ღვინის ექსპორტის როლი და გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე

ღვინის ექსპორტის როლი და გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე

ქართული ღვინის ისტორია, ველური ვაზის ფორმებიდან გამოვლენილ პერსპექტიულ ჯიშებამდე, საუკუნეებს მოითვლის, სწორედ ამიტომ იწოდება ჩვენი ქვეყანა „ღვინის სამშობლოდ“. ცნობილია, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლია.  ფაქტები და ისტორია სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, მეღვინეობის სექტორი ექსპორტის საფუძველზე გადაიქცეს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად.

გლობალური ეკონომიკის პირობებში ვაჭრობა უფრო მეტად არის გართულებული, ზოგადად ბაზარი და განსაკუთრებით კი ღვინის ბაზარი საკმაოდ არის გაჯერებული. საქართველოს როლი აღნიშნულ საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო ათწლეულია იზრდება. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა ღვინის სექტორში დადებითი გავლენა იქონია საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეული ადგილის დაკავებაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღევანდელი საექსპორტო ბაზრის წილი მაინც რუსეთს უჭირავს, რაც განპირობებულია იმით, რომ ღვინის სექტორში ჯერ კიდევ არის ბაზრის დივერსიფიკაციის პრობლემები, ხოლო რუსეთის წილის ზრდა მთლიან ექსპორტში იწვევს დაბალსეგმენტიანი ღვინის წარმოების წახალისებას. დღესდღეობით ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი 2.30 დოლარია, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც სწორედ მეზობელი ქვეყნის დიდი წილია ექსპორტირებულ რაოდენობაში, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის თავად კარნახობს ქართული ღვინის ბაზარს გასაყიდ ფასს.

თვალსაჩინოა, რომ წლიდან წლამდე ღვინის ექსპორტი იზრდება, რაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე დადებითად აისახება. აქედან გამომდინარე აქტუალურია ის საკითხიც, თუ რა როლი აქვს ღვინის ექსპორტს და საექსპორტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში?!

ღვინის სექტორს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მისი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში საკმაოდ სოლიდურია და 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით საშუალოდ 5,7%-ს იკავებს, ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ღვინო რიგით მეოთხე საექსპორტო პროდუქციაა საქართველოს მთლიან ექსპორტში. მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში იგი იზრდებოდა  მშპ-ის ზრდასთან ერთად.

ღვინის ექსპორტი და მშპ  2015-2021

ღვინის ექსპორტის წილი მშპ-ში 2015 -2021

მონაცემებიდან ჩანს, რომ ამ დროისთვის ღვინის ექსპორტის წილი მშპ-ში საშუალოდ 1.28%-ს უდრის.  2015 წლის მონაცემებით კი  ის 0.64%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს ექსპორტის მნიშვნელოვანი წილის ზრდა მშპ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში.

რეალური მშპ-ის და ღვინის ექსპორტის ზრდა

მონაცემთა ანალიზით დგინდება, რომ ყველაზე ძლიერი დადებითი კორელაცია ღვინის ექსპორტსა და მშპ-ის რეალურ ზრდას შორის 2018 წლიდან იწყება და 0.93-ს შეადგენს. ზემოთ მოყვანილი მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

ღვინის სექტორის არსებული პოტენციალი და მნიშვნელოვანი გავლენა ქართულ ეკონომიკაში რა თქმა უნდა შესამჩნევია, თუმცა საჭიროა აღნიშნული პოტენციალის გაძლიერება, რაც კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას ღვინის ექსპორტის წილის ზრდას მთლიან ექსპორტში და შესაბამისად გაზრდის ეკონომიკური ზრდის ტემპს, თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია, დარგში არსებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოკლე დროში იქნას გადაჭრილი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის სექტორი ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია, მარკეტინგული ღონისძიებების სიმცირე, პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, ყოველივე ეს განმაპირობებელი ფაქტორებია კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშესაწყობად. სექტორის მთავარ გამოწვევად რჩება ერთიანი სტრატეგიის არქონა, გამოწვევებია ფერმერულ მეურნეობებში, რომლებიც აწარმოებენ ყურძენს საქართველოში. ძირითადი პრობლემა ამ დარგში ფერმერული მეურნეობების მცირე მასშტაბიანობაა, რაც მიწის ფრაგმენტირებით არის გამოწვეული, რადგანაც ისინი მასშტაბის ეკონომიის პრინციპით ვერ ახერხებენ, მიიღონ პროდუქციის ერთეულ კგ-ზე გაწეული ხარჯის კონკურენტული ფასი. სწორედ  ამ და სხვა მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფოს ყოველწლიურად უწევს ყურძნის სუბსიდირება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გავლენას ახდენს ყურძნის სუბსიდირება ღვინის ექსპორტზე  და საბოლოოდ აქვს თუ არა სუბსიდირებას შედეგი დარგისთვის?!

რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი რამდენიმე წელია, მოქმედებს ქვეყანაში. როგორც სხვადასხვა წლის სტატისტიკიდან ირკვევა, სუბსიდიის სახით გაცემული თანხა მზარდია: 2017 წელი – 40 მილიონი ლარის სუბსიდია; 2018 წელი – 40 მილიონი ლარის სუბსიდია ; 2019 წელი – 80 მილიონი ლარის სუბსიდია; 2020 წელი – 104 მილიონი ლარის სუბსიდია, 2021 წელს კი 138 მილიონი ლარი. (იხ. დიაგრამა 6)

გადამუშავებული ყურძენი, ღვინის ექსპორტი და მთავრობის მიერ სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯი

მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რეგიონალური გამოწვევების ფონზე, დროა, სახელმწიფომ სუბსიდირების ეტაპობრივად მოხსნაზე იფიქროს. სუბსიდიის ძირითადი მიზანი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტს მზარდი ტენდენცია აქვს, გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი მიღწეულია და ახლა სხვა მექანიზმების ამუშავების დროა. აღნიშნული პროგრამის გაგრძელება  უკვე იწვევს ნედლეულის (ყურძნის) ჭარბ წარმოებას, ასევე ფერმერების დემოტივაციას,  აწარმოონ ხარისხიანი ყურძენი. ისინი არ არიან მოტივირებულნი დაინტერესდნენ და მოსინჯონ სხვა კულტურების წარმოება, რადგან სუბისიდირების პროგრამამ არასწორი სტიმულები გააჩინა სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო თუ მცირე ფერმერთა უმრავლესობა მევენახეობის სუბსიდირებაზე დამოკიდებულების გამო ფაქტობრივად აღარ ერთვება სხვა შრომით საქმიანობებში, რაც კადრების მოძიებისა და დასაქმების პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ხდება რეგიონებში. ეს უარყოფითი ფაქტორები  დღესდღეობით აქტიურად მუშაობს ნეგატიური ზეგავლენის ზრდაზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში. არაპირდაპირი სუბსიდიიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასევე სახელმწიფო ღვინის კომპანიების მხრიდან კონკურენციის გაწევაა კერძო სექტორის მწარმოებლებთან, რადგან სახელმწიფოს მიერ ნაწარმოები და შემდეგ აუქციონზე გამოტანილი ღვინომასალა ხშირად თვითღირებულებაზე ნაკლები თანხით იყიდება. აღნიშნული საკითხიც საბაზრო ეკონომიკური პრინციპების მიხედვით შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

დროული იქნება ეტაპობრივად შეიცვალოს სუბსიდიის ხარჯების მიმართულება და სტრატეგია, შესაძლებელია ეს იყოს სავაჭრო მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირებაც უცხოურ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს მწარმოებლებს, შევიდნენ საერთაშორისო ქსელებში. გარკვეულწილად ისინი საკმაოდ მაღალ სავაჭრო საკომისიო გადასახადებს აწესებენ კუთვნილ სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განსათავსებლად. სწორი გამართული პროგრამის მეშვეობით მსგავსი ჩართულობა  მნიშვნელოვანი სტიმული გახდება სექტორში მომუშავე მეწარმეებისთვის, რადგან კომპანიების ფინანსური ხარჯების საკმაოდ დიდი ნაწილი მიწოდებისა და მარკეტინგის ხარჯებს უჭირავს, რომელშიც ასევე სავაჭრო მარკეტინგული ხარჯიც არის გათვალისწინებული. მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუ  საერთაშორისო ბაზრებზე, სავაჭრო ქსელებში შესვლის ხარჯებზე ისინი მიიღებენ გარკვეულ თანამონაწილეობას სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მათ გააქტიურებას ევროპისა და სხვა სტრატეგიული ქვეყნების ბაზრებზე. შესაბამისად, ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასსა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის დონეს მიეცემა ზრდის შესაძლებლობა. გარკვეულწილად შესაძლებელი გახდება გაიზარდოს კომპანიების მოგებიანობის მაჩვენებელიც, რაც შემდგომში მათ წარმოების გაფართოების საშუალებას მისცემთ, ეს უკანასკნელი კი შესაძლებელია  გამოხატული იყოს  მეტი ნედლეულის (ყურძნის) შესყიდვაში მათი მხრიდან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჭიროა კონტროლის გაფართოება საქართველოს ფარგლებს გარეთ საექსპორტო ბაზრებზეც, რათა სხვადასხვა ქვეყანაში არ მოხდეს ქართული ღვინის ბრენდების ფალსიფიცირება. საჭიროა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც ქართული ღვინის მიკვლევადობის პროცესს უზრუნველყოფს.

საგარეო ფაქტორებმა შესაძლოა, გარკვეულწილად იმოქმედოს ექსპორტის დინამიკაზე, ამიტომ მწარმოებლებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება როგორც საგარეო, ისე საშიანო ბაზრების დივერსიფიკაციაზე. შიდა ბაზრის დივერსიფიკაციაში შესაძლებელია მოვიაზროთ ღვინის ტურიზმიც, რადგან ტურისტული ნაკადების დაინტერესება ღვინის ტურიზმით მზარდია. ამასთან ერთად, გარდა გამოფენებზე მონაწილეობისა, საჭიროა შემუშავდეს ერთიანი სტრატეგიული ხედვა და მოხდეს ქართული ღვინის ბრენდინგი საერთაშორისო სამიზნე ბაზრებისთვის. მნიშვნელოვანია, უცხოელი მომხმარებელი ქართულ ღვინოს იცნობდეს მისი ხასიათით, ხარისხითა თუ საფასო სეგმენტით. ამისათვის საჭიროა იმ 8000-წლიანი ისტორიის გამოყენებაც  და სწორი კომუნიკაციის ფორმის ჩამოყალიბებაც, რაც ქართულ ღვინოს როგორც ბრენდს გააცნობს და მეხსიერებით აღქმაში დარჩება მის საერთაშორისო მომხმარებელს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე, რომ ისეთი ისტორიული და ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ექსპორტირებული საშუალო ფასი საკმაოდ დაბალია  (2.30 დოლარი), რაც შესაძლებელია, არასწორ წარმოდგენებს  იწვევდეს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის შესახებ. ამისათვის მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებზე გაკეთდეს აქცენტი, სადაც ქართული ღვინის საშუალო ექსპორტირებული ფასი უფრო მაღალია. შესაბამისად, მსგავს ქვეყნებში ხარისხსაც მეტი ყურადღება ექცევა. ასეთ ქვეყნებად შესაძლებელია მოვიაზროთ აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია.  თუ  აღნიშნულ ქვეყნებზე გაკეთდება აქცენტი როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, ეს უკანასკნელი გარკვეულ პერიოდში იმოქმედებს ექსპორტის რაოდენობრივ და ღირებულებით ზრდაზეც, ასევე გამოიწვევს საშუალო ექსპორტირებული ფასის ზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააჩენს მეტად ხარისხიანი ღვინის წარმოების მოტივაციას ღვინის მწარმოებლებში. საბოლოოდ კი ქვეყანა მიიღებს დივერსიფიცირებულ საექსპორტო ბაზარს, ხარისხიან პროდუქტს, დამსახურებულ იმიჯს საერთაშორისო ბაზრებზე და, რაც მთავარია, მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.