გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც “ნაპოლის” ღირსებას იცავს, სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ლონდონის “ჩელსიმ” კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ტომას ტუხელი გაათავისუფლა და მის ადგილზე გრემ პოტერი დანიშნა. ახალი მწვრთნელი ჰყავს იტალიურ “ბოლონიასაც” – კლუბი სინიშა მიხაილოვიჩის ნაცვლად, ტიაგო მოტამ ჩაიბარა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს – FIFA-მ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საფეხბურთო აგენტებმა საერთო ჯამში 494.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს; გერმანულმა საავტომობილო ბრენდმა Porsche-მ განაცხადა, რომ Red Bull-თან პარტნიორობით ფორმულა 1-ში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუქმდა; კომპანია Coca-Cola-მ იტალიის სერია A-ში მოასპარეზე კლუბ „იუვენტუსთან“, სპონსორობასთან დაკავშირებით, კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

Lega Serie A-მ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლის“ ღირსებას იცავს, იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ფეხბურთის ქომაგებმა „იუვენტუსიდან“ – დუშან ვლაჰოვიჩს, „რომადან“ – პაულო დიბალას, „ატალანტადან“ – ტეუნ კუპმაინერსსა და „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესს შორის გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა აგვისტოს თვეში თავი სამ შეხვედრაში სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მოცემული დროისთვის კვარაცხელიას ანგარიშზე „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში ოთხი გოლია. ამ შედეგით ის ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს.

„ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – კლუბი გრემ პოტერმა ჩაიბარა

ინგლისის პრემიერ-ლიგასა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ლონდონის „ჩელსიმ“ ტომას ტუხელი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ პოსტიდან ნაადრევად მოხსნის გამო კლუბმა გერმანელ საფეხბურთო მენეჯერს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო გადაუხდა.

„ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ინგლისელი გრემ პოტერი გახდა, რომელიც მანამდე „ბრაიტონს“ წვრთნიდა. ის კლუბში 2019 წლიდან მუშაობდა. როგორც ცნობილია, მთავარი მენეჯერის დათმობისთვის ლონდონელებმა „ბრაიტონს“ კომპენსაციის სახით 23 მილიონი ევრო გადაუხადეს.

„ეს იყო სამი მშვენიერი წელი კლუბში, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მინდა გამოვყო დრო და დავემშვიდობო ყველას, ვინც ეს დრო ჩემი კარიერის განსაკუთრებულ პერიოდად აქცია. ვემშვიდობები დიდებულ კლუბს, რომელიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ყოველთვის ასე იქნება. მესმის, რომ ცვლილება, რომელიც ასე მოულოდნელად ხდება ფეხბურთში, ძნელი მისაღებია“, – განაცხადა პოტერმა.

„ჩელსიმ“ ტომას ტუხელის თავკაცობით მიმდინარე სეზონი არც ისე წარმატებით დაიწყო. გერმანელ მთავარ მწვრთნელთან ერთად კლუბმა პრემიერ-ლიგის ექვს ტურში 10 ქულა მოაგროვა, ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების „დინამოსთან“ შეხვედრა, რომლის ფავორიტადაც ლონდონელები მიიჩნეოდნენ, მინიმალური ანგარიშით, 1:0 დათმო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ტუხელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.

Porsche-მ Red Bull-თან მოლაპარაკებები გააუქმა

გერმანულმა საავტომობილო ბრენდმა Porsche-მ პარასკევს განაცხადა, რომ Red Bull-თან პარტნიორობით ფორმულა 1-ში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუქმდა.

შეგახსენებთ, საავტომობილო გიგანტმა Volkswagen-მა Porsche-სა და Audi-ს 2026 წლის სეზონიდან F1-ში შესვლასთან დაკავშირებით მწვანე შუქი აუნთო. აგვისტოს ბოლოს Audi-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფორმულა 1-ს დასახელებული თარიღიდან შეუერთდება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრენდი F1-ში McLaren-თან პარტნიორობით შევიდოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მწარმოებლის ყურადღება Sauber-მა მიიპყრო.

ფორმულა 1-ის ფარგლებში Audi-სა და Sauber-ის თანამშრომლობასთან დაკავშირებით ეჭვს ისიც განამტკიცებს, რომ იტალიური ავტომწარმოებლის Alfa Romeo-ს განცხადებით, 2023 წლის სეზონის ბოლოს Sauber-ის გუნდთან ხელშეკრულებას დაასრულებს.

რაც შეეხება Porsche-ს, შეიძლება ითქვას, ყველა ელოდა, რომ ფორმულა 1-ში მისი პარტნიორი Red Bull-ი იქნებოდა. ამის საფუძველს ისიც იძლეოდა, რომ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით უკვე რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები „პორშეს“ მიერ წამოყენებული პირობის გამო ჩაიშალა. როგორც ირკვევა, ავტომწარმოებელი Red Bull-ის F1-ის ოპერაციაში 50%-იან წილს ითხოვდა.

შეგახსენებთ, ენერგეტიკული სასმელების გიგანტი ფლობს და მართავს F1 სერიის ორ გუნდს – Red Bull Racing-სა და Scuderia AlphaTauri-ს.

FIFA: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აგენტებმა $494.4 მილიონი გამოიმუშავეს

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში საფეხბურთო აგენტებმა მამაკაცთა ტრანსფერებიდან საერთო ჯამში 494.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს.

FIFA-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აგენტებმა მამაკაცთა ფეხბურთში განხორციელებული ტრანსფერების ჯამური ღირებულების ($5 მილიარდი) დაახლოებით 10% მიიღეს.

გარდა ამისა, ფედერაციის ცნობით, წელს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ფეხბურთში ტრანსფერების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 9717 საერთაშორისო ტრანსფერი აღირიცხა, მეორე შემთხვევაში კი – 684. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით მამაკაცთა ფეხბურთში 16,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალთა ფეხბურთში კი – 14,4%-იანი.

თავის მხრივ, წინა წელთან შედარებით 29,7%-ით გაიზარდა მამაკაცთა ფეხბურთში განხორციელებული ტრანსფერების საერთო ღირებულება და 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ახალი რეკორდი დაამყარა ინგლისის პრემიერ-ლიგამ, რომელში მოასპარეზე კლუბებმაც უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელებში ჯამურად £1.9 მილიარდი ($2.2 მილიარდი) დახარჯეს.

Coca-Cola-მ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

კომპანია Coca-Cola-მ იტალიის სერია A-ში მოასპარეზე კლუბ „იუვენტუსთან“, სპონსორობასთან დაკავშირებით, კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება „იუვენტუსის“ ქალთა გუნდზეც ვრცელდება.

მრავალწლიანი „ოფიციალური პარტნიორობის“ შეთანხმების მიხედვით, რომელიც მხარეებს შორის პირველად 2019 წელს გაფორმდა, „კოკა-კოლა“ და „იუვენტუსი“ ერთად იმუშავებენ, რათა ევროპის მასშტაბით გულშემატკივრები მთელ რიგ ინიციატივებსა და აქტივობებში ჩართონ.

კონტრაქტის თანახმად, Coca-Cola-ს მიერ წარმოებული პროდუქტი წარმოდგენილი იქნება სტადიონთან განთავსებულ სავაჭრო პუნქტებში, ასევე გულშემატკივართა ღონისძიებებზე.

შეგახსენებთ, Coca-Cola მიმდინარე წლის ივლისში კიდევ ერთი იტალიური კლუბის, „ნაპოლის“ სპონსორების ჩამონათვალს შეუერთდა. გარიგების მიხედვით, ამ უკანასკნელს გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში კლუბის ექსკლუზიური სპონსორის სტატუსი მიენიჭა.

„ბოლონიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა გახდა

იტალიის სერია A-ში მოასპარეზე კლუბმა, „ბოლონიამ“ სინიშა მიხაილოვიჩი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. დიდი ალბათობით, მიზეზი ლიგის წარუმატებლად დაწყებაა. შეგახსენებთ, მიხაილოვიჩი „ბოლონიას“ 2019 წლიდან წვრთნიდა.

ცნობისთვის, სერია A-ს ექვს ტურში კლუბმა მხოლოდ ექვსი ქულის მოგროვება შეძლო და ლიგის ცხრილში, ამ დროისთვის, მე-12 ადგილს სჯერდება. „ბოლონია“ „ლაციოსთან“ და „მილანთან“ დამარცხდა, „ვერონასთან“, „სალერნიტანასთან“ და „სპეციასთან“ ფრედ ითამაშა, ხოლო ბოლო შეხვედრაში 10 კაცით დარჩენილ „ფიორენტინას“ 2:1 მოუგო.

იტალიური კლუბი ტიაგო მოტამ ჩაიბარა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, „ბოლონიასთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ტიაგო მოტა ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის საწყისი წლები კატალონიურ „ბარსელონაში“ გაატარა, ბოლოს კი ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა. მოტას ასევე უთამაშია მადრიდის „ატლეტიკოს“, „გენუისა“ და მილანის „ინტერის“ რიგებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *