Photo Credits Getty
გაინტერესებს ესპანეთში გადასახლება? ახალი საცხოვრებელი ხარჯების კალკულატორი 11 ესპანური ქალაქის ხარჯებს ადარებს ერთმანეთს და გვიჩვენებს, სად შეიძლება უკეთესი ცხოვრების დონის მიღწევა.
Moving to Spain-ის თანადამფუძნებელი ალესტერ ჯონსონი თავს „სერიულ ემიგრანტად” მოიხსენიებს. სამხრეთ აფრიკაში დაიბადა, შემდეგ ლონდონსა და სიდნეიში ცხოვრობდა. 2015 წელს ჯონსონმა და მისმა მეუღლე ელისონმა გადაწყვიტეს, ავსტრალიიდან ვაჟთან ერთად ესპანეთში გადასულიყვნენ. ერთწლიანი შვებულების ადგილი მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა. სწორედ მასთან გაარკვია Forbes-მა, როგორ უნდა შეარჩიო ესპანური ქალაქი საცხოვრებლად.
„განსაცვიფრებელი ცხოვრების სტილი, დაბალი საცხოვრებელი ხარჯები და კარგი სკოლები – ადვილი არჩევანი იყო, – ეუბნება ჯონსონი Forbes-ს. – შვებულების სამი თვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი ახალი სახლია”.
ამ ახალი ცხოვრების ნაწილი გახდა Moving to Spain-ი – სარელოკაციო პლატფორმა, რომელიც სხვა ემიგრანტებს ამ პროცესში ეხმარება. ჯონსონის შეფასებით, აშშ-სთან შედარებით, ანალოგიური ცხოვრების სტილი ესპანეთში დაახლოებით 28%-ით იაფია.
როგორ მუშაობს კალკულატორი?
Moving to Spain-ის ახალი ინტერაქტიული კალკულატორი ზოგად საშუალო მაჩვენებლებს კი არ იყენებს, არამედ ხარჯვის ქცევით მოდელზეა აგებული – ასახავს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები რეალურად.
საცხოვრებელი ქირა გამოითვლება კვადრატულ მეტრზე ფასებისა და ტიპური ბინების ზომების მიხედვით. კომუნალური გადასახადები რეალურ მონაცემებს ეყრდნობა და საოჯახო ზომის მიხედვით სკალირდება. საკვები ხარჯები ყოველდღიური საქონლის სტანდარტული კალათით ითვლება სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში. მოდელი ასევე მოიცავს ჯანდაცვას, სპორტდარბაზს, გართობასა და ავტომობილის ხარჯებს.
რა ღირს ცხოვრება ესპანეთში სინამდვილეში?
ესპანეთი ხშირად ამერიკაზე იაფ ქვეყნად მოიხსენიება, მაგრამ მონაცემები უფრო დეტალურ სურათს ხატავს – გეოგრაფია გადამწყვეტ როლს თამაშობს.
საცხოვრებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Moving to Spain-ის მონაცემებით, კომფორტული ერთოთახიანი ბინა მადრიდში თვეში დაახლოებით $2,284 (€1,950) ღირს, ბადახოსში კი $702 (€600). ეს განსხვავება წელიწადში $18,740-ზე (€16,000) მეტია ერთი და იმავე ქვეყნის ფარგლებში.
სხვა ხარჯები ზოგადად ქალაქიდან ქალაქამდე ისე არ იცვლება, როგორც ადამიანები მოელიან. „საკვების ღირებულება არ იცვლება ქალაქებს შორის, არც სპორტდარბაზის ან ყავის”, – ამბობს ჯონსონი.
კომფორტული ცხოვრება პალმა-დე-მაიორკაში თვეში დაახლოებით $5,387 (€4,600) ღირს, მსგავსი დონე ბადახოსში კი – $3,396 (€2,900). სხვაობა თვეში $1,991-ს (€1,700) აღწევს, ანუ წელიწადში $23,423-ზე (€20,000) მეტს.
სად ღირს ცხოვრება?
უცხოელებისთვის, განსაკუთრებით ამერიკელებისთვის, ესპანეთი მიმზიდველია – ჯონსონის კლიენტების 90% გასული წლის განმავლობაში აშშ-დან ყოფილა. თუმცა დეტალები მნიშვნელოვანია: ესპანეთში გადასახადები ხშირად ამერიკულზე მაღალია, რასაც ბევრი არ მოელის. გარდა ამისა, რელოკაციის ხარჯები, ახალი სახლის მოწყობა და სავალუტო რისკი – ყველაფერი ითვლება. „დოლარის 10%-იანი გაუფასურება ნიშნავს, რომ ესპანეთში შენი საცხოვრებელი ხარჯები 10%-ით გაიზარდა”, – ამბობს ჯონსონი.
ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობები, ჯონსონის თქმით, ესპანეთის ყველაზე ცნობილ დანიშნულების ადგილებს მიღმაა. „გადი ქვეყნის შიდა რეგიონებში და შორს ყველაზე პოპულარული ლოკაციებიდან, იქ, სადაც ნაკლები ტურისტი და ემიგრანტია. სანაპიროები ძვირია, ისევე როგორც დიდი ქალაქები”.
ყველაზე ხელმისაწვდომი ადგილები
ამერიკელებს შორის პოპულარობას იძენს კოსტა-ვერდე – ესპანეთის ჩრდილოეთი სანაპირო პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის. „დაბალი ფასები და გრილი ამინდი ბევრისთვის საუკეთესო კომბინაციაა”, – ამბობს ჯონსონი. ასევე გამორჩეულია გრანადა – ცხოვრების სტილისა და ხელმისაწვდომობის კარგი ბალანსი. „დიდი ქალაქების გარშემო პატარა ქალაქები ჩვეულებრივ იაფია”.
ხანდახან პირიქით, ზოგი ადგილი მოულოდნელად ძვირია: „სან-სებასტიანი და ბილბაო გამონაკლისია – განსაცვიფრებლად ლამაზი და ფასიც შესაბამისი, – ამბობს ჯონსონი. – პოპულარული საპენსიო დანიშნულებები – დეია მაიორკაზე, ესტეპონა მალაგასთან და სიჩეს ბარსელონასთან – ქირაზე სერიოზულ პრემიუმს ატარებს”.
ვის ემსახურება ყველაზე მეტად?
ესპანეთის ფინანსური სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, საიდან შემოგდის შემოსავალი. დისტანციურად მომუშავეები, პენსიონერები და ისინი, ვისაც შემოსავალი ამერიკულ დოლარში აქვთ, ყველაზე კარგ პოზიციაში არიან. ადგილობრივად გამომუშავების შემთხვევაში ვითარება სხვაა – ესპანური ხელფასები ზოგადად დაბალია.
„ბევრი ადგილობრივისთვის ესპანეთში ცხოვრება წარმოუდგენლად ძვირი გახდა, რადგან ხელფასები ინფლაციასა და საცხოვრებლის ფასების სწრაფ ზრდას ვერ ეწევა, – ამბობს ჯონსონი. – უნდა გესმოდეთ, რომ ემიგრანტისა და ადგილობრივის გამოცდილება ძალიან განსხვავებულია”.
ესპანეთს შეუძლია მსურველებს აშშ-ზე დაბალი საცხოვრებელი ხარჯები შესთავაზოს – მაგრამ ნამდვილი სარგებელი მაშინ ვლინდება, როდესაც ზუსტად იცი, სად და როგორ უნდა იცხოვრო.













