გულითადი თავდამსხმელი

გულითადი თავდამსხმელი

დევიდ ველესმა ბრაზილიის დიდი ბანკების მსუყე საკომისიოებისა და საძაგელი მომსახურების მოკვლა განიზრახა. ოპერაცია წარმატებული გამოდგა, თანაც იმდენად, ველესს ოცნებაშიც რომ არ წარმოედგინა. დღეს მისი საკომისიოებისგან დაცლილი Nubank-ი ყველაზე ღირებული ციფრული ბანკია მსოფლიოში, რომელსაც 35 მილიონი მომხმარებელი ჰყავს… თუმცა, ამას არ სჯერდება და კიდევ უფრო მეტს ცდილობს.

2012 წლის ზაფხულში დევიდ ველესი სან-პაულუში გადაბარგდა Stanford-ში ახლად მოპოვებული MBA-თი და ბრწყინვალე სამსახურით Sequoia Capital-ის პარტნიორის რანგში. დაგლას ლეონმა, Sequoia-ს უფროსმა, იმხანად 30 წლის კოლუმბიელი იმისთვის დაიქირავა, რომ ამ ვენჩურ-კაპიტალის გიგანტ კომპანიას ბრაზილიაში დაემკვიდრებინა თავი – 200 მილიონი ადამიანით დასახლებულ ახალგაზრდულ, რესურსებით მდიდარ ქვეყანაში, რომელიც ათი წლის მანძილზე წელიწადში 4%-იან ზრდას აჩვენებდა და მსოფლიოს მეშვიდე უმსხვილეს ეკონომიკად ქცეულიყო. მაგრამ 1 ოქტომბერს ლეონმა ველესს დაურეკა და ცუდი ამბავი აუწყა: ბრაზილიელი ანტრეპრენიორებისგან არაშთამაგონებელი წინადადებების განხილვისა და იმ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ, რომ წინა წელს სანპაულუს უნივერსიტეტი მხოლოდ 42 კომპიუტერულ მეცნიერს დაემთავრებინა, მას საქმიდან გასვლა გადაეწყვიტა. Sequoia-ს ბრაზილიური თავგადასავალი დასრულებულიყო.

ბრაზილიური ბანკები – ავადგანთქმული მაღალი საკომისიოებით, უხარისხო მომსახურებითა და იმის აშკარა უგულებელყოფით, თუ როგორ სწრაფად ცვლიდა ტექნოლოგია მომხმარებელთა მოლოდინებს – არ იყვნენ საფრთხისადმი იმუნურები.

„ეს ჩემს დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოხდა და პატარა შოკიც მივიღე“, – აღიარებს ველესი. ასე იყო თუ ისე, მას ყოველთვის სურდა საკუთარი სტარტაპის წამოწყება და, პირიქით, შესაძლებლობა სწორედ ბრაზილიელი ინოვატორების სიკვდილში დაინახა, რაც მისი ვენჩურ-კაპიტალისტი კოლეგების გულის აცრუების მიზეზი გამხდარიყო. „ბაზრის იმ მხარეს უნდა პოზიციონირდე, სადაც დეფიციტია, – განმარტავს ველესი. – აშშ-ში ზომაზე ბევრი კარგი ანტრეპრენიორია. ვიღაც, ვისაც ჩემნაირი გამოცდილება და წარსული აქვს, ფართო მოხმარების ობიექტს წარმოადგენს. ლათინურ ამერიკაში ამის სერიოზული დეფიციტი იყო“.

მალევე მან სამიზნე გაიჩინა: ბრაზილიის დიდი და, როგორც თავად ბრაზილიელების მონაყოლიდან ირკვევა, ტყვიაგამძლე ბანკები. მიუხედავად ამისა, ველესის აღქმით, ეს ბანკები – ავადგანთქმული მაღალი საკომისიოებით, უხარისხო მომსახურებითა და ახალი ტექნოლოგიებისადმი აშკარა გულგრილობით – არ იყვნენ საფრთხისადმი იმუნურები. და ასეც აღმოჩნდა. ჩაშვებიდან ათი წელიც არაა გასული და ველესის სან- -პაულუში დაფუძნებულ Nubank-ს 35 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მისი ღირებულება კი $5.2 მილიარდადაა შეფასებული. „ის, რაც ბრაზილიაში ხდება, არაფრით ჩამოუვარდება ნამდვილ რევოლუციას. ფხიზლდებიან ტრადიციული ბანკები, რომლებიც დიდხანს სრულიად უპრობლემოდ ცხოვრობდნენ“, – ამბობს ნაიჯელ მორისი – Capital One-ის თანადამფუძნებელი და Nubank-ის ინვესტორი.

„დევიდი $100 მილიარდზე მეტის ტოლფასი ფინანსური გიგანტის შექმნას აპირებს ლათინურ ამერიკაში”, – წინასწარმეტყველებს ვუდი მარშალი – TCVის პარტნიორი და Nubank-ის კიდევ ერთი ინვესტორი, რომელმაც ამ უკანასკნელში, ჯამში, $1.2 მილიარდი ჩაღვარა. ველესზე ფსონს მილიარდერების მიერ ზურგგამაგრებული ფირმები დებენ, მათ შორის, იური მილნერის DST Global-ი, პიტერ ტილის Founders Fund-ი, ჩეიზ ქოულმენის Tiger Global-ი… და კი, ლეონი და Sequoia-ც.

არანაკლებ შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ველესმა თავისი ფინანსური ტექნოლოგიის ბეჰემოტი მაშინ გააძლიერა, როცა უწინ ბუმის მოწმე ბრაზილია რეცესიის, კორუფციული სკანდალებისა და კოვიდ-19-ის ქარცეცხლში იყო გახვეული. არც ბრაზილიელთა გაფრთხილებებს შეუშინდა, რომ საბანკო ისტებლიშმენტი მას დაბლოკავდა… ან უარესს უზამდა. „მოგკლავენ, – იხსენებს ველესი ერთ-ერთი მეგობრის სიტყვებს. – შენს შვილებს გაიტაცებენ“.

1981 წელს კოლუმბიაში, მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა ოჯახში დაბადებული ველესი (მამამისის თერთმეტი და-ძმა, მეტწილად, ანტრეპრენიორები არიან) ხედავდა, როგორ უწევდათ ანტრეპრენიორებს გაჭირვებასა და ფათერაკებში თავის გატანა. ხედავდა, როგორ გაეპარტახებინა მისი მშობლიური ქალაქი მედელინი ნარკოტიკების ომებს. ახსოვს, ოჯახთან ერთად, როგორ გაასწრო წუთებით აფეთქებას სავაჭრო ცენტრში. ხოლო როცა უკვე მისი ერთ-ერთი ბიძა გაიტაცეს და დაიხსნეს, იმხანად 9 წლის ველესი, მისი მშობლები და ორი და (დღეს ორივე ანტრეპრენიორია) საცხოვრებლად კოსტარიკაში გადავიდნენ. იქ ველესის მამამ, რომელიც ორ ძმასთან ერთად კოლუმბიაში ღილების პატარა ქარხნის თანამფლობელი იყო, ბიზნესი ახლიდან წამოიწყო.

მეამბოხე ლიდერი – „თუ ბანკები დარტ ვეიდერია, მაშინ საკრედიტო ბარათები სიკვდილის ვარსკვლავი გამოდის, – ამბობს კრისტინა ჟუნქუეირა, Nubank-ის თანადამფუძნებელი. – ისინი ბანკების მიერ გამოყენებულ საზარელ იარაღს წარმოადგენს“.

ველესი ადგილობრივ გერმანულენოვან კერძო სკოლაში დადიოდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და Stanford-ში ჩარიცხვის შესაძლებლობა მოიპოვა, სადაც ინჟინერიაში სპეციალიზდებოდა და სილიკონ-ველის სტარტაპ-ციებ-ცხელებაში ჩართვაზე ოცნებობდა. მართალია, Google-ი Stanford-ის საერთო საცხოვრებელში დაბადებულიყო, ველესმა, ბაკალავრიატის სტუდენტის რანგში, ვერ შეძლო რაიმე პირადი დიადი იდეის მოგონება. კოლეჯის დასრულების შემდეგ წინდახედულად იქცეოდა: Morgan Stanley-ში, საინვესტიციო ბანკირად დაიწყო მუშაობა, ორი წლის შემდეგ კი კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა General Atlantic-ს შეუერთდა, რათა ლათინურ ამერიკაში მათი ინვესტიციების გამყარებაზე ეზრუნა. 2010-ში კვლავ Stanford-ს დაუბრუნდა MBA-სთვის და იმედოვნებოდა, რომ საკუთარი სტარტაპის კონცეფციასა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ამბიციურ ინსტინქტებს შეიმუშავებდა. მაგრამ სტუდენტობის პერიოდშივე, Sequoia-ს ლათინოამერიკული ბიზნესის განვითარების მიზნით, ის ლეონმა აიყვანა სამსახურში. ამ შესაძლებლობის გაქრობის შემდეგ ველესი კოსტა-რიკაში, მშობლების სახლში გაიხიზნა და თავისი თავდასხმის დაგეგმვას შეუდგა.

ველესი უჩვეულო თავდამსხმელია. ის სტაბილური, თანამიმდევრული მენეჯერი გახლავთ, რომელიც, პანდემიამდე, შეხვედრებს ერთწუთიანი მედიტაციით იწყებდა. თავისუფალ დროს მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს. მისი საყვარელი რომანი გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელია“, თუმცა აინ რენდის „ატლასმა მხრები გაშალას“ ფანიც არის, ვენჩურ-კაპიტალისა და Stanford-ის წლებმა კი ასწავლა, რომ ანტრეპრენიორს სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ ბაზარზე დამკვიდრებული ტლანქი, გაზულუქებული ბიზნესების დასამარცხებლად ტექნოლოგიას გამოიყენებს. „რა არის ბრაზილიაში ყველაზე დიდი ინდუსტრია? საბანკო სფერო. და რა არის ყველაზე მოგებიანი? საბანკო სფერო“, – ამბობს ის.

„Nubank-ს სილიკონის ხეობის ინვესტორი სჭირდებოდა, რომელსაც თავისი თვალით ენახა ამბავი პაწაწინა ჭიანჭველისა, სპილოს რომ უპირისპირდება და იმარჯვებს. ლათინოამერიკელი ინვესტორი უყურებს სიტუაციას და ამბობს, შანსი არაა. სპილო გაგსრესსო“.

ბრაზილიური ბაზრის 80%-ს მაშინ ხუთი ბანკი – Itaú, Bradesco, Santander-ი, Banco do Brasil-ი და Caixa – აკონტროლებდა. მომხმარებელს საზიზღარ მომსახურებას სთავაზობდნენ, მაგრამ საპროცენტო განაკვეთზე გასესხებითა და ცაში ავარდნილი საკომისიოებით მასიურ მოგებებზე გადიოდნენ. „ბრაზილიური ბანკები კოშმარია. ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება“, – იხსენებს ველესი ერთი ბრაზილიელი მეგობრის ნათქვამს.

მაგრამ 2010-იანების დასაწყისში ველესი მოწმე გახდა, როგორ სწრაფად ვრცელდებოდა ამ უშველებელ ქვეყანაში ე.წ. ფართოხაზოვანი ინტერნეტი და ჭკვიანი ტელეფონები. „გაჩნდა გიგანტური შესაძლებლობები, [ძირი გამოგეთხარა] ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიც საბანკო სფერო იყო, ამ შესაძლებლობებს კი სხვა არავინ აქცევდა ყურადღებას, რადგან ეს წარმოუდგენლად მიაჩნდათ“, – ამბობს ველესი და ამატებს: „Nubank-ს ვერასდროს წამოიწყებდა ადგილობრივი. …მას სილიკონის ხეობის ინვესტორი სჭირდებოდა, რომელსაც თავისი თვალით ენახა ამბავი პაწაწინა ჭიანჭველისა, სპილოს რომ უპირისპირდება და იმარჯვებს. ლათინოამერიკელი ინვესტორი უყურებს სიტუაციას და ამბობს, შანსი არაა. სპილო გაგსრესსო“.

ველესმა თვეები გაატარა ბრაზილიური ბანკების შიდა სამზარეულოში ჩახედულ პირებთან საუბრებსა და ისეთი ამბიციური ციფრული ბანკების შესწავლაში, როგორიცაა Capital One-ი აშშ-ში და ING Direct-ი ევროპაში. ის საკუთარი გეზის დასახვას შეუდგა. Nubank-ი მოღვაწეობას საკრედიტო ბარათებით დაიწყებდა და შემდეგ სხვა სერვისებზეც გადავიდოდა, ბერკეტად კი ტექნოლოგიას გამოიყენებდა, რათა დიდი ბანკების საკომისიოებზე დაბალი ტარიფები უზრუნველეყო და ისინი მოხერხებული მომსახურებითაც დაეჯაბნა. მენლო-პარკში (კალიფორნია), Sequoia-ს სათავო ოფისში გაემგზავრა და $1 მილიონი მოიპოვა თავისი მენტორი ლეონისა და ყოფილი ვენჩურ-კაპიტალისტი პარტნიორებისგან. კიდევ ერთი მილიონი დოლარი არგენტინული ვენჩურული ფირმა Kaszek-ისგან მიიღო.

Sequoia-ს პარტნიორმა, როლოფ ბოტამ უთხრა, რომ მას საბანკო გამოცდილების მქონე თანადამფუძნებელი სჭირდებოდა. ნაცნობის მეშვეობით ველესმა გაიცნო და დაიქირავა კრისტინა ჟუნქუეირა – Northwesternის Kellogg-ის MBA-ის მქონე 30 წლის ბრაზილიელი ინჟინერი, რომელსაც ის-ისაა, მიეტოვებინა Itaú-ს საკრედიტო ბარათების უმსხვილესი განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა. Nubank-ის ტექნოლოგიის შესაქმნელად, მესამე თანადამფუძნებლის რანგში, ველესმა 30 წლის ამერიკელი, Princeton-ის კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებული ედუარდ ვიბლი აიყვანა, რომელსაც Sequoia-ს პერიოდიდან იცნობდა.

„Nubank-მა შეძლო, ყოფილიყო სწორ ადგილას და სწორ დროს სწორი სტრატეგიით, – ამბობს თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი ედუარდ ვიბლი. – ყველა ბანკი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიად იქცევა“.

ტრიომ მუშაობა სან-პაულუში, ნაქირავებ სახლში დაიწყო, რომლის ზედა სართულზე ვიბლი ცხოვრობდა. 2014-ის აგვისტოში, Sequoia-ს თაოსნობით ჩატარებულ Series A დაფინანსების რაუნდზე, მათ $15 მილიონი მოიზიდეს, რა დროსაც ნაიჯელ მორისმა ინვესტიცია საკუთარი საგანგებო ფინანსური ტექნოლოგიის ვენჩურ-კაპიტალის ფირმა QED-ის მეშვეობით განახორციელა. გარიგების სისრულეში მოსაყვანად ველესმა დოკუმენტები საავადმყოფოში წაიღო, რათა ჟუნქუეირასაც მოეწერა ხელი, რომელიც იმ დროს პირველ ბავშვს აჩენდა.

ერთი თვის შემდეგ Nubank-მა თავისი პირველი პროდუქტი გამოუშვა: საკრედიტო ბარათი. Nubank-ი საბანკო ანგარიშებით ვერ იწყებდა მოღვაწეობას, იმიტომ რომ საბანკო ჩარტერის მოპოვებას წინ დიდი ბიუროკრატიული დაბრკოლებები ედგა – ბრაზილიური კონსტიტუციის წესდება, რომელიც ბანკის უცხოურ მფლობელობას კრძალავს. მაგრამ საკრედიტო ბარათებისთვის საბანკო ლიცენზია არ სჭირდებოდათ. ამასთან, ბრურ საკრედიტო ბარათებს ცაში ავარდნილი საპროცენტო ტარიფები ჰქონდათ – იმ დროისთვის 200%-დან 400%- მდე წელიწადში, რაც ნიშნავდა, რომ მომხმარებლებს ან სრულად უნდა გადაეხადათ ბარათებისთვის ყოველთვე, ან კი Nubank-ისთვის მცირედი ფული მიეცათ. მართალია, ველესი ფულის შოვნას, პირველ რიგში, ე.წ. მიმოცვლის საკომისიოთი განიზრახავდა, – საკრედიტო ბარათთა გაყიდვების იმ 5%-ით, რასაც მოვაჭრეები უკან უბრუნებენ ბარათის გამცემებსა და ბანკებს, – მაგრამ არც იმას მოერიდებოდა, დაგვიანებით გადამხდელები პროცენტითა და საკომისიოებით რომ დაეჯარიმებინა.

ნაცვლად იმისა, მწირი ნაღდი ფული მარკეტინგზე დაეხარჯათ, Nubank-მა სილიკონ-ველიში გავრცელებული „ხავერდის თოკის“ სტრატეგია გამოიყენა: თავიდან, მისი საკრედიტო ბარათი რომ მოგეთხოვა, მეგობარს უნდა მიეპატიჟებინე. ეს ყალბი ექსკლუზიურობა იქით იყოს და ბრაზილიელების მოხიბვლა Nubank-ით სავსებით გასაგებია: Nubank-ი მათ არავითარ წლიურ გადასახადს არ ართმევდა და განაცხადებს მთლიანად აპლიკაციის მეშვეობით უმკლავდებოდა. ისინი, ვინც ბარათებისთვის კვალიფიცირდებოდნენ, რამდენიმე წუთში იღებდნენ შეტყობინებას, ხოლო ყურადღების მიმქცევი მეწამული ფერის საკრედიტო ბარათები სულ რაღაც ორ დღეში ეგზავნებოდათ. ამასთან, ყველაფრის გაკეთება – საკრედიტო ხაზის გაზრდის მოთხოვნებითა და კომუნალურების გადახდით დაწყებული, თაღლითობასთან დაკავშირებული განცხადებებით დამთავრებული – აპლიკაციის მეშვეობით იყო შესაძლებელი.

საპირისპიროდ, თითქმის ყველა ბრაზილიური ბანკი წლიურ საკომისიოებს ყველაზე მარტივი საკრედიტო ბარათებისთვისაც კი ითხოვდა და ყველაზე დაბალი ტარიფი $20-ს შეადგენდა. ეს ყველაფერი როდი იყო. ბანკები მომხმარებლებს თვიურ გადასახადებსაც აკისრებდნენ ყველანაირი სერვისისთვის, იქნებოდა ეს თაღლითობისგან დაცვა თუ ტექსტური შეტყობინებები. 2019-ში ბრაზილიური ბანკების შემოსავლის თითქმის 40%-ზე სწორედ საკომისიოები იყო პასუხისმგებელი, მაშინ როცა, JPMorgan-ის ანალიზის თანახმად, მექსიკის, არგენტინის, პერუსა და ჩილეს ბანკებისთვის ეს მაჩვენებელი 15%-დან 20%-მდე შეადგენდა. დიდი ბანკები კვლავაც უძალიანდებიან პროცესებს, მაგრამ Nubank-ი ამ მსუყე საკომისიოებს უზარმაზარი წნეხის ქვეშ აქცევს.

ძველი ანდაზა გვამცნობს, რომ „ბრაზილია მომავლის ქვეყანაა და მუდამ ასე იქნება“. ეს სიტყვები ამ ქვეყნის რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკის აღმასვლა-დაღმასვლებით გაჯერებულ ბუნებასაც განასახიერებს და იმ შეგრძნებასაც, რომ მისი დიდი პოტენციალი გამუდმებით იფლანგება. „ის გარემოება, რომ ყველა ხედავს მაკროეკონომიკურ სურათს და ადამიანთა 99% შეშინებულია, ჩვენთვის შესაძლებლობას ქმნის, დინების საპირისპიროდ ვიცუროთ, – ამბობს ველესი. – ვფიქრობთ, რომ 10, 20 ან 30 წელიწადში ბრაზილია თავის გზას იპოვის“.

2014-ის მიწურულს ბრაზილია ღრმა რეცესიაში ჩაეშვა. მიუხედავად ამისა, სულ რაღაც 12 თვეში, მილიონზე მეტი ადამიანი ჩადგა Nubank-ის ბარათის მომლოდინეთა რიგში. ზარალისგან თავდასაცავად, Nubank-მა განაცხადის შემომტანთა მხოლოდ 20%-ს დაუმტკიცა ბარათები და მათ ულტრადაბალი, $14-ის ტოლფასი ხარჯვის ლიმიტები დაუწესა, რომელთაც მხოლოდ მაშინ სწევდა ზემოთ, თუ გადახდა დროულად ხდებოდა. და Nubank-ი განუწყვეტლივ ცდიდა ახალ გზებს, რათა მონაცემებით რისკები შეეფასებინა; მაგალითად, არა მხოლოდ აპლიკანტის საკრედიტო ისტორიას ითვალისწინებდა, არამედ მის გადახდების ისტორიასაც.

2016-ში Nubank-ის საკრედიტო ბარათების მომხმარებელთა რიცხვმა 1 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის სულ სახალხო რეკლამებისა და მომხმარებელთა ურთიერთრჩევების დამსახურება იყო. ჰოდა, ველესიც მზად აღმოჩნდა, გაზისთვის უფრო ძლიერად რომ მიეჭირა. იმავე დეკემბერს, იური მილნერის ვენჩურ-კაპიტალის ფირმის თაოსნობით, $80-მილიონიანი დაფინანსების რაუნდი ჩაატარა. ამის მასშტაბურობა რომ დავინახოთ, კონტექსტია საჭირო: PitchBook-ის ანგარიშით, იმავე წელს, ბრაზილიის ერთად აღებულმა ყველა სტარტაპმა სულ რაღაც $340 მილიონის ვენჩურული კაპიტალი მოიზიდა. ველესმა მოგროვებული თანხიდან თავისი ულუფა ასობით ტექნოლოგიური თანამშრომლის დასასაქმებლად გამოიყენა და დამატებით ტალანტებზე წვდომისათვის გერმანიაშიც გახსნა ოფისი.

2017-ის მაისში, როცა საპრეზიდენტო დადგენილებით Nubank-ი უცხოურ მფლობელობასთან დაკავშირებული კანონებისგან განთავისუფლდა, მათ, როგორც იქნა, ბრაზილიური საბანკო ლიცენზია მოიპოვეს. ახლა უკვე შეეძლოთ მიმდინარე და შემნახველი ანგარიშების შეთავაზებაც, რომლებიც, ცხადია, მთლიანად ციფრული იქნებოდა. თუ ტრადიციული ბანკები მაშინ თვეში მთელ $10-ს იღებდნენ ერთი ანგარიშისთვის (და დამატებითი საკომისიოები იყო საჭირო ბანკომატიდან თანხის განაღდებისა და სხვა მარტივი სერვისებისთვის), Nubank-ის ანგარიშები უფასო იყო, თუ არ ჩავთვლით ხარჯების ზრდით განპირობებულ $1.2-ს, რომელიც სხვა ბანკების ბანკომატთა გამოყენების შემთხვევაში ეჭრებოდათ მომხმარებლებს. ხუთ თვეში Nubank-ის საკრედიტო ბარათების 4 მილიონი მომხმარებლიდან 1.5 მილიონმა ახალი სერვისების გამოყენებაც დაიწყო.

Nubank-ი სწრაფად იზრდებოდა, – 2019-ში, $78 მილიონის წაგებაზე $523 მილიონის შემოსავალი დაეწერა, – როცა მსოფლიოს კორონავირუსი დაატყდა თავს. აი, მერე კი კიდევ უფრო სწრაფი ზრდა დაიწყო. მომხმარებელთა მომსახურე ფინანსური ტექნოლოგიების მსგავსად, მანაც მნიშვნელოვნად იხეირა ლოკდაუნებითა და შიშით, მით უფრო, რომ უფროსი თაობის ბრაზილიელებსაც დაეწყოთ მობილურებითა და ვებით საბანკო აქტივობების განხორციელება. 2020-ში Nubank-ის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა – $963 მილიონამდე, ზარალი კი $44 მილიონამდე შემცირდა.

რა გასაკვირია, რომ ბრაზილიაში მიმბაძველებიც გამოუჩნდა. დღეს იქ უკვე იჩეკებიან ციფრული ბანკები, ტრადიციულები კი უფრო აქტიურად ახორციელებენ ტექნოლოგიაში ინვესტიციას. ზოგი ექსკლუზიურად ციფრულ სერვისებსაც უშვებს. პასუხად, ველესი ახალ ფუნქციებს ამატებს. გასულ წელს Nubank-მა ციფრული ინვესტირების პიონერი პლატფორმა შეისყიდა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი გამოუშვა – ისეთი, რომ პირველ ორ თვეში 100,000 პოლისის გაყიდვა შეძლო.

ამგვარი დივერსიფიკაცია ციფრული ბანკების გრაალის თასია, მაგრამ ცოტამ თუ შეძლო ეს წარმატებით. „Nubank-ი გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს”, – ამბობს QED-ის მორისი. მომხმარებელთა კმაყოფილება მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. JPMorgan-ის ბოლოდროინდელ კვლევაში Nubank-ის მომხმარებელთა მოთხოვნადობის ინდექსი (კმაყოფილებას რაც ზომავს) 86-ს შეადგენდა, მაშინ როცა Itaú-მ 53 ქულა მიიღო, Bradesco-მ კი 43. „Nubank-ი გაჩვენებს, რისი გაკეთება შეგიძლია. საკმარისია, ღილაკს თითი დააჭირო და მუშაობას იწყებს“, – ამბობს ბრუნო ალვისი, 28 წლის მომხმარებელი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სალვადორიდან.

2019-ში Nubank-ი არგენტინასა და მექსიკაში გაფართოვდა, გასულ წელს კი – ველესის მშობლიურ კოლუმბიაში. მართალია, შეხვედრათა უმეტესობა ინგლისურად მიმდინარეობს, კომპანიის საერთაშორისო შტატისთვის მოსახერხებელი რომ იყოს, საზღვრის ჩრდილოეთით კონკურენციას ველესი არ გეგმავს.

თავისი ცოლი, მარიელ რეის მილკი, ველესმა 2013 წელს, სან- -პაულუს ერთ-ერთ ბარში, საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენელთა შეკრებაზე გაიცნო. ეს გავლენიანი წყვილი „გლობალურ სოფელს“ განასახიერებს: მარიელს ამერიკელი დედა და პერუელი მამა ჰყავს და მსოფლიო ბანკში მუშაობის პერიოდში ურუგვაიში, აშშ-სა და ფილიპინებში ცხოვრობდა. მათი სამი შვილი ბრაზილიის მოქალაქეა. თავად ველესი როგორც კოლუმბიის, ისე კოსტა-რიკის მოქალაქე გახლავთ. „ჩემი ცოლი და მე ხშირად ვამბობთ, რომ არ გვაქვს საკუთარი ეროვნება, საკუთარი ფესვები, – ხუმრობით უთხრა ველესმა ბრაზილიურ ჟურნალს 2019 წელს. – უამრავ ადგილას გვიცხოვრია და ყველგან გრინგოებად ვითვლებოდით“.

მართალია, ველესი შეერთებულ შტატებში ოფისის გახსნას არ გეგმავს, ის იქ Nubank-ის საჯარო ბაზარზე გატანას განიხილავს – მეტწილად, „მარკეტინგული ღონისძიების“ სახით. მაგრამ არ ჩქარობს. „ჩვენ ფეხბურთის მატჩის პირველი ტაიმის პირველი წუთის პირველ წამზე ვართ, – ამბობს ეს გულითადი თავდამსხმელი. – ლათინურ ამერიკაში სულ ფეხბურთის გამოყენება გიწევს მეტაფორად“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *