უკრაინამ და რუსეთმა, მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ, გაეროს შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და რუსეთმა, მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ, გაეროს შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ გაეროს მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. გარიგება, შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს განაახლებს და მსოფლიოს, მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ხელმოწერის ცერემონია სტამბულში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა. შეთანხმების გაფორმებას გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებოდნენ. სწორედ ამ უკანასკნელმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, უკანასკნელ თვეებში, ქვეყნებს შორის შეთანხმების მიღწევის პროცესშიც. გუტიერეშის განცხადებით, გარიგება სურსათის უზარმაზარ მარაგს გზას გაუხსნის და მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკური და სასურსათო კრიზისისგან იხსნის.

შეთანხმების მიღწევით, მარცვეულისა და საარსებოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების, მათ შორის მზესუმზირის ზეთის ექსპორტი, სამი უკრაინული პორტიდან უნდა აღდგეს. გარიგება რუსული სასუქი პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილებასაც უზრუნველყოფს, რომელიც საჭიროა სამომავლოდ მოსავლის მისაღებად და სასურსათო კრიზისის დასაძლევად. გაეროს წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ გადაზიდვები შაბათიდან დაიწყება და ომამდელ დონეს (ყოველთვიურად 5 მილიონი ტონა მარცვლეული) რამდენიმე კვირაში მიაღწევს.

გემების მარცვლეულით ჩატვირთვას მონიტორინგს თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კოალიცია გაუწევს. მარცვლეულმა წინასწარ დაგეგმილი შავი ზღვის მარშრუტი უნდა გაიაროს, რომელიც რუსული და უკრაინული ძალების მიერ კვლავ დანაღმულია. კომერციულ გემებს წინ უკრაინული პილოტი გემები გაუძღვებიან. უკრაინაში შემოსული გემების უსაფრთხოება კი, საკოორდინაციო ცენტრის მიერ შემოწმდება, რომელიც გაეროს, უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *