საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში უდიდეს ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში უდიდეს ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

უზბეკეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში მოგზაურობიდან $14-მილიარდიანი დაპირებული ინვესტიციით დაბრუნდა. ინვესტიციიდან $12 მილიარდი ენერგიის ქრონიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად გამოიყენება.

შეთანხმების თანახმად, საუდის არაბეთის ფირმა ACWA Power-ი, ყარაყალპაკეთში, 1.5 გვტ-იან ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურებს შორის ეს მსოფლიოში უდიდესი იქნება და ენერგიით 1.65 მილიონ სახლს მოამარაგებს. ACWA Power-მა ბუხარას რეგიონში ორი მცირე ზომის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო.

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა მისასალმებელი სიახლეა თავად უზბეკებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ენერგიის ქრონიკულ დეფიციტს განიცდიან. ზაფხულში ტემპერატურის მატება და გვალვები ცენტრალური აზიის ჰიდროენერგეტიკული ქსელების პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება, რაც ენერგიის დეფიციტს ქვეყანაში ტრადიციული ზამთრის სეზონის გარდა უკვე ზაფხულობითაც აქტუალურს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან ერთად, ACWA Power-ი უზბეკეთში მწვანე წყალბადის წარმოების შესაძლო განვითარების საკითხის შესწავლასაც დასთანხმდა. თუმცა, შეთანხმების ფარგლებს გარეთ არ დარჩა წიაღისეული საწვავიც. შეთანხმების მესამე დოკუმენტი უზბეკეთის ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. ცნობისთვის, უზბეკეთი მსოფლიოში გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, თუმცა შიდა მოთხოვნის ზრდამ ქვეყანას ექსპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა აიძულა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *