გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ს ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მილსადენის სისტემის ექსპროპრიაციასა და დანარჩენი ნაწილისგან გათიშვას გეგმავს.
გერმანიის მთავრობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთი სამართლებრივ გზას მიმართავს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის ნაკადი ეტაპობრივად მცირდება, რის გამოც გერმანია, ენერგოდეფიციტის რისკების გათვალისწინებით, გლობალური სპოტ-მარკეტიდან შესყიდული თხევადი ბუნებრივი აირისთვის სადესანტო ადგილების ძიებაშია.
ცნობისთვის, გერმანიამ თხევადი ბუნებრივი აირის რეგაზიფიცირებისთვის ოთხი სპეციალიზებული გადამზიდავი უკვე დაიქირავა. მოძრავი ტერმინალები, რომლებიც მცურავი საცავის რეგაზიფიკაციის ერთეულების (FSRU) სახელითაა ცნობილი, ტანკერით გადატანილ LNG-ს გაზად გარდაქმნის და მილსადენის ქსელში ჩართვის საშუალებას იძლევა. საპორტო ქალაქი ჰამბურგი, ისევე როგორც ბალტიის ზღვაზე მდებარე როსტოკი, FSRU-ის განთავსებისთვის შესაძლო ადგილებად განიხილება.
შეგახსენებთ, რომ „გაზპრომმა“ Nord Stream 2 მილსადენის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაასრულა. თავდაპირველად, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შემდგომ, გერმანიამ Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცედურა შეაჩერა. თუმცა მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდგომ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ Nord Stream 2-ის ამოქმედება აღარ განიხილება.