავდა, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხები მოეძიებინა, როგორც „შახტარის“ ზარალის დასაფარად, ასევე ომზე ჰუმანიტარული რეაგირებისათვის.

„შახტარის“ აღმასრულებელი დირექტორის, სერგეი პალკინის განცხადებით, FIFA-ს გადაწყვეტილების გამო, კლუბმა დაკარგა შანსი გაეყიდა ოთხი უცხოელი ფეხბურთელი, რომელთა საერთო ღირებულება, მისივე თქმით, დაახლოებით €50 მილიონია.

რომან ფიფია „დინამო თბილისს“ ყიდის

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი განცხადება „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.

გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.

მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ, ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.

ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ – გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.

დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს“.

რომან ფიფიამ „დინამო თბილისი“ 2011 წლის იანვარში შეიძინა და კლუბის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში განახლდა დიღმის საწვრთნელი ბაზა, კლუბის სტადიონს, „დინამო არენას“ ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ფუნქციონირება დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიამ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, „დინამოს“ მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კლუბის მთლიანი აქტივების ღირებულება თითქმის 13.9 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები 16.5 მილიონ ლარს აჭარბებდა.

სადიო მანე წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა

მიუნხენის „ბაიერნის“ მოთამაშე, სადიო მანე წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა. შეგახსენებთ, 30 წლის ფორვარდმა კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო პირველად 2019 წელს მოიგო, როდესაც ის ინგლისის კლუბ „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში სენეგალის ნაკრების მიერ აფრიკის ერთა თასის ტიტულის მოპოვებაში მანეს დიდი წვლილი მიუძღვის. სენეგალელებმა ეგვიპტის ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და აფრიკის ერთა თასს ტურნირის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.

„ნამდვილად დიდი პატივია ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, კოლეგებს კლუბსა და ნაკრებში, ასევე მეგობრებს, რომლებიც რთულ პერიოდში გვერდში მედგნენ. ამ ჯილდოს სენეგალელ ახალგაზრდებს ვუძღვნი. ემოციებით სავსე ვარ და სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობ“, – განაცხადა სადიო მანემ ჯილდოს მიღების შემდეგ.

ფოტო: Backpagepix

სადიო მანე მიუნხენის „ბაიერნმა“ ივნისში შეიძინა. კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერი საერთო ჯამში 41 მილიონი ევრო დაუჯდა. უშუალოდ მანეს სანაცვლოდ „ლივერპულმა“ „ბაიერნისგან“ 32 მილიონი ევრო მიიღო, დარჩენილი 9 მილიონი ევრო კი გერმანულმა კლუბმა კონტრაქტის ბონუსებში დახარჯა.

აქვე გეტყვით, რომ ქალთა შორის წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად, კარიერის განმავლობაში მეხუთედ, ნიგერიელი ასისატ ოშოალა დასახელდა. ის კატალონიური „ბარსელონის“ ღირსებას იცავს.

გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილმა ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო

ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 11-17 ივლისს გამართული ტურნირი Budapest Grand Prix-ი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის საპრიზო თანხა, საერთო ჯამში, 203 024 ევროს შეადგენდა.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელები ფინალში პოლონელ კატაჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს დაუპირისპირდნენ. გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილმა ისინი ანგარიშით: 1:6; 6:4; 10:6 დაამარცხა.

ფოტო: WTA

მოცემული დროისთვის, ეკატერინე გორგოძე WTA-ის რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს, რაც მისთვის კარიერის განმავლობაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ჩოგბურთელს წყვილებში WTA-ის რანგის ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული. გორგოძის მიერ კორტებიდან გამომუშავებული თანხა, საერთო ჯამში, 800 ათას აშშ დოლარს აჭარბებს, მხოლოდ 2022 წელს მან საპრიზო თანხის სახით 236 ათას აშშ დოლარზე მეტი მოიგო.

რაც შეეხება ოქსანა კალაშნიკოვას, ის, მოცემული დროისთვის, WTA-ის რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს. კალაშნიკოვა კარიერის განმავლობაში საუკეთესო პოზიციაზე, 43-ე ადგილზე, 2016 წლის ივნისში იმყოფებოდა. ჩოგბურთელს წყვილებში WTA-ის რანგის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული. მის მიერ კორტებიდან გამომუშავებული თანხა 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. მათ შორის, კალაშნიკოვამ მხოლოდ მიმდინარე წელს საპრიზო თანხის სახით 56 272 აშშ დოლარი მოიგო.