გაერო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან რუსული საკვებისა და სასუქის გლობალურ ბაზარზე დაუბრკოლებლად მოსახვედრად თანამშრომლობს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გააკეთა.
გასულ თვეში, თურქეთში გაეროს შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, რუსეთის შეჭრის შემდგომ უკრაინიდან სურსათის შეწყვეტილი ექსპორტი განახლდა. გუტერეშის ინფორმაციით, 650,000 ტონაზე მეტი მარცვლეული და საკვები უკვე ექსპორტირებულია. „შეთანხმების მეორე ნაწილი რუსული საკვებისა და სასუქისთვის, რომლებიც არ ექვემდებარება სანქციებს, გლობალურ ბაზრებზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს“, – განაცხადა გუტიერეშმა სტამბულში, სადაც ექსპორტზე ზედამხედველობის საკოორდინაციო ცენტრს ეწვია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესეს, ნათლად დააფიქსირეს პოზიციაც, რომ ზომები საკვებსა და სასუქზე არ ვრცელდებოდა. თუმცა გუტერეშმა დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, სანქციებმა ექსპორტზე მაინც „საშინელი ეფექტი“ იქონია.
„არსებობს გარკვეული დაბრკოლებები და სირთულეები გადაზიდვებთან, დაზღვევასა და ფინანსებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გადაილახოს“, – განაცხადა გუტერეშმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. გენერალური მდივნის თქმით, გაერო ვაშინგტონთან და ევროკავშირთან ერთად დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად მუშაობს, რადგან უკრაინიდან და რუსეთიდან საკვებისა და სასუქის ექსპორტი სასაქონლო ბაზრების დამშვიდებისა და ფასების შემცირებისთვის გადამწყვეტია.