ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მაჩვენებლების გამოქვეყნების გარდა, ინგლისში ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, რომელზეც მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. როგორც ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, ბანკი „ბეწვის ხიდზე“ გადის ინფლაციის კონტროლსა და რეცესიის პრევენციას შორის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას ინგლისის ცენტრალური ბანკი ინფლაციის შესახებ ანგარიშსაც გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2 მაისის კვირაში ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი მწარმოებელთა PMI-ს გამოაქვეყნებენ, აღნიშნულ მონაცემს გამოაქვეყნებს მთლიანად ევროკავშირიც. გარდა ამისა, ევროკავშირში ბიზნესისა და მომხმარებლების აპრილის გამოკითხვის შედეგები და რიტეილ-გაყიდვებიც გახდება ცნობილი.

აშშ კი მარტის სავაჭრო ბალანსს, ექსპორტისა და იმპორტის მონაცემებს გაასაჯაროებს. აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნებას ელოდებიან კანადაშიც.

ინდოეთში მოსალოდნელია ფინანსური ინსტიტუტების მონაცემების გამოქვეყნება, მათ შორის – საბანკო სესხებისა და დეპოზიტების ზრდის მონაცემების. ხოლო კანადაში აპრილის უმუშევრობის მაჩვენებელი გახდება ცნობილი.

ამას გარდა, მნიშვნელოვანი იქნება ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების OPEC-ის შეხვედრაც, რომელიც მიმდინარე კვირის ხუთშაბათს შედგება. შეხვედრას ორგანიზაციის 13 წევრი დაესწრება. სხდომაზე განიხილავენ გლობალური ენერგობაზრის ტენდენციებს, რა მოცულობის ნავთობი უნდა აწარმოონ დღიურად და ა.შ. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი მნიშვნელოვან რყევებს განიცდის.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი საარსებო შემწეობის მიმღებ პირებთან დაკავშირებულ 2021 წლის სტატისტიკას გაასაჯაროებს, ამასთან, გამოქვეყნდება 2022 წლის აპრილის სამომხმარებლო ფასების ინდექსი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *