ჯო როგანმა Spotify-სთან სალიცენზიო შეთანხმება განაახლა

ჯო როგანმა Spotify-სთან სალიცენზიო შეთანხმება განაახლა

ფოტო: Getty Images

 

Spotify ჯო როგანის პოდკასტთან, „The Joe Rogan Experience“-სთან, თანამშრომლობას გააგრძელებს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი გარიგების პირობები 2024 წელს მხარეებს შორის გაფორმებული $250-მილიონიანი შეთანხმების მსგავსი იქნება.

ჯო როგანსა და Spotify-ს შორის გაფორმებული შეთანხმების ფინანსური პირობები საჯაროდ არ გამჟღავნებულა. თუმცა ცნობილია, რომ მსმენელებსა და მაყურებლებს პოდკასტის მოსმენა და ყურება Spotify-ს გარდა სხვა პლატფორმებზეც, მათ შორის, YouTube-სა და Apple Podcasts-ზეც შეეძლებათ.

Spotify-ს მონაცემებით, პოდკასტს პლატფორმაზე 18 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამ შედეგებით ის პლატფორმის პოდკასტების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. პარალელურად კი როგანის YouTube-არხს 21.1 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ამერიკელი სტენდაპ-კომიკოსი და UFC-ის კომენტატორი Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პოდკასტერების რეიტინგში პირველ ადგილზეც მოხვდა. მან The Joe Rogan Experience-ითა და მასთან დაკავშირებული საქმიანობებით გასულ წელს $82 მილიონის შემოსავალი მიიღო.

როგანს მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს, თუმცა მისი პოდკასტი კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. 2022 წელს მას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი სტუმრების მოწვევასთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდაც მოუხდა.

ასევე, როგანმა 2024 წლის არჩევნების წინ ტრამპსაც გამოუცხადა მხარდაჭერა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, ჯეფრი ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ირანთან ომის გამო გააკრიტიკა.