“საკუთარი ღირსების გრძნობა – ადამიანური გონების უდიდესი მანტიაა. ის, ვისაც ეს გრძნობა გააჩნია, ფოლადივით მტკიცეა, როცა საუბარი მიდის ბოროტებასთან კომპრომისზე და მოქნილია, როგორც ტირიფის წნული, როცა საუბარი მიდის კეთილ ქმედებებზე”, – ჯეიმს ალენი
ნებისმიერი წარმატება თუ კრახი აზრების უშუალო შედეგია. როგორც ვფიქრობთ, ისევე ვმოქმედებთ. ვერანაირი ძალა ვერ დაგვეხმარება სისუსტის დაძლევაში, თუ არ გაგვაჩნია ამ დახმარების მიღების სურვილი და უფრო მეტიც, თუ დაჟინებით არ განვავითარებთ საკუთარ თავში სიძლიერეს და არ გამოვავლენთ შემართებას. ამდენად, ყოველი ინტელექტუალური მიღწევა გულმოდგინე ძალისხმევისა და მიზანდასახულობის ნაყოფია. მთავარი მამოძრავებელი იმპულსი კი არის თვითკონტროლის, გაბედულების, ალალმართლობისა და გონებრივი კონცენტრირების ჯამი. გამარჯვება მოდის სწორი ქმედებებით და იკარგება სიფხიზლის მოდუნებით. ადამიანის ხასიათი წინასწარ განსაზღვრულია აზრებისა და საქმეების საკუთარი არჩევანით, რაც დროთა განმავლობაში ჩვევად იქცევა. ჩვევების ერთობლიობა აყალიბებს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია ღირსეულად იცხოვროს, თუკი იცის საკუთარი და გარშემომყოფთა შინაგანი ფასეულობა.
ჩემსავით ალბათ თქვენც დასწრებიხართ სხვა და სხვა სახის ტრენინგებს მენეჯმენტის შესახებ, სადაც ძირითად ასწავლიან ზოგად წესებსა და პროცედურებს, დროის მართვის ასპექტებს, თუმცა იშვიათად მოგვისმენია, რომ გვითხრან: „მეტწილად თქვენ უფროსებს არ უყვართ შეწინააღმდეგება, რაიმე საპირისპირო აზრის გაგება. ამის მიუხედავად, უნდა გეყოთ გამბედაობა და თქვათ, რასაც მართებულად მიიჩნევთ – სწორედ ასე იზრდებით პიროვნულად და იმაღლებთ სანდოობას“.
შესაძლოა რუტინულად საკეთებელმა საქმეებმა ისე გადაგვღალოს, რომ ვერ გამოვნახოთ საკუთარ თავში ძალა გამოვთქვათ აზრი ისეთ საკითხებზე, რაზეც გაჩუმება არ შეიძლება. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას და ჩვენს ხელთაა პროფესიული წინსვლის „ბედ-იღბალი“. მთავარია, განვსაზღვროთ რა არის ჩვენი ხედვა და რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი დასახული მიზნის მისაღწევად. რათქმაუნდა, შესაძლოა ვამჯობინოთ ჩუმად ყოფნა, რადგან ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე საუბრის წამოწყება, რომლის შედეგად პრობლემის ინიციატორის იარლიყიც კი შეიძლება მოგვაკრან. მაგრამ ერთერთი თამამი არჩევანია, როცა პატივს სცემ საკუთარ ხმას და ამბობ სიმართლეს, როცა შეგიძლია გამოხატო, რასაც გრძნობ და ამის შედეგად იგრძნობ, რომ ნამდვილ სახეს კი არ მალავ, არამედ ავლენ პიროვნულობას, რითაც არ ირგებ როლს, სანახევროდ სხარტობისა და სანახევროდ ჰუმანურობის „სათამაშოდ“.
აი რას გვირჩევს ლიზ რაიანი, „ჰუმან ვორქფლეისის“ დამფუძნებელი და მმართველი: „თქვით საჯაროდ! ასე იქცევიან ლიდერები. ცხადია, ჩვენ არ ვსაუბრობთ ლიდერობის კრიტიკულ დეტალებზე, თუმცა ვსწავლობთ საკუთარი თავისგან, რომ ყოველი ჩვენგანი ლიდერია და ხელმძღვანელი თავის საქმეში. რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სამუშაოზე წასვლა არ ნიშნავს დავტოვოთ ჩვენი პიროვნულობა კარს მიღმა“.
დამეთანხმებით ალბათ, რომ დამოუკიდებლობა, შინაგანი წონასწორობა და მასთან დაკავშირებული სიხარული მხოლოდ საკუთარი თავის რწმენას მოაქვს. ის გვანიჭებს ძალას, რომ საკუთარი ხელით, საკუთარი გონებით მოვიპოვოთ ყველაზე ფასეული, რაც შეიძლება გაგვაჩნდეს – არჩევანის თავისუფლება. არ აქვს მნიშვნელობა, რა საქმეს ვეჭიდებით, რა მისიას ვიტვირთავთ, იმისგან დამოუკიდებლად ხელმძღვანელ პოსტზე ვართ თუ რიგითი შემსრულებელი, უნდა გაგვაჩნდეს მტკიცე მორალური პრინციპები, რომელთა გარეშე ჩვენ ცხოვრებას უბრალოდ აზრი ეკარგება.
სტატიაზე მუშაობისას ტრადიციულად გადავხედე სხვა და სხვა მასალას, მათ შორის რუსულ „ფორბსაც“ შევავლე თვალი, საკმაოდ საინტერესო პუბლიკაცია აღმოვაჩინე ჰილარი კლინტონის შესახებ ბიოგრაფიული მიმოხილვით დაწყებული ამჟამინდელი ვითარების აღწერით დამთავრებული. ამოვწერე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არა მარტო მისი პირადი ცხოვრებიდან, არამედ ამერიკის უახლესი ისტორიიდან: „არ ვიცი დავიცავ თუ არა საკუთარ ქორწინებას, მაგრამ მე მტკიცედ გადავწყვიტე, დავიცვა ჩემი პრეზიდენტი“ – ჰილარი კლინტონის ამ სიტყვებმა აღაფრთოვანა მთელი ამერიკა. ძნელია მიხვდე, რა შინაგანი ძალისხმევა დაჭირდა პირველ ლედის, როცა სახეზე ღიმილით და გამამხნევებელი ხელის ჩამორთმევით საჯაროდ წარსდგა პუბლიკის წინაშე და ფაქტობრივად იხსნა ბილ კლინტონი იმპიჩმენტისგან. თუმცა სწორედ ამ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება შეეცვალა ცხოვრების გეზი და საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე ზრუნვა დაეწყო.
ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ პასუხისმგებლობა ყალიბდება მთელი პროექტის შესრულების ყოველ ეტაპზე და არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე. ზოგიერთი ლიდერისთვის გუნდის წევრების მუშაობაში ჩაურევლობა გულისხმობს მისცეს სრული თავისუფლება ამა თუ იმ სტრატეგიით სამოქმედოდ. თუმცა ავიწყდება, რომ კონტროლის მექანიზმია საჭირო, რათა არ დაიკარგოს სიტუაცის მთლიანი სურათი. ზოგჯერ ადამიანები ცალკეული დეტალების მიმართ იჩენენ გადამეტებულ ყურადღებას და ერთ რაიმე წვრილმანზე ზედმეტი კონცენტირებით არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ. ასეთ შემთხვევაშიც კი, როცა საბოლოო შედეგით ცდილობენ დაშვებული შეცდომების გადაფარვას, მთლიანობაში მარცხი გარდაუვალია. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ პროექტის რეალიზების პროცესში მჭიდრო კავშირი და მუდმივი დიალოგი, რომელშიც ყველა ჩართული მხარე თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში არგუმენტირებულად ხსნის მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს, გვიცავს მცდარი შედეგებისაგან. სიტუაციის ერთობლივი გაანალიზება გაცილებით მომგებიანია და ყოველმხრივ ნაყოფიერი. ასეთი მიდგომა გვასწავლის საჭიროებისამებრ დადგენილ გეგმაში ცვლილებების შეტანას და მიზნის მისაღწევად მოქნილობის გამოვლენას.
„ფორბსის“ ერთერთ კონტრიბუტორი, იოზეფ ფოლკმენი აღნიშნავს, რომ დიდად აფასებს ადამიანებს, ვისაც შეუძლია, უკან დაიხიოს, შეამოწმოს ყველა ფაქტი, აწონ-დაწონოს შედეგები და ისე გააკეთოს სათანადო არჩევანი. პროფესიონალური 5 მიდგომიდან ერთერთი გულისხმობს, რომ ვიყოთ სტრატეგიულად მოაზროვნე და მომავალზე ორიენტირებული. „ხომ არ უთმობთ დიდ დროს მეილების კითხვას და შეხვედრებზე დასწრებას?! ძალიან ადვილია ისე ჩაეფლო სამუშაოში, რომ არასდროს იკითხო: „რატომ ვაკეთებ ამას? რა არის უფრო მნიშვნელოვანი?!“ ეს წარმოადგენს ერთერთ კრიტიკულ უნარს. უამრავ კომპანიაში, სადაც ყოველი თანამშრომელი იმდენად არის ფოკუსირებული თავის პროდუქტზე, რომ არავინ უყურებს კონკურენციას და არ ამოწმებს, რომ შესაძლოა კონკურენტის პროდუქტი გაცილებით უკეთესი იყოს და თან ღირდეს ნაკლები“.
პროფესორი უორტონ ადამ გრანტი თავის წიგნში „ავიღოთ თუ გავცეთ“ აყალიბებს ახალ შეხედულებას ურთიერთობათა ფსიქოლოგიის შესახებ. „იცით რა გამოარჩევს ლიდერს ჩვეულებრივი მენეჯერისგან?! ისინი საკუთარი ღირსების გრძნობით უშიშარნი არიან და აქვთ ურთიერთნდობის მაღალი ხარისხი. თანამშრომლების მიმართ პატივისცემას შემდეგნაირად გამოხატავენ: „მე აგიყვანეთ სამსახურში და თქვენ აირჩიეთ ეს სამუშაო, ჩვენ გვაერთიანებს საერთო საქმისადმი დამოკიდებულება. ამიტომ გენდობით და იგივეს მოველი თქვენგან, ჩვენ ყველას გვჭირდება ნდობა. ერთად განვიხილოთ ყველაფერი, რაც მოითხოვს განხილვებს და მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე. თქვენ ჩემზე უკეთ ერკვევით თქვენს საქმეში. მე ვისწავლი თქვენგან და თუ გამიმართლა, თქვენც აიმაღლებთ პროფესიონალიზმს ჩემგან სწავლის შედეგად“. ლიდერებმა იციან, რომ ისინი არ არიან ყოველთვის მართლები. მათ გააჩნიათ საკმარისი თვითშეფასება, რომ აღიარონ ეს და გულწრფელად გამოხატონ თავიანთი პოზიცია: „მადლობა, რომ ამიხსენით და მიმახვედრეთ. ყოველთვის მითხარით, თუ რამეში ვცდები, მე დიდად ვაფასებ ასეთ გამბედაობას“.
და ბოლოს, თუ გაინტერესებთ, როგორ მოემზადოთ პიროვნული ტრანსფორმაციისთვის, რათა იპოვნოთ საკუთარ თავში ძალა მიდგომის შესაცვლელად, გთავაზობთ გასული საუკუნის კლასიკოსის, ჯეიმს ალენის მიერ ფორმულირებულ 8 ბურჯს, რაზეც ფაქტობრივად შენდება ადამიანურ ურთიერთობათა მთელი სამყარო:
1. ენერგია, რაც შეუპოვრად გვიბიძგებს დასახული მიზნისკენ
2. მომჭირნეობა – საუკეთესო თვისებების შესანარჩუნებლად კონცენტრირების ძალა
3. პატიოსნება – ყვველა დაპირების, შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების შესრულება
4. მომართულობა – მუშაობისთვის საჭირო სისტემისა და პრინციპების დაცვა
5. თანაგრნობა – ზრუნვის გამოვლენა თავაზიანობით, გულუხვობითა და გახსნილობით
6. გულწრფელობა – ჭეშმარიტების ერთგულება და პირდაპირობა
7. მიუკერძოებლობა – ორივე მხარის პოზიციის გათვალისწინებით ქმედება
8. თვითდარწმუნებულობა – საკუთარი ღირსების გრძნობით ნდობის გამყარება
სწორი არჩევანის გაკეთება ყოველთვის გვიადვილდება, როდესაც ამ პრინციპებს განუხრელად ვიცავთ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიმყოფებით: ბიზნესში, პოლიტიკაში, ხელისუფლების სათავეში თუ დამწყები მეწარმე ვართ, სტუდენტი ან რიგითი მოხელე, მთავარია, შევინარჩუნოთ ღირსება ქცევის მამოტივირებლად.