ოპერაცია სიმდიდრის სიჩქარე

ოპერაცია სიმდიდრის სიჩქარე

კოვიდ-19-მა მოიტანა საშინელი ტანჯვა, ეკონომიკური ტკივილი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა… და კაცობრიობის ისტორიაში სიმდიდრის უდიდესი აქსელერაცია. რატომ შეიძლება, პანდემიის ეს პარადოქსი, ნაცვლად ჭმუნვისა, ზეიმის მიზეზად იქცეს?

2020-ის 18 მარტს შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით გამოწვეული 150-ე სიკვდილი აღრიცხა ქვეყანაში, პარალელურად კი, მსოფლიოს უმეტეს ნაწილთან ერთად, ცდილობდა, გაერკვია, რა ხდებოდა საერთოდ. ბაზრის ძირითადი ინდექსები 5%-ით დაეცა, არადა წინა დღეს 6%-იანი ნახტომი გაეკეთებინა. გაზაფხულის უქმე დღეებით მოსარგებლენი არხეინად ერთობოდნენ ფლორიდაში, მაშინ როცა ოფიციოზმა კანადასთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო Forbes-ის სტატისტიკური გუნდი მსოფლიოს მილიარდერთა ქონებებს ადევნებდა თვალს ჩვენი 34-ე ყოველწლიური რეიტინგისთვის და უნებურად გლობალური სიმდიდრის პატარა სურათს ქმნიდა ზუსტად იმ მომენტში, როცა სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავის ყველაზე გამანადგურებელ 12 თვეში აბიჯებდა ფეხს.

ამ პერიოდში სიკვდილის ეს 150 შემთხვევა აშშ-ში 550,000-მდე გაიბერა. მსოფლიომ დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი დაკარგა. ათობით მილიონი სამუშაო ადგილი უბრალოდ აორთქლდა და აორთქლდა ასიათასობით მცირე ბიზნესიც. დისტანციური მუშაობა ეგზოტიკურიდან სტანდარტულ მოვლენად გარდაიქმნა. გარეუბნები არა მოსაწყენ, არამედ უკვე ერთობ სასურველ ადგილებად იქცა. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა რასასა და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებულ მგზნებარე მსჯელობებს დაუდო საფუძველი. საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიულ ნორმებს მოუწყო გამოცდა. მიუხედავად ამისა, პარალელურ რეჟიმში, არაერთი ინდივიდი, ინდუსტრია და ინვესტიცია აყვავდა.

მსოფლიოს მილიარდერები / Forbes

ჩვენ მიერ ამ უნებურად შექმნილი პატარა სურათიდან ერთი წლის შემდეგ გავიმეორეთ მარტის მილიარდერთა აუდიტი, ცენტრალური საზომი კი გასული წლის სეისმური ცვლილებებიდან ავიღეთ. შედეგებმა აჩვენა, რომ არაფრის გაზვიადება არაა საჭირო, ჰიპერბოლა აშკარაა: ბოლო 12 თვეში Forbes-ის რეიტინგს 439 ადამიანი შეუერთდა მთელი მსოფლიოდან, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 17 საათში ერთხელ ახალი მილიარდერი იწრთობოდა. აქტივთა მზარდმა ფასებმა რეიტინგს უწინ ჩამოცილებული 250 ადამიანი ათნიშნა სტატუსს დაუბრუნა. ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, მილიარდერების მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა: მარტო 61 გამოაკლდა რეიტინგს მიზეზებით, რომლებიც სიკვდილს არ წარმოადგენს. ეს კი რეიტინგის ისტორიაში სიიდან გავარდნილთა ყველაზე დაბალი პროცენტია. საბოლოო ჯამში, Forbes-ის შეფასებით, ახლა 2,775 მილიარდერი არსებობს გლობალურად, მაშინ როცა წინა წელს მათი რიცხვი 2,095-ს შეადგენდა. და მოსაზრება, რომ მდიდრები მდიდრდებიან, არასდროს ყოფილა ასე ზუსტი: ამ ადამიანების ქონება, ერთად აღებული, $13.1 ტრილიონს შეადგენს – მთელი $5.1 ტრილიონით (!) მეტს, ვიდრე პანდემიის დასაწყისში. ეს რიცხვები განუზომელ – და, დიდწილად, ლეგიტიმურ – შოკს გამოიწვევს. ვერაფრით უგულებელვყოფთ ფაქტს, რომ სიმდიდრე, ჯამურად, $5 ტრილიონით გაიბერა პანდემიის დროს, როცა უმრავლესობა თავს შეშინებულად, ავად, ალყაშემორტყმულად გრძნობდა. კაპიტალიზმი – დოვლათის წარმოქმნის უმთავრესი სისტემა, რაც კი რამ კაცობრიობას მოუგონია – ექსპანსიის სოციალურ შეთანხმებას ეფუძნება და, მართალია, არათანასწორია თავისი სტრუქტურით, საბოლოო ჯამში, ყველას ახეირებს. კოვიდ- -19-ის ეკონომიკამ ეს კონცეფცია დააზიანა. უშველებელი ეკონომიკური უთანასწორობა, წესით, თანამედროვე სოციალურ წესრიგს უდიდეს საფრთხეს უნდა უქადდეს.

მაგრამ ახლა, როცა სასწაულმოქმედი ვაქცინები ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების გზებს ხაზავს, ამ რიცხვების წარმომქმნელი ფაქტორები სხვაგვარ ემოციას აღძრავს. ოპტიმიზმს. პანდემიის ყველაზე გამძლე დადებითი მემკვიდრეობა ის იქნება, რომ მან აქსელერატორის ფუნქცია იკისრა და ცვლილებათა ათწლეულები ერთ წელიწადად შეკუმშა. ხოლო ახალბედა სუპერმდიდრებს, შესაძლებლობათა ამ წარმომადგენლებს (ისევე როგორც მათ, ვისაც არ ჰქონია შესაძლებლობები), არასდროს უგრძნიათ თავი უფრო განსხვავებულად, ისინი არასდროს გამოიყურებოდნენ უფრო განსხვავებულად და არასდროს მოქცეულან უფრო განსხვავებულად, ვიდრე ახლა. ეს საკითხი ჩაძიებას იმსახურებს.

ცვლილებათა უიშვიათეს ეტაპზე ვართ – რაღაც ისეთ ადგილას, რაც პროცესშივე თვალნათელია. ვაქცინები მთელ პლანეტას მოივლის და შვების შეგრძნებას გააჩენს და ეს იმ დროს, როცა გლობალური ეკონომიკა იმგვარადაა პოზიციონირებული, რომ გრგვინვით წამოდგება ფეხზე. და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი რეაქციები 2021-ის მილიარდერთა აღზევებაზე (ჩვენს რეიტინგში ახალწვეულთა რიცხვი 70%-ით აღემატება ჩვენს ნებისმიერ წინა მაჩვენებლებს) აღშფოთებისკენ გადაიხრება, საფუძვლადმდებარე ტენდენციები გვთავაზობს საგზაო რუკას მეტი კეთილდღეობისაკენ ყველასთვის. როგორც სხვა ყველაფრის შემთხვევაში, რაც საუკუნეში ერთხელ მომხდარ კატასტროფას გადაურჩება, აქაც უნდა გვეყოს სიმამაცე და ვისარგებლოთ ვითარებით.

კაცობრიობის ლამის მთელი ისტორიის მანძილზე სიმდიდრე დინასტიური იყო. წინა საუკუნის როკფელერებმა და ფორდებმა ანტრეპრენიორობის პირველი ეპოქა შექმნეს, მაგრამ ეს წარმატებებიც კი ტრადიციულ საოჯახო სიმდიდრედ იქცა. Forbes 400-ის სულ პირველი რეიტინგი უმდიდრესი ამერიკელებისა, 1982-ში რომ შეიქმნა, მათი შთამომავლებით იყო გადავსებული და უხვად მოიცავდა მელონებს, დიუპონებსა და მისთანებს. სხვა სიტყვებით, ამ სადებიუტო რეიტინგის დაახლოებით 63%-ს სიმდიდრე მემკვიდრეობით მიეღო. დანარჩენებს, ბევრ მათგანს, იმგვარი წარსული ჰქონდა, რომელიც ცხოვრების პირველი, მეორე ან მესამე ბაზიდან დაწყებას მოიცავდა, რუპერტ მერდოქის ან დონალდ ტრამპის სტილში.

ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ეს დინამიკა შეცვალა – აქაც და მთელ მსოფლიოში. 2002-ისთვის, Forbes-ის გლობალურ მილიარდერთა მცირე უმრავლესობა – 52% – უკვე თვითნაბადი იყო, მათ 59%-ს კი ამერიკელები წარმოადგენდნენ. ათი წლის შემდეგ თვითნაბადთა ჯამურმა გლობალურმა მაჩვენებელმა 69%-ზე ისკუპა.

აზიის აღზევება / Forbes

ასეა თუ ისე, 2021-ის კოვიდახალწვეულების 493 ახალი წევრი უნიკალურ ხალხს წარმოადგენს: მათი 84% თვითნაბადია (მათ შორის, 90% – ამერიკელი), რაც მილიარდერთა ამ პარამეტრს ჯამში რეკორდულ 72%-მდე ბერავს. მაგალითებს განეკუთვნებიან ისეთი ადამიანები, როგორიც უიტნი უოლფ ჰერდი გახლავთ, რომელმაც ქალების გაძლიერებით საპაემნო აპლიკაციათა სცენარი ამოაყირავა; ტაილერ პერი, რომელმაც ატლანტაში საკუთარი ფილმებისა და სატელევიზიო შოუების წარმოებას მიჰყო ხელი, რადგან Hollywoodში მოსვენებას არ აძლევდნენ; და უღურ შაჰინი – გერმანიაში იმიგრირებული თურქი, რომლის BioNTech-ის დახმარებით, კოვიდ-19-ის ვაქცინა თვეებში შეიქმნა და არა წლების განმავლობაში. ყველა მათგანი ეკონომიკურ დინამიზმს განასახიერებს, ნაცვლად საგვარეულო დინასტიებისა.

და შესაძლებლობები, როგორც ეს ახალი მილიარდერები გვაჩვენებენ, სწორედ ამ დინამიზმიდან აღმოცენდება. ათი წლის წინ დროის მედიანური ხანგრძლივობა, რაც ახალ მილიარდერს ამერიკაში საკუთარი ქონების შესაქმნელად სჭირდება, ჩვენი მონაცემების თანახმად, 18 წელს შეადგენდა. ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს უჩვეულოდ სწრაფი ტემპია. წლევანდელი რეიტინგის 88 ახალი თვითნაბადი მილიარდერისთვის აღნიშნული რიცხვი დრამატულად შემცირდა – 13 წლამდე. იდეების სიმდიდრედ გარდაქმნის სწრაფი უნარი სათამაშო მოედანზე თანასწორობის დამკვიდრებას უწყობს ხელს. კონცეფცია (ინტელექტუალური რესურსი) სჯაბნის კაპიტალს (დაგროვებულ რესურსს) და მეორეს სასოწარკვეთილად სჭირდება პირველი. ერთი თაობით ადრე ქონება მას ერგებოდა, ვისაც დაფინანსების მოპოვების ან იღბალი, ან გამბედაობა ჰქონდა. დღეს კარგი კონცეფცია თავად ირჩევს, რომელი დაფინანსება მიიღოს.

ამ გაზრდილმა შესაძლებლობამ, თავის მხრივ, ისიც შეცვალა, თუ როგორ გამოიყურება მილიარდერი. მართალია, ქალებს, კაცებთან შედარებით, კვლავაც საგრძნობლად უჭირთ კარგი იდეებისთვის დაფინანსების მოპოვება, მათ მაინც მტკიცედ გაიკაფეს გზა და დღეს გლობალურ მილიარდერთა 11%-ს წარმოადგენენ, ამერიკელ მილიარდერთა – 12%-სა და ახალ მილიარდერთა – 13%-ს, ყველა ეს რიცხვი კი რეკორდული მაჩვენებელია. და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ანტრეპრენიორი ქალები ახლა მსოფლიოს მილიარდერთა 4%-ს შეადგენენ, რაც ორმაგზე მეტი პროცენტია თუნდაც ხუთი წლის წინანდელთან შედარებით.

ამასთან, მართალია, უკიდურესი წარმატება ამერიკაში ისევ არაპროპორციულად თეთრი ფერისაა, გლობალური ბიზნესარისტოკრატია სულ უფრო მზარდად ასახავს საკუთრივ სამყაროს. ჯერ მარტო ჩინეთმა, ჰონგ-კონგის ჩათვლით, მას 210 მილიარდერი შეიძინა ამ გასულ წელს. ინდოეთს 19 ახალი სახე შეემატა, 14 – იაპონიას, არაერთმა დებიუტანტმა მიაღწია წარმატებას სხვა შვიდ აზიურ ქვეყანაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოდის, რომ ფერადკანიანები, მსოფლიო მასშტაბით, ახალ მილიარდერთა უმრავლესობას ქმნიან.

ჯონ არნოლდი, „გაეცი სიცოცხლეში“  – „ნამდვილი სიხარული ფულის ფონდში ჩადება არაა, – ამბობს მილიარდერი, რომელსაც სურს, რომ მისმა კოლეგამილიარდერებმა ყოველ წელს ქონების, სულ მცირე, 5% გაიღონ. – ნამდვილი სიხარულია, როცა ფულს სამყაროს გაუმჯობესებაში დებ“.

როგორ მართავენ ეს უფრო მერიტოკრატიული, უფრო დინამიკური და უფრო მრავალფეროვანი მილიარდერები თავიანთ კომპანიებს? მათი მართვის მანერა ყველა ჩვენგანისთვის უკეთესია. 88 ახალი თვითნაბადი ამერიკელი მილიარდერის სამოქალაქო მოღვაწეობის შესაფასებლად, Forbes-მა ხელშეკრულება გააფორმა ჩვენს პარტნიორებთან JUST Capital-ში, რომელიც ე.წ. კორპორაციულ მოქალაქეობას ზომავს. ავარჩიეთ კომპანიები, რომლებიც მილიარდდოლარიან ქონებებს აღმოაცენებდნენ და, ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თითოეულის ქულა დავითვალეთ იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობიან ისინი თავიანთ თანამშრომლებს, მომხმარებლებსა და გარემოს, სხვა ფაქტორებთან ერთად. აი, რა გამოვიდა: ეს ახალი მილიარდერები არა მხოლოდ იმ კომპანიათა დამფუძნებლები თუ მმართველები არიან, რომლებიც ზემოხსენებული სამი ფაქტორის მიხედვით საშუალოზე მაღალ შეფასებებს იმსახურებენ, არამედ ისინი სამივე კატეგორიაში გაუმჯობესებას აჩვენებენ ათი წლის წინანდელ ახალ მილიარდერებთან შედარებით.

ავიღოთ, მაგალითად, კრის ბრიტი, რომელმაც რვა წელიწადში Chime-ი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ციფრულ ბანკად აქცია. საკომისიოებზე დაფუძნებულ ინდუსტრიაში, რომელიც ხშირად კონფლიქტში მოდის მათთან, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ფული, ბრიტი პანდემიის დროს საბაზრო წილს დაბალრისკიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ჟესტებით დაეპატრონა. „ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ, – ამბობს ის. ვხედავთ, რამხელა სტრესში არიან ამერიკელები“. მომხმარებელთა საბანკო ისტორიების გამოყენებით, Chime-მა კომფორტულად, ყოველგვარი ხარჯების გარეშე მისცა ხალხს მოკლევადიანი სესხები, ხოლო სესხების უზრუნველყოფისთვის ამ ხალხის სამთავრობო დახმარებები (ე.წ. მასტიმულირებელი ჩეკები) გამოიყენა. ამასთან, პროგრამა SpotMe-ს მეშვეობით, მათ ოვერდრაფტის დამცავი საშუალებები შესთავაზა (შედარებისთვის: კომპანიები, რომლებიც ასევე მასტიმულირებელ ჩეკებს ან მისთანებს იყენებენ უზრუნველყოფის სახით, მცირე სესხებს მევახშური საპროცენტო განაკვეთების, მაგალითად, მთელი 650%-ის, სანაცვლოდ იძლევიან). მომხმარებელთან დამეგობრებული ამგვარი პოლიტიკა, ბრიტის თქმით, მას უკეთესი თანამშრომლების დაქირავებაში ეხმარება (მისი სახელფასო შტატი ერთ წელიწადში გასამმაგდა და 800-ს გაუტოლდა), რასაც, თავის მხრივ, კომპანია უკეთეს უკუგებამდე მიჰყავს. „კარგი ბიზნესმოდელით, ფაზლს სწორად აწყობ და სააქციო კაპიტალის მეწილეებიც ახერხებენ წარმატების მიღწევას“, – ამბობს კრის ბრიტი. აშკარად ასეა. სექტემბრის მდგომარეობით, ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებმა Chime-ის ღირებულება $14.5 მილიარდად შეფასეს, რაც ბრიტის წილს $1.3 მილიარდად აქცევს.

სიმდიდრემდე მიმავალი გზები / Forbes

სულ უფრო მეტი ახალი მილიარდერი დგამს ნაბიჯებს თავისი თანამშრომლების მხარდასაჭერად. United Wholesale Mortgage-ის აღმასრულებელ დირექტორს, 41 წლის მეტ იშბიას გასაოცარი 12 თვე ჰქონდა, რა დროსაც მილიონობით ადამიანი იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ან რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთით ახდენდა რეფინანსირებას. არანაკლებ გასაოცარია, რომ მას არასდროს ჰყოლია პარტნიორი ან ინვესტორი, ასე რომ, კომპანიის 100%-ვე პროცენტს ის და მისი ოჯახი ფლობდნენ. როცა ამ იანვარს, SPAC-ის მეშვეობით, კომპანია საჯარო ბაზარზე გაიტანა, ქონება მაშინ $12.6 მილიარდამდე გაებერა, ხოლო 8,000 თანამშრომელს $35 მილიონი გამოუყო აქციათა სახით.

„როგორც კომპანიამ, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ“, – ამბობს Michigan Stateის ეს ყოფილი კალათბურთელი. გარკვეული აზრით, ალბათ. თანამშრომლებისთვის 1%-ის მეოთხედის გადაგდება – დაახლოებით $,4000-ის საშუალო დივიდენდისა – მაშინ, როცა თავად 99.7%-სა და ლამის 11-ნიშნა ქონებას ფლობ, ზღვაში წვეთად გამოიყურება. თუმცა პროგრესიც არის. შეხედეთ Forbes 400-ის პირველ, 1982 წლის რეიტინგს და ასობით ბობოლას ნახავთ, ვინც თავის თანამშრომლებს მხოლოდ ხარჯად ან ვალდებულებად განიხილავს.

სხვებმა მშობლიურ ქალაქებზე ზრუნვა გადაწყვიტეს, მათ შორის, ჯეფ ლოუსონმა – cloud-კომუნიკაციების მკვეთრად მზარდი ბიზნესის, Twilio-ს თანადამფუძნებელმა, რომელიც წლევანდელ რეიტინგში მოხდენილი $2.2 მილიარდით მოხვდა. სილიკონ-ველის არაერთმა კომპანიამ და ლიდერმა ყურის ოლქი მიატოვა, მათ რიცხვში – და რამაც ყველაზე მეტი ყურადღება მიიქცია, – ილონ მასკმა და ლარი ელისონმა. ლოუსონმა კი ჩათვალა, რომ ანგარიშვალდებული იყო თავისი კომუნის წინაშე, რაც JUST Capital-ის მიერ გაზომილი კიდევ ერთი ფაქტორია. ჰოდა, იანვარში საჯაროდ განაცხადა, რომ მისი კომპანია სან-ფრანცისკოში დარჩებოდა. კომუნის მხარდამჭერმა კიდევ ერთმა მილიარდერმა, Rocket Mortgage-ის დამფუძნებულმა დენ გილბერტმა, რომლის ქონებამ ამ გასულ წელს დრამატული ზრდა განიცადა და $50 მილიარდს გადააჭარბა, თავისი კომპანიიდან და პირადი ფონდიდან $500 მილიონი გაიღო დეტროიტის – მისი სათავო ოფისის მშობლიური ქალაქის – დაბალშემოსავლიანი მცხოვრებლების წასაშველებლად, რაც 20,000 ბინათმფლობელისთვის უძრავი ქონების გადასახადის ვალის წაშლას მოიცავდა. „ჩვენი პასუხისმგებლობა დეტროიტის მიმართ აბსოლუტურია“, – ეუბნება გილბერტი Forbes-ს.

მთელ ამ აქსელერაციას კენწეროში მყოფთა მხრიდან თან ახლავს გამძაფრებული გაცნობიერება იმ ვალდებულებისა, რომელიც უკიდურეს წარმატებასთან ერთად მოდის… და იმ შესაძლო არასასურველი შედეგებისა, – დაწყებული კონფისკაციური საგადასახადო რეჟიმებით, სოციალური მღელვარებით დამთავრებული, – რომლებიც შესაძლოა, უმოქმედობას მოჰყვეს. ამას ყავაზე მარჩიელობა არ სჭირდება. იოლია იმის განჭვრეტა, რომ ალტრუიზმი, ამ შემთხვევაში, პირად ინტერესებს განასახიერებს. 2021-ის ექვსიოდე ახალწვეულსა და რამდენიმე ახალგაზრდა მილიარდერთან საუბარი ნათელს ხდის, რომ დამოკიდებულებათა ცვლილება პოსტპანდემიურ ხანაში საგრძნობია.

ჯონ არნოლდმა ცვლილებათა სუნი პანდემიის მოახლოებისას იგრძნო. მართალია, გზა, რომელიც თავისი $3.3-მილიარდიანი (გათვლების თანახმად) ქონებისკენ გაიარა (ის ენერგოკონტრაქტებით ვაჭრობდა რეპუტაციაშებღალული და აღარარსებული Enronისთვის), Nobel-ის ჯილდოს არ მოუტანს, მაგრამ მან და მისმა ცოლმა ლორამ ბოლო ათწლეული საკუთარი დადებითი წვლილის მაქსიმიზების გეგმის შედგენაში გაატარეს, რაც, მისი თქმით, „ამერიკაში დიდი, ასწლოვანი სიმდიდრის დაკვირების სასარგებლო ასპექტია“. დღევანდელ აშშ-ში ქველმოქმდების მდგომარეობითა და პოზიციით შეშფოთებულმა არნოლდმა, 2020-ის იანვარში, რამდენიმე ქველმოქმედს, აკადემიკოსსა და ფონდის ხელმძღვანელს მოუყარა თავი და დასვა კითხვა: როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ტრილიონებზე მომსხდარ ადამიანებს უფრო მნიშვნელოვანი, სწრაფი მოქმედებებისკენ ვუბიძგოთ და მათ მეტი ანგარიშვალდებულება გავუჩინოთ?

ეს ჯგუფი, თანდათანობით, Initiative to Accelerate Charitable Giving-ად გადაიქცა. მათ ორი მთავარი სამიზნე აქვთ: პირველი $142 მილიარდია ე.წ. დონორთა ფონდების, იმავე DAF-ების, სახით, რომლებიც დონორებს საშუალებას აძლევენ, კომუნის ფონდებსა თუ ფინანსური სერვისების ფირმებში ფულის დაბანდების სანაცვლოდ, წინასწარ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით მაშინაც კი, როცა არავითარი მანდატი არ არსებობს, ან არ ჩანს, თუ როდის ან როგორ მოხმარდება ეს ფული საზოგადოებრივ სიკეთეს; მეორე სამიზნე კი ის მუდმივი ფონდებია, რომლებიც, ოქმებისა თუ ანგარიშების გამოქვეყნების დროს ხარჯებზე აპელირებით, ცდილობენ, გვერდი აუარონ წლიური მინიმალური შეწირულებების მოთხოვნებს.

მაგრამ არნოლდი იმასაც ფიქრობს, რომ სუპერმდიდრები უფრო შორს უნდა წავიდნენ ინდივიდუალურად. ასე რომ, ის პირველი მილიარდერი იყო, ვინც ახალი საჯარო პირობისთვის, „გაეცი სიცოცხლეში” (Give While You Live), დაიწყო მოღვაწეობა. ეს ინიციატივა პირადი ქონებიდან წელიწადში, სულ მცირე, 5%-ის შეწირვას გულისხმობს სასარგებლო მიზნებისთვის, რომლის ორგანიზებასაც საზოგადოებრივი ჯგუფი Global Citizen-ი ახდენს (აქვე გაგიმხელთ, რომ Global Citizen-ის საბჭოს წევრი ვარ). უბრალოდ ის ფაქტი, რომ ფულს DAF-ში ან ფონდში დებ, საკმარისი არ არის. არც ის გამართლება კმარა, რომ მდიდრებს უკეთ შეუძლიათ ფულის თავმოყრა და შემდეგ მისი გაცემა. პარალელურად, „პრობლემებიც იყრის თავს, – ამბობს არნოლდი თავის პირველ ინტერვიუში აღნიშნული ინიციატივის შესახებ. – მოდი, ამ თაობამ მიხედოს ამ თაობის პრობლემებს“.

Give While You Live-ის კონცეფცია უფრო დროში დაჩქარებული ვარიაციაა Giving Pledge-ისა, რომელმაც მილიარდერები აიძულა, საჯაროდ დაედოთ პირობა, რომ საკუთარი ქონების ნახევარს გაიღებენ, ვიდრე ცოცხლები არიან… ან სიკვდილის შემდეგ. „მოკლევადიან პერსპექტივაში, ამ ინიციატივას ქველმოქმედებისთვის გარდაუვლად არ შეუნთია ცეცხლი“, – ამბობს არნოლდი, რომელიც Giving Pledge-ის ხელმომწერიცაა. პრაქტიკულად ყველა ახალმა მილიარდერმა, ვისაც Forbes-ი ესაუბრა, Giving Pledgeისადმი ზოგადი მხარდაჭერა და მისი ხელმოწერის მზაობა გამოთქვა, მაგრამ, ამავე დროს, უფრო იმაზე იყვნენ მომართულები, თუ რისი გაკეთება შეიძლება ახლავე.

ბოლო 12 თვის მანძილზე, მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ქალი, მაქკენზი სკოტი, რომელიც Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს გასულ წელს, Amazon-ის ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ შეუერთდა, გამალებულ, ისტორიულად შთამბეჭდავ ქველმოქმედებაში ჩაება. ფონდის ჩაშვების ნაცვლად, სკოტმა საქმეში მრჩევლები ჩართო, რათა შექმნილიყო მონაცემები იმ გზებზე, რითაც მისი ფული ახლა ყველაზე მეტ ადამიანს მოხმარდებოდა. შემდეგ, ივლისსა და დეკემბერში, მან გამჭვირვალედ, უპირობოდ გამოწერა $5.8 მილიარდის ტოლფასი 500 ჩეკი 50-ივე შტატის მიმღებთათვის, რომელთაგან არაერთი, ფულის ჩასვლისას, სრულიად გაოცებული დარჩა.

სემ ბენკმენ-ფრაიდი, „ეფექტიანი ალტრუიზმი“ – „მინდა, გავერკვე, როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოზე ყველაზე დადებითი კვალი დავტოვო“, – ამბობს 29 წლის ბენკმენ-ფრაიდი, რომელმაც პირობა დადო, რომ ლამის მთელ თავის $8.7 მილიარდის ქონებას იმ სასარგებლო ინიციატივებს შესწირავს, რომლებისაც სჯერა.

„პანდემია გამანადგურებელი იარაღივითაა იმ ამერიკელთა ცხოვრებაში, რომელთაც ისედაც უჭირდათ, – დაწერა სკოტმა საჯარო განცხადებაში (განქორწინების შემდეგ მას ინტერვიუ არ მიუცია). – ამასობაში მან მნიშვნელოვნად გაზარდა მილიარდერთა სიმდიდრე“.

მან ნამდვილად გაზარდა ჯარედ აიზეკმენის სიმდიდრე – Square-ის მეტოქის, რესტორნებსა და სასტუმროებზე ფოკუსირებული Shift4 Paymentsის აღმასრულებელი დირექტორისა. ეს წელიწადი მისთვის ნამდვილი „ამერიკული მთები” იყო: ჯერ საჯარო შეთავაზებისთვის ემზადებოდა, მერე კი იმაზე მოუხდა ნერვიულობა, შეძლებდნენ თუ არა მისი მომხმარებლები – და, შესაბამისად, მისი კომპანია – გადარჩენას; შეძლო და კომპანია კლიენტურისთვის შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცია; დაბოლოს, პირველადი საჯარო შეთავაზების გაჩარხვაც მოახერხა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ზარის ჩამოკვრის შემდეგ, რამაც $1.4 მილიარდის ქონება მოუხვეჭა, 38 წლის აიზეკმენმა $100 მილიონის ჩეკი გამოუწერა St. Jude Children’s Research Hospital-ს. მისი მოტივები სკოტისას ჰგავდა. ქველმოქმედებას მან უშველებელი სიმდიდრის გაჩენისთანავე მიმართა. ფონდის ჩაშვების ნაცვლად, მან იმ ხალხისკენ მიმართა ფული, ვინც უკვე აკეთებდა კეთილ საქმეებს. ეს გამჭვირვალედ გააკეთა. და მასშტაბურად იმოქმედა. მას საკუთარ ტყავზე გამოეცადა, რას ნიშნავს, ბიზნესი რომ სიკვდილის პირასაა მისული, ჰოდა, უკეთ დაინახა, რამდენ ადამიანს შეიძლება, ჰქონოდა მძიმე პრობლემები. „პანდემიამდე რომ გეკითხათ, $100 მილიონის ჩეკს ოდესმე თუ გამოწერო, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი“.

შემდეგ აიზეკმენმა, რომელიც რეაქტიულ თვითმფრინავ MiG-ს ფლობს და მართავს კიდეც მას, მიზნის მისაღწევად სხვა საშუალებებსაც მიმართა. განაცხადა, რომ, ილონ მასკის SpaceXთან პარტნიორობით, სრულად სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებულ პირველ კოსმოსურ მისიას ჩაუდგებოდა სათავეში. რომ საქმეში ჩართავდა ფრონტის წინა ხაზზე მომუშავეს St. Judeიდან და St. Jude-ის რომელიმე დონორს. იმედი აქვს, რომ ეს ხრიკი, რომელიც Super Bowl-ის რეკლამის მეშვეობით გაასაჯაროვა, კიდევ ერთ $200 მილიონს მოუზიდავს საავადმყოფოს. მეტიც, St. Jude-ისთვის თანხების გაღებაზე მან მასკი – ძუნწი ქველმოქმედი – დაითანხმა.

სიმდიდრის წყაროებთან / Forbes

იმუნულოგ ტიმ სპრინგერის კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიფანია მასშტაბის საკითხი იყო. ოცი წლის წინ ბიოტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნებით მან $100 მილიონი ჩაიჯიბა, სანაცვლოდ კი იმგვარ ქველმოქმედებებს მიმართა, მისთანა ქონების მფლობელთაგან რომ არის მოსალოდნელი: დაფინანსებით Harvard Medical School-ისა და Boston Children’s Hospital-ის პროფესურა უზრუნველყო. ამასთან, დაახლოებით $5 მილიონი პატარა სტარტაპში, სახელად Moderna-ში, ჩადო – წილი, რომელმაც მას $2.2 მილიარდი მოუტანა და წლევანდელ მილიარდერთა რეიტინგში ამოაყოფინა თავი.

$30 მილიონი სპრინგერმა უკვე გადადო Institute for Protein Innovationის ჩასაშვებად – არამოგებიანი ორგანიზაციისა, რომელიც ბიოტექნოლოგიური მკვლევრებისა და ანტრეპრენიორებისთვის ინსტრუმენტებს ქმნის და მათ ექსპერტიზით უზრუნველყოფს. მაგრამ მომენტის გადაუდებელი ბუნების გამო, ქველმოქმედების თვალსაზრისით, ის გადააზრების ეტაპზეა… მისივე თქმით, ამ წლის ბოლოსკენ ის უფრო დიდი ქველმოქმედების შესახებ გააკეთებს განცხადებას. თავმდაბლობს ამაზე საუბრისას, თუმცა ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, „კიდევ ერთ ნულს“ დაიმატებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. „მინდა, მეტი ფული გავცე. ახლა ეს მოტივაციას მაძლევს, რომ ახალი კომპანიები წამოვიწყო, – აღნიშნავს სპრინგერი. – თუ წარმატებას მივაღწევ, და ვფიქრობ, ეს შემიძლია, ამ მასშტაბებით, შესაძლოა, კიდევ ერთი ნული დავიმატოთ“.

და თუ შეუძლებლად ჟღერს იმგვარი ბიზნესების წამოწყება, რომლებიც კონკრეტულად მილიარდდოლარიანი საქველმოქმედო ნიაღვრების გასაჩენად იქმნება, მაშინ გაიცანით 29 წლის სემ ბენკმენ-ფრაიდი, რომელიც უკვე სწორედ ამას აკეთებს. ალბათ მსოფლიოში ამ ყველაზე უფრო საინტერესო ახალმა მილიარდერმა კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ი ორი წლის წინ ჩაუშვა და $8.7 მილიარდიც იშოვა. ეს უფრო დიდი და უფრო სწრაფად ნაშოვნი ქონებაა, ვიდრე ნებისმიერი 30-წლამდელი – მარკ ცუკერბერგის ჩათვლით – დაიკვეხნიდა.

კარნეგიდან როკფელერამდე, გეიტსიდან ბაფეტამდე, ფილანთროპია ყოველთვის ანტრეპრენიორობის თანამდევი პროდუქტი იყო. ბენკმენ-ფრაიდი უდავოდ პირველი მილიარდერია, ვისთვისაც ანტრეპრენიორობა იყო ფილანთროპიის თანმხლები პროდუქტი. ის ფილოსოფიის, სახელად ეფექტიანი ალტრუიზმის, მიმდევარია, რომელიც ბოლო ათწლეულში აღმოცენდა და კეთილდღეობის მაქსიმიზებისთვის რაციონალურ ლოგიკას იყენებს. „ეს არის ხალხისთვის, ვისაც მათემატიკა უყვარს, და ხალხისთვის, ვისაც გაცემა უყვარს“, – ამბობს ბენკმენ-ფრაიდი. ეფექტიანი ალტრუისტები სხვადასხვა საგნისა თუ მოვლენის რაოდენობრივ ტერმინებში გადათარგმნას ცდილობენ; მაგალითად, სვამენ კითხვას, რამდენი სიცოცხლის დაზოგვაა შესაძლებელი ერთ დოლარად. ან რა უფრო სასწრაფოა – მალარიის დამარცხება თუ პოტენციურად ავისმომტანი ტექნოლოგიების. ან უნდა აიხდინოს თუ არა MIT-ის ბრწყინვალე სტუდენტმა, სახელად სემმა, თავისი ოცნება და ცხოველთა დაცვის აქტივისტი გახდეს. „გულწრფელად გეუბნები, შენ Wall Street-ზე უნდა წახვიდე და ეს საქმე ჩვენ დაგვიტოვო, – ბენკმენ-ფრაიდი ეთიკური ალტრუიზმის ერთ-ერთი ლიდერის, Oxford-ის 34 წლის პროფესორის, უილიამ მაქასკილის სიტყვებს იხსენებს. – პროკლამაციების საუკეთესო დამრიგებელი არა ხარ“.

მისია შესრულებულია. ბენკმენ-ფრაიდმა ნაკლებად კეთილშობილური საქმიანობის ძიება დაიწყო და, შედეგად, ე.წ. ნულოვანი ჯამის, ავადგანთქმულად უმოწყალო ბირჟა დააფუძნა, სადაც ახალბედები თავზეხელაღებულად ამბიციური პროფესიონალების დიდი ჯგუფის წინაშე ხვდებიან. მაგრამ სწორედ ამ წამოწყებამ შეუქმნა მას მასიური სიმდიდრე, რომელსაც, დაპირებისამებრ, ლამის მთლიანად მოახმარს იმას, რასაც საზოგადოებრივ სიკეთედ თვლის (ამბობს, რომ მხოლოდ მცირედ პროცენტს დაიტოვებს და ესეც, შესაძლოა, ზედმეტად ბევრი აღმოჩნდეს. „თუ ეს ახალი იახტების ყიდვის გასამართლებლადაა გამოყენებული, ძალიან ცუდია“). და, მართალია, ფსონებს უკვე ჩამოდის, – რამდენიმე საქველმოქმედო ინიციატივას აფინანსებს და $5 მილიონს იძლევა, (ბენკმენ-ფრაიდისნაირი ეფექტიანი ალტრუისტები არაკომერციულ ინიციატივებსა და პოლიტიკას მაინცდამაინც არ განარჩევენ ერთმანეთისგან. ისინი მხოლოდ შედეგად დამდგარ ინვესტიციათა ანაზღაურებადობის კოეფიციენტებს უყურებენ), – მოლოდინი აქვს, რომ აქსელირებული ზრდა ხუთ წელიწადში დაიწყება – იმ დროს, როცა ის უფრო ლიკვიდური გახდება.

გაუმჯობესებული ქულები / Forbes

ერთადერთი მიზეზი, რატომაც თავის ქონებას მაქსიმალურად ჩქარა არ გასცემს, ისაა, რომ ჯერ სიფხიზლე მართებს – იმ მომენტისთვის, როცა „იზოლირებულ შესაძლებლობას“ დაინახავს, ეს კი უფრო მალე მოხდება, ვიდრე გვიან.

„როცა რაღაც ასეთს შესაძლებლობას პოულობ, ყველა, როგორც წესი, უკან იხევს, – ამბობს ბენკმენ-ფრაი­დი. – არადა, კარგი რა, ეს ოხერი, ჩაები მთლიანად“.

ისტორიის ამ მონაკვეთში ჩვენ მართლაც „მთლიანად ჩაბმის“ მომენტში ვართ, კიბის ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფებმა კი საკუთარი ჯილდოები და რისკები გონებისთვის რთულად მისაწვდომ დონეებზე აიყვანეს, მით უფრო, იმ წელიწადის ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, ყველამ რომ საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ცვლილებები გაცილებით სწრაფი და ხელშესახებია, ვიდრე ამას გასულ მარტს წარმოვიდგენდით. ახლა უკან დახევის დრო არ არის. არც მსოფლიოს მილიარდერებისთვის და არც რომელიმე ჩვენგანისათვის.