გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით დატვირთული ნამდვილად არ ყოფილა, გარკვეულ სიახლეებზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად აუცილებელია: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მეორე სახელმწიფო გახდა მსოფლიოში, რომელმაც ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა, Meta-მ პირველი ფიზიკური მაღაზია გახსნა, ხოლო Airbnb-მ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა სამუდამოდ გაუხანგრძლივა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს  ჩვენს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა

გასული კვირის მიმოხილვას განსაკუთრებული ახალი ამბით ვიწყებთ: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოში მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა. ქვეყნის პრეზიდენტის, ფოსტენ-არკანჟ  ტოუადერას ადმინისტრაციის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება ქვეყნის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მსოფლიოს ყველაზე გაბედული და ფართო ხედვის მქონე ქვეყნების გარემოცვაში მოაქცევს.

ფოტო: ZebPay

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლების ამგვარმა გადაწყვეტილებამ მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ინტერნეტის პენეტრაციის ძალიან დაბალი მაჩვენებლით – 11%-ით გამოირჩევა, რაც კრიპტოვალუტის მასობრივ გამოყენებას თითქმის შეუძლებელს ხდის. აქვე უნდა ითქვას, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ძვირფასი ქვებისა და ლითონების საბადოებით გამორჩეული ქვეყანაა, რომელშიც 2012 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

ამ დრომდე ქვეყნის მთავარ ვალუტად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ფრანკი ითვლებოდა, რომელიც საფრანგეთსაა მიბმული და თან, ევროთი მყარდება. არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყნის მიერ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადება სწორედ ამ პოსტკოლონიური კავშირების დანგრევას ემსახურება. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების ბანკმა – ორგანომ, რომელიც ცარ-ის ფრანკის მომოქცევას არეგულირებს – სახელმწიფოს მიერ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა არსებობს განსხვავებული ვარაუდიც, თითქოს ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად აღიარება ქვეყნის სანქცირებულ რუსეთთან კავშირითაა განპირობებული.

ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად გამოცხადების თაობაზე შეკითხვები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ოპოზიციურ პარტიებსაც უჩნდებათ – ისინი ვერ ხვდებიან, თუ რად უნდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ქვეყანას ისეთი ციფრული ვალუტის შემოღება, რომელიც დიდი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს და თან, არაერთი ფინანსური ინსტიტუტისა და დონორი სახელმწიფოების პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ამრიგად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოში მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა – ამ დრომდე ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მხოლოდ ელ-სალვადორმა მიიღო, გასული წლის სექტემბერში. ელ- სალვადორის ეს  გადაწყვეტილებმა მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა არ მოიწონეს და მოსალოდნელია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასაც ანალოგიური ბედი ელის.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთგზის აღნიშნა, რომ ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად აღიარება ქვეყნისთვის არასახარბიელო იქნება, რადგან ის ქვეყნის ფინანსურ და საბაზრო მდგრადობას, ფინანსურ სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცვას საფრთხის წინაშე აყენებს. ამასთანავე, IMF-ს არაერთხელ უთქვამს, რომ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანას მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებიდან წამოსულ კაპიტალთან წვდომა შეუზღუდოს.

Intel-ის CEO: მიკროჩიპების გლობალური დეფიციტი 2024 წელსაც გაგრძელდება

მიკროჩიპების გლობალური კრიზისი არცთუ ისე ახალი პრობლემაა, რომელმაც თავი პირველად პანდემიისას იჩინა, მაგრამ დღემდე მოუგვარებლად რჩება და, როგორც ჩანს, 2024 წელსაც გაგრძელდება – ასე ფიქრობს ნახევარგამტარების გლობალური ლიდერის, Intel-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, პეტ გელსინგერი. აღსანიშნავია, რომ ამერიკელის ეს პროგნოზი არცთუ ისე მოულოდნელია, რადგან Intel-მა ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ივარაუდა, რომ კრიზისი, სულ მცირე, 2023 წლამდე გაგრძელდებოდა.

ფოტო: Intel

ისე კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიკროჩიპების გლობალური დეფიციტი ყველა ტიპის მიკროჩიპს არ ეხება – Intel-ის წარმოება, მაგალითად, საკმაოდ გამართულად მუშაობს და ბოლო წლებში პირველად, საბაზრო მოთხოვნა თითქმის დაკმაყოფილებულია. მარტივად რომ ვთქვათ, ის მიმართულებები, რომლებიც ჩიპების დეფიციტმა საწყის ეტაპზე დააზარალა, მათ შორის სათამაშო CPU-ების, GPU-ებისა და კონსოლების წარმოების მიმართულებები, ნელ-ნელა საბაზრო ეკვილიბრიუმს უახლოვდება. თუმცა მოუგვარებელ პრობლემად რჩება ქსელური გამოყენების მიკროჩიპების საბაზრო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებს საგრძნობლად აზარალებს.

თუმცა ეს არ გახლავთ ერთადერთი სიახლე, რომელიც Intel-ს გასულ წელს თავს გადახდა, რადგან 28 აპრილს კომპანიამ ამა წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელიც ინვესტორებისთვის არცთუ ისე სახარბიელო გამოდგა. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, Intel-ის შემოსავალი 7%-ით შემცირდა და $18.4 მილიარდი შეადგინა, ხოლო მოგების მარჟამ 4.8 საპროცენტო პუნქტით დაიკლო, 50.4%-მდე. აღსანიშნავია, რომ შემცირებული შემოსავლის მთავარი მიზეზი Intel-ის საცალო გაყიდვების ბიზნესი (CGC) გახდა, რომელზეც Chromebook-ზე შემცირებული მოთხოვნა და Apple-ის საკუთარი წარმოების მიკროჩიპებზე გადასვლა უარყოფითად აისახა – 2022 წლის პირველ კვარტალში ამ ბიზნესის შემოსავალი 13%-ით შემცირდა და $9.3 მილიარდი შეადგინა. ისე კი, Intel-ის სხვა მიმართულებების ბიზნესებში ზრდა აღინიშნება – განსაკუთრებით საყურადღებოა Intel-ის სამსხმელო წარმოების ბიზნესი, რომლის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 175%-ითაა გაზრდილი. ამასთანავე, პირველ კვარტალში კომპანიამ $5.9 მილიარდის ნაღდი ფული გამოიმუშავა და დივიდენდების სახით $1.5 მილიარდი გასცა.

აღსანიშნავია, რომ Intel-ს ოპტიმისტური პროგნოზი აქვს როგორც შემდეგი კვარტალისთვის, ასევე სრული ფისკალური წლისთვის – მეორე კვარტალის ბოლოს კომპანია $18 მილიარდის შემოსავალს ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – $76 მილიარდისას.

აშშ-მა, საქართველომ და პარტნიორებმა ხელი მოაწერეს „დეკლარაციას ინტერნეტის მომავლის თაობაზე“

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და დამატებით 32-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერეს „დეკლარაციას ინტერნეტის მომავლის თაობაზე“, რომელშიც  გაწერილია როგორც ღია, თავისუფალი, გლობალური, ურთიერთშეთავსებადი, სანდო და უსაფრთხო ინტერნეტის არსებობისთვის საჭირო პრიორიტეტები, ასევე ზოგადი მიზნები, მათ შორის: ფინანსური ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის ნეიტრალიტეტი და არალეგალური კონტენტის წაშლა გამოხატვის თავისუფლებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ფოტო: Amelia Holowaty Krales / The Verge

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. „დეკლარაციის მიზანია დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში, პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და საიმედო კავშირის შენარჩუნება, ადამიანის უფლებების დაცვა და ონლაინ/ციფრულ ეკოსისტემაში მისი პატივისცემა“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ Faceebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამგვერდიანი დეკლარაციის მთავარი პათოსი – ინტერნეტის დეცენტრალიზაცია და გლობალურობაა. „გაერთიანებულნი ვართ რწმენით,  რომ ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალი კავშირის, დემოკრატიის, მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და  მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას ემსახურება… თუმცა ღია ინტერნეტთან წვდომა რამდენიმე ავტორიტარული მთავრობის მიერ არის შეზღუდული, ხოლო ონლაინპლატფორმები და ციფრული ხელსაწყოები სულ უფრო ხშირად გამოიყენება გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასათრგუნად“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის განხილვა შეუძლებელია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარაცია ხაზს უსვამს ინტერნეტის დეცენტრალიზაციას, ის პირდაპირ ურტყამს ნაწილებად დამსხვრეულ ინტერნეტს, ანუ ე.წ. „სპლინტერნეტს“ რომლის შექმნა რუსეთის ფედერაციას და ჩინეთს სურთ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აკრძალვით.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ერთადერთი დოკუმენტი არ არის, რომელიც დასავლურმა სახელმწიფოებმა ინტერნეტის შესახებ ბოლო დროს მიიღეს – გასულ კვირას ევროკავშირმა ძალიან ამბიციური საკანონმდებლო ინიციატივა – „ციფრული სერვისების აქტი“ (DSA) დაამტკიცა, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს არალეგალური კონტენტის უფრო სწრაფად წაშლას, მკვლევრებისა და მომხმარებლებისთვის ალგორითმების მუშაობის პრინციპების გასაჯაროებას და დეზინფორმაციასთან უფრო აქტიურად ბრძოლას აიძულებს.

Airbnb-ის თანამშრომლები სახლიდან მუშაობას სამუდამოდ შეძლებენ

მაშინ როცა პანდემიით გამოწვეული კარჩაკეტილობის შემდეგ კომპანიები საკუთარ თანამშრომლებს ოფისებში უხმობენ, Airbnb-ის ხელმძღვანელობამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – ამიერიდან კომპანიის თანამშრომლები მუშაობას იქიდან გააგრძელებენ, საიდანაც გაუხარდებათ, იქნება ეს სახლი, ოფისი თუ ნებისმიერი სხვა ადგილი.

ფოტო: Airbnb

თუმცა აღსანიშნავია, რომ Airbnb-ი საკუთარ თანამშრომლებს არ ივიწყებს, რადგან კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ბრაიან ჩესკის თქმით, თანამშრომლები რეგულარულად შეიკრიბებიან როგორც ქალაქებში, ასევე ქალაქგარეთ, კორპორაციულ შეკრებებზე. „სამყარო სულ უფრო და უფრო მოქნილი ხდება სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით – ეს ჩვენს ბიზნესში კარგად ჩანს. პანდემიის შემდეგ ფეხზე ასე მალე ვერ წამოვდგებოდით, მილიონობით ადამიანს Airbnb-ებიდან რომ არ ემუშავა“, – ვკითხულობთ ჩესკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბრაიან ჩესკი არ ცდება – ნაქირავები Airbnb-ებიდან მუშაობა განსაკუთრებულად პოპულარული სწორედ პანდემიისას გახდა. კომპანიის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით, გასული წლის ივლის-დეკემბერში, ჯავშნების თითქმის ნახევარი, სულ მცირე, ერთი თვით კეთდებოდა. ამასთანავე, 175 ათასზე მეტმა ადამიანმა პლატფორმა სამ თვეზე უფრო დიდი პერიოდისთვის საცხოვრებლის დასაჯავშნად გამოიყენა. საინტერესოა ისიც, რომ ამ სახლიდან მუშაობის ტრენდის უკეთ გამოსაყენებლად, Airbnb-იმ პლატფორმის 150-ზე მეტი განახლება ჩაატარა.

საინტერესოა ისიც, რომ Airbnb-ი სახელმწიფოებთან თანამშრომლობას აანონსებს იმ ადამიანების დახმარების მიმართულებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

ედვარდ სნოუდენმა დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტა Zcash-ის ერთერთი შემქმნელია

ცნობილმა ამერიკელმა პროგრამისტმა, ედვარდ სნოუდენმა დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტა Zcash-ის ერთ-ერთი შემქმნელია, – ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა Forbes-მა მოიპოვა. ცნობისთვის გეტყვით, რომ Zcash-ი ისეთი კრიპტოვალუტაა, რომლის მთავარი მიზანი ტრანზაქციაში ჩართული მხარეების სრული დაცვაა – ბიტკოინისგან განსხვავებით, რომელიც სრულად გამჭვირვალე კრიპტოვალუტად არის შექმნილი, Zcash-ით ტრანზაქციებისას უცნობია როგორც ტრანზაქციის მოცულობა, ასევე მასში ჩართული მხარეების კრიპტოსაფულის მისამართები.

ფოტო: Barton Gellman/Getty Images

სნოუდენის ეს განცხადება 2016 წლის მოვლენებს ეხმიანება, როცა საზოგადოებისთვის იმ დროს უცნობმა ექვსმა ადამიანმა – კრიპტოვალუტა Zcash-ის შემქმნელებმა – კრიპტოვალუტის მიმოქცევაში გასაშვებად ბლოკჩეინზე გარკვეული დავალებები შეასრულეს. პროცესში, თითოეულმა მათგანმა წვდომა მიიღო კრიპტოვალუტის შემქმნელი გასაღების ნაწილზე. შემქმნელი გასაღები ერთგვარი კოდია, რომლის სრულად ცოდნის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია, ბლოკჩეინს და მასზე დაშენებულ კრიპტოვალუტას მთლიანად დაეპატრონოს, რაც კრიპტოვალუტა Zcash-ის შემთხვევაში, მას კრიპტოვალუტის უსასრულოდ გამრავლების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა ამ საფრთხეს Zcash-ის შემქმნელებიც აცნობიერებდნენ, რის გამოც, ზემოთ ხსენებული ღონისძიების ბოლო ნაწილი სწორედ ამ გასაღების განადგურებას მიეძღვნა – თუკი ექვსიდან ერთი მაინც განადგურდა, მისი აღდგენა უბრალოდ შეუძლებელია, რაც კრიპტოვალუტა Zcash-ის უსასრულოდ გამრავლებას შეუძლებელს ხდის.

აღსანიშნავია, რომ გასაღების განადგურების ღონისძიების შემდეგ, კრიპტოვალუტა Zcash-ის ექვსი შემქმნელიდან ხუთმა საკუთარი ვინაობა გაამხილა – მათ შორის იყვნენ CoinCenter-ის მკვლევარი, პიტერ ვან ვალკენბურგი და ბიტკოინის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი, პიტერ ტოდი. მეექვსე შემქმნელმა, რომლის ფსევდონიმი ჯონ დობერტინი გახლდათ, ანონიმურობა არჩია, მაგრამ, როგორც ექვსი წლის შემდეგ გაირკვა, ის ედვარდ სნოუდენი იყო.

„კრიპტოვალუტას რომ ვუყურებთ, ძირითადად იმ კრიპტოგრაფიულ თვისებებს ვაკვირდებით, რომლებიც მას მიუკერძოებელ და არა კერძო, ანუ დახურულ დავთრად აქცევს. ბიტკოინი სწორედ იმითაა ცნობილი, რომ ღია დავთარია. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ თავისუფალი ვაჭრობა შეუძლებელია დახურული კერძო ვაჭრობის გარეშე, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის გარეშე – შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების შექმნა“, – განაცხადა ედვარდ სნოუდენმა ჩანაწერში, რომელიც Zcash Media-მ კრიპტოვალუტის ისტორიისთვის მიძღვნილი დოკუმენტური ფილმისთვის გამოიყენა.

Meta კალიფორნიაში პირველ ფიზიკურ მაღაზიას ხსნის

მიმდინარე წლის 9 მაისს Meta-ს კალიფორნიულ კამპუსზე კომპანიის პირველი ფიზიკური მაღაზია გაიხსნება, – ამის შესახებ საზოგადოებას Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ამცნო. როგორც ირკვევა, მაღაზიაში მომხმარებლები Quest-ის ვირტუალური რეალობის სათვალეების, Portal-ის ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი პლანშეტებისა და Ray-Ban-ის ჭკვიანი სათვალეების, Ray-Ban Stories-ის ყიდვას, ასევე სხვადასხვა პროდუქტის გამოცდას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური მაღაზიის გახსნის პარალელურად, პროდუქტების შეძენის ფუნქციონალი Meta-ს ვებგვერდზეც გამოჩნდება.

ფოტო: Meta

საცალო მაღაზიის გახსნით Meta საკუთარი მოწყობილობების გაყიდვის შემდეგ ეტაპზე გადადის. ამ დრომდე Meta პროდუქტებს სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობით ყიდდა: მისი ვირტუალური რეალობის სათვალეები Best Buy-ში იყიდებოდა, ხოლო Ray-Ban Stories-ი – სათვალეების მწარმოებელი კომპანიის ბრენდირებულ მაღაზიებში. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფიზიკური მაღაზია Google-მაც გახსნა.

როგორც ჩანს, ეს მაღაზია ექსპერიმენტი უფროა, ვიდრე კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული პროექტი. საქმე ისაა, რომ მაღაზია Meta-ს კალიფორნიულ კამპუსზე, Reality Labs-ის სათავო ოფისის მიმდებარედ იხსნება და არა ურბანულ ადგილას, როგორც მანჰეტენზე მდებარე Google-ის მაღაზია. ამასთანავე, მაღაზია დილის თერთმეტიდან საღამოს ექვს საათამდე იქნება გახსნილი, რაც არცთუ ისე სახარბიელო დროა შოპინგისთვის. Meta-ს ფიზიკური მაღაზიის ხელმძღვანელმა, მარტინ გილიარდმა განაცხადა, რომ კამპუსზე მდებარე ეს მაღაზია მათ მომხმარებლის კომპანიასთან დაახლოებისა და ექსპერიმენტების საშუალებას მისცემს, რაც, თავისთავად, კომპანიას საცალო გაყიდვების სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარება.