სილქნეტი იანვრის ბოლოს $300 მილიონის ღირებულების ევროობლიგაციებს გამოუშვებს

სილქნეტი იანვრის ბოლოს $300 მილიონის ღირებულების ევროობლიგაციებს გამოუშვებს

საქართველოს კომუნიკაციების სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე, „სილქნეტი“ 31 იანვარს საფონდო ბირჟაზე $300 მილიონის ღირებულების ფასიან ქაღალდებს განათავსებს. სილქნეტის ცნობით, ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 8.375%-ს შეადგენს და მისი მფლობელები კუპონს წელიწადში ორჯერ მიიღებენ, ხოლო 5-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვის ვადა 2027 წელი იქნება.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 8.375%-იანი განაკვეთი „სილქნეტის“ ახალ ევრობონდებს რეგიონულ დონეზე კონკურენტულ ევრობონდად აქცევს. მაგალითად, Vodafone Ukraine-ი და Turk Telekom-ი 2021 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, 8.08%-9.27%-ის ფარგლებში ივაჭრება.

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Moody’s „სილქნეტის“ ნეგატიური რეიტინგის პროგნოზი სტაბილურით შეცვალა, რასაც საფუძვლად კომპანიის გაუმჯობესებული მაჩვენებლები და ლიკვიდობა უდევს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, ახალი ფასიანი ქაღალდის საკრედიტო რეიტინგი სავარაუდოდ „B“ იქნება. „კომპანია გეგმავს, ობლიგაციის ემისიით მიღებული შემოსავლებით დაფაროს მისი მოქმედი $200-მილიონიანი ობლიგაცია, რომლის დაფარვის ვადაც 2024 წელსაა; ასევე, დაფაროს ლარში ნომინირებული ობლიგაციებიც, რომელთა ვადაც 2022 წელს იწურება. მოზიდული თანხები მეწილეებსა და ძირითად კორპორატიულ მიზნებზეც დაიხარჯება“ – ნათქვამია Fitch-ის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „სილქნეტმა“ საერთაშორისო ობლიგაციების გამოშვებით $200 მილიონი დოლარი პირველად 2019 წლის მარტში მოიზიდა. მეორე საერთაშორისო განთავსების პროცესს J.P. Morgan Securities plc, UBS AG-ის ლონდონის ოფისი და TBC Capital LLC წარმართავენ.

ცნობისთვის, „სილქნეტი“, ქვეყნის მეორე ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა და საინვესტიციო ჯგუფ „სილქ როუდ ჯგუფის“ შემადგენლობაშია. კომპანია 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 1.72 მილიონ მობილურ და 197,000 ფიქსირებულ აბონენტს ემსახურება. კომპანიის ინტერნეტსერვისით 293,000 აბონენტი, ხოლო სატელევიზიო მომსახურებით 226,000 აბონენტი სარგებლობს. 2021 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, კომპანიამ 306.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის იდენტურ პერიოდს 8%-ით აღემატება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *