გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასულ კვირას მეცნიერების სფეროში სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული მედიცინის დარგი აღმოჩნდა. მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ჰაერის დამბინძურებელი მცირე ზომის ნაწილაკები შესაძლოა, გულის უეცარი გაჩერების (OHCA) გამომწვევი მიზეზი იყოს. ამასთანავე, გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის თანახმად, არასრულფასოვანმა ძილმა შესაძლოა, გლაუკომის განვითარების რისკი გაზარდოს. ფარმაცევტულმა კომპანიებმა, Eli Lilly-მა და Boehringer Ingelheim-მა კი განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, Jardiance-ი თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD) პროგრესირებას ანალებს.

მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა კოსმოსის შესწავლისა და ათვისების მიმართულებით: ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტა Falcon Heavy-ის დახმარებით სამწლიანი პაუზის შემდეგ დედამიწის ორბიტაზე მისია განახორციელა.

მეცნიერების სფეროს ყოველკვირეულ მიმოხილვაში ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებს გაეცნობით.

მეცნიერების თქმით, ჰაერის დამბიძნურებელი ნაწილაკები შესაძლოა, გულის უეცარ გაჩერებასთან იყოს დაკავშირებული

Duke-NUS-ის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, რომლებიც კვლევებს სინგაპურში აწარმოებედნენ, ჰაერის დამბიძურებელი მცირე ზომის ნაწილაკები შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანში გულის უეცარი გაჩერების (OHCA) მიზეზი გამხდარიყო. აღნიშნულ ვარაუდს სპეციალისტები გამოცემა Lancet Public Health-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მოცემულ დასკვნებზე დაყრდნობით ავითარებენ.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია გულის უეცარი გაჩერების (OHCA) შემთხვევაზე, როდესაც ორგანო ფუნქციას კარგავს და სისხლის მიმოქცევის სისტემა კოლაფსს განიცდის.

როგორც ცნობილია, მეცნიერებმა კვლევისას 2010 წლიდან 2018 წლამდე შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც ასევე შედგებოდა NEA-ს გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და Clean Environment Group-ის გარემოს მონიტორინგისა და მოდელირების განყოფილების წევრებისგან, შეაფასა იყო თუ არა კავშირი გულის უეცარ გაჩერებასა (OHCA) და ჰაერის დამბინძურებელ მცირე ნაწილაკებს შორის.

ადრე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ PM2.5 კატეგორიის ნაწილაკები მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და თვალის დაავადებების რისკს.

სტატისტიკურმა ანალიზმა გამოავლინა გულის უეცარი გაჩერების (OHCA) 18,131 შემთხვევა, საიდანაც 492 მკვლევრებმა PM2.5 კონცენტრაციის ზრდას დაუკავშირეს, გულის გაჩერების დღეს ან ორი დღით ადრე. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ რისკი მკაფიოდ მცირდება დამბინძურებლების ზემოქმედებიდან სამიდან ხუთ დღემდე, რაც შედარებით მოკლევადიან გავლენაზე მიუთითებს.

უნდა აღინიშნოს, რომ PM2.5-ის საშუალო კონცენტრაცია კვლევის პერიოდში იყო 18.44 მიკროგრამი კუბურ მეტრზე და მხოლოდ ერთი მიკროგრამით კლებამაც კი გულის უეცარი გაჩერების შემთხვევების რაოდენობის 8%-ით შემცირება გამოიწვია, ხოლო სამი მიკროგრამით კლებამ – 30%-ით.

კვლევა: არასრულფასოვანმა ძილმა შესაძლოა, გლაუკომის განვითარების რისკი გაზარდოს

გამოცემა BMJ Open-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ხანგრძლივმა ან ხანმოკლე ძილმა შესაძლოა, გლაუკომის განვითარება გამოიწვიოს. გლაუკომა მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დაავადება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. 2040 წლისთვის, ვარაუდობენ, რომ გლობალურად გლაუკომა 112 მილიონ ადამიანში გამოვლინდება.

კვლევაში 409,053 პირის შესახებ მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც 2006-დან 2010 წლამდე პერიოდში შეგროვდა. მეცნიერები ცდისპირებში გლაუკომის განვითარების შემთხვევებსა და მასზე ძილის ხარისხის გავლენას დააკვირდნენ. კვლევაში მონაწილეთა ასაკი 40-დან 69 წლამდე მერყეობდა.

ნორმალურ რეჟიმად სპეციალისტებს შვიდიდან ცხრა საათამდე ძილი ჰქონდათ განსაზღვრული. ისინი ცდისპირებში ასევე დააკვირდნენ დაძინების პრობლემასა და ძილის პროცესის დარღვევის სიხშირეს.

მკვლევრებმა ინფორმაცია სპეციალურად შედგენილი კითხვარის დახმარებით შეაგროვებს. ეს მოიცავდა როგორც ძილის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციას ასევე ფონურ მონაცემებს თითოეული მონაწილის შესახებ, როგორიცაა ასაკი, სქესი, ცხოვრების წესი, წონა და სხვა.

თითქმის 11-წლიანი მონიტორინგის პერიოდში მეცნიერებმა ცდისპირებში გლაუკომის 8,690 შემთხვევა გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ დიაგნოზირებული ადამიანების უმეტესობა შედარებით უფროსი ასაკის იყო და დაავადება მამაკაცებში ჭარბობდა.

კვლევაზე დაყრდნობით, ძილის ხანგრძლივობასთან ერთად, მეცნიერები გლაუკომით დაავადების რისკის ზრდას ხვრინვას, დღისით მოთენთილობასა და ინსომნიას უკავშირებენ. მათ კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ცდაში მონაწილეებში, რომლებიც ძილში ხვრინავდნენ და განიცდიდნენ დღის განმავლობაში მოთენთილობას გლაუკომის შემთხვევები 10%-ით უფრო მაღალი იყო, ხოლო უძილობის მქონეებში – 13%-ით.

Eli Lilly-სა და Boehringer-ის მედიკამენტმა ტესტირებისას თირკმლის ქრონიკული დაავადების პროგრესირება შეანელა

ფარმაცევტული კომპანიების, Eli Lilly-სა და Boehringer Ingelheim-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, Jardiance-ი თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD) პროგრესირებას ანალებს.

პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში, პარტნიორმა კომპანიებმა აღნიშნეს, რომ კვლევისას მედიკამენტმა შეამცირა თირკმლის დაავადების პროგრესირებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას სიკვდილის რისკი 28%-ით. უნდა ითქვას, რომ პრეპარატი დიაბეტის მქონე და მისგან თავისუფალ ადამიანებზე გამოიცადა.

გერმანულმა Boehringer-მა და პარტნიორმა Lilly-მ განაცხადეს, რომ ისინი მალე მოითხოვენ პრეპარატის თირკმლის ქრონიკული დაავადების წინააღმდეგ გამოყენებისთვის გაფართოებულ ავტორიზაციას მარეგულირებელი ორგანოებისგან მთელ მსოფლიოში.

თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ ამჯერად ბაზარზე ფარმაცევტული გიგანტის, AstraZeneca-ს წარმოების მედიკამენტი Farxiga-ა წარმოდგენილი. გასულ წელს CKD-ით დაავადებულთათვის მისი გამოყენების დაშვებამ მედიკამენტის გაყიდვები 53%-ით 3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.

ცნობისთვის, AstraZeneca-ს Farxiga-მ, იმავე DAPA-CKD-მ 2020 წელს ჩატარებული კვლევისას 39%-იანი ეფექტიანობა აჩვენა თირკმლის ქრონიკული დაავადების პროგრესირების შემცირების, ასევე თირკმელების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიზეზით სიკვდილის რისკის შემცირების კუთხით.

SpaceX-მა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, Falcon Heavy კოსმოსში გაუშვა

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტა Falcon Heavy-ის დახმარებით სამწლიანი პაუზის შემდეგ კოსმოსში მისია განახორციელა.

აპარატი ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 1-ელ ნოემბერს გაუშვეს. მან დედამიწის ორბიტაზე მისია USSF-44-ის ფარგლებში აშშ-ის კოსმოსური ძალებისთვის საიდუმლო ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, სატელიტისა და მისიის შესახებ დამატებით დეტალები არ გასაჯაროებულა.

შეგახსენებთ, Falcon Heavy-ის სადებიუტო ფრენა 2018 წელს შედგება. აპარატმა დღემდე მხოლოდ ოთხ მისიაში მიიღო მონაწილეობა, აქედან ორი 2019 წელს განხორციელდა. ილონ მასკის კომპანია მისიებისთვის ძირითადად რაკეტა Falcon 9-ს იყენებს, რომლითაც მიმდინარე წელს თითქმის 50 ფრენა შესრულდა.

J&J გულის ტუმბოს მწარმოებელ Abiomed-ს $16.6 მილიარდად ყიდულობს

Johnson & Johnson-მა, $16.6 მილიარდად, გულის ტუმბოს მწარმოებელი კომპანია Abiomed-ის შესყიდვა დააანონსა. ეს იქნება ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება J&J-სთვის, რომელიც უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში განუხორციელებია.

საინტერესოა, რომ J&J-მ ახალი გარიგება სწორედ მაშინ გააფორმა, როდესაც პარალელურად მომხმარებელთა ჯანდაცვის ბიზნესს ჩამოშორდა და გადაწყვიტა, ფოკუსირება თავის ფარმაცევტულ და სამედიცინო მოწყობილობების ბიზნესის განვითარებაზე გადაეტანა.  როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ხოაკინ დუატომ იანვარში, თანამდებობის დაკავებისას განაცხადა, მისი პრიორიტეტი სწორედ სამედიცინო მოწყობილობების მიმართულებით გაფართოება იქნებოდა, რაც შემოსავლების მიხედვით კომპანიის სიდიდით მეორე ბიზნესია.

J&J-ის შეთავაზება, Abiomed-ს თითო აქციაზე $380 გადაუხადოს, ბოლოს, ბირჟის დახურვის შემდგომ, კომპანიის აქციის განსაზღვრულ ფასზე 50.7%-ით მეტია. ცნობისთვის, Abiomed-ი მუშაობს სამედიცინო ტექნოლოგიის განვითარებაზე, რომელიც სისხლისა და ჟანგბადის მიმოქცევას უწყობს ხელს. 2022 ფისკალური წლის განმავლობაში, კომპანიამ $1.03 მილიარდი გამოიმუშავა. J&J-ის განმარტებით, Abiomed-ი კონგლომერატის სამედიცინო ტექნოლოგიების განყოფილებაში როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი, ისე იმუშავებს.

1981 წელს დაარსებული კომპანია Abiomed-ის Impella-ს გულის ტუმბოები ზომით ყველაზე პატარაა მსოფლიოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლიდან გამოიყენება. გლობალურად, Impella-ს გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 ფისკალურ წელს $985 მილიონი შეადგინა.

Pfizer-ის Paxlovid-ის გაყიდვებმა III კვარტალში $7.5 მილიარდი შეადგინა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Pfizer-მა 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიის გლობალურმა შემოსავალმა $22.6 მილიარდი შეადგინა, რაც, წლიდან წლამდე, 6%-იან კლებას წარმოადგენს.

Pfizer-ის შემოსავლის კლება პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ბოლო წლებში, ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის შემოსავლის დიდი ნაწილი, სწორედ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე მოდიოდა. ამ პროდუქტით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Pfizer-მა $4.4 მილიარდი დააგენერირა, რაც წლიდან წლამდე, 66%-იანი კლებაა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტლის შემოსავლის კლების მიუხედავად, Pfizer-მა წლიური შემოსავლის მინიმალური პროგნოზი $99.5 მილიარდიდან $102 მილიარდამდე გაზარდა. ამასთანავე, $34 მილიარდამდე გაიზარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შემოსავლის პროგნოზი, ხოლო Paxlovid-ის გაყიდვების მაჩვენებელი – $22-მილიარდიან ნიშნულზე უცველად დარჩა. საყურადღებოა, რომ Pfizer-ის მიერ წარმოებულმა ამ ანტივირუსულმა პრეპარატმა, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე შემთხვევების მკურნალობისას გამოიყენება, გასულ კვარტალში, კომპანიას $7.5 მილიარდის შემოსავალი მოუტანა.

ანტივირუსული პრეპარატის გარდა, 2022 წლის მესამე კვარტალში გაიზარდა კოვიდთან დაკავშირებული სხვა მედიკამენტების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალიც: სისხლის გამათხელებელი პრეპარატის, Eliquis-ის გაყიდვებმა 9%-ით იმატა და $1.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინის, Prevnar-ის გაყიდვები 11%-ით გაიზარდა და კომპანიას $1.6 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მოუტანა. 2022 წლის მესამე კვარტალში 6%-ით გაიზარდა ამერიკული კომპანიის მოგებაც, რომელმაც $8.6 მილიარდი შეადგინა.

თუმცა, როგორც ჩანს, Pfizer-ს პანდემიაზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირება სურს – ამაზე მიუთითებს კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ალბერტ ბურლას განცხადება, რომლის თანახმავ, მომავალ თვრამეტ თვეში კომპანია ცხრამეტი ახალი პრეპარატის გამოშვებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პარალელურად ამისა, Pfizer-ი ზრდასაც აგრძელებს: მესამე კვარტალში, ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა ორი დიდი გარიგება დახურა – საუბარია Biohaven-ის $11.6 მილიარდად და Global Blood Therapeutics-ის $5.4 მილიარდად შესყიდვაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *