ხმის ჩამწერი აკადემიის ახალი შეზღუდვით, Grammy Awards-ზე ნომინირებულებს შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკალური ნამუშევრები ვერ მოხვდება. აკადემიის გადაწყვეტილება „ადამიანური კრეატიულობისა და ენთუზიაზმის დაცვის“ სურვილითაა მოტივირებული.
ხმის ჩამწერი აკადემიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ნებისმიერი ნამუშევარი, რომელიც შეიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ელემენტებს, ასევე უნდა შეიცავდეს „ადამიანის საავტორო კომპონენტს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამუშევარი Grammy Awards-ის ნომინირებულებს შორის მოხვედრას ვერ შეძლებს. დაჯილდოებაზე დასაშვებობის ცვლადი, ხელოვანების მიერ ნამუშევრებში მინიმუმ 20%-იან მონაწილეობას ითვალისწინებს.
შედეგად, Grammy-ის კატეგორიების„დიდ ოთხეულში“, მათ შორის „საუკეთესო ახალი არტისტისა“ და „საუკეთესო ახალი ალბომის, სიმღერისა და ჩანაწერის“, ნომინანტებს შორის დასახელებულთა რაოდენობაც ათიდან რვამდე შემცირდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას Meta-ს მკვლევრებმა ახალი AI-პროგრამა MusicGen-ი წარადგინეს, რომელიც მომხმარებელს ტექსტის შეყვანის საფუძველზე მუსიკის შექმნის საშუალებას აძლევს. Financial Times-ის ცნობით, აპრილში Universal Music Group-მა წერილობით მიმართა სტრიმინგ-გიგანტებს, მათ შორის Spotify-ს, Apple Music-ს, YouTube-სა და TikTok-ს და მათ საკუთარ პლატფორმებზე AI-სთვის წვდომის შეზღუდვა მოსთხოვა.
თავის მხრივ კი, AI-ის როლი სხვა ინდუსტრიების მსგავსად მუსიკაშიც იზრდება და ცოტა ხნის წინ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, The Beatles-ის ბოლო სიმღერის გამოშვება პოლ მაკარტნიმაც დააანონსა.