Getty Images-ი გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთებას და კერძო კომპანიად გარდაქმნას გეგმავს

Getty Images-ი გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთებას და კერძო კომპანიად გარდაქმნას გეგმავს

ფოტო: Getty Images

 

ორშაბათს Getty Images-მა განაცხადა, რომ გაკოტრების შესახებ განაცხადს შეიტანს და კერძო კომპანიად გარდაიქმნება. ეს ნაბიჯი მოჰყვება რესტრუქტურიზაციის შეთანხმებას, რომლის დასრულებასაც ვიზუალური კონტენტის მწარმოებელი კომპანია წლის ბოლომდე ელის.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია გეგმავს უახლოეს კვირებში გაკოტრების დაჩქარებული, წინასწარ შეთანხმებული პროცესი დაიწყოს. როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც კონკურენტ Shutterstock-თან გაერთიანების გარიგება ჩაიშალა. შერწყმის პროცესი კომპანიის დიდი ვალებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებების მზარდი კონკურენციის გამო გართულდა.

რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, კომპანიის 100%-იან მფლობელობაში Getty-სთან დაკავშირებული სტრუქტურები და Koch Equity Development-ი გადავლენ. Getty-ს განცხადებით, ინვესტორებმა ასევე აიღეს ვალდებულება, უზრუნველყონ $533 მილიონამდე მოცულობის ახალი კაპიტალის დაბანდება.

Getty-ს არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების მფლობელები $270 მილიონის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გაუქმებას, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორები საპროცენტო ხარჯების შემცირებასა და რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში ვალის დაფარვის ვადების გადაწევას დათანხმდნენ.

გავრცელებულ განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო მომწოდებლებს ანაზღაურება სრულად და დადგენილი წესით გადაეცემათ.

ცნობისათვის, აგვისტოში Getty-მ თავისი ფინანსური პროგნოზები გააუქმა, რის მიზეზადაც სტრატეგიული დაფინანსების ალტერნატივებისა და ბალანსის მართვის ინიციატივების მიმდინარე განხილვა დასახელდა.

ვიზუალური კონტენტის მწარმოებელი კომპანიის ვალი 30 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით $2,1 მილიარდი იყო, Getty Images-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $6,18 მილიონს შეადგენს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.