გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ესპანური გრანდის, „ბარსელონის“ 35 წლის მცველმა ჟერარდ პიკემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. კვლავ ყურადღების ცენტრშია „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია – Garage Italia-მ იტალიური კლუბისა და მისი მოთამაშით შთაგონებული Lamborghini Aventador SVJ-ის გამოშვების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებში მომხდარ სიახლეებს: სპორტული საქონლის მწარმოებელმა კომპანია Nike-მა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავ კაირი ირვინგთან თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა; Forbes-მა 2022 წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც კობი ბრაიანტი მეორე ადგილს იკავებს; გასაჯაროვდა ფორმულა 1-ის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში; ქართველმა ავტომრბოლელებმა, ირინა ონაშვილმა და მევლუდ მელაძემ ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული მედლები მოიპოვეს.

მოცემულ ბლოგში ამ მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეების შესახებ დეტალებზე მოგითხრობთ.

ჟერარდ პიკემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ჟერარდ პიკემ 6 ნოემბერს Nou Camp-ზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა. კატალონიის „ბარსელონის“ 35 წლის მცველმა კარიერა დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ პიკე პროფესიონალურ ფეხბურთს მოთამაშის სტატუსით გამარჯვებით დაემშვიდობა – „ბარსელონამ“ „ალმერია“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეხვედრას 92,605 ადამიანი დაესწრო. კატალონიელების 3 ნომერი სტადიონიდან მატჩის 82-ე წუთზე გავიდა.

„მიყვარს „ბარსა“. ამიტომ მიმაჩნია, რომ შესაფერისი მომენტია წასასვლელად. ეს არ არის დამშვიდობება. აქ დავიბადე და აქ მოვკვდები“, – განაცხადა ჟერარდ პიკემ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმის დროს. ფეხბურთელის სიტყვები მიანიშნებს, რომ შესაძლოა ის მომავალში „ბარსელონაში“ სხვა სტატუსით ვიხილოთ.

ფოტო: football-espana.net

საყურადღებოა, რომ პიკემ კარიერის განმავლობაში საერთო ჯამში 667 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 616 შეხვედრა „ბარსელონის“ მაისურით ითამაშა, 28 – „სარაგოსის“, 23 კი „მანჩესტერ იუნაიტედის“. მის ანგარიშზე სულ 58 გოლია, საიდანაც 53 „ბარსელონისთვის“ გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ის თანახმად, ჟერარდ პიკეს საბაზრო ღირებულება კარიერის დასრულებისას 3 მილიონ ევროს შეადგენდა. ფეხბურთელი ყველაზე ძვირად, €50 მილიონად 2018 წელს ფასობდა.

Garage Italia „ნაპოლითა“ და კვარაცხელიათი შთაგონებულ ავტომობილის მოდელს უშვებს

Garage Italia „ნაპოლითა“ და ხვიჩა კვარაცხელიათი შთაგონებულ Lamborghini Aventador SVJ-ს უშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იტალიურმა გამოცემა Corriere dello sport-მა გაავრცელა.

„„ნაპოლი“ უდავოდ დიდი სიურპრიზია მიმდინარე სეზონის დასაწყისში. ის დომინირებს შედეგიანობით როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში. თუმცა ნეაპოლიტანურმა კლუბმა ყურადღება ასევე მიიპყრო არასტანდარტული ფორმების ნაკრებით, რომელთაც წლებია გვთავაზობს. ისინი დიზაინითა და ფერადოვნებით ყოველთვის მოდურია. საფეხბურთო მაისური ავტომობილის ექსტერიერის ტოლფასია, „ნაპოლი“ კი საფეხბურთო სცენაზე ყველაზე შემოქმედებითი კლუბია და მოდელის გამოშვების შთამაგონებელი გახდა. აქ არის ჰელოუინის ლურჯი მაისურის დეტალებით გაწყობილი Lamborghini Aventador SVJ, რომელიც ეძღვნება ამ სეზონის აღმოჩენა ფეხბურთელს“, – ვკითხულობთ Garage Italia-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ავტომობილის ფოტოებში, მანქანის სანომრე ნიშანზე ვკითხულობთ წარწერას „NA77KKV“.

ფოტო: Garage Italia

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 10 მილიონ ევროდ შეიძინა. Transfermarkt-ის მიხედვით 21 წლის ქართველის საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს.

კვარაცხელიას ანგარიშზე „ნაპოლის“ მაისურით იტალიის სერია A-ის 12 შეხვედრაში ექვსი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, მან თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა – ოთხ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Nike-მა კაირი ირვინგთან თანამშრომლობა შეაჩერა

სპორტული საქონლის მწარმოებელმა კომპანია Nike-მა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავ კაირი ირვინგთან თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. შესაბამისად, ამერიკულმა კომპანიამ ირვინგის ბრენდის ფეხსაცმლის მომდევნო მოდელის, „Kyrie 8“-ის  გამოშვებაც გააუქმა.

პარტნიორობის შეჩერების მიზეზი NBA-ის ვარსკვლავის გარშემო აგორებული სკანდალია, რომელიც ანტისემიტიზმის შემცველ პოსტს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ირვინგმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ანტისემიტური შინაარსის შემცველი ფილმის ბმული ერთოდა.

აღნიშნულის გამო კალათბურთელი კრიტიკის ობიექტად იქცა. ის Brooklyn Nets-მა გუნდის მინიმუმ ხუთი თამაშიდან მოკვეთა. მართალია, მოგვიანებით ირვინგმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს Nike-ისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„Nike-ში გვჯერა, რომ ჩვენთან სიძულვილის ენის ადგილი არ არის და ვგმობთ ანტისემიტიზმის ნებისმიერ ფორმას. ამ მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პარტნიორობა კაირი ირვინგთან და აღარ გამოვუშვათ „Kyrie 8“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფოტო: Corey Sipkin

რამდენიმე მედიასაშუალება იტყობინება, რომ ფეხსაცმელებთან დაკავშირებით ირვინგს Nike-თან $11-მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებდა. ასევე უნდა ითქვას, რომ „ნეტსი“ დისკვალიფიკაციის დროს კალათბურთელს კომპენსაციას არ გადაუხდის.

Basketball-Reference.com-ის ცნობით, კაირი ირკვინგს ამ სეზონში $36.9-მილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მან წინა 11 სეზონში „კლივლენდ კავალიერსში“, „ბოსტონ სელტიკსსა“ და „ნეტსში“ თითქმის 195 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

III კვარტალში ფორმულა 1-ის შემოსავალმა $715 მილიონი შეადგინა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ფორმულა 1-ის შემოსავალმა 715 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ნაჩვენებ მონაცემთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ შემოსავალს, 744 მილიონ აშშ დოლარს, ჩამოუვარდება.

F1-ის ძირითადი შემოსავალი ყოველწლიურად გაიზარდა 612 მილიონი აშშ დოლარიდან 624 მილიონ აშშ დოლარამდე მედიის უფლებებისა და სპონსორობის კუთხით.

ფოტო: AFP

ერთი წლის ჭრილში გაიზარდა Liberty Media-ს მფლობელობაში არსებული მოტორსპორტის სერიის საოპერაციო მოგება, 2021 წლის 80 მილიონი აშშ დოლარიდან 82 მილიონ აშშ დოლარამდე.

ცნობისთვის, Liberty Media-მ ფორმულა 1 კერძო საინვესტიციო ფირმა CVC Capital Partners-ისგან 2017 წლის იანვარში შეიძინა. გარიგების ღირებულებამ 8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კობი ბრაიანტი Forbes-ის 2022 წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგში მეორე ადგილზეა

Forbes-მა 2022 წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მეორე ადგილს NBA-ის კალათბურთელი, კობი ბრაიანტი $400 მილიონით იკავებს.

ბრაინტს სიაში მხოლოდ მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი უსწრებს, რომელმაც 2022 წელს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება კობი ბრაიანტს, მან 400 მილიონი აშშ დოლარი Coca-Cola-სთვის სპორტული სასმელების კომპანია BodyArmor-ის თავისი წილის მიყიდვით გამოიმუშავა. გარიგების ჯამურმა ღირებულებამ 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბრაიანტი სპორტული სასმელების მწარმოებელი კომპანიის მესამე ყველაზე დიდი მეწილე გახლდათ.

ფოტო: Nu Origins

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი 2020 წელს ქალიშვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ვერტმფრენი 26 იანვარს კალიფორნიაში, კალაბასასში ჩამოვარდა. ბორტზე NBA-ის 41 წლის ვარსკვლავთან და მის ქალიშვილთან ერთად კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.

ირინა ონაშვილმა და მევლუდ მელაძემ ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიგეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მათ პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე იასპარეზეს და მონაწილეობა ავტო სლალომის სახეობაში მიიღეს.

ეს ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა – ქართველმა ავტომრბოლელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს.

“სიგიჟეა ის, რაც ვქენი. და ეს ყველაფერი მევლუდ მელაძის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის… ქალებო გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში”, – დაწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირინა ონაშვილმა.

გლობალურმა მულტიდისციპლინურმა ღონისძიებამ, რომელიც დაფუძნებულია “ერი ერის წინააღმდეგ” კონცეფციაზე, თავი თითქმის 500 სპორტსმენს მოუყარა 72 ქვეყნიდან. შეჯიბრებები 29-31 ოქტომბერს გაიმართა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *