როგორ შევამციროთ კორუფცია?

როგორ შევამციროთ კორუფცია?

კო­რუფ­ცია უსა­მარ­თ­ლო­ა, უსამართლობა კი – კეთილდღეობისთვის საზიანო. რაც უფრო მაღალია კორუფცია, მით უფრო დაბალია სამართლის უზენაესობა, რადგან ამ დიადი სამართლებრივ-პოლიტიკური იდეალის არსებითად მნიშვნელოვანი პრინციპები – თანაბარი მოპყრობა და პროცედურული სამართლიანობა – ხელყოფილია. თუ ეს პრინციპები ირღვევა, მაშინ კორუფციისთვის ნაყოფიერი გარემოება ჩნდება.

კორუფცია ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ეკონომიკურ აქტივობაზე კორუფციის უარყოფითი გავლენის რამდენიმე არხი არსებობს. მათ შორის, ცენტრალურ როლს რენტის ძიება თამაშობს, როცა ძალაუფლების მქონე საკუთარ სარგებელს საზოგადოებისთვის მსგავსის შექმნის გარეშე ზრდის. რენტის მაძიებლის საქმიანობა მიზნად ისახავს სარგებლის მიღებას ეკონომიკური რესურსების განაწილების მანიპულაციით, რაც ზრდის მწარმოებელთა და მომხმარებელთა დანახარჯებს. მეორე – კორუფცია ზრდის განუსაზღვრელობას, ხოლო ასეთ პირობებში ეკონომიკური აგენტები აყოვნებენ ან საერთოდ უარს ამბობენ ინვესტირებაზე, რომლის მასშტაბი მთლიან ეკონომიკაზე აისახება. საბოლოოდ, ემპირიული ლიტერატურა ადასტურებს კორუფციის უარყოფით გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, განსაკუთრებით – განვითარებად ეკონომიკებში.

საქართველო კი ასეთი განვითარებადი ქვეყანაა, სადაც კორუფციას აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. მიუხედავად მრავალგზის სამთავრობო და არასამთავრობო ძალისხმევისა, კორუფციის პრობლემა კვლავ თვალში საცემია.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებში კორუფციის პრობლემის ხაზგასმა ტრადიციულია. ასეთი იყო ევროპული კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროპის კავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. საბოლოოდ, გასული წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ მანამდე მომზადებულ კომისიის ანგარიშში კვლავ მოხვდა კორუფცია და მასთან ბრძოლის საკითხი. ამჯერად, ევროპული კომისიის მიერ მომზადებულია ცხრა დათქმა, რაც ევროპის კავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

მმართველობითი ინდიკატორები – კორუფციის კონტროლი (-2.5:2.5)

წყარო: მმართველობითი ინდიკატორები, მსოფლიო ბანკი

სწორედ კანდიდატის სტატუსამდე რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომლის საჭიროება, კორუფციის შემცირების მიზნებიდან გამომდინარე, არც არსებობს. პირიქით, ასეთი ინსტრუმენტი შეიძლება პოლიტიკური ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპოზიციის შესაზღუდად იქნას გამოყენებული, რადგან ფუნქციებს შორის პოლიტიკური გაერთიანებისა და პოლიტიკური პირების ფინანსური მონიტორინგია.

ევროპული კომისიის დათქმა უკვე შექმნილი ბიუროს ეფექტიანობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ხოლო რეკომენდაციების შესრულების პროცესში დებატები ბიუროს ძალაუფლების გაფართოების, ხელმძღვანელის დანიშვნის წესისა და მსგავსი საკითხების ირგვლივ ტრიალებს და არა ასეთი საჯარო დაწესებულების საჭიროებაზე. სინამდვილეში ნებისმიერი სტრუქტურული მოწყობით ან ხელმძღვანელი პირის სტატუსით შექმნილი კვაზიდამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროც ვერ უზრუნველყოფს კორუფციის შემცირებას, რადგან ბიუროკრატიული ფუნქციებით კორუფცია დაუძლეველია.

პირიქით, ბიუროკრატიული ძალაუფლება თავად არის კორუფციის საფუძველი, რადგან კორუფცია პირადი სარგებლისთვის საჯარო უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა. კორუფცია არსებობს იქ, სადაც საჯარო პირებს (პოლიტიკური პოზიცია იქნება ეს თუ ბიუროკრატიული) საზოგადოებრივი საქონლის მიწოდების პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ან აქვთ ინდივიდებისა და ფირმების რეგულირების ძალაუფლება. შესაბამისად, კორუფციის დეტერმინანტი პოლიტიკური სტრუქტურაა, რომელიც ძალაუფლების მასშტაბს, ძალაუფლების განაწილებას, რეგულირების ფარგლებს, საჯარო სექტორის ზომას, საგადასახადო სისტემასა და სხვა დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს მოიცავს.

ემპირიული გამოცდილება სწორედ ამ ფაქტორებზე მიუთითებს. ეკონომიკურ თავისუფლებასა და კორუფციას შორის საპირისპირო კავშირია. რაც უფრო მაღალია ეკონომიკური თავისუფლება, მით ნაკლებია კორუფციის დონე. რაც უფრო ნაკლებია მთავრობის ძალაუფლება, ჩარევის მასშტაბი და საჯარო სექტორის ზომა, მით მეტია ეკონომიკური თავისუფლება.

პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურის ნაწილია თავად ამ ძალაუფლების განაწილება. ძალაუფლების დეცენტრალიზების პირობებში კი კორუფციის უფრო დაბალი დონეა მოსალოდნელი.

ამდენად, კორუფციის ელიმინაცია შეუძლებელია, მაგრამ შემცირება – კი. კორუფციასთან ბრძოლა არა ადმინისტრაციულო ორგანოებით და მათი ბიუროკრატიული ძალაუფლების გაფართოებით, არამედ მეტი ეკონომიკური თავისუფლების, მეტი პოლიტიკური დეცენტრალიზაციისა და ნაკლები ცენტრალიზებული რეგულირებული ძალაუფლების პირობებშია შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *