ნეთანიაჰუ: Intel-ი ისრაელში ჩიპების $25-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

ნეთანიაჰუ: Intel-ი ისრაელში ჩიპების $25-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Intel-ი ისრაელში ჩიპების მწარმოებელი ქარხნის ასაშენებლად $25 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ავრცელებს.

ნახევარგამტარების მწარმოებელი ჯგუფის განცხადებით, „ბიზნესგეგმა საწარმოო ობიექტების განახლებას გულისხმობს ისრაელში“, ქვეყანაში, სადაც კომპანია 1974 წლიდან ოპერირებს. შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები Intel-ს არ გაუსაჯაროებია. ნეთანიაჰუს ინფორმაციით, ახალი ქარხანა კირიატგატში აშენდება, სადაც Intel-ის ორი ქარხანა უკვე მდებარეობს და ყველაზე დიდი ინვესტიცია იქნება, რომელიც ოდესმე ისრაელში განხორციელებულა.

ცნობისთვის, Intel-მა ორი წლის წინ გაფართოების გეგმის პირველი, $10-მილიარდიანი ფაზა გამოაცხადა, რომელიც კომპანიას დამატებით $15-მილიარდიან ვალდებულებას უქმნის უახლესი გიგანტური პროექტების სერიაში და, მცირე ინვესტიციების შემდეგ, Intel-ის წარმოების გაძლიერებას ითვალისწინებს. ინვესტიციები Intel-ს ტაივანურ TSMC-სთან ერთად ნახევარგამტარების ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან მწარმოებლად აქცევს.

ისრაელთან ერთად, Intel-ი 20 მილიარდი ევროს ღირებულების ქარხნის სუბსიდირების გაზრდაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან, ხოლო $50 მილიარდზე მეტის ინვესტირებას ოჰაიოში, არიზონასა და ირლანდიაში ახალი ობიექტების აშენებისა და არსებულში წარმოების გაფართოებისთვის გეგმავს. ამერიკულმა გიგანტმა გასულ კვირას ნახევარგამტარების წარმოებისთვის $4.6-მილიარდიანი ქარხნის მშენებლობა დააანონსა პოლონეთში, მსგავსი ობიექტის განვითარებისთვის კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს იტალიასთანაც.

საინტერესოა, რომ Intel-მა ნახევარგამტარებისთვის ახალი ობიექტების მშენებლობა კომპანიისთვის საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ დააანონსა, რომელიც მოთხოვნის ციკლურ კოლაფსსა და ამერიკული გიგანტის ფინანსებზე კოლაფსის უარყოფით გავლენას უკავშირდება. გარდა ამისა, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს Intel-ის შესაძლებლობას, ფეხი აუწყოს ნახევარგამტარების სწრაფად განვითარებად ინდუსტრიას და დააკმაყოფილოს AI-ის მიერ შექმნილი მზარდი მოთხოვნა.