გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა სხვადასხვა სოციალური ქსელების შესახებ გავრცელებული არაერთგვაროვანი, მაგრამ საინტერესო ინფორმაციით. ილონ მასკმა, მაგალითად, გადაწყვიტა, რომ Twitter-ის შეძენა აღარ სურს, რის გამოც, კომპანიის ხელმძღვანელობა მასთან სამართლებრივ დავას იწყებს. შეკითხვები არ ასცდა არც ჩინურ TikTok-ს — ამერიკელმა სენატორებმა ფედერალურ სავაჭრო კომისიას სოციალური ქსელის მონაცემთა პოლიტიკის შესწავლის შესახებ წერილით მიმართეს. ამასთანავე, გასულ კვირას სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო ირლანდიის მარეგულირებელმა ორგანომ, რომლის თანახმად, შესაძლოა ამ ზაფხულს ევროპაში Facebook-ი და Instagram-ი გაითიშოს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ილონ მასკს Twitter-ის შეძენა აღარ სურს – $44-მილიარდიანი გარიგება ჩაიშალა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ბიზნეს გარიგება, რომელშიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და პოპულარული სოციალური ქსელი, Twitter-ი ფიგურირებდნენ — ჩაიშალა.

როგორც ირკვევა, გარიგების ჩაშლა თავად ილონ მასკმა გადაწყვიტა, რაც მისი გუნდის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიისადმი გაგზავნილი განცხადებით დასტურდება. „Twitter-ზე ყალბი და ბოტი ანგარიშების შესწავლისთვის განკუთვნილ მონაცემებსა და ინფორმაციას ბატონი მასკი თითქმის ორი თვის განმავლობაში ელოდა, მაგრამ Twitter-მა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა“, – ვკითხულობთ ილონ მასკის ჯგუფის ოფიციალურ განცხადებაში.

საინტერესოა, რომ Twitter-ის შესყიდვის თაობაზე არსებული გარიგების ჩაშლის შესახებ პირველი ცნობები თავად ილონ მასკისგან წამოვიდა, გარიგების შესახებ პირველი განცხადებიდან რამდენიმე კვირაში. თავის დროზე მასკმა თქვა, რომ Twitter-ის ხელმძღვანელობამ მას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა პლატფორმაზე არსებული ყალბი და ბოტი ანგარიშების შესახებ.

ფოტო: Michele Doying / The Verge

თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს ილონ მასკის პოზიციიდან ჩანს: საქმე ისაა, რომ ყალბი ანგარიშებისა და ბოტების საკითხის გარკვევაში Twitter-ი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული. ჯერ კიდევ მაისში, პლატფორმაზე ბოტების რაოდენობის აღრიცხვის თემას Twitter-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პარაგ აგრავალმა ვრცელი განცხადება მიუძღვნა. მოგვიანებით, კომპანიამ განაცხადა, რომ ილონ მასკს პლატფორმაზე იმგვარ წვდომას მისცემდა, რომლითაც მას თითოეული ტვიტის გაანალიზების საშუალება მიეცემოდა. გასულ კვირას კი, Twitter-მა იმის შესახებაც განაცხადა, რომ დღეში მილიონზე მეტ სპამ-ანგარიშს შლის, რაც ორჯერ აღემატება კომპანიის მიერ მაისში გავრცელებულ რიცხვს.

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკმა კომპანიის შესყიდვაზე უარი აწ უკვე ოფიციალურად განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ამას სამართლებრივად. მითუმეტეს, როცა გარიგების ჩაშლის მისი მთავარი არგუმენტი ბოტებსა და სპამ-ანგარიშებს უკავშირდება, რაც, თავის წილ, ისეთი საკითხია, რომლის შესწავლაც მილიარდერს გარიგებაში შესვლამდე შეეძლო.

თავისთავად ცხადია, რომ ილონ მასკის ამგვარი გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან Twitter-ის აქციონერები, რომელთაც, თავის დროზე, ამ გარიგებას მწვანე შუქი აუნთეს. „Twitter-ის სამეთვალყურეო საბჭოს ამ გარიგების ბატონ მასკთან შეთანხმებული ფასითა და პირობებით დასრულება სურს, რის გამოც შესყიდვის აღსასრულებლად  სამართლებრივ გზას მიმართავს. დარწმუნებულნი ვართ, რომ შტატ დელავერის სასამართლოში გავიმარჯვებთ“, – ვკითხულობთ Twitter-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბრეტ ტეილორის ტვიტში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ილონ მასკსა და Twitter-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის ერთი მუხლი, რომელიც ორთავე მხარეს $1-მილიარდიან საჯარიმო თანხას აკისრებს იმ შემთხვევაში, თუ გარიგება მათი ბრალეულობით და კონკრეტული მიზეზების გამო ჩაიშალა. ილონ მასკის შემთხვევაში, კონკრეტული მიზეზი მის მიერ ტრანზაქციის დასახურად საჭირო თანხის ვერმოზიდვა, ხოლო Twitter-ის შემთხვევაში, კონკრეტული მიზეზი სხვა მყიდველის პოვნა ან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გარიგებაზე უარის თქმა იყო დასახელებული.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ილონ მასკი გარიგების ჩაშლის მიზეზად Twitter-ის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის არმიწოდებას ასახელებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარიგებიდან გამოსვლა მას უმტკივნეულოდ სურს. თუმცა, გამოუვა მას ეს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია, რადგან, როგორც ჩანს, Twitter-ის ხელმძღვანელობა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივ დევნას საფუძვლიანად უდგება.

თავისთავად ამგვარი მიდგომა Twitter-ის მთავარი იურისტის, შონ ეჯეტის მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომელიც გამოცემა The Verge-მა მოიპოვა. წერილში კომპანიის მთავარი იურისტი თანამშრომლებს მოუწოდებს,  გარიგებაზე საუბრისგან თავი შეიკავონ და აფრთხილებს, რომ ახლო მომავალში ამ თემაზე მენეჯმენტისგან ისინი მწირ ინფორმაციას მიიღებენ.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ილონ მასკის იურისტების მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიისადმი გაგზავნილი წერილის გაოფიციალურების შემდეგ მედიაში არ წყდება საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თავიდანვე ემზადებოდა. არსებობს უფრო ხმამაღალი ვარაუდიც, თითქოს Twitter-ის შესყიდვა ილონ მასკმა Tesla-ს აქციების გამართლებული ლიკვიდაციისთვის გამოიყენა.

2024 წლისთვის, ევროკავშირში გაყიდული ყველა ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბების საწინააღმდეგო ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი

2024 წლის ივლისისთვის, ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყიდული ყველა ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბების საწინააღმდეგო ტექნოლოგიით (ინგლ. Intelligent Speed Adaptation, ISA) იქნება აღჭურვილი, – ამგვარ ვალდებულებას ავტომწარმოებლებს ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი კანონი — „სატრანსპორტო უსაფრთხოების ზოგადი რეგულაცია“ უქმნის. ევროკავშირის დათვლებით, ამგვარი ტექნოლოგიის მასობრივი შემოღებით, ფატალურობის მაჩვენებელი 26-50%-ით შემცირდება.

„ISA-ის შემოღება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საგზაო უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმებისა და სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია. ამიერიდან, ავტომობილების მწარმოებლებს შეუძლიათ, რომ ISA-ის პოტენციალი გამოიყენონ და გზები ყველასათვის გაცილებით უფრო უსაფრთხო გახადონ“, – ვკითხულობთ ევროკომისიის პრესრელიზში.

ფოტო: Volvo

აღსანიშნავია, რომ ISA-ი ერთგვარი ქოლგა-ტერმინია, რომელიც აერთიანებს, როგორც კამერებზე, ასევე GPS-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, რომელთა დახმარებით ავტომობილი გზაზე დაწესებულ ლიმიტს საზღვრავს და მძღოლს ამ ლიმიტის გადაჭარბების საშუალებას არ აძლევს. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ტიპის ISA-ტექნოლოგია განსხვავებულად მუშაობს, მაგრამ ზოგადად, მას მძღოლის შეხსენება, ავტომობილის ავტოპილოტის ჩართვა და სიჩქარის გზაზე დაწესებულ ლიმიტთან გატოლება ან ავტომობილის შენელება შეუძლია.

საინტერესოა, რომ ამგვარი ტექნოლოგია არახალია — გარკვეული ავტომწარმოებლები მას დიდი ხანია რაც იყენებენ — Honda, Ford-ი, Jeep-ი და Mercedes-Benz-ი ამ ტექნოლოგიის მქონე ავტომობილებს ევროპულ ბაზარზე უკვე ყიდიან.

Snapchat-ის უსაფრთხოებას აშშ-ის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ჩაიბარებს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯეიმს მიურეი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და ტექნოლოგიურ გიგანტს, Snapchat-ს შეუერთდება, სადაც თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. საინტერესოა, რომ Snapchat-ში გადაბარგებამდე მიურეიმ პრეზიდენტის დაცვის სამსახურში ოცდაშვიდი წელი დაყო, ამათგან სამი – ხელმძღვანელის ამპლუაში.

ფოტო: Mandel Ngan / AFP / Getty Images

ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაცვის სამსახური, რომელიც ქვეყნის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი, საზოგადოებისა და მედიის ქარცეცხლში არაერთგზის მოხვდა, მაგრამ როგორც ჩანს, მიურეის Snapchat-ში გადაბარგება აღნიშნულ არცერთ სკანდალს არ უკავშირდება.

ამერიკელი სენატორები ფედერალურ სავაჭრო კომისიას მოუწოდებენ, TikTok-ის მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკა შეისწავლოს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტის ლიდერები, დემოკრატი მარკ უორნერი და რესპუბლიკელი მარკო რუბიო ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარეს, ლინა ხანს მოუწოდებენ, TikTok-ის მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკა შეისწავლოს. თავისთავად ეს მოთხოვნა გამოცემა BuzzFeed News-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ მასალას ეხება, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ ამუშავებენ TikTok-ის ამერიკელი მომხმარებლების ინფორმაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში არსებული კომპიუტერული ინჟინრები.

საკუთარ წერილში ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ BuzzFeed-ის მიერ გავრცელებული მასალა ცხადყოფს, რომ ინტერვიუ, რომელიც TikTok-ის გლობალური უსაფრთხოების ხელმძღვანელმა გამოცემა Cyberscoop-ს მისცა და რომელშიც აღნიშნა, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და მის მთავრობას სოციალური ქსელის ამერიკელი მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს – ტყუილებითაა აღვსილი.

ფოტო: Alex Castro / The Verge

ამერიკელი სენატორები იმასაც ამბობენ, რომ განახლებები, რომლებიც TikTok-მა პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკაში შეიტანა – საგანგაშოა. უორნერი და რუბიო დოკუმენტის იმ მუხლს გულისხმობენ, რომლითაც TikTok-ი მომხმარებლების გარკვეული ბიომეტრიული მონაცემების, მათ შორის სახისა და ხმოვანი ანაბეჭდების შენახვის უფლებას იტოვებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელ ბიუროკრატებს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, TikTok-ის წინააღმდეგ სურთ გაილაშქრონ. წინა კვირას, Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ მიმოხილვაში გიამბეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ბრენდან კარიმ Apple-სა და Google-ს მიმართა და მათ საკუთარი მარკეტფლეისებიდან ჩინური სოციალური ქსელის წაშლისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით კი ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა TikTok-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, შუ ჟის წერილით მიმართა და მას აპლიკაციის მიერ მონაცემთა შენახვისა და დამუშავების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე საუბარი პირველად 2020 წელს დაიწყო, როცა ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი აიკრძალებოდა, თუკი ის ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არ გადავიდოდა. მოგვიანებით, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს საპრეზიდენტო განკარგულება გააუქმა.

წელს, ჰაკერული თავდასხმების შედეგად, Web3-პროექტებმა $2 მილიარდზე მეტი დაკარგეს

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჰაკერული თავდასხმების შედეგად Web3-პროექტებმა ჯამში $2 მილიარდზე მეტი დაკარგეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე 2021 წელს დაფიქსირებული საერთო მაჩვენებელი, – ამის შესახებ ბლოკჩეინის აუდიტორული კომპანია, CertiK-ი კვარტალურ ანგარიშში წერს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ CertiK-ის ანგარიში ერთგვარი გამომაფხიზლებელი დოკუმენტია, რომელიც კრიპტოსამყაროს ნაკლოვანებებს უსვამს ხაზს. ანგარიში ცხადყოფს, რომ ჯერჯერობით Web3-ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პროექტები ძალიან ხშირად ხდება ჰაკერული თავდასხმების, თაღლითური სქემების, ფიშინგისა და შედარებით ახალი ტიპის საფრთხის – სწრაფი სესხების სამიზნე.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტიპის საფრთხეზე – სწრაფ სესხებზე, ბლოკჩეინის აუდიტორული კომპანიის ანგარიშში ყურადღება განსაკუთრებულადაა გამახვილებული. CertiK-ის განმარტებით, სწრაფი სესხი დეცენტრალიზებულ ფინანსურ მექანიზმს ეფუძნება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მოკლე დროით დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტა ისესხოს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ფინანსურ მექანიზმს დადებითი მხარეც აქვს, მისი გამოყენებით გარკვეული ტოკენის ღირებულებით მანიპულაცია არის შესაძლებელი.

საბოლოო ჯამში, CertiK-ის დათვლებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ამგვარი მექანიზმის გამოყენებით ჯამში 27 კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელთა შედეგად, ჰაკერები $308 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ. თავად ეს რიცხვი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ამგვარი ტიპის თავდასხმების შედეგად ჰაკერები მხოლოდ $14 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.

ფოტო: Alex Castro / The Verge

თუმცა, სწრაფი სესხების მექანიზმი ერთადერთი არ არის, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალს შორის ზრდა განიცადა. 2022 წლის მეორე კვარტალში იმატა ფიშინგის შემთხვევებმაც, რომელთა რიცხვი 106-დან 209-მდე გაიზარდა. საინტერესოა, რომ ფიშინგის შემთხვევაში, ყველაზე პოპულარული პლატფორმა – Discord-ი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ იმგვარი თაღლითური შემთხვევები, როცა შემქმნელები პროექტის განვითარებას აჩერებენ და პროექტიდან კაპიტალი გამოაქვთ – პოპულარობას სულ უფრო და უფრო კარგავს. წინა კვარტალთან შედარებით, ამგვარმა შემთხვევებმა 16.5%-ით იკლო, მაგრამ პროექტებში ჩართული ადამიანები, ჯამში, $37.46 მილიონით მაინც აზარალა.

Meta Quest-ის VR-სათვალის გამოსაყენებლად Facebook-ის ანგარიში საჭირო აღარ იქნება

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებაში არსებული დიდხნიანი დისკუსიის შემდეგ, Meta-მ VR-სათვალის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა – ამიერიდან, მომხმარებლებს VR-სათვალის გამოსაყენებლად Facebook-ის ანგარიში აღარ დასჭირდებათ. ვირტუალური რეალობის სათვალის გამოსაყენებლად, მომხმარებლებს Meta-ს ანგარიში დასჭირდებათ, რომლის დაკავშირება Facebook-თან სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი.

ფოტო: Meta

აღსანიშნავია, რომ Meta-ს ანგარიშს სოციალურ მედიასთან კავშირი არ ექნება – ეს იქნება ანგარიში, რომლითაც მომხმარებლები VR-სათვალის გააქტიურებას და ჩამოტვირთული აპლიკაციების დათვალიერებას შეძლებენ. თავისთავად ცხადია, რომ ეს ანგარიში Meta-ს შემდგომი პროდუქტების გამოსაყენებლადაც იქნება საჭირო.

თუმცა, გარკვეული სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება მომხმარებლებს მაინც მოუწევთ, სულ მცირე VR-სათვალის გამოყენების შემთხვევაში. ახალი ანგარიშის გახსნისას, მომხმარებლებს Meta Horizon-ის პროფილის, სახელის, ავატარის შექმნა და პროფილის სურათის არჩევა მოუწევთ.

Meta-ს VR-სათვალის ახალი ფუნქციონალი აგვისტოდან გააქტიურდება და ის Oculus-ის ანგარიშის მფლობელებსაც შეეხებათ, რომელთაც Meta-ს ახალი ანგარიშის შესაქმნელად დრო 2023 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.

შესაძლოა ამ ზაფხულს ევროპაში Facebook-ი და Instagram-ი გაითიშოს – მიზეზი პირადი მონაცემების გაგზავნას უკავშირდება

ირლანდიის პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელმა ორგანომ Meta-ს საკუთრებაში არსებულ პლატფორმებს, Facebook-სა და Instagram-ს ევროპელი მოქალაქეების შესახებ მონაცემების ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა აუკრძალა, – ამის შესახებ Politico წერს. თავისთავად ეს გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა მას ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის გათიშვა მოჰყვეს.

ირლანდიის მარეგულირებლის განცხადებით, გადაწყვეტილება ევროპული ქვეყნების სხვა მარეგულირებელ ორგანოებსაც გადაეგზავნა, რომელთაც საკუთარი ოფიციალური პოზიციის დასაფიქსირებლად ერთი თვე აქვთ.

„ეს პირველადი გადაწყვეტილება, რომელიც მონაცემთა დაცვის შესაბამისმა ევროპულმა მარეგულირებლებმა უნდა მიმოიხილონ, ევროკავშირისა და აშშ-ის სამართლებრივ სისტემებს შორის არსებულ კონფლიქტს ეხმიანება, რომელიც ახლა მოგვარების ფაზაშია“, – განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა Politico-სთან საუბრისას. „მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სამართლებრივ ჩარჩოზე შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის მონაცემთა გაგზავნის საშუალებას შესაძლებელს გახდის. ეს საშუალებას მოგვცემს, ოჯახები, კომუნები და ეკონომიკები კვლავაც ერთმანეთს დავუკავშიროთ“.

ფოტო: Richard Drew / Associated Press

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტსა და ევროპელ მარეგულირებლებს შორის დავა უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2020 წელს, ევროპულმა სასამართლომ (ECJ) ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებული პაქტი, Privacy Shield-ი გააუქმა – იმ დროს მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის პრაქტიკა დასახელდა.

ამასთანავე, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ Meta-ს და სხვა ამერიკულ კომპანიებს ევროპელების პირადი მონაცემების ამერიკაში გაგზავნა გაურთულა, ხოლო ირლანდიური მარეგულირებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამ Facebook-სა და Instagram-ს ამ დრომდე გამოყენებული SCC-პროტოკოლის გამოყენება საბოლოოდ აუკრძალა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი რეგულაციის შესაძლო ზიანზე Meta-ს არაერთგზის უსაუბრია. „მონაცემთა გადაცემის ახალი ტრანსატლანტიკური ჩარჩო-მექანიზმი თუ არ შევიმუშავეთ და თან, ევროპიდან აშშ-ში მონაცემების გაგზავნისთვის SCC-ების ან სხვა მექანიზმების გამოყენება ვერ შევძელით, სავარაუდოდ, ევროპაში ჩვენი წამყვანი პროდუქტების, Facebook-ისა და Instagram-ის სერვისების შემოთავაზებას ვეღარ მოვახერხებთ“, – ვკითხულობთ Meta-ს მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიისადმი ამა წლის მარტში გაგზავნილ წერილში.

თუკი ირლანდიური მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ევროპის პირადი მონაცემების დაცვის საბჭო დაეთანხმება, მას გავლენა ექნება არამხოლოდ Meta-ზე, არამედ ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც საკუთარი ოპერაციებისთვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მონაცემების გაგზავნა სჭირდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მუშაობენ მონაცემთა გაგზავნის ახალ საკანონმდებლო მექანიზმზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის მონაცემთა ტრაფიკს ირლანდიური მარეგულირებლის გადაწყვეტილების მიუხედავად გააკონტროლებს. საინტერესოა, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში იქნა მიღებული, მაგრამ ტექსტის სამართლებრივი დეტალები ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი შეთანხმება წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება.