2021 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Google-ის რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 69%-ითაა გაზრდილი და 50,44 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მთლიანი შემოსავალი Refinitiv-ის ანგარიშით 56,16 მილიარდი აშშ დოლარიდან, 61,88 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო გამომუშავება ერთ აქციაზე $19,34-დან 27,16 აშშ დოლარამდე ზრდას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით 83%-ითაა გაზრდილი YouTube-ის შემოსავალი და დღევანდელი მონაცემებით 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, YouTube-ი უახლოვდება Netflix-ის კვარტალურ შემოსავალს, რომელიც 7,34 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
კომპანიის უფროსი ბიზნესწარმომადგენლის განცხადებით, Google-ის შემოსავლების დიდ ნაწილი საცალო ვაჭრობაზე მოდის. ამას გარდა, ფილიპ შინდლერი აღნიშნავს, რომ ტელევიზორის საშუალებით YouTube-ის გამოყენება მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა. ჯამში, ყოველთვიურად 120 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს ტელევიზორებს YouTube-ის არხების საყურებლად. რაც შეეხება YouTube Shorts-ს, რომელიც TikTok-ის უპირობო კონკურენტად ჩამოყალიბდა, მარტის მონაცემებით, მას ყოველდღიურად 6,5 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
რაც შეეხება, Google Cloud-ის პლატფორმიდან მიღებულ შემოსავალს, წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს ზრდამ 3,01 მილიარდიდან 4,63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, Google Cloud-ი წარმოადგენს ინფრასტრუქტურულ და მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც „Google Docs“-ს, „Google Sheets“-ს და სხვა მექანიზმებს აერთიანებს.
Google-ის წარმომადგენლების განცხადებით, პანდემიის დამთავრებასთან ერთად, ისინი შემოსავლების უფრო დიდ ზრდას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ კომპანიაში სამუშაო პოზიციაზე თანამშრომლების დაბრუნება სექტემბრიდან იგეგმება.