გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალისხმევა, დაერწმუნებინა პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე, მოიწონა. „ჩვენ არ ვიცით, ეყოფა თუ არა სიმამაცე რუსეთის პრეზიდენტს, დაესწროს ასეთ სამიტს. ამიტომაც მისი დარწმუნება საჭიროა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისათვის, მერცი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად გასული დღეების განმავლობაში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა. ტრამპმა და ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრის შედეგებსა და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს.
„ამერიკის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან და შეთანხმდა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებთან. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. მერცმა აღნიშნა, რომ ტრამპი მზადაა, კიდევ ერთი, ამჯერად სამმხრივი შეხვედრა გამართოს, რათა მოლაპარაკებები „ნამდვილად დაიწყოს“. შესაბამისად, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, სწორედ დონალდ ტრამპის თანდასწრებით შედგეს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციასთან ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის კონკრეტული დეტალები განიხილეს.