გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. ბოლო დღეები გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენებისთვის. Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ხუთი პოზიციით დაწინაურდა. ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ კი ხმლით ფარიკაობაში ალჟირში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება მოიგო.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურინში ATP-ის მსოფლიო ტურის მეოთხედფინალი მოიგო და კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხით $160-მილიონიანი ნიშნული გადალახა; კატარში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის განკუთვნილ სტადიონებზე ალკოჰოლური ლუდის გაყიდვა აიკრძალა; LaLiga-მ გასული სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა; მადრიდის „რეალმა“ კი დუბაიში თემატური პარკის გახსნა დააანონსა.

კვარაცხელია Goal.com-ის 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგის ათეულშია

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ის რეიტინგში, რომელიც 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსებს აფასებს, ხუთი პოზიციით დაწინაურდა. შედეგად, ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ათეულში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის კვარაცხელია მე-15 ადგილზე დაასახელა. განახლებულ რეიტინგში კი 21 წლის ფეხბურთელმა სადიო მანეს, გაბრიელ ჟეზუშს, ჰარი კეინს, ფილ ფოდენსა და ქარიმ ბენზემას გადაუსწრო.

ფოტო: UEFA

„ევროპულ ფეხბურთში სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი, „კვარადონა“ დაეხმარა „ნაპოლის“ სერია A-ს ლიდერობაში, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგებაში“, – წერს Goal.com-ი.

გამოცემის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ასევე კვარაცხელიამ ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მას სეზონის მეორე ნახევრისთვის ფორმაში ჩადგომა და ამ დანაკლისის ანაზღაურება შეუძლია.

Goal.com-ის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (პსჟ)
  2. ნეიმარი (პსჟ )
  3. კილიან მბაპე (პსჟ)
  4. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
  5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  6. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
  7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  8. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
  9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა $160მილიონიან ნიშნულს გადასცდა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურინში ATP-ის მსოფლიო ტურის მეოთხედფინალი (Nitto ATP Finals) რუს დანიილ მედვედევს მოუგო და კარიერის განმავლობაში გამომუშავებული თანხით $160-მილიონიან ნიშნულს გადასცდა.

სერბმა ჩოგბურთელმა ტურნირში მონაწილეობისთვის $160,000, მეოთხედფინალში გამარჯვებისთვის კი $383,300 მიიღო. ამ თანხის გამომუშავებამდე ჯოკოვიჩის მიერ კარიერის განმავლობაში მოგროვებული საპრიზო თანხა $159,951,008-ს შეადგენდა. იმ შემთხვევაში თუ ჯოკოვიჩი აღნიშნულ ტურნირს მოიგებს, მას ამისთვის $4,740,300 გადაეცემა.

ცნობისთვის, 35 წლის სერბმა ტურინში გამართული ტურნირის მეოთხედფინალში დანიილ მედვედევს სამ სეტში ანგარიშით: 6:3; 6:7; 7:6 სძლია და 2015 წლის შემდეგ ზემოხსენებული ტიტულის პირველად მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჯოკოვიჩი ნახევარფინალში 25 წლის ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდება.

ფოტო: eurosport.com

აღსანიშნავია, რომ კორტებზე კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხის მიხედვით ქალ და მამაკაც ჩოგბურთელთა შორის ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერია. მას $131.7 მილიონით რაფაელ ნადალი, $130.5 მილიონით კი როჯერ ფედერერი მოსდევს.

რაც შეეხება მხოლოდ ჩოგბურთელ ქალებს, აქ ლიდერობას არავის უთმობს სერენა უილიამსი, რომლის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხა $94.8 მილიონს აჭარბებს.

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებზე ალკოჰოლური ლუდის გაყიდვა აიკრძალა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ განაცხადა, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის განკუთვნილ სტადიონებზე ალკოჰოლური ლუდის გაყიდვა აკრძალული იქნება. როგორც ცნობილია, აკრძალვა არ შეეხება უალკოჰოლო ლუდს.

განცხადება ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ კატარში მკაცრი კონტროლია ალკოჰოლზე, რომლის საჯაროდ მოხმარებაც აკრძალულია.

ინგლისის ფეხბურთის მხარდამჭერთა ასოციაცია, ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით შიშობს, რომ შესაძლოა კატარმა გულშემატკივართათვის გაცემული სხვა დაპირებებიც არ შეასრულოს, მათ შორის „განსახლების, ტრანსპორტთან ან კულტურულ საკითხებთან დაკავშირებით“.

წლების განმავლობაში, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ტურნირზე გულშემატკივრებისთვის ალკოჰოლი ფართოდ იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ფოტო: .thebelltowertimes.com

ცნობისთვის, Budweiser-ს, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ სპონსორს, რომელსაც ლუდის მწარმოებელი AB InBev-ი ეკუთვნის, ექსკლუზიურად უნდა გაეყიდა ალკოჰოლური ლუდი რვა სტადიონიდან თითოეულის მიმდებარედ ყოველი თამაშიდან სამი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ.

კატარი, მოცემული დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ყველაზე პატარა ქვეყანაა. სახელმწიფო ტურნირის განმავლობაში 1.2 მილიონი გულშემატკივრის მისაღებად ემზადება. შედარებისთვის, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონს შეადგენს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კვირას, მასპინძელი კატარისა და ეკვადორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება.

სანდრო ბაზაძემ ალჟირში მსოფლიო თასი მოიგო

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ალჟირში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში ხმლით მოფარიკავეთა ტურნირი მოიგო.

ბაზაძემ ნახევარფინალში ეგვიპტელ ზიად ალ-სისის 15:13 სძლია, ხოლო ფინალში იტალიელი მეტოქე, ლუიჯი სამელე ამავე ანგარიშით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სანდრომ ფინალის ჩათვლით ტურნირზე ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოიპოვა.

ფოტო: Xinhua

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) ვებგვერდზე, მოცემული დროისთვის, სანდრო ბაზაძე მსოფლიოს რეიტინგში მე-2 ნომრად არის დასახელებული.

ქართველი მოფარიკავე მომდევნო ტურნირზე, GRAND PRIX NUOMA-ზე გამოვა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ორლეანში გაიმართება. ტურნირი 8 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება.    

გასულ სეზონში LaLiga-ის შემოსავალი თითქმის €2 მილიარდამდე გაიზარდა

ესპანეთის საკლუბო ფეხბურთის ორი ტოპ დივიზიონის ორგანიზატორმა LaLiga-მ გასულ სეზონში 1.94 მილიარდი ევროს მოცულობის შემოსავალი მიიღო, რაც წინა სეზონთან შედარებით 1.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის პარალელურად, ზარალი 2020/21 წლების სეზონის 16.2 მილიონი ევროდან, €6.1 მილიონამდე შემცირდა.

სამაუწყებლო უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა 0.4%-ით, 1.788 მილიარდ ევრომდე, 2020/21 წლების სეზონის 1.796 მილიარდ ევროსთან შედარებით. ესპანეთში მატჩების გაშუქების უფლებების გაყიდვით LaLiga-მ 1.085 მილიარდი ევრო მიიღო, გასულ სეზონზე 0.9%-ით ნაკლები.

ფოტო: espn.com

სატელევიზიო შემოსავლების კლება კომპენსირებული იყო კომერციული შემოსავლით, რომელიც გაიზარდა 26.4%-ით, 131.7 მილიონ ევრომდე. ეს ძირითადად NFT-სექტორის სპონსორებთან, Sorare-სა და Dapper Labs-თან ხელშეკრულებების გაფორმების წყალობით მოხდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ LaLiga-მ პირველ და მეორე დივიზიონებში მოასპარეზე კლუბებს გასულ სეზონში €1.66 მილიარდი გაუნაწილა, €40 მილიონით ნაკლები ვიდრე 2021/22 წლების სეზონში.

მადრიდის „რეალი“ დუბაიში თემატურ პარკს გახსნის

ესპანური გრანდი, მადრიდის „რეალი“ არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქში, დუბაიში თემატური პარკის გახსნას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „სამეფო კლუბმა“ პროექტის განხორციელებისთვის ახლო აღმოსავლეთში თემატური პარკების უდიდესი სივრცის, Dubai Parks and Resorts-ის მფლობელებთან ხელშეკრულება გააფორმა.

წინასწარი ინფორმაციით, დუბაიში პარკი 2023 წლის ბოლო კვარტალში გაიხსნება. აღნიშნულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება მუზეუმი, გასართობი ატრაქციონები, ფეხბურთის თემატიკის თამაშები და მაღაზიები, სადაც კლუბის სამახსოვრო ნივთები გაიყიდება.

სიახლეს Dubai Parks and Resorts-ის განმახორციელებელი ჰოლდინგის, Dubai Holding Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო ეიროა გამოეხმაურა და განაცხადა: „მოხარულნი ვართ, რომ მადრიდის „რეალმა“ Dubai Parks and Resorts-ი აირჩია პარტნიორად, ის პარტნიორობას გაგვიწევს ჩვენს სწრაფვაში, შემოვიტანოთ საუკეთესო საერთაშორისო გასართობი ბრენდები რეგიონში. „რეალი“ არის მსოფლიო ფეხბურთის მეგავარსკვლავი. მას  მილიონობით მგზნებარე გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოს ყველა კუთხეში“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *