ღვინით ნათქვამი სიმართლე

ღვინით ნათქვამი სიმართლე
ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილების შემდეგ, ბენო ქაშაკაშვილმა ძალების მოსინჯვა ღვინის წარმოებისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში სცადა. ასე ჩაეყარა 2015 წელს საფუძველი VINOTEL-ის მარანს, მასთან აფილირებულ სასტუმროსა და რესტორანს და ღვინის კომპანია VINOTELLS-ს. ბენო ქაშაკაშვილმა სწორედ VINOTEL-ში გვიმასპინძლა და საკუთარი წარმოების ღვინის თანხლებით აღნიშნულ ბიზნესში შესვლის მოტივაციაზე, სექტორის გამოწვევებსა და კომპანიის მიღწევებზე გვესაუბრა.

ბატონო ბენო, პროფესიით თუ მთები მოგეხმარათ, მოგვიყევით, როგორ მიხვედით იქამდე, რომ VINOTELLS-ის მიერ წარმოებულმა ღვინოებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, ასევე LONDON Decanter-ისა და დიუსელდორფის MUNDUS VINI-ის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა?

პროფესიით ინჟინერ­-­მეტალურგი ვარ, საბჭოური განათლებით ჩემს სფეროში, მოგვიანებით სამეცნიერო ხარისხით, ღირსეული გამოცდილებითაც, რომელიც, სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა, ბოლოს რუსთავში მეტალურგიული წარმოების ხელმძღვანელიც ვიყავი.

მთით არაერთხელ მოვიარე ჩვენი სამყარო ჩრდილოეთიდან, ალასკიდან ანტარქტიდის ჩათვლით, უშბის მწვერვალით დაწყებული – ევერესტით დამთავრებული, ჰიმალაების, პამირის, ტიანშანის, ანდების უმაღლესი მწვერვალები. ერთადერთი ქართველი ვარ ამერიკული პროგრამის ყველა კონტინენტის 7 უმაღლესი მწვერვალით და მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთებიც ფანტასტიკური აქვთ და ვენახებიც სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა თუ არგენტინაში, მაგრამ რაჭის მიკროზონას, რომელიც ოთხივე მხრიდან მთებით არის ჩაკეტილი, ვერცერთი ვერ ედრება. იმერული თუ კახური ანალოგი მეტ­-­ნაკლებად შეიძლება შედარდეს იტალიურ, ფრანგულ, ავსტრალიურ, თუნდაც ნაფა-­ველის ღვინოებს. რაჭის ღვინო განსაკუთრებულია – შეუდარებელია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

მთებთან მეგობრობა ჩემთვის მოტივაცია იყო, ინჟინერია – ალბათ მხოლოდ ტექნიკურ გადაწყვეტილებებში დამეხმარა. ღვინო ოჯახში, როგორც ქართველების უმეტესობას, სულ გვქონდა. პირველი მასწავლებელი ჩემი ბებია იყო, შემდეგ მამა და სულ მეგონა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ღვინო გვქონდა ბაღდათის მარანში.

ღვინოსთან პროფესიულმა შეხებამ დამანახა, რომ ეს სასიამოვნო, კარგი, გულთან, ტრადიციასთან და კულტურასთან დაკავშირებული საინტერესო ბიზნესია, რომელიც გამომდინარე VINOTEL-იდან, რამდენიმე კარგმა მეღვინემ შემომთავაზა. მე, რაც არ ვიცი, ვცდილობ, პროფესიონალთან ერთად ვისწავლო. ასეც გამოვიდა, უფრო ადვილი მეგონა, უფრო რთული აღმოჩნდა რეალობაში.

რომელ მიკროზონაში რა მოცულობისაა თქვენი წარმოება? რამხელა გუნდია თქვენ უკან?

როგორც იმერელს, რა თქმა უნდა, ბაღდათში მაქვს იმერული მარანი – ქვევრები ღია ცის ქვეშ – მცირე ვენახები „პრობკის“ ტყის მიმდებარედ, რომელიც ბერიას მითითებით პორტუგალიური ჯიშებით გაუშენებიათ. რაჭაში ხვანჭკარის ზონაა და ეს უკვე მეუღლის მემკვიდრეობაა: ქვევრებიც, მარანიც, ვენახებიც და სახლიც. კახეთში ნაფარეულის მიკროზონაში ძირითადი ბანაკია, გათვლილი ამ სამ მიკროზონაზე – სამ ტერუარზე და სრულიად გამართული ინჟინრულად, მუხის კასრებითა და ფრანგული Montgillard-ით – ხელით დამზადებული ელექტრონული მართვის მუხის ფლასკებით. მთავარი მონაპოვარი კი ჩვენი გუნდია, რაც, ჩემი ხედვით, დღეს პრობლემურიცაა და მნიშვნელოვანიც, რადგან მეღვინეობა ყველგან ნდობასთანაცაა გადაჯაჭვული.

მე არ ვიცოდი, საფრანგეთში თურმე მეღვინეობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეღვინე ერთი მუხლით მიწაზე და ერთი ხელით გულთან ფიცს დებს, რომ მომხმარებელს არასდროს მოატყუებს. ე.ი მთავარი არის ამ საქმეში, ტყუილი არ თქვა. ჩემი აზრით, უფრო მძიმე ფიცია, ვიდრე ექიმის – ჰიპოკრატეს ფიცი. ჩვენი მოცულობა მცირეა, სამივე რეგიონში სეზონურობის მიხედვით, საქმე მაქვს მეღვინე-­მევენახე-­დამხმარესთან და პარადოქსია, მაგრამ უფრო მეტ, დაახლოებით 45 ღვინის კომპანიასთან VINOTELის ქსელით.

ტერუარი, ჩემი აზრით, არის ისტორიის, ადამიანების, განსაკუთრებული მიწის ერთობლიობა, ღმერთისგანაა ნაბოძები, ვამბობთ, ხოლო მეღვინე არის ცოდნის, საქმეში ამბიციისა და სინდისის ტანდემი. თუ რომელიმე შემადგენელი დააკლდა აღნიშნულს, ღირსეული წარმატება გამორიცხულია. პატივს ვცემ ყველას, ყველა ბაზარი მისასალმებელია ჩემთვის, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის წინსვლა არ არის, ეს სამუშაო ადგილებისა და ტრადიციის შენარჩუნებაა, განვითარებაა, რაც მახარებს დღეს ამ სფეროში და შესაბამისად ასახულია ამ დარგის ციფრებში.

მსოფლიოში ყველას ესმის, რომ, როდესაც მილიონობით ბოთლს აწარმოებ, ვერ გექნება მაღალი ხარისხი, მაგრამ არ მესმის, როცა ამბიცია გაქვს ნატურალურ წარმოებაზე, საოჯახო მეურნეობაზე, ოჯახის წევრების სახელობით გამოცემაზე და ჰერბიციდებითა და პესტიციდებით ავსებ ბოთლს. მე არ ვიკადრებ, რომ ჩემი ოჯახის წევრებს შევთავაზო პროდუქტი და არ მივაწოდო სწორი ინფორმაცია. ჩვენი კომპანია ასევე ექცევა ყველა მომხმარებელს. გვქონია ერთეული მაგალითები, საეჭვო პროდუქცია საფრანგეთში ლაბორატორიაშიც გაგვიგზავნია, რაც ძალიან ძვირია. სამაგიეროდ, მიგვიღია პატივისცემა და მადლობა მეღვინეებისგან, თუმცა გულდაწყვეტა და სიჩუმე მათგან, ვინც საოჯახო მეღვინეობებში ასეთ მარკეტინგულ ეშმაკობებს მიმართავს.

პროდუქციას მხოლოდ ქართული ტექნოლოგიით აწარმოებთ?

კი, რა თქმა უნდა, მივყვებით საამაყო ტრადიციას. ფრანგული ფლასკებით კი ვიტყოდი, რომ ევროპული სტილიც გვაქვს. გვაქვს შეცდომებიც, რაც ყველას ძალზე გვტკივა. ექსპერიმენტებში გაგვიმართლა, ალუბლის ნატურალური სახალისო და გამაახალგაზრდავებელი სასმლის „ბენედიქტინის“ წარმოებაში; ხოლო საახალწლოდ რამდენიმე ათასი ბოთლი „შამპანური“ გვექნება, შამპანიდან გვყავს კონსულტანტი და დარწმუნებული ვარ წარმატებაში.

ქვევრების ნახევარი მეღვინე ლევან გაგუნაშვილმა დამილუქა როგორც უხარისხო, რადგან აღმოჩნდა, რომ შეცდომები დავუშვით ყიდვისას, რაც მოგვიანებით ღვინოში გამოჩნდა. ჩავატარეთ კვლევა რამდენიმე პროფესორ­-­მეცნიერის ჩართვით, ქიმიური, სხვა მეთოდების გამოყენებით, რამაც „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ჯილდო და მადლობა მიიღო. მსგავსი კვლევა ბოლოს ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით 160-გვერდიანი ნაშრომით გერმანელებმა GIZ-მა BMZ-თან თანამშრომლობით 2017 წელს ჩაატარეს, რამაც სერიოზული დისკუსია გამოიწვია მეღვინეებში. ჩვენი ქართული ქვევრი ტრადიციულ წარმოებაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მიკროზონები, თავისი მინერალებით, ისტორიით და მადლიან მიწაზე გახარებული ვენახებით. თუ სადმე აქ ამ პროცესში იტყუები, ოქროს ბოთლშიც ვერ დამალავ.

გულდასაწყვეტია, რომ თითზე ჩამოსათვლელი მექვევრეებიდან აწყდები ისეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს, ვინც გულგრილობით, ანუ უცოდინარობით გაკეთებული ქვევრით მევენახეს და მეღვინეს წლის განმავლობაში დილიდან საღამომდე თავდადებულ შრომას წყალში უყრის. ერთს გავიხსენებ, ყველასთვის გამორჩეულმა მეღვინემ, იაგო ბიტარიშვილმა ქართველი მეთუნეების მიმართ თავისი გულისტკივილი გამოთქვა, და საგულიხმოა, რომ, გერმანელების კვლევით, რომელიც აღვნიშნეთ, კომუნისტური ქვევრები გამოწვის ხარისხით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე თანამედროვე, და გვახსოვს, რა ყურადღება ექცეოდა ქვევრის თუ ღვინის ხარისხს საბჭოეთში. სამწუხაროა, რომ დღემდე არ არსებობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, UNESCO-ს მიერ აღიარებული ქართული ქვევრის შესახებ მეცნიერული წიგნი, რომლითაც ქვევრის სტანდარტიზაცია იქნებოდა შესაძლებელი, რაც ინვესტორებს მოტყუებისგან დაიცავდა და ღვინოს – ,,გამოხდისგან“.

VINOTELLS-ის მარანი აფილირებულია სასტუმროსთანაც, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესში სხვადასხვა კატეგორიისა და ცოდნის ადამიანები არიან ჩართულნი – ეს არ ართულებს მენეჯმენტს?

სიმართლეს გეუბნებით, არ მქონია საქმე ან ცოდნა არც სასტუმროსთან, მით უმეტეს არც რესტორანთან დაკავშირებული. მთელი ჩემი რეპუტაციისა და წარმატების საიდუმლოება ეს წესიერი, პროფესიონალი ადამიანების ტანდემია, რომლებმაც ნდობა გაამართლეს. მეღვინეებს, ვინც ჩვენ გვასახელა ევროპაში რეპუტაციულად და კომერციულად, კეთილდღეობა შევუქმენით. სამწუხაროდ, კადრებიც დავკარგეთ, ევროპის კარის გახსნამ ბევრ სიკეთეს, მაგრამ კვალიფიციურ საკადრო გადინებასაც ხელი შეუწყო, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ქართული ღვინით უკრაინასა და რუსეთში გააგრძელა მეტი წარმატებით საქმიანობა, რასაც მხოლოდ მივესალმები, განსაკუთრებული სტუმრებიც მოგვემატა.

ვის გამოარჩევდით ასეთი სტუმრებიდან?

განსაკუთრებული სერვისი დაგვიფასდა საერთაშორისო შეფასებაში სენტ­-­მორისსა და დუბლინში, როგორც საუკეთესო მარანი და რესტორანი – „Luxury Heritage Restaurant in Europe” და „Best Wine Selection in Eastern Europe”.

ამ ემოციით გამოვყოფ ილია თოფურიას და მის ოჯახს, რომელიც ახლა გვესტუმრა. რუსთაველები ვართ, მასთან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა, თან მისი ბედნიერი ფეხით ახლა ფეხბურთიც მოვიგეთ. რადგან სპორტს შევეხეთ, გავიხსენებ კვარაცხელიას, ხვიჩაც რუსთავიდან შეძენილი ჩემი მეგობრის შვილია, დღეს ვარსკვლავია. საამაყო ქართველი ლაშა ტალახაძე თუ NBA -ს ლეგენდა დირკ ნოვიცკი, რომელიც ზაზა ფაჩულიამ გამაცნო და NBA-ს თასი პირველად VINOTEL-ში მოიტანა პირადად ნიუ­-იორკიდან. გულწრფელად, როგორც ყოფილი მთამსვლელისთვის, საამაყო იყო რაინჰოლდ მესნერთან გატარებული ერთი კვირა და სვანეთში დამეთანხმა, რომ უშბაზე ლამაზი მთა ცხოვრებაში არ უნახავს, გვყავს საერთო მეგობარი, ალპინიზმის ლეგენდა დენის ურუბკო, რომელიც აქ, VINOTEL-ში როგორც სახლში, ისე გრძნობს თავს. ნიკა, გამახსენდა, ცისკარიძე ძველი მეგობარი, თუმცა სხვა ოპერიდან არის და მსოფლიოს ვარსკვლავია. რეჟისორი დევიდ ლინჩი კი აქ ვნახე და გავიცანი და სხვა.

ეს ადამიანები ღვინოსთან კი არა, ჩემთან მეგობრობენ, თუმცა ღვინოც კარგად ესმით. ასეთმა ბიზნესმა შემძინა ახალი ნაცნობ­-­მეგობრებიც და, მინდა ვთქვა, რომ მთელი ჩვენი საქმე ორიენტირებულია წარმატებულ ბიზნესმენებზე, რომლებიც მრავლად გვყავდა მეზობელი თუ ევროპული ქვეყნებიდან. როტშილდების, პოლსენის თუ ფერეროს ოჯახების შეფასებები ჩვენი მარნის ხარისხთან დაკავშირებით – ეს ნამდვილად მეამაყება. ღვინოც იციან, თავად აწარმოებენ ევროპაშიც, ერთი მათგანი საქართველოშიც კი.

არ გიხსენებიათ ოფიციალური პირები ან პოლიტიკოსები, რომლებიც გსტუმრობდნენ.

გადაჭარბებულია, მაგრამ დიახ, მსიამოვნებს, როცა ოფიციალური თუ პოლიტიკური პერსონა კარგად ერკვევა ღვინოში და მას ღირსეულად აფასებს. ვმეგობრობ კრის შლიტერთან, BP-ის შეფი იყო. მიხარია, ამერიკაში ქართული ღვინის ბიზნესი აქვს და ღვინის სიყვარული. დამამახსოვრდა ღვინის ცოდნით, ასევე NASA-ს VOYAGER – ის პროექტის ხემძღვანელი კასანი, CERN-ის დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი. ღვინის დაფასებით გამოვარჩევდი ასევე ჩინელ ჯეკ მას – „ალიბაბას“ დამფუძნებელს, რამდენადაც დეგუსტაციაზე რამდენიმე საათი დაყო. მიშელ პლატინი, არ ვიცი, სპორტსმენებს მივაკუთვნო თუ ოფიციალურ პირებს, როგორც ეს გამორჩეული ადამიანები, ხოლო პოლიტიკოსებიდან პირველ რიგში მახსენდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სწორი და დასაფასებელი შეფასებები და სახელმწიფოებრივი ცოდნა ამ კუთხით. ჩვენთვის საპატიოა, რომ სომხეთის პირველი პირებისგან VINOTEL-ში ძვირფასი კონიაკი გვაქვს სამახსოვროდ და მათი ძალიან თბილი კომენტარები, რასაც ვუფრთხილდებით. გარდა ამისა, უკრაინის ყოფილი ორი პრეზიდენტი გვყავს მიღებული და, ეს თემა რომ დავხურო, დღეს ვერ ვარ მოკრძალებული, ჩვენ ერთადერთი ქართული წარმოება ვართ, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე მოხვდა ღირსეულად, ჩვენთვის მადლობით, რაზედაც ასი მადლობა გვაქვს დაბრუნებული აშშ­-ის საელჩოსთან, რომელთანაც ბევრი წელია ვმეგობრობთ, ვართ AMCHAM-ისა და EBA-ის ღირსეული წევრები.

მენდეთ, რომ ჩვენი იმიჯი შექმნილია რეპუტაციული ქართველი და უცხოელი მეღვინეებითა და მაგისტრებით. ჩვენი რეპუტაცია შექმნილია ღვინის ხარისხით, სწორი საფასო სეგმენტით და არა ჭორებით. რამდენიმე ათეული ღვინის მაგისტრი მიგვიღია და მრავალი წელია, გვიბრუნდებიან. სახელმწიფოებრივმა მიდგომამ ამ სფეროში კი ყველა ჩართულ კომპანიას თუ მეღვინეს მეტი კეთილდღეობა მოუტანა.

დაბოლოს, რის შეცვლას ისურვებდით მეღვინეობის სფეროში?

გულწრფელობა, სიმართლე, ვისაც ეხება, ერთმანეთს პირში უთხრან და არა ყურში პროფესიონალმა მეღვინეებმა, მით უმეტეს – ამ სფეროში პასუხისმგებელმა პირებმა. ასეთი დამოკიდებულება ღვინის ხარისხს მხოლოდ არგებს და მეგობრობასაც არ დააზიანებს. ვინც პირიქით ფიქრობს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ცდება.

S