ერთი წლის წინ, როდესაც 2021 წლის გამოწვევებზე ვწერდი, მთავარი გამოწვევა პანდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები იყო. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ბოლომდე საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, რომლებიც თანდათან შემსუბუქდა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ამაღლდა. ჩემი ვარაუდი ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით გამართლდა, მაგრამ არ გამართლდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნულ ბანკს მონეტარული განაკვეთის ზრდა მოუწია.
ლარის გამყარებამ და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სახელმწიფო ვალის ტვირთი შეამსუბუქა, რაც გასული წლის ბოლოს კრიტიკულ ზღვარს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60%-ს გადასცდა.
ეკონომიკური ზრდა
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. 2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა პროგნოზირებდა, რომ 2021 წელს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდებოდა. პანდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, იანვარში ეკონომიკა 11.5%- ით შემცირდა, თებერვალში კი 5.1%-ით. მარტიდან ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, რაც სამი მიზეზით იყო განპირობებული:
- შეზღუდვები შემსუბუქდა;
- 2020 წლის გაზაფხულიდან დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა კლებამ, ე.წ. საბაზისო ეფექტის როლი ითამაშა და წელს ზრდის მიღწევა გაამარტივა;
- მსოფლიო ეკონომიკამ ზრდა დაიწყო.
მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. ჯამში, პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.1%-ით შემცირდა.
მე-2 კვარტალში ეკონომიკა 29%-ით გაიზარდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი საბაზისო ეფექტმა შეიტანა – 2020 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულმა ეკონომიკის 14.5%-იანმა კლებამ.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარტალში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. 10 თვის (იანვარ-ოქტომბრის) მონაცემებით კი ეკონომიკური ზრდა 10.5%-ია, რაც მიანიშნებს, რომ 2021 წლის წლიური ეკონომიკური ზრდა 10-11%-ს შორისაა.
ცნობილია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: ხელოვნება, გართობა და დასვენება – 47%, საფინანსო საქმიანობა – 29%, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 28% და ჯანდაცვა – 27%. 14%-იანი კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. სოფლის მეურნეობა 2.4%-ით შემცირდა.
ინფლაცია და ლარის კურსი
წლიურმა ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 12.5% შეადგინა. კიდევ უფრო მაღალი იყო ოქტომბრის ბოლოს – 12.8%, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტად სატრანსპორტო ჯგუფში შემავალი საქონელი და მომსახურება გაძვირდა – 20.2%-ით. მათ შორის, ცალკე აღებული ბენზინი 45%-ით გაძვირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17%-ით გაძვირდა. ყველაზე მეტად კომბოსტო (97%-ით) და ბადრიჯანი (75%-ით) გაძვირდა. საოჯახო ნივთები 11.6%-ით გაძვირდა, კომუნალურმა გადასახადებმა 11.5%-ით მოიმატა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 8.5%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაცია საქართველოში
ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად საქონლისა და მომსახურების მიწოდების გაძვირება დასახელდა, რაც ძირითადად ნავთობზე მსოფლიო ფასის ზრდამ და კომუნალური გადასახადების მატებამ განაპირობა. ასევე მოიმატა სასურსათო საქონლის მსოფლიო ფასებმა, მათ შორის, ხორბალი 45%-ით გაძვირდა. თუმცა, ე.წ. გარე ფაქტორებთან ერთად ინფლაციის ზრდაში თავისი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდამაც შეიტანა. მაღალი ინფლაციის მოსათოკად, 2021 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%- დან 10.5%-მდე გაზრდა მოუწია.
2020 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3.28 იყო. აპრილამდე ლარის კურსი უფასურდებოდა და აპრილში ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 3.45 ლარი ღირდა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სებ-მა იანვარ-აპრილში სავალუტო აუქციონზე 249 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო ინტერვენციის, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის, ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის ზრდის შედეგად მაისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და წლის მეორე ნახევარში 3.13-ის მიდამოში დასტაბილურდა. თუმცა აგვისტო-სექტემბერში სებ-მა დამატებით 90 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლილი კურსი 4%-ით იყო გამყარებული.
საგარეო ვაჭრობა და ტურიზმი
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%- ით გაიზარდა. ექსპორტი 27%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 24.5%-ით გაიზარდა და 9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: ფეროშენადნობები (ზრდა 183 მლნ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (ზრდა 53 მლნ დოლარი), ღვინო (ზრდა 30 მლნ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (ზრდა 26 მლნ დოლარი) და თხილი (ზრდა 25 მლნ დოლარი).
ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთში (ზრდა 152 მლნ დოლარი), ჩინეთში (ზრდა 122 მლნ დოლარი), თურქეთში (ზრდა 121 მლნ დოლარი) და აშშ- ში (75 მლნ დოლარი). ბულგარეთში ექსპორტი კი 40 მლნ დოლარით შემცირდა.
იმპორტის ზრდა ძირითადად ნავთობისა და საავტომობილო საწვავის (ზრდა 287 მლნ დოლარი), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (ზრდა 127 მლნ დოლარი), კომპიუტერების (ზრდა 79 მლნ დოლარი) და ვაქცინების (ზრდა 76 მლნ დოლარი) შემოტანის ზრდამ განაპირობა.
ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად თურქეთიდან (ზრდა 347 მლნ დოლარი), ჩინეთიდან (ზრდა 143 მლნ დოლარი) და რუსეთიდან (ზრდა 136 მლნ დოლარი) გაიზარდა.
საბოლოოდ, ღირებულების მიხედვით ექსპორტზე მეტად იმპორტის ზრდის გამო, იანვარ- ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 963 მლნ დოლარით გაიზარდა და 5.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ზრდა აპრილიდან დაიწყო, მაგრამ იანვარ-მარტში დაფიქსირებული კლების გამო 2021 წლის იანვარ-ნოემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების ჯამური რაოდენობა 2%-ით შემცირდა, თუმცა ცალკე აღებული ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორები, რომლებიც 24 საათზე მეტხანს გაჩერდნენ საქართველოში) 37%-ით გაიზარდა. 11 თვეში საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი ჩამოვიდა, რომელთაგან ტურისტი 1.4 მლნ იყო. 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს 70%-ით ნაკლები რაოდენობის ტურისტი შემოვიდა.
იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 294 ათასი – თურქეთიდან შემოვიდა. შემდეგ რუსეთი მოდის 195 ათასი ვიზიტორით. მესამე ადგილზე სომხეთია 146 ათასით, მეოთხეზე უკრაინა – 138 ათასით და მეხუთეზე ისრაელია 91 ათასით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
დღეისათვის 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარსექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით, საქართველოში 728 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 3%-ით მეტია. ჯამში, 9 თვეში 22 მლნ დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა.
2021 წლის 9 თვეში მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2020 წლის 12 თვეში. ეს განპირობებულია იმით, რომ 2020 წლის მე-4 კვარტალში ინვესტიციები ზრდის ნაცვლად 134 მლნ დოლარით შემცირდა და წლიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი
ინვესტიციები ყველაზე მეტად ჩეხეთიდან (78 მლნ დოლარით), ჩინეთიდან (41 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (39 მლნ დოლარი) გაიზარდა. ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (271 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (106 მლნ დოლარი) და ჩეხეთიდან (78 მლნ დოლარი) შემოვიდა.
სექტორების მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში შემოვიდა – 325 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის ენერგეტიკა 176 მლნ დოლარით და დამმუშავებელი მრეწველობა 131 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში განხორციელდა – 4.5 მლნ დოლარი. ინვესტიციების ყველაზე დიდი კლება კავშირგაბმულობაში (-99 მლნ დოლარი) და სამთომოპოვებით მრეწველობაშია (-92 მლნ დოლარი).
სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი
რადგან 2021 წელს ეკონომიკა გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო და ამასთან ერთად, პანდემია 2021 წელსაც მნიშვნელოვნად ზრდიდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მთავრობამ წლის განმავლობაში ორჯერ შეცვალა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ცვლილების შედეგად ბიუჯეტის შემოსულობები 1.3 მილიარდი ლარით გაიზარდა და 18.1 მილიარდი ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდამ განაპირობა, რომლებიც 1 მილიარდი ლარით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ტემპისა და ინფლაციის დონის მატება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს ზრდის.
ბიუჯეტის გადასახდელები (ფართო გაგებით – ხარჯები) 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა. ხარჯების ზრდა ძირითადად ჯანდაცვის ხარჯების 815 მლნ დოლარით ზრდამ განაპირობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგიონში განსახორციელებელი პროგრამების დაფინანსებაც. 2021 წელს ჯანდაცვის მიმართულებით რეკორდულად ბევრი – 2.5 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. აქედან მილიარდ ლარზე მეტი მხოლოდ კოვიდპაციენტების მკურნალობაზე დაიხარჯა.
2021 წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6.8%-მდე იყო, რაც 2022 წელს მშპ-ის 4.3%- მდე იქნება.
2021 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში) სახელმწიფო ვალი 900 მლნ ლარით შემცირდა და 30 ნოემბრის მდგომარეობით 30 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალის შემცირება ლარის გამაყარებამ და საშინაო ვალის კლებამ განაპირობა. იანვარ-ნოემბერში საგარეო ვალი 320 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 444 მლნ ლარით შემცირდა. 2021 წელს მთავრობას ახალი საშინაო ვალი არ აუღია, 489 მლნ ლარის წინა წლებში აღებული ვალი დაფარა.
ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის პირობებში სახელმწიფო ვალის შემცირებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მთავრობამ დეფიციტის დასაფარავად ნაშთზე არსებული 1.7 მილიარდი ლარი გამოიყენა. ეს 1.7 მილიარდი ლარი 2020 წელს პანდემიის გამო საერთაშორისო დახმარებებით მიღებული თანხაა.
ნოემბრის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 51.3%-იყო. 2020 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 62.7% იყო. მშპ-ის მიმართ ვალის ფარდობის შემცირებას ხელი შეუწყო როგორც ლარში გამოსახული ვალის შემცირებამ, ასევე ნომინალური მშპ-ის 18.8%-ით ზრდამ. 18.8%-დან 10% ეკონომიკური ზრდაა, ხოლო 8.8% – ინფლაციის გავლენა.
2022 წლის გამოწვევები
2022 წლის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა ინფლაციის დონის შემცირებაა – ფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2021 წლის მაღალ ინფლაციას 2022 წელს საბაზისო ეფექტი ექნება (გაძვირება ართულებს კიდევ მეტად გაძვირებას), წელს ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და პროგნოზირება გართულებულია. არ არის გამორიცხული, ის ძირითადი მოხმარების პროდუქტები, რაც საქართველოს შემოაქვს (მაგალითად, ნავთობი, მედიკამენტები, ხორბალი, ზეთი და ა.შ.) მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოშიც გაძვირდეს.
თუ მსოფლიოში გასულ წელთან შედარებით სტაბილური ფასები იქნება, ინფლაციის დონე კლებას დაიწყებს და ეროვნულ ბანკს მიეცემა საშუალება, საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა თანდათან შეარბილოს, მნიშვნელოვნად დასწიოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც პანდემიის ფონზე მაღალი ზრდის პროგნოზია. თუ მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი არ აიცრება და გარკვეული ეკონომიკური შეზღუდვების კვლავ დაწესება გახდება საჭირო, 6%-იანი ზრდა არ გვექნება.
გამოწვევაა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაც, რადგან კოვიდის გამო ჯანდაცვის მიმართულებით მეტი თანხა იქნება საჭირო, ვიდრე ახლა გამოყოფილი 500 მლნ ლარია. ამასთან, თუ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვერ მივაღწიეთ, ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება.