გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ს ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხანა ჩამოართვა

გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ს ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხანა ჩამოართვა

ეროვნული ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გერმანიის მთავრობამ რუსული Rosneft-ისთვის ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხნის ჩამორთმევისა და აღნიშნული აქტივის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ქალაქ შვედტში 1960-იან წლებში აშენებული ქარხანა აქამდე რუსული ენერგოგიგანტის შვილობილი კომპანიის, Rosneft Deutschland-ის კონტროლის ქვეშ იყო და დედაქალაქ ბერლინის საწვავით მომარაგების თითქმის 90%-ს უზრუნველყოფდა.

ქარხნის კოლოსალური სტრატეგიული მნიშვნელობისა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის მთავრობის მხრიდან მომავალი საფრთხის ზრდის ფონზე, გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა, საგანგებო პროცედურა აემოქმედებინა და ქარხანა მისი მფლობელი კომპანიისთვის ჩამოერთმია.

„სახელმწიფოს მიერ მეურვეობის უფლების გადმობარებით ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები შემცირდა. შვედტის გადამმუშავებელი ქარხანა მომავალშიც შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას, მიუხედავად Rosneft-ის გადაწყვეტილებისა“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ეს გერმანიის მთავრობის მიერ სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაციის პირველი შემთხვევა არ არის. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ენერგეტიკის სამინისტრომ Gazprom Germania-სა და მისი აქტივების კონტროლიც გადაიბარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *