გერმანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად $500 მილიონს გამოყოფს

გერმანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად $500 მილიონს გამოყოფს

გერმანია 500 მილიონ დოლარს გამოყოფს NATO-ს ინიციატივისთვის, რომლის მიზანი უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდებაა. აღნიშნული ინფორმაცია ალიანსმა 13 აგვისტოს გაავრცელა.

მხარდაჭერა NATO-ს Prioritized Ukraine Requirements List (PURL) მექანიზმის მეშვეობით განხორციელდება, რომელიც კიევის სასწრაფო სამხედრო საჭიროებების დაფინანსებას უზრუნველყოფს. NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, ბერლინის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს გერმანიის ერთგულებას, უკრაინელ ხალხს თავისუფლების დაცვაში დაეხმაროს. მისი თქმით, გერმანიას ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინისთვის ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება აქვს მიწოდებული.

PURL-ის ფარგლებში, NATO-ს წევრი ქვეყნები ფინანსური რესურსის მობილიზებას ცდილობენ, რათა უკრაინისთვის აშშ-ის მარაგებიდან იარაღი, სხვა საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა შეიძინონ. გერმანიის დაპირებას წინ უსწრებდა ნიდერლანდების განცხადება, რომ ამის უზრუნველსაყოფად დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ მაისში უკრაინას რეკორდული, 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნა. ქვეყანა დღეს უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო დონორია. ამ მხრივ პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.