ფოტო: AP
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ღამით ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რომელიც კასეტური ქობინით იყო აღჭურვილი. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რაკეტის ტიპი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანებისთვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად გამოიყენება.
თავდასხმა 21-22 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის ნაწილი იყო, რომელსაც, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, სერჰიი ბესკრესტნოვის განცხადებით, კიევის ისტორიულ ცენტრს რუსულმა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკურმა რაკეტამ დაარტყა. მისი თქმით, რაკეტა K5 ტიპის კასეტური ქობინით იყო აღჭურვილი, რომელიც ჰაერში ფეთქდება და ფართო ტერიტორიაზე ათეულობით ასაფეთქებელ ელემენტს ფანტავს.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ სამიზნეში ამოღებასა და კიევის ისტორიული უბნის დაზიანების მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თავდასხმის მიზანი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა და შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
რუსეთის საჰაერო იერიში რამდენიმე ტალღად განხორციელდა. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში რაკეტები და დრონები საცხოვრებელ შენობებს, სატრანსპორტო ობიექტებსა და სამედიცინო ინფრასტრუქტურას დაესხა თავს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა თავდასხმისას 210 დრონი გამოიყენა, მათ შორის 110 რეაქტიული ტიპის, ასევე „ისკანდერ-М“, S-400, „ცირკონისა“ და „ონიქსის“ ტიპის რაკეტები. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ 181 დრონის ჩამოგდება შეძლო, მათ შორის 87 რეაქტიული ტიპის დრონის. დარტყმები 32 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ჩამოგდებული საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კიდევ რვა ადგილზე.
თავდასხმიდან რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ვაშინგტონი ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის განახლებას ცდილობს, თუმცა კიევზე იერიშმა მოლაპარაკებების მცდელობებსა და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის განგრძობად თავდასხმებს შორის მკვეთრი კონტრასტი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
შეხვედრის დროს უიტკოფმა პუტინს „ჰუმანიტარი“ უწოდა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერია გაცემული უკრაინელი ბავშვების სავარაუდო უკანონო დეპორტაციისა და საზღვარზე გადაყვანის ბრალდებით.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









