WEWORK -ი ისე გამოიყურება, იფიქრებ, კორონავირუსი მოკლავსო, ხოლო მისი ყველაზე ძველი და მსხვილი მეტოქე, შვეიცარიაში დაფუძნებული IWG კარგადაა პოზიციონირებული, პანდემიას რომ გადაურჩეს და, მეტიც, პოსტპანდემიურ პერიოდში გაიფურჩქნოს. ეს არცაა გასაკვირი. ბოლო-ბოლო, IWG -ის დამფუძნებელს, მარკ დიქსონს, ეს კინო უკვე ნანახი აქვს.
მარტის დასაწყისია. მარკ დიქსონი ლონდონის ფინანსურ უბანში განთავსებულ ტრენდულ საოფისე სივრცეში დააბიჯებს. ერთხანს ჩერდება და გაალმაცერებულ ხის კედლის პანელს ასწორებს, მერე კი შორიახლო მდებარე შეხვედრების ოთახში შედის, რომელიც ქალაქის ცის თვალწარმტაც ხედებზე იშლება. “ეს Brookfield-ის ახალი შენობაა, – ამბობს და ფანჯრიდან ერთად თავმოყრილ ცათამბჯენებს უმზერს. – ჩვენ აი, აქ ვართ“.
დიქსონი მარცხნივ გვახედებს: “ჩვენ Gherkin-ში ვართ, – აღნიშნავს და წაგრძელებული კვერცხის ფორმის ცნობილი ცათამბჯენისკენ იშვერს ხელს, მერე კი მარჯვნივ იყურება: – ჩვენ NatWest Tower-შიც ვართ, რომელიც აქვეა“.
შესაძლოა, მის შესახებ არაფერი გსმენიათ, მაგრამ დიქსონი, პრაქტიკულად, ყველგანაა. მისი შვეიცარიაში დაფუძნებული International Workplace Group-ი (IWG) – უწინ Regus-ის სახელით ცნობილი – აქირავებს, ქმნის და ქვეიჯარით გასცემს მოქნილ საოფისე სივრცეებს – საკონფერენციო ოთახებს, ოფისებსა და ე.წ. საზიარო სამუშაო სივრცეებს – 3,300- ზე მეტ ადგილას 110 ქვეყნის 1,200 ქალაქში. ასეთი გლობალური გაქანება მას მოქნილი სამუშაო სივრცის ყველაზე მსხვილ ოპერატორად აქცევს მსოფლიოში – გაცილებით მსხვილ ოპერატორად, ვიდრე მისი მეტოქე – მასზე ბევრად უკეთესი საჯაროობისა და ბევრად მეტი პრობლემის – მქონე WeWork-ია, რომელსაც 739 სივრცე აქვს 140 ქალაქში.
ამ გარემოებამ დიქსონი – IWG-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და უმსხვილესი მეწილე – სამსახურების დახურვის გლობალური პანდემიის შუაგულშიც მოაქცია. ამ თებერვალს, საფონდო ბირჟის პიკისას, დიქსონი, თითქმის $2-მილიარდიანი ქონებით, უფრო მდიდარი იყო, ვიდრე ოდესმე. მერე თავს კორონავირუსი დაგვატყდა, რომელმაც უამრავი დასაქმებული ადამიანი შინ გაუშვა, IWG-ის აქციების ფასი კი 75%-ით ჩამოაქვეთა და, ამ მხრივ, ის კრუიზების ოპერატორებისა და ავიახაზების გვერდით მოათავსა. მარტის შუა რიცხვებში, ანუ იმ დროისთვის, როცა Forbes- მა თავი მოუყარა მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგს, დიქსონმა, რომელიც IWG-ის დაახლოებით 30%-იან წილს ფლობს, ვერ შეძლო რეიტინგში მოსახვედრად საჭირო მინიმალური ზღვრის გადალახვა. ახლა, როცა სულ რაღაც ერთ თვეში $1 მილიარდი დაკარგა, მისი ქონება $800 მილიონთან არის ახლო.
“ეს 100-წლიანი შტორმია“, – ამბობს დიქსონი ლონდონში სეირნობიდან ორი კვირის თავზე. ის ახლა მონაკოში, თავის ბინაში გადის კარანტინს.
შინ მუშაობის კორპორაციული პოლიტიკა და მთავრობების მიერ დაწესებული იზოლაციური ზომები აბრკოლებს საზიარო საოფისე სივრცეებზე მოთხოვნას. ქვეყნიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კვალდაკვალ, IWG იძულებულია, დროებით დახუროს თავისი სივრცეები სადეზინფექციოდ, მათ შორის, 90 სივრცე ჩინეთში (კომპანიის თქმით, მისი ყველა სივრცე კვლავ გაიხსნა). მარტის შუა პერიოდში გავრცელდა ცნობები, რომელთა თანახმადაც, მეიჯარე დიქსონმა თავის საკუთარ მეიჯარეებს დიდ ბრიტანეთში წერილი გაუგზავნა ქირის გადასახადის სამთვიანი შეჩერების თხოვნით, იჯარის სამი თვით გაგრძელების სანაცვლოდ. რამდენიმე დღეში მან განაცხადა, რომ აუქმებდა თავის მომდევნო დივიდენდის გადასახადს და აჩერებდა აქციათა უკან გამოსყიდვის პროცესს, რაც მისი მხრიდან იყო “ოპერაციული ხარჯების შეჩერების, როგორც ზრდის, ისე მოვლა- შენარჩუნების კაპიტალური ხარჯების შეზღუდვისა და ფულადი ბრუნვის ოპტიმიზების“ მიმართულებით გადადგმული ერთ- ერთი ნაბიჯი.
ყველა ეს ნაბიჯი მისი გეგმის ნაწილია, რომლითაც უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ფინანსურად კონსერვატიული ფირმა არა მხოლოდ გაუძლებს პანდემიას, არამედ კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვა. გეგმამ, შესაძლოა, კარგად იმუშაოს – ორი მარტივი მიზეზის გამო: დიქსონს ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი აქვს, ის გადაურჩა თავდაპირველ დოტ- კომ კრიზისს, რომელმაც ლამის მოუკლა ბიზნესი, და ის ძალიან მკაცრი და თანამიმდევრულია კომპანიის მართვაში. მაშინ როცა WeWork-მა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, სილიკონის ველის რეცეპტების წიგნით იხელმძღვანელა და 2019-ის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით $2.2 წააგო $2.5 მილიარდის შემოსავლებზე, 60 წლის დიქსონმა IWG გაცილებით ნაკლებად მოდური მეთოდებით ააშენა: სტაბილური ზრდა, ლაზერული ფოკუსი საინვესტიციო უკუგებაზე და რეალური მოგებები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში 30-ზე მეტი მეტოქე ჰყავს შესყიდული. გასულ წელს, ოპერაციათა განვრცობის მეშვეობით, IWG-მა, წმინდა სახით, $180 მილიონი ჩაიჯიბა $3.5 მილიარდის შემოსავლებზე. შედეგად, ახალ ადგილებში $515 მილიონის ტოლფასი კაპიტალი ჩაიღვარა, მოხდა $65 მილიონის აქციათა გამოსყიდვა და მეწილეთათვის $20 მილიონის გადახდა დივიდენდების სახით. ბიზნესს, ოფიციალურად, $90 მილიონი აქვს ნაღდ ფულში და მცირედი წმინდა დავალიანება – დაახლოებით იმდენი, რამდენსაც წელიწადში ფულად ბრუნვას ახმარს. ეს ყველაფერი დიქსონს მყარ საყრდენს უქმნის ზუსტად იმ დროს, როცა ეს სასოწარკვეთილად სჭირდება.
“მე პარანოიდული ხასიათი მაქვს, – ამბობს ის. – მიმაჩნია, რომ ეს ბიზნესის მართვის ერთადერთი გზაა. შესაძლებლობები უნდა ეძებო, მაგრამ ჯანსაღად პარანოიდულიც იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი შეიძლება, ცუდად წავიდეს“.
ამ გაკვეთილის ათვისება იოლი არ ყოფილა. დიქსონმა, Ford- ის ინჟინრის ვაჟმა სასექსიდან (ინგლისი), სკოლა 16 წლისამ დატოვა, რათა სენდვიჩების ადგილზე მიტანის ბიზნესი ჩაეშვა, მერე ნაირგვარ სამუშაოებზე იმუშავა – ენციკლოპედიების გაყიდვით დაწყებული, მეტყევეობით დამთავრებული, დაბოლოს, 1989 წელს, – თავის 30-ე დაბადების დღემდე სულ ცოტა ხნით ადრე, – ბრიუსელში, პირველი საზიარო საოფისე სივრცე შექმნა. “ვხედავდი, როგორ არაეფექტიანად მუშაობდა ხალხი ათასგვარ სამუშაო ადგილას და ვიცოდი, რომ უძრავი ქონება ერთ- ერთი ყველაზე რთული რამ იყო, რასთანაც, როგორც კომპანიას, შეიძლებოდა, დაგეჭირა საქმე“, – ამბობს დიქსონი.
მისმა ფსონმა, რომ კომპანიები მთელ მსოფლიოში, სამუშაო სივრცეებზე წვდომის სანაცვლოდ, პრემიუმს გადაიხდიდნენ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თავის ტკივილებს სხვა გაუმკლავდებოდა, გაამართლა. მაგრამ ეს ბიზნესი განსაკუთრებულად მოწყვლადია გლობალური შოკების მიმართ – “11 სექტემბერი, SARS-ი [მწვავე რესპირატორული სინდრომი], ღორის გრიპი, ვულკანები, მიწისძვრები, ციკლონები, სროლები. თქვენ მხოლოდ ხელი დაადეთ – სადღაც რაღაც აუცილებლად ხდებოდა“, – ამბობს დიქსონი.
ყველაზე დიდი შოკი დოტ-კომის გასკლეცა იყო. დიქსონს, ის-ისაა, გაეყვანა IWG საჯარო ბაზარზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე და აშშ- ში მასიურ შეჭრას იწყებდა, როცა 2000- ში ტექნოლოგიურმა ბუშტმა იწყო სკდომა და საოფისე სივრცეებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დააქვეითა. მომხმარებლები გემს ტოვებდნენ და IWG-იც თვეში $4 მილიონს კარგავდა. აქციების ფასმა კოლაფსი განიცადა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი დაახლოებით $3.1 მილიარდიდან $55 მილიონამდე დავარდა. “უფსკრულის პირას ვიყავით“, – იხსენებს დიქსონი. მან თავისი ამერიკული ოპერაციები აშშ- ის გაკოტრების კოდექსის მე-11 თავს დაუქვემდებარა, რათა ხელახალი მოლაპარაკებები ეწარმოებინა თავის მეიჯარეებთან იჯარის პირობებთან დაკავშირებით, ხოლო რესტრუქტურიზაციის დაფინანსების მიზნით, თავისი საკონტროლო წილი მოგებიან ბრიტანულ ბიზნესში კერძო სააქციო კაპიტალის ფირმას მიჰყიდა. 2004 წელს, მოწესრიგებული საბუღალტრო წიგნით, დიქსონმა თავისი ყველაზე დიდი მეტოქე, HQ Global-ი შეიძინა, ამ უკანასკნელის საზიზღარი გაკოტრების შემდეგ, ხოლო მალევე თავისი ბრიტანული ბიზნესიც გამოისყიდა. “ფაქტობრივად, კატაპულტირება მოვახდინეთ, – ამბობს დიქსონი, – მაგრამ ამ მომენტის შემდეგ სუპერფრთხილად ვუდგებით ზრდას“.
გაფართოების პროცესშიც ფრთხილია და თავის მეიჯარეებს უფრო ბიზნესპარტნიორებად იხდის, ვიდრე უბრალო მომმარაგებლებად. ზოგ შემთხვევაში, IWG მათ უძრავი ქონების შემოსავლების ან მოგებების წილს აძლევს, უფრო სარფიანი პირობების სანაცვლოდ. IWG-ის იჯარათა მეოთხედზე მეტი ამგვარ ცვალებადობებს ექვემდებარება, ეს კი რისკს ამსუბუქებს: მეიჯარეებს გარკვეული უპირატესობები ეძლევათ ფინანსური აღმასვლებიდან, თუმცა დაღმასვლებზეც უნაწილდებათ პასუხისმგებლობა.
ბოლო პერიოდში დიქსონს ფრანშიზების მიმართულებით აქვს გეზი აღებული და მედი აქვს, რომ ზრდას სე რიოზულად შეუნთებს ცეცხლს იმით, რომ 2030-ისთვის ლიცენზირებულ უწყებებს IWG-ის გლობალური წარმომადგენლობის გაფართოების საშუალებას მისცემს 50,000 ადგილას – გაცილებით ნაკლები კაპიტალითა და რისკით, ვიდრე მარტომ რომ გადადგას ეს ნაბიჯი. შარშან იაპონიაში, ტაივანსა და შვეიცარიაში, ოპერაციებისგან დაცლის მიზნით, დიქსონმა დაახლოებით $560-მილიონიანი ხელშეკრულებები დადო ლიცენზირებულ უწყებებთან და, ამ მომენტისთვის, კიდევ სხვა 28 მეფრანშიზე პარტნიორთან აქვს გარიგება გაფორმებული, რათა ისეთ ადგილებში გაფართოვდეს, როგორიც გერმანია და გაიანაა.
ახლა, როცა კორონავირუსი გლობალურ ეკონომიკასა და IWG-ის აქციათა ფასებს ფეხქვეშ თელავს, ამ გეგმათა უმეტესობა შეჩერებულია. დიქსონისდა სასიკეთოდ, IWG-ის მომხმარებლები უფრო ისეთი მსხვილი მულტიეროვნული კომპანიები არიან, როგორიც HSBC-ია, და ისეთი საშუალო ზომის კომპანიები, როგორიც Telos-ია, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ სამუშაო სივრცეებს; მის მომხმარებლებს შორის ნაკლებად ნახავთ თავისუფალ განაკვეთზე მომუშავეებსა და პაწაწინა სტარტაპებს. მის მომხმარებლებს, საშუალოდ, უკვე ცხრა თვიდან სრულ წლამდე მოქმედი ხელშეკრულებებისთვის აქვთ ხელი მოწერილი. დიქსონის თქმით, მხოლოდ 10% თუა თვიდან თვემდე ან უფრო მოკლევადიანი კონტრაქტის ხელმომწერი, მაშინ როცა WeWork-ში ასეთ მომხმარებელთა რიცხვი 28%-ს შეადგენს. და მაშინ, როცა WeWork-ის პირველადი საჯარო შეთავაზების დოკუმენტები აჩვენებს, რომ კორონავირუსამდეც კი მის სამუშაო სივრცეთა მხოლოდ 30% იყო სტაბილურ ფულად ბრუნვაზე პასუხისმგებელი (რაც კომპანიის ჰიპერზრდის სტრატეგიის გარდაუვალი შედეგია), IWG-ის სივრცეთა 70%-ზე მეტი უკვე სტაბილურად იძლევა ფულს.
დღეს, როცა ინვესტიციები ახალ ადგილებში, სარემონტო სამუშაოები, დივიდენდები და გამოსყიდვა შეფერხებულია, შემოსული ფული კომპანიას შტორმის დაცხრომამდე დაეხმარება, ხოლო IWG-ის ზომა და გამოცდილი ისტორია დიქსონს გაუადვილებს ზოგიერთ მეიჯარესთან მოლაპარაკებას და ხარჯების დამატებით შეკვეცას. “ძალიან კარგად მართული ბიზნესია, – ამბობს ქალემ ბატერსბი – ანალიტიკოსი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ჰამბურგში დაფუძნებული Berenberg Bank-ის აქციებზე მუშაობს. – ზიანს მაქსიმალურად შეამცირებენ“.
ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კორონავირუსი, შესაძლოა, საბოლოოდ ღვთის კურთხევა გამოდგეს მოქნილი სამუშაო სივრცეების იმ პროვაიდერებისთვის, რომელთაც აქვთ უნარი, საკმაოდ ბევრს გაუძლონ, რომ მოგებულები დარჩნენ. Zion Market Research-ის თანახმად, ამ ინდუსტრიის ღირებულებას 2027-ისთვის ისედაც გაოთხმაგებას უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ახლა, შესაძლოა, ოპტიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ პანდემიამ შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ხალხი მიიზიდოს მსგავს სივრცეებში.
“ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ამჟამად, ასეთი რამის გამოვლის შემდეგ, მოქნილ სამუშაო სივრცეს არ იყენებს, ძალიან გაუჭირდება ნებისმიერი სახის გრძელვადიან იჯარაზე ხელის მოწერა, – ამბობს ლორა კოზელუზეკი, რომელიც ფლორიდასა და ნიუ- იორკში საზიარო სამუშაო ცენტრების ქსელ Quest Workspaces-ს მართავს. – გააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო დინამიკური, იმიტომ რომ არასდროს იცი, რა არის კუთხეში ჩასაფრებული“.
“[ცვლილება] უკვე დაწყებული იყო. ეს ვითარება უბრალოდ უფრო დაეხმარება“, – ამბობს დიქსონი, მერე კი, მისთვის დამახასიათებლად, სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს: “მაგრამ, პირველ რიგში, კრიზისი უნდა მოვიტოვოთ უკან”.
ახლა, როცა სამუშაო სივრცეები მთელ მსოფლიოში დახურულია, პანდემიის ყველაზე მაღალი პროფილის მქონე ერთ-ერთი მსხვერპლი, დიდი ალბათობით, ე.წ. ზღაპრული მარტორქაა. WeWork-ის არაერთი სივრცე დაიკეტა დროებით მას მერე, რაც თანამშრომლებს ან დამქირავებლებს Covid- 19 დაუდასტურდათ. დანარჩენი ოფისებიც, ფაქტობრივად, ცარიელია – თანამშრომლები შინ არიან გახიზნულები. კორონავირუსი ალბათ უარეს დროს ვერ დაატყდებოდა თავს წარმატების ყოფილ პრეტენდენტს. როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა აღმასრულებელმა Forbes-ს უთხრა, WeWork-ს პანდემია ისე სჭირდებოდა, “როგორც მსუქან ბავშვს – მეტი ნამცხვარი”.
ჯერ კიდევ ვირუსამდე WeWork-ი, 739 სამუშაო სივრცითა და თითქმის 662,000 წევრით მსოფლიოში, უკვე მიწაზე დანარცხებულიყო. ვრცელდებოდა უხერხული ცნობები თანადამფუძნებლის, ისრაელის ყოფილი საზღვაო ოფიცრის, ქარიზმატული ადამ ნოიმანის საეჭვო ქცევის შესახებ. მან არა მხოლოდ მილიონები იშოვა WeWork-ში სიტყვა we-ს დაპატენტებით (მოგვიანებით, მან ეს ფული დააბრუნა) და საკუთარი უძრავი ქონების კომპანიისთვის მიქირავებით, არამედ, გავრცელებული ინფორმაციით, ის აქეზებდა ღრეობასთან მომიჯნავე წვეულებების კორპორაციულ კულტურას, თავისი ტეკილებით, ძვირფასი სერფინგ- მოგზაურობებითა და მარიხუანათი გაჟღენთილი კერძო თვითმფრინავით ფრენებით. სექტემბრის მიწურულს მან თანამდებობა დატოვა. მალევე, სერიოზული წაგებებისა და მწვავე საიჯარო ვალდებულებების შესახებ გამჟღავნებული ცნობების ფონზე, პირველადი საჯარო შეთავაზება განხორციელდა. 2019-ის იანვარში $47 მილიარდად შეფასებული WeWork-ი ოქტომბერში მისმა წამყვანმა ინვესტორმა, იაპონურმა კონგლომერატმა SoftBank-მა იხსნა, რომელიც ბიზნესში დამატებითი $8 მილიარდის ჩაღვრას დათანხმდა, რის შედეგადაც, ჯამში, კომპანიის სააქციო კაპიტალისა და სასესხო დავალიანება $13 მილიარდს ასცდა. ამ ფინანსური დახმარების პირობების მიხედვით, WeWork-ი $8 მილიარდად იქნა შეფასებული, პიკურ ღირებულებაზე 80%-ით იაფად. ამასთან, ამ ვითარებამ ნოიმანს, კომპანიიდან გასვლის სანაცვლოდ, $1.7 მილიარდი არგუნა (რაც ახლა უკვე გაცილებით პატარა თანხას წარმოადგენს).
ცოცხალმა, მაგრამ მერყევ ნიადაგზე აღმოჩენილმა WeWork-მა ნოემბერში 2,400 თანამშრომელი გაათავისუფლა, ხოლო თებერვალში გარეშე პირი დაიქირავა აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე. მარტში მან თავისი დაპირებული ფლაგმანი, სათავო ოფისი – Lord & Taylor-ის ყოფილი შენობა მანჰეტენის მეხუთე ავენიუზე – Amazon-ს დაახლოებით $1 მილიარდად მიჰყიდა – სავარაუდოდ, ცხრანიშნა წაგების სანაცვლოდ. მერე კორონავირუსიც დაიწყო. მარტის შუა რიცხვებში მის ყველაზე დიდ სპონსორსაც კი გაუჩნდა კითხვები. SoftBank-მა WeWork-ის სხვა მეწილეებს უთხრა, რომ კომპანიას, შესაძლოა, არ გადაეხადა ის $3 მილიარდი, მათთვის რომ ემართა, მიზეზად კი ისეთი საკითხები დაასახელა, როგორიც ფასიანი ქაღალდების რეგულატორთა მიმდინარე გამოძიებები იყო. მარტის მიწურულს WeWork-მა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მოყვანილი იყო მისი 2019 წლის შემოსავალი – $3.5 მილიარდი (2018-ის მერე 90%-ით გაზრდილი), დაახლოებით $2 მილიარდი ნაღდი ფულის სახით და $2 მილიარდი წლის ბოლოს ნაკისრი დაფინანსების ვალდებულებებისთვის. “მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისი ფინანსური რესურსებითა და ლიკვიდურობით უზრუნველგვყოფს, რათა ჩვენი გეგმა განვახორციელოთ 2024-ის ჩათვლით, მათ შორის, Covid-19-ით გამოწვეული მოკლევადიანი გამოწვევები და არასტაბილურობა ვმართოთ“, – აცხადებდა WeWork-ი.
წერილში ერთი რამ არ იყო ნახსენები: კომპანიის გასაოცარი წაგებები. განსხვავებით გაცილებით მსხვილი მეტოქის, IWG-ისგან, რომელიც ყოველ კვარტალში წერს მოგებას, WeWork-ი მილიონობით დოლარს კარგავს ყოველთვე. ჯერ მარტო 2019-ის პირველ ცხრა თვეში ჯამურმა წაგებებმა $2.2 მილიარდი შეადგინა.
WeWork-ი თავისი სერვისების პოზიციონირებას, როგორც “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანისა“, ისე ახდენს, მაგრამ ზოგ დამქირავებელს უბრალოდ უნდა, რომ ოფისები დახურული დარჩეს. “ვიცი, რა თამაშიცაა“, – ამბობს ნატაია სიმონსი, დამქირავებელი ჰარლემში, რომელმაც წევრობა გააუქმა და უარს ამბობს აპრილის ქირის გადახდაზე. “ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების შემსრულებლებს არ ეხება. ეს მხოლოდ იმას ეხება, რომ შეძლონ თავიანთი ქირის გადახდა ისე, რომ არ გაკოტრდნენ, – დასძენს ჩეიზ ფიჯერი, Forbes-ის 30-წლამდელი, რომლის ბოლო ბიზნესმა, RxDefine- მა, ორ ქალაქში იქირავა სივრცე. – ჩემი აზრით, WeWork-ი პოტენციურად ყველაზე ცუდი ადგილია, სადაც ამ პანდემიის დროს შეიძლება, იყო“.