“გრანდ ელექტრონიქსის“ პასუხი 2020-ს

“გრანდ ელექტრონიქსის“ პასუხი 2020-ს

გამოწვევებით დატვირთული 2020 მიილია. წლის დასაწყისში უამრავ კომპანიას მოუწია გადაეხედა გაყიდვებისა თუ დასაქმების ტრადიციულ მოდელებზე.

ყიდვა-გაყიდვის ტრადიციულ მოდელს წელს, როგორც არასდროს, ისე დაესვა კითხვის ნიშანი. ქართველმა მომხმარებლებმა გაზაფხულიდან მოყოლებული აქტიურად აითვისეს ონლაინ-შოპინგი. თუკი აქამდე ისინი მხოლოდ უცხოური ვებგვერდებიდან უკვეთავდნენ, წელს უკვე ქართული კომპანიების ონლაინ-მაღაზიებმაც აქტიურად დაიწყეს ფუნქციონირება.

ამან კი კომპანიები და მათი მარკეტინგის მენეჯერები გარდაუვალი საჭიროების წინაშე დააყენა: ვებგვერდი არა მხოლოდ საპრეზენტაციოდ ან საიმიჯოდაა საჭირო, არამედ პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვისთვისაც. კარგად აწყობილი ელკომერცია და საკურიერო სერვისი – ეს იყო ქართული კომპანიების წლევანდელი მთავარი გამოწვევა.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „გრანდ ელექტრონიქსი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ გამოწვევას სწრაფად უპასუხა და არა მხოლოდ გამართული ონლაინ-მაღაზია შესთავაზა ქართველ მომხმარებელს, არამედ – ონლაინ-შოპინგი 24/7-ზე ხელმისაწვდომი გახადა.

„გრანდ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე Forbes Georgia-ს იმ სამ მნიშვნელოვან სიახლეზე ესაუბრა, რომელიც 2020 წელს კომპანიაში განხორციელდა.

ნინი, მოგვიყევით ონლაინ-მაღაზიის ამუშავების თქვენეული გამოცდილების შესახებ

უკვე წლებია, რაც „გრანდ ელექტრონიქსში“ ტექნიკის ონლაინით შეძენა შესაძლებელია, თუმცა, ცხადია, ეს სერვისი ამ წლის გაზაფხულიდან გაცილებით აქტუალური გახდა. ლოქდაუნის პერიოდში კრიზისიდან გამოსავალი ცალსახა და ნათელი გახდა მთელი ჩვენი გუნდისთვის: მომხმარებლისთვის არა მხოლოდ მოქნილი ვებგვერდი უნდა შეგვეთავაზებინა, არამედ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ჩვენთან ონლაინ-შოპინგი. იმ პერიოდში შუაღამისას, შეკვეთის განთავსებიდან რამდენიმე საათშიც კი მიგვქონდა ხოლმე ტექნიკა ადგილზე და ეს ხდებოდა მაშინ, როცა ხალხი გარეთ საერთოდ არ გადიოდა.

ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ კი, შემოდგომაზე, ჩვენს უკვე არსებულ ოთხ ფილიალს მეხუთეც შევმატეთ საბურთალოს „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრში. 

2020 წელი უამრავი კომპანიისთვის რთული აღმოჩნდა HR მიმართულებითაც. მათ უმეტესობას თანამშრომლების გათავისუფლება ან უხელფასო შვებულებაში გაშვებაც კი მოუწია.

საბედნიეროდ, პირველ ლოქდაუნზე ჩვენ შევძელით და არც ერთი თანამშრომელი არ დაგვიკარგავს. ზაფხულში კი მასშტაბური დასაქმების პროგრამა გამოვაცხადეთ, საიდანაც არა მხოლოდ ავიყვანეთ ახალი კონსულტანტები, არამედ მათი პროფესიონალური კუთხით გადამზადებაც მოვახერხეთ, რათა მომხმარებლისთვის ტექნიკის სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტ-კონსულტანტების მომსახურება შეგვეთავაზებინა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ამ კუთხით განვახორციელეთ, ტრენინგ-ცენტრის შექმნა გახლდათ. ჩვენი თანამშრომლების მუდმივი გადამზადებაც სწორედ ამ ცენტრში ხდება. მათ ტრენინგებს არა მხოლოდ პროდუქციის შესწავლის კუთხით ვუტარებთ, არამედ გაყიდვების, ფსიქოლოგიის, სტრესის მართვის და ა. შ. მიმართულებებითაც. მეტიც, თუკი რომელიმე მათგანი რომელიმე კონკრეტული თემით განსაკუთრებით დაინტერესდება, მას შეუძლია ტრენერთან ერთად თემა დაამუშავოს და მოგვიანებით დანარჩენი კონსულტანტებისათვის სპეციალური კურსიც კი ჩაატაროს. 

წელს მეორედ დაიხურა მაღაზიები. ამ შემთხვევაში როგორ გაუმკლავდით დაბრკოლებას?

მეორეჯერ დახურვას ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებულები შევხვდით (რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო). შესაბამისად, ამ ეტაპსაც ახალი იდეები დავუპირისპირეთ. აღნიშნული პროექტის იდეა ჯერ მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისთვის ჩავიფიქრეთ, თუმცა შემდეგ ვთქვით: რატომაც არა, მოდი, ამაში ყველა ჩავრთოთ! და განვახორციელეთ.

იდეა არის შემდეგი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს “გრანდ ელექტრონიქსის“ გაყიდვების მენეჯერი, ანუ ონლაინით გაყიდოს ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი ხერხითა თუ არხით (პირადი კონტაქტები, ნაცნობები, სოციალური ქსელები). ჩვენ, ჩვენი მხრივ, თითოეულ მათგანს მოვამარაგებთ პროდუქტით, მარკეტინგული მასალებით – იქნება ეს ბანერი, დიზაინი, პრეზენტაცია თუ სხვა რამ. საჭიროა, რომ დაინტერესებული ადამიანები სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირდნენ და მიიღონ რეფერალ-კოდი. შემდგომში მათ მიერ მოზიდული მომხმარებელი სწორედ ამ კოდის მეშვეობით განახორციელებს შესყიდვას ვებგვერდზე, ჩვენი წარმომადგენლები კი თითოეულ ტრანზაქციაზე გაყიდული ტექნიკიდან კონკრეტულ პროცენტს მიიღებენ. მათი ანაზღაურებისა და ბონუსების საკმაოდ კომპლექსური სისტემა შევიმუშავეთ, ამიტომაც, ვფიქრობ, ეს იდეა ორივე მხარისთვის საკმაოდ მომგებიანი, win-win პოზიციაა.

როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა 2020-მა წელმა?

პირველ რიგში, ყველამ დავინახეთ ის, რომ ყველაფერი შეიძლება წამში შეიცვალოს და ჩვენ, კომპანიები, მაქსიმალურად მოქნილები უნდა ვიყოთ ასეთ დროს. ცხადია, არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფრის გეგმა წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული, თუმცა აუცილებელია ახალ პროექტებზე დროულად გადაწყობის უნარი გამოვიმუშავოთ.

2020-მა წელმა უბარალოდ შეგვახსენა, რომ ციფრული სამყარო ჩვენი გარდაუვალი მომავალია და რაც უფრო სწრაფად ვადაპტირდებით, მით უკეთესი იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მომხმარებლისთვისაც.